როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას
თმის ცხიმიანობის შესამცირებლად საჭიროა დიეტის დაცვა, ცხოვრების წესის შეცვლა და სხვა. ცხიმიანი თმა, რეკომენდებულია, დავიბანოთ საშუალოდ 3 დღეში ერთხელ, რადგან, სამწუხაროდ, ხშირი დაბანა არ ამცირებს ცხიმიანობას. ამ ტიპის თმის მოსავლელად კარგია შამპუნი, რომელიც შეიცავს ჭინჭრის, სალბის, ვირისტერფას, კოთხუჯის, ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტს, პროტეინებს, A, C, K ვიტამინებს, თუთიას. არსებობს სპეციალური სამკურნალო შამპუნებიც. რეკომენდებულია, ძილის წინ თმაში შევიზილოთ მჟავე რძე, შევიხვიოთ თავი ხილაბანდით, ხოლო დილით ჩამოვიბანოთ რძე შამპუნით ან საპნის ქაფით. ასევე ეფექტურია დაბანის წინ თმაში ალოეს წვენის შეზელა. დაბანის შემდეგ საჭიროა სპეციალური ბალზამის, ნიღბის ან კრემის წასმა. მათი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, თმას არბილებს, მატებს ელასტიკურობას, ამცირებს ცხიმიანობას. საპონი, შამპუნი და ბალზამიც კი რეკომენდებულია ჩამოვიბანოთ სამკურნალო მცენარეების - სვიის გირჩების, ჭინჭრის, შვიტის, ვირისტერფას, ოროვანდის, კოთხუჯის ნაყენით ან ნახარშით. ორ სუფრის კოვზ ნედლეულს (შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ცალკეული მცენარე, ასევე მათი ნაკრები) დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე, აადუღეთ, გააჩერეთ 20 წუთი და გადაწურეთ. მუქი ცხიმიანი თმა რეკომენდებულია ჩამოვიბანოთ ძმრიანი წყლით (1 სუფრის კოვზი ძმარი 1 ლიტრ წყალზე), ხოლო ღია ფერისა - გვირილის ნახარშით (2 სუფრის კოვზი 2 ლიტრ წყალზე), რომელსაც ლიმონის წვენს ან ლიმონმჟავას დავუმატებთ. დაბანიდან დაბანამდე სასარგებლოა თმაში ლიმონის წვენის შეზელა.
ნიღბები ცხიმიანი თმისთვის
ლ 1 კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სპირტი და 1 ჩაის კოვზი წყალი. შეიზილეთ დაბანილ თმაში, გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. კვერცხის გული შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ცხიმის ჭარბ წარმოქმნას თრგუნავს.
ლ 1-2 კვერცხის ცილა გათეთრებამდე თქვიფეთ, შეიზილეთ დაბანილ თმაში და ზედვე შეიშრეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლითა და გოგირდის საპნით.
ლ 100-150 გრამი შავი პური ან ქერქი დააქუცმაცეთ და დაასხით მდუღარე წყალი. როდესაც წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაცივდება, ეს ფაფა შეიზილეთ დაბანილ თმაში და შეიხვიეთ პოლიეთილენის ნაჭრით. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით, უსაპნოდ (პურის ბურთულების მოშორება რომ არ გაგიჭირდეთ, გამოყენებამდე ფაფა გადაწურეთ ოთხფა დოლბანდში. მიიღებთ მეტ-ნაკლებად ერთგვაროვან ნარევს, რომელიც შედარებით იოლად მოგშორდებათ).
ლ კომშის ნაყოფს ამოაჭერით გული თესლითურთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. შეიზილეთ თმაში დაბანამდე ნახევარი საათით ადრე. ნახარში ამცირებს თმის ცხიმიანობას, კურნავს ცხიმოვან სებორეას.
ლ დაბანამდე შეიზილეთ თმაში ალოეს ფოთლების წვენი - ის ამაგრებს თმის ძირებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ცხიმიანობას.
ლ არყის ხის ფოთლები დააქუცმაცეთ, დაასხით 100 გრამი არაყი, ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით 5 დღით. ამ ნაყენით 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გაიწმინდეთ თმის ძირები.