კანის პილინგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის პილინგი

უჯრედების ცხოველქმედების ციკლი დაახლოებით 4-5 კვირას შეადგენს, შემდეგ ისინი კვდებიან, მაგრამ კანს კი არ სცილდებიან, მის ზედაპირზე გროვდებიან. თუ მათგან არ გათავისუფლდით, სახე აიქერცლება, გაჩნდება ფერიმჭამელები, კანი მოდუნდება და უსიცოცხლო გახდება. აბრეშუმივით ნაზი, ჯანსაღი და ახალგაზრდა კანის შესანარჩუნებლად მხოლოდ ყოველდღიური პირის ბანა არ კმარა. კანს „გენერალური წმენდა“ - პილინგი სჭირდება.

პილინგი (ინგლ. Peels - აქერცვლა, კანის მოცილება) კანის ღრმა წმენდის პროცედურაა. გულისხმობს ეპიდერმისის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას და მის ქვეშ არსებული ახალგაზრდა და ჯანსაღი კანის გასუფთავებას. პილინგი ასევე აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, რაც, თავის მხრივ, კანის უჯრედების ნორმალურ ზრდა-განვითარებასა და დროულ განახლებას განაპირობებს.

კანის წმენდის უძველესი მეთოდი - მსგავსის მსგავსით წმენდაა. მარტივად რომ ვთქვათ, კანიდან ჭუჭყის ჩამოსარეცხად ჯერ ის კარგად უნდა გავაჭუჭყიანოთ. ამ მიზნით ქალები უძველესი დროიდან იყენებდნენ თიხას: მას წყალში აზავებდნენ და იდებდნენ სახესა და ტანზე, შემდეგ ჩამოიბანდნენ. ასე რომ, თიხა შეიძლება კანის წმენდის თანამედროვე კოსმეტიკური პრეპარატების წინაპრადაც მივიჩნიოთ.

პილინგის თანამედროვე საშუალებები სხვადასხვა სახელწოდებებითაა ცნობილი: სქრაბი, ექსფოლიანტი, გომაჟი. ყველას თანაბარი ფუნქცია აქვს - კანის ზედაპირული შრის აქერცვლა-გაპრიალება, აი, გამოყენების მეთოდები კი განსხვავებულია.

კანზე მოქმედების სიღრმის მიხედვით პილინგი ზედაპირული, საშუალო და ღრმაა, მოქმედების მექანიზმის მიხედვით კი - ლაზერული, ქიმიური და მექანიკური.

ზედაპირული პილინგი ფერიმჭამელების, ჰიპერპიგმენტაციისა და ცხიმოვანი სებორეის დროსაა გამართლებული. 25 წლის შემდეგ, როცა კანს ჯერ კიდევ აქვს თვითაღდგენის უნარი, ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია როგორც კანის დაბერების შემაფერხებელი საშუალება. გამოხატული ასაკობრივი ცვლილებები და კანის დეფექტები კი ცუდად ექვემდებარება ზედაპირულ პილინგს. სასურველ შედეგს, სულ ცოტა, 15-20 სეანსი სჭირდება. ამიტომ კანის რთული პრობლემების გადასაჭრელად ჯობს კანის საშუალო და ღრმა წმენდას მიმართოთ.

პრობლემური კანის მქონე პაციენტებს დერმატოკოსმეტოლოგი უფრო რადიკალურ მეთოდს - დერმაბრაზიას (ლაზერული პილინგი) ურჩევს. ეს აპარატული პროცედურაა და ადგილობრივი გაუტკივარებით ან ზოგადი ანესთეზიით ტარდება. დერმაბრაზიით მკურნალობენ კანზე ფერიმჭამელების დატოვებულ დაზიანებებს, აშორებენ ღრმა ნაოჭებს და ნაწიბურებს. ეს მეთოდი მეტად ეფექტურია, მაგრამ რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია - 1,5-2 თვე. თანაც, პროცედურა ძვირად ღირებულია და ბევრისთვის მიუწვდომელიც.

ქიმიური პილინგი კანის მკვდარი უჯრედების დამშლელი სპეციალური საშუალებებით (სითხე, გელი, ფხვნილი) ხდება. ეს მეთოდი რეკომენდებულია პიგმენტური ლაქებისა და ფერიმჭამელების კვალის მოსაშორებლად. ქიმიური პილინგისთვის გამოიყენება ხილის მჟავები ან ფერმენტები (ენზიმები). პაციენტებსაც და სპეციალისტებსაც განსაკუთრებით მოსწონთ უნივერსალური, საშუალო ქიმიური პილინგის მაქსიმალურად დამზოგველი მეთოდი (ეასყ პეელს - მსუბუქი). ეს მეთოდი გამოიყენება კანზე ასაკობრივი ცვლილებების, წვრილი ნაოჭების, კანის არაჯანსაღი ფერისა და სხვათა შემთხვევაში. პროცედურის დროს აქტიურდება კოლაგენების, ელასტინებისა და ჰიალურონის მჟავების თვითწარმოქმნის უნარი. კანის რქოვანა უჯრედების აქერცვლის პროცესის ხანგრძლივობა კი 24-დან 14 დღემდე მცირდება. ამ პროცედურას არ სჭირდება წინასწარი მომზადება და არც რეაბილიტაციის პერიოდი აქვს, უმტკივნეულოა და არ აქვს გვერდითი მოვლენები. კურსი შეადგენს 4 სეანსს, 2-2-კვირიანი შესვენებებით. პროცედურა არ არის ძვირად ღირებული, ეფექტი კი - შესანიშნავია.

სილამაზის სალონებში ქიმიური პილინგისთვის, ჩვეულებრივ, მჟავას შემცველ საშუალებებს იყენებენ. კოსმეტოლოგი პაციენტს ინდივიდუალურად ურჩევს კონცენტრაციას და მოქმედების დროს. ასეთი პილინგი უკუნაჩვენებია მგრძნობიარე კანის ქალებისთვის.

ქიმიური პილინგისთვის ენზიმების შემცველი საშუალების შეძენა შესაძლებელია კოსმეტიკის მაღაზიებში. როგორც წესი, ამ საშუალებებს სახის კანზე ისვამენ წრიული მოძრაობებით, კანის შტრიხების (ხაზების) მიმართულებით და რამდენიმე წუთს იჩერებენ, შემდეგ კი ჩამოიბანენ. ენზიმებისა და მასაჟის (წრიული მოძრაობა) ზემოქმედებით მკვდარი უჯრედები კანის ზედაპირიდან „გორდებიან“. ხილის მჟავების კომპლექსით კანის ბიოლოგიური პილინგი ხდება, რაც კანის რქოვანა გარსიდან მკვდარი უჯრედების მსუბუქ აქერცვლას იწვევს. გვირილასა და სალბის ექსტრაქტების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები კანს ზედმეტ ცხიმს აშორებს და ამით უზრუნველყოფს კანის ფორების ბუნებრივ თვითწმენდას. სახის კანის გამწმენდი საშუალებების შეძენისას ეს ინფორმაცია უთუოდ გაითვალისწინეთ.

მექანიკური პილინგი ყველაზე პოპულარული, მარტივი და უვნებელია. ასეთი პილინგისთვის ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სქრაბი. ის შეიცავს მომრგვალო ფორმის პაწაწინა გასაპრიალებელ ნაწილაკებს (ექსფოლიანტები), რომელთა დახმარებითაც იწმინდება კანი. ექსფოლიანტებად იყენებენ პლასტირის მიკროსკოპულ ბურთულებს, ზღვის მარილს, მინერალების ნაწილაკებს, წვრილად დაფქულ პემზას, გარგარისა თუ ზეთისხილის დაქუცმაცებულ კურკას, კაკლის ან თხილის დაფქულ ნაჭუჭს, ცვილის ან წყალმცენარეების გრანულებს. არსებობს სახისა და ტანის სქრაბები. ორივე შეიცავს დასაბან სუბსტანციას და სხვადასხვა დამარბილებელ, დამატენიანებელ და მკვებავ დანამატებს. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ სახის გასაპრიალებელი ნაწილაკები უფრო წვრილია და დამზოგველი, ვიდრე ტანისა და ფეხებისთვის განკუთვნილი. მწარმოებლები სქრაბის საფუძვლად იყენებენ კრემს (ემულსია), გელს ან კოსმეტიკურ თიხას. ცხიმიანი და შერეული ტიპის კანისათვის თიხის საფუძველზე დამზადებული სქრაბი ჯობს - ის აშორებს კანს ცხიმს და ავიწროებს ფორებს. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის უმჯობესია კრემის საფუძველზე დამზადებული სქრაბის გამოყენება. გელის ბაზაზე დამზადებული სქრაბი კი უნივერსალურია. ფეხებისთვის განკუთვნილი სქრაბი შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო დანამატებს და კომპონენტებს, რომლებიც ოფლის გამოყოფასა და შეშუპებასაც ამცირებენ.

როგორ გავიკეთოთ პილინგი

1. სახის სქრაბის გამოყენება ძილის წინ უმჯობესია. ჩვეულებისამებრ გაიწმინდეთ სახე, სველ კანზე წაისვით სქრაბი და 1-2 წუთის განმავლობაში, მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ სახის მასაჟი. მოძრაობა უნდა მიიმართოს სახის შტრიხების გასწვრივ: შუბლის შუა ნაწილიდან საფეთქლებისკენ, პირის კუთხეებიდან საფეთქლებისკენ და ნიკაპის შუა ნაწილიდან ყურის ბიბილოებისკენ. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოიბანეთ სქრაბი თბილი წყლით. დამუშავებული კანი საჭიროებს დაცვას, ამიტომ პილინგის შემდეგ აუცილებლად წაისვით ცხიმიანი კრემი ან გაიკეთეთ ნიღაბი და მიეცით კანს დასვენების საშუალება.

2. პილინგის შემდეგ კანი უფრო ნორჩი და გლუვი უნდა იყოს. თუ გაჩნდება სიწითლეები და რამდენიმე წუთში არ გაივლის ან კანი გეწვით, ე. ი. ეს სქრაბი არ გიხდებათ და მომავალი პილინგისთვის უფრო რბილი და წვრილი ექსფოლიანტებიანი საშუალება სცადეთ.

3. ხელისა და ფეხისთვის განკუთვნილი სქრაბის გამოყენება უფრო მოსახერხებელია მანიკიურისა და პედიკიურის პროცედურების დროს - უშუალოდ აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ, რომ კანი დაორთქლილი იყოს. ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ უბნებს - ხელის ზედა ნაწილს, თეძოებს, დუნდულებს, ქუსლებსა და იდაყვებს. პილინგის შემდეგ წაისვით ტანის რძე ან კრემი.

4. სქრაბის გამოყენება შეიძლება კვირაში მხოლოდ 1-2 დღე (მეტი არა), წინააღმდეგ შემთხვევაში, კანმა შეიძლება დაკარგოს ბუნებრივი დამცველობითი უნარი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალი ტიპის კანისთვის.

5. იყავით აკურატულები მგრძნობიარე, განსაკუთრებით კი ფერიმჭამელებიანი კანის შემთხვევაში. ასეთ დროს სქრაბი დიდი სიფრთხილით და კვირაში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ.

6. სქრაბის ეფექტური და იაფი შემცვლელია ქისა, ხელთათმანი ან საბანაო ღრუბელი (ქისა). ამ უკანასკნელის უპირატესობა მისი სიგრძეა, რაც სხეულის ძნელად მისადგომ ადგილებში (მაგალითად, ზურგზე) პილინგის საშუალებას იძლევა. გახსოვდეთ, თუ კანს ძალიან ძლიერად და უხეშად გაიხეხავთ, ის შეიძლება დააზიანოთ.

7. თვალების ირგვლივ პილინგი დაუშვებელია.