სახის გაწმენდის უახლესი მეთოდები
ცხადია, დეფექტების შენიღბვა უფრო იოლია, მაგრამ რამდენად მისაღებია ეს? საბედნიეროდ, უკანასკნელ ხანს ტენდენცია შეიცვალა. ადამიანები უფრო და უფრო მეტი ყურადღებით ეკიდებიან თავიანთ ჯანმრთელობას. რაც უფრო ადრე დაიწყებთ თავის მოვლას, მით უკეთესი იქნება შედეგი. მაგალითად, სიყმაწვილეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ფორების ზომას: ასაკთან ერთად მათი კედლები კარგავს სიმკვრივეს და კანის ზედაპირზე მიკროსკოპული ჩრდილები ჩნდება, ამიტომ კანი არათანაბარი ჩანს და ცუდად ირეკლავს შუქს. 3-4 გაწმენდა ერთთვიანი ინტერვალებით საკმარისია, რომ საგრძნობლად გაუმჯობესდეს კანის მდგომარეობა, შევიწროვდეს ფორები, გაქრეს მუწუკოვანი გამონაყარი. თუ კანი არ არის პრობლემური, გაწმენდა რეკომენდებულია 8-12 თვეში ერთხელ. თუ კანი კომბინირებულია, მიდრეკილია ცხიმიანობისკენ და სახეზე გამონაყარი ხშირად ჩნდება, პროცედურა ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩავიტაროთ. ზოგს სახის გაწმენდა მტკივნეული და უსიამოვნო პროცედურის გამო არ მოსწონს, ზოგს - იმიტომ, რომ ჰგონია, რეგულარული წმენდა ფორებს გააფართოებს და ფერიმჭამელები და მუწუკები სინათლის სიჩქარით გამრავლდება... დღესდღეობით, გარდა მექანიკური ან, როგორც სხვაგვარად უწოდებენ, ხელით წმენდისა (კომედონების, ფერიმჭამელებისა და მუწუკების გამორწყვა ხელით ან სპეციალური კოვზით), რომელიც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ ითვლება ერთ-ერთ ქმედით და პოპულარულ საშუალებად (იგი იდეალურად მიესადაგება ცხიმიან და შერეული ტიპის კანს, მისი მეშვეობით შესაძლებელია ყველაზე რთული მუწუკების მოშორება), არსებობს სახის წმენდის სხვა მეთოდებიც. მაგალითად, კოსმეტოლოგიაში დაინერგა ულტრაბგერა. ადამიანის ყურს ის არ ესმის; სამაგიეროდ, მისი ტალღა ღრმად აღწევს კანში. ულტრაბგერას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ავიწროებს ფორებს და გამოაქვს კანიდან ჭარბი ცხიმი. ამგვარი წმენდა შეიძლება გამოვიყენოთ მინიმალურად დაბინძურებული მშრალი კანისთვისაც. პროცედურა უმტკივნეულოა: დერმატოლოგი სახეზე უსვამს ლოსიონს და მასზე გადაატარებს სპეციალურ ულტრაბგერით ნიჩაბს: სახის კანი თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან, ცხიმოვანი და ოფლის ჯირკვლების ცხოველმყოფელობის პროდუქტებისგან და თვალით უხილავი მაკიაჟის ნარჩენებისგან. სახის გალვანური წმენდა (მას დეზინკრუსტაციასაც უწოდებენ) ტარდება მცირე სიმძლავრის ელექტრული დენით, რომლის ზემოქმედებითაც ფორებში არსებული ცხიმი იხსნება და კანის ზედაპირზე ამოდის. აქ ის ურთიერთქმედებს სახეზე წასმულ სითხესთან და გარდაიქმნება საპნად. აღსანიშნავია, რომ გალვანური წმენდისას გამოყენებული დენის ძალა იმდენად მცირეა, მას ტკივილის ძალიან დაბალი ზღურბლის პირობებშიც კი ვერ შეიგრძნობთ. ამგვარი წმენდა იდეალურად მიესადაგება ცხიმიან და პრობლემურ კანს. ვაკუუმური წმენდაც ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვისაა შესაფერისი. კოსმეტოლოგები იყენებენ სპეციალურ აპარატს, რომელთანაც მიერთებულია მილი უარყოფითი წნევით. ეს აპარატი, მტვერსასრუტის მსგავსად, კანიდან იწოვს ყოველივე უსარგებლოს და ზედმეტს ისე, რომ არ ტოვებს კვალს. აირთხევადი წმენდა შეიძლება გამოვიყენოთ მგრძნობიარე კანისთვის. სპეციალური ჩამოსაცმელიდან სახეზე 8 ატმოსფერო წნევით ეცემა სამკურნალო სითხე და სამედიცინო აირები (ჟანგბადი და ჩO2) და ფორებიდან გამოდევნის ყველაფერ ზედმეტს. მგრძნობიარე კანისთვის იდეალურია სახის ალმასური წმენდაც. ეს პროცედურა ტარდება არა ძვირფასი ქვებით, როგორც, ალბათ, წარმოგედგინათ, არამედ სპეციალური ალმასის საცმით. ის ხვეწს და აპრიალებს სახის ზედაპირს, ხეხავს გარქოვანებულ ფენას, აცილებს გამონაყარს, ამცირებს წვრილ ნაოჭებს. საცმის შიგნით იქმნება ვაკუუმი, რის წყალობითაც მთელი ჭუჭყი შორდება კანს და ხელსაწყოს ფილტრზე ილექება.