როგორ შევიღებოთ თვალები
მაკიაჟში, ტექნიკასა და ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარგად შერჩეული დეკორატიული კოსმეტიკა: ლაინერი თუ ფანქარი, ჩრდილები, ტუში და სხვა საშუალებები. წამყვანი კოსმეტოლოგები, ვიზაჟისტები, სტილისტები გვირჩევენ, ტრადიციული მაკიაჟის გაკეთებისას გავითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი წესი. გაითვალისწინეთ, რომ ულამაზო თვალები არ არსებობს, არსებობს ცუდად გაკეთებული მაკიაჟი. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი ტიპი, კანის, თმის, თვალების ფერი, ასევე - დღის რომელი მონაკვეთისთვის იკეთებთ მაკიაჟს და წელიწადის დრო.
როგორ შევიღებოთ თაფლისფერი თვალები
ამ შემთხვევაში მაკიაჟი უნდა შევუხამოთ თმის ფერს, ტუჩის საცხსა და კაბას. თაფლისფერი თვალები უნდა შევიღებოთ თბილი ფერის: ბეჟი, მოყავისფრო-მოყვითალო, ყავისფერი ჩრდილებით. ვისაც მუქი ფერის კანი აქვს, მოუხდება მოყავისფრო-ზეთისხილისფერი გამა, ხოლო მუქი ფერის თმას ლურჯ-შავი ჩრდილები ესადაგება. თუ ღია ფერის კანი გაქვთ, მოგიხდებათ მკვეთრი ცისფერი და მომწვანო-ფირუზისფერი ჩრდილები. წამწამებზე უმჯობესია წაისვათ ყავისფერი ტუში. შავი ტუში შავგვრემან ქალებს მოუხდებათ. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:
- ზედა ქუთუთოზე წაისვით ღია ფერის ჩრდილი და ფაქიზად შეიღებეთ მუქი ფანქრით. ქვედა ქუთუთოსათვის აუცილებელია უფრო ღია ფერის ფანქარი. ამის შემდეგ წაისვით ტუში. ფანქრის მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ ჩრდილები.
- თვალის გარეთა კუთხეში წაისვით უფრო მუქი ჩრდილი - ეს გამოხედვას მეტ სიღრმეს შესძენს და ვიზუალურად გაზრდის თვალებს.
როგორ შევიღებოთ ცისფერი თვალები
ცისფერი თვალები ჩვენში მეტად პოპულარული და ბევრისთვის საოცნებოა. მათ შეიძლება სრულიად სხვადასხვანაირი ელფერი ჰქონდეთ: მოცისფრო-მომწვანო, მოცისფრო-მორუხო, მოცისფრო-მოიისფრო. მათთვის შეარჩიეთ ცივი გამა: ცისფერი, რუხი, იისფერი, ფირუზისფერი... თუ ეს ფერები არ გიხდებათ, სცადეთ საპირისპირო გამა: ბეჟი, მოყვითალო-მოყავისფრო, ოქროსფერი. ის ხაზს გაუსვამს ცისფერი ფერის პალიტრის სიუხვეს და თქვენს სახეს მომნუსხველ სითბოს მიანიჭებს.
როგორ შევიღებოთ მწვანე თვალები
მწვანე თვალების მომხიბვლელობის წარმოსაჩენად გამოიყენეთ ქლიავისფერი, ოქროსფერ-თეთრი, ბეჟი, თეთრ-იასამნისფერი, შამპანურისფერი, ოპალისფერი ჩრდილები. მწვანეთვალება ლამაზმანებს შეუძლიათ ექსპერიმენტები ჩაატარონ მკვეთრი ფერის საღებავებითა და ჩრდილებით. მუქი ლურჯი და ტერაკოტისფერი ჩრდილები ხაზს გაუსვამს თვალების ზურმუხტისფერს. მოსინჯეთ ჭაობისფერი ან ყავისფერი კონტურული ფანქარი, რომელსაც ვარდისფერ-იასამნისფერ ჩრდილებს შეუხამებთ. თუ მწვანეთვალება და ქერათმიანი ბრძანდებით, გამოიყენეთ ყავისფერის ყველა ელფერი. ძალიან მოგიხდებათ მომწვანო ჩრდილები ოქროსფერი ელფერით. საღამოს მაკიაჟისთვის იდეალურია რუხი ან ყავისფერი ფანქარი. გარდა ფერისა, თვალები ტიპის მიხედვითაც განსხვავდება. წვრილი თვალები ვიზუალურად უნდა გავზარდოთ. ამისთვის ფანქრით შევიღებოთ ორივე ქუთუთო. აუცილებელია ტუშის გამოყენებაც. პატარა თვალებზე უნდა წავისვათ ღია ფერის ჩრდილები (თეთრი, ბეჟი, სპილოსძვლისფერი, კრემისფერი და ა.შ.). ჩრდილები უნდა წავისვათ წარბებქვეშ და თვალების შიგნითა კუთხეში, რათა თვალები გავაბაცოთ. მუქი ჩრდილი წავისვათ ქვედა ქუთუთოზე. ამის შემდეგ წავისვათ კონტურული ფანქარი და ტუში. დიდი თვალების პატრონებმა კოსმეტიკა ძალიან ფაქიზად უნდა გამოიყენონ. ფანქრით გავლებული ხაზები უნდა იყოს ძალიან ბაცი, თითქმის შეუმჩნეველი. თვალის ფერთან შეხამებული მუქი ჩრდილი ხაზს გაუსვამს თვალების სიღრმეს, ხოლო თვალის შიგნითა კუთხეში წასმული პასტელის ფერის ჩრდილები გამოხედვას სხივს მიანიჭებს. ტუში უნდა წავისვათ მხოლოდ ზედა წამწამებზე. მრგვალი თვალები ოდნავ რომ დავიგრძელოთ, აუცილებელია, შევიღებოთ მათი გარეთა კუთხეები და ზედა ქუთუთოზე წავისვათ უფრო მუქი ჩრდილი. გამობურცული თვალების შეღებვისას შიგნითა კუთხეში მქრქალი ჩრდილები წაისვით. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს, გჯეროდეთ საკუთარი თავის.