სახის კანის დაცვა
დამატენიანებელი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის
ათქვიფეთ კვერცხის გული, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი კენკრის, ხილის ან ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დამატენიანებელი კრემი ნებისმიერი ტიპის კანისთვის
1 ცალ გახეხილ ვაშლს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული შვრიის ფანტელები ან 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნის ზეთი) ან 1 სუფრის კოვზ გარგარის რბილობს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო ან არაჟანი. მიღებული ნიღაბი წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
დამატენიანებელი ნიღაბი გაუხეშებული კანისთვის
გასრისეთ მწიფე ბანანი (უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა), დაამატეთ 1-2 სუფრის კოვზი ნაღები და დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დამატენინებელი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
საშუალო ზომის პომიდორს აკურატულად მოაშორეთ კანი, კარგად გასრისეთ ხელით და მიღებულ მასას დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სახამებელი. დაიდეთ ნიღაბი სახეზე, ყელისა და დეკოლტეს მიდამოში, გაიჩერეთ 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღბები ფერმკრთალი და დასუსტებული კანისთვის
მკვებავი ნიღაბი უფერული, დასუსტებული კანისთვის 1-2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ იოგურტი (კეფირი, მაწონი) და წაისვით სახეზე ბამბის ტამპონით.
კანის ფერის აღსადგენად ძალიან ეფექტურია სახეზე ხილის ან ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენის წასმა.
კანზე კაპილარების კედლის გამკვრივებას მარწყვის აპლიკაცია ეხმარება - მოამზადეთ სოდის ცხელი ხსნარი (1 ჩაის კოვზი საკვები სოდა გახსენით 1 ჭიქა წყალში), დაასველეთ მასში ოთხფა დოლბანდი, დაიფარეთ სახესა და ყელზე, ზემოდან კი დაიდეთ მარწყვის წვენში კარგად დასველებული ბამბა. გაიჩერეთ 30 წუთით. ასეთი პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე, 7 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ კი პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.
კანის ფერს კარგად აუმჯობესებს ვაშლი. ვაშლი გაჭერით შუაზე, გაჭრილი მხარით გაიკეთეთ სახეზე მასაჟი (წრიული მოძრაობებით). ვიტამინები, ხილის მჟავა და მასაჟი აუმჯობესებს სახის კანის სისხლის მიმოქცევას და აახალგაზრდავებს კანს.
პრობლემური კანის ნიღბები
სიწითლისადმი (ტემპერატურის ცვლილების დროს) მიდრეკილი კანის ნიღაბი წვრილ სახეხზე გახეხეთ საშუალო ზომის ვაშლი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თბილი რძე და უმი კვერცხის გული. თუ მასა თხევადი გამოვიდა, მაშინ დაუმატეთ ცოტა ხორბლის ფქვილი ან დაფქული ჰერკულესი. მიღებული ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20-30 წუთით, შემდეგ გულდასმით ჩამოიბანეთ თბილი გადადუღებული წყლით.
ბაბუაწვერას ქორფა ფოთლების ნიღაბი
ბაბუაწვერას 5-6 ფოთოლი დაკეპეთ, გასრისეთ ხის კოვზით და შეურიეთ 2 სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო. ნიღბის დადებამდე კანის მგრძნობიარე უბნები დაიმუშავეთ ბაბუაწვერას წვენით. 15-20 წუთის შემდეგ კანი გაიწმინდეთ მჟავე რძით. თუ მშრალი კანი გაქვთ, ბაბუაწვერას ფოთლებს შეურიეთ ხაჭო, ცხიმიანის დროს კი - კვერცხის ცილა. ეს ნიღაბი ეფექტურია კანზე ჭორფლის, ღვიძლისმიერი ლაქებისა და შავი წერტილების დროს.
ნიღაბი სახის შეშუპების დროს
2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ გოგრას მცირე რაოდენობით დაასხით წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე, შეურიეთ 1/2 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად გათქვეფილი მასა გადაანაწილეთ დოლბანდზე და თბილი დაიდეთ სუფთა, მშრალ სახის კანზე. დოლბანდი მაღლა უნდა დარჩეს, მას ზემოდან დააფარეთ კომპრესის ქაღალდი. 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი, წაისვით მკვებავი და 30 წუთის შემდეგ გაიწმინდეთ კანი მატონიზებელ ლოსიონში (ღვინის ან სვიის) დასველებული ბამბის ტამპონით. იმავდროულად ქუთუთოებზე დაიდეთ ეს საფენი: 1/2 ჭიქა მდუღარე წყალსა და 15-20 წვეთ არნიკის ნაყენის ნარევში დასველებული დოლბანდი. ამგვარი საფენი განსაკუთრებით კარგად მოქმედებს შეშუპებულ ქუთუთოებზე. აღნიშნული ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღბის შემდგომ წასმული კრემის მოსაშორებლად.
კვერცხის გულისა და გვირილის ნიღაბი გაფართოებულკაპილარებიანი მშრალი კანისთვის
1 ცალი უმი კვერცხი კარგად ათქვიფეთ 1 ჩაის კოვზ ნებისმიერ მცენარეულ ზეთში და თანდათანობით შეათქვიფეთ 1 ჩაის კოვზი გვირილის ექსტრაქტი. მიღებული ნიღაბი დაიდეთ სახეზე თხელ ფენად და 10-15 წუთის შემდეგ მოიშორეთ ოთახის ტემპერატურის ჩაის ნაყენით. შემდეგ კანზე წაისვით მკვებავი კრემი.
ხაჭოს ვიტამინიზებული ნიღაბი გაფართოებულ კაპილარებიანი მშრალი კანისთვის
2 სუფრის კოვზ უცხიმო ხაჭოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ოხრახუშის წვენი ან მაგარი ჩაის ნაყენი და დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი თევზის ქონი ან 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი, ასევე ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი საკვები ესენციით. მიღებული ნიღაბი დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი ოხრახუშის წვენით და მშრალი კანის შემთხვევაში წაისვით მკვებავი კრემი.
ნიღაბი მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის
1 სუფრის კოვზ ხურმის რბილობს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში (ერთგვაროვანი მასის მიღებამდე) და დაიდეთ სახეზე 10-15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი გამონაყარიანი კანისთვის
თუ ალერგია არ გაქვთ, სქელ ფენად დაიდეთ სახეზე დამჟავებული კომბოსტო (ფაფის კონსისტენციამდე მიყვანილი), დაიფარეთ ზედ ხელსახოცი, ნახევარი საათის შემდეგ მოიშორეთ და წაისვით კრემი. გამონაყარის (აკნე) მოშორებაში დაგეხმარებათ ჩაის ხის ზეთი.
ნიღაბი თხელი და მგრძნობიარე კანისთვის
2 სუფრის კოვზ ახალგამოწურულ ყურძნის წვენს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ხაჭო და კარგად აურიეთ. მიღებული მასა თხელ ფენად დაიდეთ სახესა და ყელზე, 20-30 წუთის შემდეგ თბილი გადადუღებული წყლით მოიშორეთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ.
ნიღაბი პრობლემური კანისთვის
გულყვითელას ყვავილების ნახარშით გაიწმინდეთ სახის კანი, ხოლო თბილი ნაყენისგან გაიკეთეთ სახეზე კომპრესი.
კვერცხის გულისა და თაფლის ცხიმიანი ნიღაბი
100 გ თაფლი, 100 გ მცენარეული ზეთი, 2 ცალი კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ კერამიკის ჭურჭელში და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს ნიღაბი ხსნის კანის აქერცვლას და გაღიზიანებას, კვებავს კანს. თუ კანი ძლიერ გექერცლებათ, მაშინ კვირაში 2-ჯერ ჩაიტარეთ აღნიშნული პროცედურა.
გამწმენდი ნიღბები
გამწმენდი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის მეოთხედი ვაშლი გახეხეთ წვრილ სახეხზე, ათქვიფეთ 1 ცალი კვერცხის ცილა და შეურიეთ გახეხილი ვაშლი. მიღებული მასა თხელ ფენად დაიდეთ სახეზე, როცა გაშრება, კიდევ ერთხელ თხელ ფენად წაისვით ნიღაბი. 15-20 წუთის შემდეგ პირი დაიბანეთ გრილი წყლით.
გამწმენდი ნიღაბი ნორმალური კანისთვის
გათლილი ვაშლი გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ან სხვა მცენარეული ზეთი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სახამებელი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ (ერთგვაროვანი მასის მიღებამდე), შემდეგ დაიდეთ სახესა და ყელის მიდამოში. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დამარბილებელი ნიღბები
2 ცალი კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი. მიღებული ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
გამხმარი ბალახების დამარბილებელი ნიღაბი
2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ცაცხვის ყვავილებს და 2 ჩაის კოვზ სალბს დაასხით 1 ჭიქა რძე, 5-7 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მიღებული მასა შეინახეთ თავდახურულ ჭურჭელში. თბილი ნახარშით (თხევადი ნაწილი) დაისველეთ კანი (დარტყმითი მოძრაობებით), თხელ ფენად წაისვით თხევადი კრემი და ზემოდან დაიდეთ ნახარშის ძირზე დალექილი ყვავილები (უნდა იყოს თბილი), შეგიძლიათ ეს ყვავილები დოლბანდზე მოათავსოთ და ისე დაიდოთ სახეზე. ზემოდან დაიფარეთ კომპრესის ქაღალდი და ხაოიანი პირსახოცი. 15-20 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი მშრალი ბამბის ტამპონით და წაისვით მკვებავი კრემი.
ხორბლის ქატოს ნიღაბი
ამ ნიღბის გამოყენება სასურველია კვირაში 2-ჯერ. ის კანს აგლუვებს და ამკვრივებს. ხორბლის ქატოს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 3 ჩაის კოვზი რძე (უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა). დაიდეთ ეს ნიღაბი სახეზე და წამოწექით მის გაშრობამდე. ნიღაბი მოიშორეთ თბილი წყლით, შემდეგ კანი ყინულის კუბით გაიწმინდეთ. ქატო კარგად იწოვს ზედმეტ ცხიმს და ამდიდრებს კანს ვიტამინებით.
დამარბილებელი ნიღაბი მშრალი, გაღიზიანებული და დასუსტებული კანისთვის
ეს ნიღაბი გაამდიდრებს კანს ვიტამინებით, გახდის მას გლუვს, მკვრივს და ელასტიკურს. 1 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით წყალი 10-15 წუთით, შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და ურიეთ (უნდა მიიღოთ თხელი ფაფა). როცა მასა სასიამოვნოდ თბილი გახდება, დაიდეთ სახეზე და მსუბუქად შეიზილეთ. 20 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი ჩაის ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონით, შეისხით ცივი წყალი. თუ ნიღაბი ძალიან თხელი გამოგივათ, მაშინ შეგიძლიათ ცოტა სელის თესლი კიდევ ჩაამატოთ.
თაფლის ნიღაბი
დაგჭირდებათ 100 გ თაფლი, 25 გ სპირტი და 25 გ წყალი. თაფლი ჩადეთ კერამიკის და ემალის ჭურჭელში და გააცხელეთ ცხელი წყლის აბაზანაზე. სპირტი და წყალი აურიეთ და ჩაასხით თაფლში. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ბამბის ტამპონის დახმარებით წაისვით სახეზე. 10-15 წუთის შემდეგ დაიბანეთ პირი ცივი წყლით. ეს ნიღაბი კვებავს კანს, არბილებს და აახალგაზრდავებს მას.
მუხუდოს ნიღაბი
გამხმარი მწვანე მუხუდო (ან წინასწარ მოხარშული) კარგად დასრისეთ ქვასანაყში. 2 სუფრის კოვზ მუხუდოს ფქვილს დაასხით 2 სუფრის კოვზი რძის შრატი. შეგიძლიათ მუხუდოს ფქვილში ან დასრესილ მოხარშულ მუხუდოში აურიოთ კვერცხის გული და 2 ჩაის კოვზ მიღებულ მასას დაუმატოთ 2 ჩაის კოვზი რძის შრატი. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნიღბის გაკეთება უმჯობესია დილით. შედეგი მიიღება 4 კვირის შემდეგ.