მოვუაროთ ქუსლებს
.
თუმცა ხელებზე ასე თუ ისე ვზრუნავთ, რადგან ისინი წელიწადის ნებისმიერ დროს ჩანს. რაც შეეხება ფეხებს, აქ საქმე სხვაგვარადაა. შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე დახურული ფეხსაცმელი, ჩექმა გვაცვია, ხოლო ზაფხულში, როდესაც მოხდენილი მაშიების ან ქოშების ჩაცმას მოვისურვებთ, აღმოჩნდება, რომ ჩვენი ქუსლები არცთუ ისე კარგად გამოიყურება. არსებობს უამრავი საშუალება, რომ გლუვი და ვარდისფერი ქუსლები შევინარჩუნოთ: მასაჟი, ნიღბები, აბაზანები, კომპრესები... ოღონდ ყველა ეს მეთოდი რეგულარულად უნდა გამოვიყენოთ.
ფეხებს ლამაზს ვერაფრით ვუწოდებთ, თუ ქუსლებზე კანი უხეში, ყვითელი, აქერცლილი და დახეთქილია. ყველაზე ადვილია, სილამაზის სალონს მივმართოთ. თუმცა ყველას როდი აქვს საამისო დრო და საშუალება. მაშ, როგორ მოვუაროთ ქუსლებს სახლის პირობებში?
-
ქუსლების მოვლა სახლის პირობებში
ზოგი ქალი გაუხეშებულ, გასქელებულ კანს საპარსით იჭრის, რაც დაუშვებელია - გარდა იმისა, რომ შეიძლება სერიოზული ტრავმა მიიღოთ, კანის მოჭრის შემდეგ მომდევნო შრე ძალიან სწრაფად იწყებს ზრდას და რაც უფრო ხშირად მოვიჭრით, მით უფრო მეტად გასქელდება.
-
-
აბაზანები
-
ქუსლების დასარბილებლად რეკომენდებულია აბაზანები. ისინი შეიძლება იყოს მარილიანი, მცენარეული, საპნიანი, სოდიანი და სხვა.
ყველაზე მარტივი რეცეპტი ასეთია: აიღეთ 1 ჩაის ჭიქა რძე, ამდენივე საპნის სქელი ხსნარი და 3 ს. კ. სუფრის მარილი. ეს ყველაფერი ჩაუშვით ცხელ წყალში და ჩაყავით ფეხები 30-40 წუთით. აბაზანის შემდეგ ფრთხილად მოიცილეთ ზედა, დამბალი ფენა. გამოიყენეთ სპეციალური უხეში ჯაგრისი ან წვრილმარცვლოვანი მინქაფა (პემზა). გასუფთავებულ უბნებზე წაისვით ფეხებისთვის განკუთვნილი მკვებავი კრემი.
-
-
სქრაბი
-
ქუსლები შეიძლება გავისუფთაოთ ფეხებისთვის განკუთვნილი სპეციალური სქრაბით. სქრაბი უნდა წავუსვათ ბრტყელ მინქაფას და ფრთხილად, მსუბუქი წრიული მოძრაობით, მაგრამ გულდასმით დავიზილოთ ქუსლები. პროცედურა 3 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს, თორემ შესაძლოა კანი დავიზიანოთ. მასაჟის შემდეგ უნდა წავისვათ დამარბილებელი და დამატენიანებელი კრემი.
-
-
საფენები
-
თუ შეამჩნევთ, რომ ქუსლებზე კანი უხეშდება, შრება და სკდება, სცადეთ ალთეს ფესვების საფენები. 2 ს. კ. ალთეს დაქუცმაცებული ფესვი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ ოთახის ტემპერატურის წყალი, თავზე დაახურეთ და ნახევარი საათით ჩადგით ორთქლის აბაზანაში, დროდადრო ურიეთ. როდესაც ნახარში ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, დაასველეთ მასში დოლბანდის ტამპონი და ნახევარი საათით დაიდეთ ქუსლებზე. საფენები გაიკეთეთ დღეში 2-ჯერ, ვიდრე ქუსლები არ დარბილდება.
-
-
ნიღბები
-
ეფექტურია კვერცხის გულის, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და 0,5 ჩაის კოვზი სახამებლის ნიღაბი. დაილბეთ ქუსლები, წაისვით ეს ნარევი და გაშრობა აცადეთ. როდესაც ნიღაბი ქერქივით გამაგრდება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით, მერე კი წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ემულსია.
-
-
ზეითუნი და დამატენიანებელი კრემი
-
ქუსლები გლუვი და ნაზი გექნებათ, თუ ყოველი აბაზანის შემდეგ შეიზელთ შემთბარ ზეითუნის ზეთს. ქუსლები შეიძლება გამოაშროს წყალმა და მზემ, ამიტომ ბანაობისა და მზის აბაზანების წინ შეიზილეთ დამატენიანებელი კრემი.
ქუსლებს სიგლუვეს შეუნარჩუნებს სიმინდის ზეთი და ცხიმიანი კრემიც - ძილის წინ ბლომად შეიზილეთ ქუსლებზე, ზემოდან დაიდეთ პოლიეთილენის ნაჭერი და შეიხვიეთ. დილით, ფეხების ჩვეულებრივი 20-წუთიანი აბაზანის შემდეგ, ფრთხილად გაიხეხეთ წუსლები წვრილი პემზით. ეს პროცედურა კვირაში რამდენიმეჯერ ჩაიტარეთ.
-
-
კომპრესი
-
ქუსლებს არბილებს ხახვის კომპრესიც. მცენარეული ან საპნიან-სოდიანი ხსნარის აბაზანის შემდეგ, ძილის წინ, დაიდეთ ქუსლებზე წინასწარ მდუღარეში ამოვლებული საშუალო ზომის ხახვის ნახევრები და დილამდე დაიტოვეთ. ხახვს დააფარეთ პოლიეთილენი და კარგად გადაიხვიეთ.
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რეცეპტს:
- ახალი ყაბაყი წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ დოლბანდის საფენზე და ნახევარი საათით დავიდოთ ქუსლებზე. შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და წავისვათ მკვებავი კრემი.
- ახალი გარგარი დააქუცმაცეთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და 2-3 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. თბილი ფაფა წაისვით ქუსლებზე, ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენი და შეიხვიეთ. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
- ეფექტურია თვეში ერთხელ თეთრი ღვინის აბაზანაც. 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო შევათბოთ ბუშტუკების გაჩენამდე, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი, დავახუროთ თავზე და რამდენიმე წუთი ვადუღოთ. შემდეგ ნარევი გადავასხათ ტაშტში და როდესაც შეგრილდება, ჩავყოთ ფეხები. 10 წუთის შემდეგ ქუსლები რბილი ნეჭით გავისუფთაოთ და ისევ ღვინოში ჩავყოთ. ასე გავიმეოროთ რამდენიმეჯერ. კარგია მწვანე ჩაისა და პიტნის საფენებიც. ამ საშუალებების წყალობით ქუსლები მუდამ გლუვი, ნაზი, ვარდისფერი და მიმზიდველი გექნებათ.