რა შეცდომები მოგვდის მაკიაჟის გაკეთების დროს
ტონალური კრემის უგულებელყოფა
ბევრს არ მოსწონს შებოჭილობისა და არაბუნებრიობის შეგრძნება, რომელიც შესაძლოა ტონალური კრემის წასმის შემდეგ გაჩნდეს, თუმცა კრემის თანაბარი ფენა მაკიაჟისთვის შესანიშნავი ფუძეა. ტონალური, დამატენიანებელი საშუალება გამჭვირვალე ფორმულით კანზე სიგრილისა და სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებს. მთავარია, კანის ტიპის შესაფერისი კონსისტენცია შევარჩიოთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, სცადეთ გამჭვირვალე ან დამატენიანებელი ტონალური საშუალება, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი კრემის ნაცვლად. ყურადღება მიაქციეთ შPF ინდექსს - ის 15-ის ტოლი მაინც უნდა იყოს. თუ ნორმალური, ცხიმიანი ან შერეული ტიპის სახის კანი გაქვთ, გამოიყენეთ პუდრის კონსისტენციის ტონალური კრემი. არ წაისვათ მაკიაჟი მშრალ კანზე.
მეტისმეტად ბაცი კორექტორი (შემნიღბავი საშუალება)
თუ თვალების ირგვლივ მუქი რგოლები გაქვთ, უხეშ შეცდომას დაუშვებთ, თუ შესანიღბავად გამოიყენებთ მეტისმეტად ბაც კორექტორს. მაკიაჟის წესები მოითხოვს, შემნიღბავის ფერი სახის კანისას შეესაბამებოდეს. ბაცი კორექტორის გამოყენებით მხოლოდ ხაზს გაუსვამთ პრობლემას. თუ თვალებქვეშ ლურჯი ან იისფერი ჩრდილები გაქვთ, გამოიყენეთ ატმისფერი შემნიღბავი საშუალება. თვალებქვეშ არსებული არე სახის დანარჩენი ნაწილისგან არ უნდა განსხვავდებოდეს.
ტონალური კრემის არასწორად შერჩეული ფერი
ბევრი მაკიაჟის ფუძედ იყენებს კანზე მუქ ტონალურ კრემს, რაც ნიღბის ეფექტს ქმნის. ამ შემთხვევაში სახე დისჰარმონიაში მოდის სხეულთან. თუ გინდათ, სახეს ეგზოტიკური სიშავე მიანიჭოთ, ფუძედ გამოიყენეთ თქვენივე სახისფერი ტონალური, ზემოდან კი გადაისვით ბრინჯაოსფერი პუდრის თხელი ფენა ან რუჯი. წაისვით ის მხოლოდ ბუნებრივი რუჯის ადგილას - ლოყებზე, ცხვირზე, ნიკაპსა და შუბლზე.
კანის მოვლის უგულებელყოფა
ბევრ ქალს არ ჰყოფნის დრო და ძალისხმევა, რომ სახის კანს სათანადოდ მოუაროს. ეს გულგრილი დამოკიდებულება ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. კანის სათანადო მოვლით შევინარჩუნებთ მის სიჯანსაღეს, სილამაზეს და ხელს შევუშლით ნაადრევ სიბერეს. ყოველდღიურად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალება შPF-ფილტრით. ის დაიცავს კანს მზის სხივების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. ცხიმიანი კანის პატრონებს ჰგონიათ, რომ შეუძლიათ, დამატებით დატენიანებაზე უარი თქვან. ნებისმიერი კანი მოითხოვს დანოტივებას. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, აირჩიეთ ისეთი დამანოტივებელი საშუალება, რომელიც არ შეიცავს ზეთს.
ფუნჯსა და აპლიკატორებზე უარის თქმა
კარგი ინსტრუმენტებით უფრო სრულყოფილ და პროფესიულ მაკიაჟს შექმნით.
ფერიმჭამელებისა და მუწუკების გამორწყვა
მუწუკი პატარაც კი უსიამოვნოა, მაგრამ მისი გამორწყვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - მხოლოდ დეფექტი კი არ დარჩება კანზე, არამედ ბაქტერიებიც გამრავლდება და შესაძლოა, ინფექცია გავრცელდეს.
ზედმეტად გამოქნილი წარბები
თუ გადაწყვიტეთ, თავად გაიკეთოთ წარბების კორექცია, ნუ ეცდებით მათი ბუნებრივი ფორმის შეცვლას. მხოლოდ ზედმეტი ღერები მოიცილეთ წარბის ზედა და ქვედა მხარეს. თუ დანამდვილებით არ იცით, როგორი ფორმის წარბი გინდათ გქონდეთ, ეს საქმე პროფესიონალს მიანდეთ. ნუ გამოიყენებთ წარბების შესაღებავად ფანქარს. თუ მათი გამოკვეთა გსურთ, ფანქრის მაგივრად გამოიყენეთ წვრილი ფუნჯი და თქვენი თმის ფერის შესატყვისი პუდრი. ასე წარბები უფრო ბუნებრივი გამოჩნდება.
მკვეთრი ფერის რუჟის წასმა
რუჟი იმისთვის არის შექმნილი, რომ ლოყებს ბუნებრივი ვარდისფერი მიანიჭოს. ბევრი რუჟს უშუUალოდ ლოყებზე ისვამს, რათა უფრო მაღალი ყვრიმალები გამოუჩნდეს, მაგრამ ამას არაბუნებრივი ეფექტი აქვს და ასაკსაც მატებს. შეარჩიეთ ნაზი ვარდისფერი, ატმისფერი ან ბრინჯაოსფერი რუჟი, რომელიც სახეს ბუნებრივ, ჯანსაღ ელვარებას შესძენს. რუჟი წაისვით ლოყის შუა ნაწილიდან (რომელიც იკეცება ღიმილის დროს) ზევით, ყვრიმალებისკენ.
ნუ ეცდებით კონტურის ფანქრით ტუჩების ვიზუალურად გადიდებას
ეს შესამჩნევი და ნაკლებმიმზიდველია. ტუჩის ხაზის ზემოდან კონტურის შეუმჩნევლად გადასმა ძნელია. სურვილის შემთხვევაში ტუჩსაცხის შესატყვისი ან ერთი ტონით მუქი კონტურის გამოყენებას გირჩევთ.
გახსნის შემდეგ დიდხანს ნუ შეინახავთ წამწამების ტუშს
მაქსიმუმ 4 თვის შემდეგ ის უნდა გამოცვალოთ. საქმე ის არის, რომ ყოველი გახსნისას და ჯაგრისის ამოღებისას შიგთავსში ბაქტერიები ხვდება. გარდა ამისა, ტუბში შედის ჰაერიც, რის გამოც ტუში ფუჭდება და წამწამებს ულამაზო გუნდებად ეკვრის. უჩვეულო სუნი და გუნდები უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ტუში გაფუჭდა და გადასაგდებია.
თვალები ან ტუჩები
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ლამაზი თვალები ან ტუჩები გაქვთ - თუ ერთდროულად ორივეზე დასვამთ აქცენტს, სახე მეტისმეტად ხელოვნური გამოჩნდება. თუ თვალების მკვეთრ მაკიაჟს ამჯობინებთ, შეარჩიეთ ნეიტრალური ფერის ტუჩსაცხი და პირიქით - თუ ტუჩებს მკვეთრი ფერის პომადით შეიღებავთ, თვალებზე კანისფერი ჩრდილი წაისვით ან ტუშს დასჯერდით.