თმის უამიაკო საღებავები - ახალი სიტყვა და ახალი მიდგომა
ძველ საბერძნეთში უმაღლესი წრის წარმომადგენლები ღია ფერს სძენდნენ თმას კალიუმის ნახშირჟანგისა და ყვითელი ყვავილების განსაკუთრებული ნარევით. ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ დამსგავსებოდნენ ღმერთებს, რომლებიც, თქმულებების თანახმად, ქერათმიანები იყვნენ. ძველ ეგვიპტელებს ბასმა უყვარდათ. ახლო აღმოსავლეთში თმის შესაღებად ინას იყენებდნენ. ძველ რომში კი მამაკაცებიც არ ერიდებოდნენ ჭაღარის შეღებვას თავისებური ნარევით. ეს ნარევი ნაცრის, კაკლის ნაჭუჭის, პრასისა და წურბელებისგან შედგებოდა. რენესანსმა ქერა თმის მოდა დაამკვიდრა. თმის გასაბაცებლად წარჩინებული ქალბატონები საკმაოდ ძლიერმოქმედ ნაერთს - კალიუმის ტუტეს იყენებდნენ. თმისთვის პირველი პროფესიონალური საღებავის შექმნა მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში სცადეს. მის შემადგენლობაში შედიოდა პარაფენიპენდიამინი. ეს ნაერთი კანის სერიოზულ გაღიზიანებას იწვევდა და იმდენად ტოქსიკური იყო, რომ მის გამოყენებაზე მალევე თქვეს უარი. თმის პირველი გამძლე საღებავის დაბადების თარიღად შეიძლება მივიჩნიოთ 1932 წელი. ლოურენს გელბმა აღმოაჩინა ამიაკი როგორც პიგმენტის კარგი გამტარი და იგი საღებავის შემადგენლობაში ჩართო. ამ ფორმულის საფუძველზე დაიწყეს შემდეგ თმის საღებავების წარმოება.
რით არის საშიში ამიაკი?
ამიაკი, ერთი შეხედვით, ხოტბის ღირსია - სწორედ მისი წყალობით შეძლო ბევრმა გარეგნობისა და იმიჯის შეცვლა, თუმცა, მეორე მხრივ, ეს ერთი წვეთი თაფლია, რომელსაც თან კუპრით სავსე კასრი ახლავს. ამიაკი აიროვანი, მკვეთრსუნიანი, აქროლადი ნივთიერებაა. მას შეუძლია, გამოიწვიოს ალერგია თავის თმიან ნაწილზე, ცხვირისა და თვალის ლორწოვან გარსებზე. იმისთვის, რომ პიგმენტი თმის ღერში შეიყვანოს, ამიაკი შლის მის ზედაპირულ დამცავ რქოვანა გარსს, მოლეკულათა სულფიდურ კავშირებს, აჩენს ქერცლს და აზიანებს კუტიკულას. შეღებილი თმა გარკვეული ხნის შემდეგ იფიტება, კარგავს წყლის შეკავების უნარს, შრება და მყიფდება.
ინოვაცია: თმის უამიაკო საღებავები
გასაკვირი არ არის, რომ მწარმოებლებმა თმის უამიაკო საღებავების შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. პირველი ცდები წარმატებით არ დაგვირგვინებულა - თმის საღებავის უამიაკო ფორმულა არ ღებავდა ჭაღარას და თმიდან სწრაფად გადადიოდა. შემდეგ მეცნიერებმა გამოსავალს მიაგნეს და თმის უამიაკო საღებავებს NEA მოლეკულა დაუმატეს.
რას წარმოადგენს NEA მოლეკულა?
ეს არის ამიაკის სულფიდური მარილების წარმოებული. ფორმალურად ის ამიაკივით არ აზიანებდა თმას; ამასთან, ჭაღარის 60%-ს ღებავდა და პიგმენტსაც ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებდა. ზეთებისა და პროტეინების დამატების შედეგად ეს საღებავები აუმჯობესებდა კიდეც თმის სტრუქტურას. დიდი ხნის განმავლობაში ბაზარი სწორედ ასეთ საღებავებს ეკავა. მაგრამ მწარმოებლებს არ ასვენებდა ფორმულიდან ამიაკის სულ მთლად ამოღების აზრი. ბოლოს და ბოლოს გამოსავალი მოიძებნა. ლაბორატორიებმა შეიმუშავეს განსაკუთრებული ფორმულა და გამოიყენეს საკმაოდ მაღალი ხარისხის ნედლეული, რომელმაც სრულიად შეცვალა ამიაკი. ამასთან, თმის საღებავების მწარმოებელი თითოეული ბრენდი ამიაკის ალტერნატივად საკუთარ სოლო კომპონენტს იყენებს. უამიაკო საღებავების საწარმოო ხაზში ფავორიტებად იქცა ზეთები, ექტოინი (ბუნებრივი ორგანული მასალა), თაფლის ცვილი, ფისი, ბამბის გამონაწვლილი ქოქოსის ზეთთან ერთად. ცხადია, ისმის ლოგიკური კითხვა: როგორ ახერხებენ ეს კომპონენტები საღებავის თმის სიღრმეში შეყვანას? საღებავში ეს ზეთები და ცვილი, ბუნებრივია, სხვა ელემენტებთან ერთადაა წარმოდგენილი. მაგალითად, გამაფხვიერებლის როლს ასრულებს ხილის მჟავა. ის ეფექტურად აცილებს მკვდარ უჯრედებს, მაღლა სწევს ქერცლს და ამით ზეთებს, ფისსა და ცვილს საღებავის თმის სიღრმეში შეყვანას უადვილებს. ამიაკის შემცვლელი თანამედროვე კომპონენტების ღირსება ის არის, რომ ეს ნივთიერებები მხოლოდ კი არ ამდიდრებს თმას ახალი პიგმენტით, არამედ მისი სტრუქტურის აღდგენასაც უწყობს ხელს, ანიჭებს თმას ჯანსაღ ბზინვარებას. ცვილები და ფისები კრისტალდება, ლაგდება თმაზე და ლამინირების მსგავს ეფექტს ახდენს. თანამედროვე საღებავებს აღარ აქვს უსიამოვნო, მძაფრი სუნი - ისინი უფრო ყვავილების ან ხილის არომატით არის გამდიდრებული. ეს საღებავები არ აღიზიანებს თავის თმიან ნაწილს, თუმცა ყველა მწარმოებელი გვირჩევს, გამოყენებამდე მაინც ჩავიტაროთ ტესტი ალერგიაზე, ხოლო მათ შემადგენლობაში შემავალი პროტეინები, ვიტამინები და ალიგომინერალები სამკურნალო ეფექტს ახდენს და ნამდვილად აღადგენს თმას. უამიაკო საღებავები უფრო მდგრადი გახდა ახალი ფორმულის მეშვეობით. მაგალითად, ბოლო ტესტირებამ აჩვენა, რომ ისინი ჭაღარის 80%-ს ღებავს, ხოლო პიგმენტს თმა, სულ ცოტა, ერთი თვე ინარჩუნებს. მთავარი ის არის, რომ თმის შესაღებავად სალონში წასვლა არ არის აუცილებელი, რადგან ბაზარზე შემოდის შინაურ პირობებში გამოსაყენებელი სულ უფრო მეტი უამიაკო საღებავი, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება პროფესიულ საშუალებებს.