რა აჩენს ქერტლს
ქერტლი თავის კანის ნაწილაკებია, რომლებიც კვდება და იქერცლება. ეს შეიძლება იყოს მრავალი დაავადების, მაგალითად, ფსორიაზის ან სებორეის, შედეგი, ამიტომ ქერტლის აღმოჩენისას საჭიროა მივმართოთ ექიმ დერმატოლოგს და ჩავიტაროთ სათანადო სამედიცინო გამოკვლევა. ნორმალურ პირობებში, ცხადია, კანის უჯრედები კვდება და პერიოდულად განახლდება, მაგრამ ქერცლი ასწრებს გარქოვანებას და თითქმის უხილავი ხდება. რომელიმე პათოლოგიური პროცესის შედეგად კანის კვდომის პროცესის დაჩქარებისას ისინი ერთმანეთს ეწებება და წარმოქმნის დიდი ზომის თეთრ ფანტელებს, რომლებსაც უსიამოვნება და დისკომფორტი მოაქვთ.
ქერტლის წარმოშობის მიზეზები
არსებობს საკმაოდ შთამბეჭდავი ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც შეიძლება ქერტლის გაჩენის მიზეზად იქცეს:
- ძლიერი ნერვული გადაძაბვა და ხშირი სტრესი;
- არასწორი კვება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
- თმის არასწორი მოვლა;
- სისხლის მიმოქცევის მოშლა;
- ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობა;
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
- სხეულის ტემპერატურის მომატება;
- გენეტიკური განწყობა.
არსებობს ქერტლის რამდენიმე სახეობა. სწორი, წარმატებული მკურნალობისთვის სახეობის განსაზღვრა აუცილებელია.
ამრიგად, ქერტლი შეიძლება იყოს
- ცხიმიანი;
- მშრალი;
- შერეული.
ქერტლის ტიპი დამოკიდებულია ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე. ცხიმის გაძლიერებული წარმოქმნისას თმა სწრაფად ცხიმიანდება, ჭუჭყიანდება და უსიამოვნო შესახედავი ხდება. ქერტლის მსხვილი ფანტელები შეიძლება მიეკრას თმას, ხოლო კანის თმიან ნაწილზე წარმოიქმნას მტკივანი უბნები. მშრალი ქერტლის დროს ცხიმის წარმოქმნა დაქვეითებულია, თავის თმიან ნაწილზე კანი ადვილად ღიზიანდება, ხოლო თმა მყიფეა და მშრალი. ქერტლი ამ შემთხვევაში ადვილად შორდება თმას და ფართო რადიუსზე იფანტება. ამ ტიპის ქერტლის მკურნალობა აუცილებლად გულისხმობს ორგანიზმის წყლის ბალანსის აღდგენას.
როგორ ვუმკურნალოთ ქერტლს
უნდა დავიწყოთ ცხოვრების წესის კორექციით.
- პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დაბალანსებული და სწორი კვება;
- მეორე - რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე;
- მესამე - ფიზიკურად მეტად ვიაქტიუროთ;
- მეოთხე - სწორად მოვუაროთ თმას. უარი ვთქვათ ცხელი წყლით დაბანაზე, ცხელი ჰაერით გაშრობაზე და ვარცხნილობის დასაყენებელ საშუალებებზე.
ქერტლის სამკურნალო შამპუნები
ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნების რეკლამას ტელევიზიით მრავლად ნახავთ. თვითნებურად მათ შეძენასა და გამოყენებას არ გირჩევთ, დერმატოლოგთან კონსულტაციის შედეგად კი სავსებით შესაძლებელია ეფექტური შამპუნის შერჩევა, რომელიც ქერტლთან ბრძოლას გაგიადვილებთ. არსებობს ქერტლის საწინააღმდეგო ოთხი ტიპის შამპუნი და თითოეულ მათგანს მოქმედების თავისი მექანიზმი აქვს:
- შამპუნები, რომლებიც აშორებს კანს ზედმეტ ცხიმს და ამცირებს მის პროდუქციას, ცხიმიანი ქერტლის დროს არის ეფექტური;
- შამპუნები სოკოს საწინააღმდეგო ეფექტით ეფექტურად ებრძვის სოკოს შედეგად გაჩენილ ქერტლს;
- შამპუნები, რომლებიც ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან და ანელებს მათ წარმოქმნას;
- შამპუნები, რომლებიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ეპიდერმისში და კვებავს თმის ბოლქვს, რითაც აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას.
ქერტლის სამკურნალო ხალხური საშუალებები
ხალხური მედიცინის არსენალში ქერტლის მოსაშორებლი უამრავი რეცეპტია. მათ შორის ბევრი ეფექტურია და შეიძლება დაგვეხმაროს ქერტლთან ბრძოლაში. ცხიმიანი ქერტლის დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს, შევიზილოთ თმაში გულყვითელას სპირტზე მომზადებული ნაყენი, შევიხვიოთ პირსახოცით და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გავიმეოროთ კვირაში 2-ჯერ. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ აბუსალათინისა და ბირკავას ზეთი. ქერტლთან ბრძოლისას შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ჩვეულებრივი მაწონი. წავისვათ იგი ნახევარი საათით თმაზე, მერე კი მდოგვიანი თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. ქერტლიც გაქრება და თმაც გაჯანსაღდება. ქერტლთან ბრძოლისას აუცილებელია კომპლექსური და სისტემური მიდგომა. თუ შევიცვლით ცხოვრების წესს და აქტიურად გამოვიყენებთ სამკურნალო საშუალებებს, ქერტლი შეიძლება რამდენიმე კვირაში დავამარცხოთ.