ნიღბები ცხიმიანი თმისთვის
კვერცხის გული შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ცხიმის ჭარბ წარმოქმნას თრგუნავს.
- 1-2 კვერცხის ცილა გათეთრებამდე თქვიფეთ, შეიზილეთ დაბანილ თმაში და ზედვე შეიშრეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლითა და გოგირდის საპნით.
- 100-150 გრამი შავი პური ან ქერქი დააქუცმაცეთ და დაასხით მდუღარე წყალი. როდესაც წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაცივდება, ეს ფაფა შეიზილეთ დაბანილ თმაში და შეიხვიეთ პოლიეთილენის ნაჭრით. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით, უსაპნოდ (პურის ბურთულების მოშორება რომ არ გაგიჭირდეთ, გამოყენებამდე ფაფა გადაწურეთ ოთხფა დოლბანდში. მიიღებთ მეტ-ნაკლებად ერთგვაროვან ნარევს, რომელიც შედარებით იოლად მოგშორდებათ).
- კომშის ნაყოფს ამოაჭერით გული თესლითურთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. შეიზილეთ თმაში დაბანამდე ნახევარი საათით ადრე. ნახარში ამცირებს თმის ცხიმიანობას, კურნავს ცხიმოვან სებორეას.
- დაბანამდე შეიზილეთ თმაში ალოეს ფოთლების წვენი - ის ამაგრებს თმის ძირებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ცხიმიანობას.
- არყის ხის ფოთლები დააქუცმაცეთ, დაასხით 100 გრამი არაყი, ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით 5 დღით. ამ ნაყენით 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიწმინდეთ თმის ძირები.