კანი ზამთარში
შედეგად წარმოიქმნება რქოვანა გარსი, რომელიც კანს აუხეშებს, უკარგავს ელასტიკურობასა და სიგლუვეს. ნუ იფიქრებთ, რომ ზამთარში მხოლოდ სახის კანი ზარალდება. სხეულის კანი არანაკლებ სტრესს განიცდის თბილ ტანსაცმელთან მუდმივი შეხებისა და ჟანგბადის დეფიციტის გამო. გარდა ამისა, კანი მარტო ქუჩაში კი არა, შენობაშიც განიცდის მავნე ზემოქმედებას კონდიციონერებისა და ელექტროგამათბობლების გამო - კარგავს ტენს და მეტად მგრძნობიარე ხდება. ამ უსიამოვნო ფაქტორებისგან კანის დასაცავად ზამთარში მსუბუქი კრემიდან ღრმა მოქმედების უფრო სქელ და ცხიმიან საშუალებებზე უნდა გადავიდეთ. ზამთარში არ არის რეკომენდებული პირის ცივი წყლით დაბანა და ყინულით გაწმენდა, ცხელი შხაპისა და აბაზანის მიღება - მათ შეუძლიათ, ზედმეტი ტრავმა მიაყენონ ისედაც სტრესის ქვეშ მყოფ კანს. უმრავლესობას ჰგონია, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას კანი მხოლოდ ზაფხულობით განიცდის. არადა, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სახის კანი უფრო ძლიერად იწვება, ვიდრე ზღვისპირეთში, ამიტომ მზის სხივებისგან მაქსიმალურ დაცვას სწორედ ზამთრის კურორტებზე დასვენებისთვის განკუთვნილი კრემები შეიცავს. ტუჩებს ძლიერ აზიანებს ყინვა, ამიტომ ზამთარში ჰიგიენური პომადები და ბალზამები მამაკაცების არსენალშიც კი ჩნდება, ქალებისთვის კი ამ საშუალებების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. სტრესს განიცდის თმაც, ამიტომ ზამთარში მას დამატებითი მოვლა სჭირდება. სილამაზის ექსპერტები გვირჩევენ, შამპუნს, ბალზამსა და ნიღაბს დავუმატოთ საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებს ჩამობანას, რათა თმას მუდამ ეკრას ნეგატიური ზემოქმედებისაგან დამცავი ფენა. საამისოდ უმჯობესია გამოვიყენოთ პროფესიონალური ხაზის პროდუქცია. სხეულის კანსაც არანაკლებ სჭირდება დამატებითი დაცვა. უხეშ, თბილ ტანსაცმელთან კონტაქტისა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო ის იქერცლება, ღიზიანდება, კარგავს სიმკვრივეს. სამწუხაროდ, ტანის ყველა კრემი ვერ უზრუნველყოფს ოპტიმალურ მოვლას, ამიტომ აუცილებელია ინტენსიური საშუალება, რომელიც სათუთად მოქმედებს. ბევრი სკეპტიკურად უყურებს ზეთს და უპირატესობას ანიჭებს კრემებს. მათ მიაჩნიათ, რომ ზეთის მკვრივი და ცხიმიანი ტექსტურა დაახშობს ფორებს და კვალს დატოვებს ტანსაცმელზე. ცხადია, ეს წარმოდგენა საფუძველს მოკლებული არ არის, მაგრამ ბაზარზე შეიძლება მოვიძიოთ ნატურალური პროდუქცია, რომელიც არ შეიცავს სინთეზურ კომპონენტებს, კონსერვანტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს. ზამთარში კანს, ისევე როგორც მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინები, ამიტომ ხშირად მიირთვით უმი ხილი და ბოსტნეული, ციტრუსები, კივი, კარალიოკი, ხურმა, ბროწეული. აუცილებლად გამოიყენეთ ღამის კრემი, რადგან კანს მთელი დღის სტრესის შემდეგ აღდგენა სჭირდება, თანაც ღამით ის კარგად ითვისებს აქტიურ ნივთიერებებს.