რას უჩივის თქვენი სახის კანი?
გამონაყარი
თუ სახეზე უეცრად გამოგაყარათ, კრემის, ტონიკის ან ლოსიონის შეცვლის ნაცვლად ჯობს ზოგადი სკრინინგული გამოკვლევა ჩაიტაროთ. თავდაპირველად ექიმ დერმატოლოგის მონახულებას გირჩევთ - აკნე შესაძლოა კანში ჩაბუდებული მიკროსკოპული ტკიპის ბრალი იყოს. თუ ეს პრობლემა არ დადასტურდა, კონსულტაციისთვის გასტროენტეროლოგს მიმართეთ. გამონაყარი შუბლზე შესაძლოა კუჭის, კუჭუკანა ჯირკვლის ან ღვიძლის მუშაობის დარღვევაზე მიუთითებდეს. ყვრიმალებზე არსებული გამონაყარი მიგვანიშნებს, რომ ნაღვლის ბუშტს უჭირს თავისი ფუნქციის შესრულება. ლოყებზე არსებული გამონაყარი ნაწლავების ჯანყზე მეტყველებს. პირის ირგვლივ არსებული გამონაყარი სასქესო ჰორმონების გამომუშავების დარღვევის შედეგად განვითარებულ გინეკოლოგიურ პრობლემებზე მიგვანიშნებს. მთელ ტანზე არსებული წითელი, მქავანა გამონაყარი ბანალური ალერგიის მანიშნებელია.
შეშუპება და მუქი რგოლები თვალებქვეშ
თვალების ჩამუქება და შეშუპება უმეტესად დაღლილობის ან უძილო ღამეების ბრალია, შედარებით იშვიათად - კანში ჟანგბადის ნაკლებობისა, ცხოვრების უმოძრაო წესისა, კომპიუტერთან მუშაობის შედეგად მხედველობის გადაძაბვისა. პრობლემის კიდევ ერთი მიზეზი თვალების ირგვლივ არსებული ნაზი კანის არასწორი მოვლაა, იმ კოსმეტიკის გამოყენება, რომელიც სახის სხვა უბნებისთვისაა განკუთვნილი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებსაც - კაპილარების სისუსტეს, სისხლძარღვების კანის ზედაპირთან სიახლოვეს, თხელ კანს. ზოგჯერ კი პრობლემის სათავე შინაგან ორგანოებში უნდა ვეძებოთ, მაგალითად:
- თვალების ირგვლივ მოლურჯო რგოლები სისხლის მიმოქცევის დარღვევებზე მეტყველებს;
- მოწითალო - თირკმელების დაავადებებზე ან ალერგიაზე;
- მოყვითალო - ღვიძლის დაავადებებზე, A, C, E ვიტამინების ნაკლებობაზე, რკინის დეფიციტსა და ორგანიზმის გაუწყლოებაზე (თუ დღეში ნახევარ ლიტრზე ნაკლებ წყალზს იღებთ).
- თვალებქვეშ შეშუპების ყველაზე სავარაუდო მიზეზია ქსოვილებში ზედმეტი სითხის შეკავება ცირკულაციის დარღვევის შედეგად. შეშუპების აღსაკვეთად აუცილებელია სითხის შეზღუდვა დაწოლამდე, სულ ცოტა, ორი საათით ადრე.
პიგმენტური ლაქები
ყავისფერი ლაქა, რომელსაც მედიცინაში პიგმენტაციას უწოდებენ, უჯრედების მიერ პიგმენტ მელანინის გადაჭარბებული გამომუშავების შედეგად წარმოიშობა. განასხვავებენ: ქლოაზმებს (გამოწვეულია შინაგანი დაავადებებითა და დარღვევებით) და იმელაზმებს (წარმოადგენს კანის პოსტტრავმულ რეაქციას, მაგალითად, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდეგ). თუ პიგმენტაციის მიზეზი აშკარა არ არის, ანუ გამორიცხავთ კანზე მზის სხივების ზემოქმედებას, კანის მოსავლელად არ იყენებთ აგრესიულ კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს, მაშინ ის ორგანიზმში უნდა ვეძებოთ. პიგმენტაციის პროვოცირება შეუძლია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს, ხანგრძლივ ინტოქსიკაციას, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობის დარღვევას, მეტაბოლიზმის დარღვევას. მიზეზის გასარკვევად უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს.
სიფითრე
ფერმკრთალი სახე მიუთითებს დაბალ წნევაზე, თირკმლის მუშაობის დეფექტებზე, ანემიაზე. გადამეტებული სიფითრე ფილტვების დაავადებებსა და საჭმლის მონელების მძიმე დარღვევებზე მეტყველებს. კანის მოყვითალო ელფერი ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებების ნიშანია. მოწითალო ელფერი ჰიპერტონიისადმი მიდრეკილებაზე მეტყველებს, ბრინჯაოსფერი - თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანებაზე. კანის პერიოდული სიწითლე შესაძლოა განპირობებული იყოს კლიმაქსით ან წვრილ ნაწლავში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნით.
დახეთქილი ქუსლები
ტემპერატურის ხშირი ცვლილება და დახურული ფეხსაცმლის მუდმივი ტარება კანს აშრობს და აუხეშებს, თუმცა პრობლემის მიზეზი შესაძლოა ენდოკრინული სისტემის მუშაობის მოშლა, ჰიპოვიტამინოზი, დიაბეტი ან გასტრიტიც იყოს. ეს მდგომარეობები არღვევს ტერფში სისხლის მიმოქცევას და კანის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით მომარაგებას. ქუსლების დახეთქვა შეიძლება გამოიწვიოს ეგზემამ, ფსორიაზმა, სოკოვანმა ინფექციამ. ამრიგად, თუ კარგი ჯანმრთელობა გვინდა, კანის ენაც უნდა ვიცოდეთ.