როგორ მოვუაროთ მშრალ კანს
ცხიმოვანი ცვლის დარღვევა მძიმედ აისახება კანზე: იგი ეშვება, იხორკლება, სკდება, გაცილებით მგრძნობიარე ხდება ტემპერატურის ცვალებადობის, მზისა და ქარის მიმართ, იქერცლება, ადვილად ღიზიანდება და წითელი ლაქებით იფარება.
კანს აშრობს გარეგანი ფაქტორებიც: მზე, ქარი, ზღვის წყალი, ცხელ ღუმელთან მუშაობა.
კანი რომ არ გამოშრეს, აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა. მაგალითად, არ შეიძლება პირის დაბანა შინიდან გასვლის წინ, სპირტიანი ლოსიონების, მათეთრებელი კრემების ჭარბი გამოყენება.
ქალების უმეტესობას მშრალი კანი აქვს. ახალგაზრდა ქალის კანი მქრქალია, მკვრივი და კარგად არის გადაჭიმული კანქვეშა ცხიმოვან შრეზე, გლუვია ანდა ოდნავ დანაოჭებული, ფორები დახურულია და შეუმჩნეველი. მაგრამ ასეთ კანთან შეხებისას იგრძნობა ერთგვარი სიმშრალე, ტენის ნაკლებობა. განსაკუთრებით მშრალია კანი ლოყებსა და ყვრიმალებზე, მაშინ როცა შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე ხშირად ბზინავს კიდეც. ასეთი კანი ლამაზია, მაგრამ სათუთი; ის ძნელად იტანს წყალსა და ცხიმიან საპონს და მათი ზემოქმედებით იოლად კარგავს მომხიბვლელობას, უფრო მეტად შრება და იქერცლება. მხოლოდ წყლით დაბანის შემთხვევაშიც კი ის ხშირად წითელი ლაქებით იფარება და ხურს, მოგვიანებით ეშვება და სულ უფრო მეტად ნაოჭდება.
თუ მშრალ კანს დროულად მივხედეთ, შეიძლება, ჭკნობისაგან დავიცვათ და სილამაზე დიდხანს შევუნარჩუნოთ.
- მშრალი კანი უნდა გავიწმინდოთ მხოლოდ გრილი ან ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით.
- ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროებს, რის შედეგადაც კანი ეშვება და ნაოჭდება, ცხელი წყალი კი აფართოებს ფორებსა და სისხლძარღვებს, რაც ასევე ადუნებს კანს და ხელს უწყობს მის დანაოჭებას.
- მშრალ კანს უხდება ნოტიო, რბილი კლიმატი. მზის აბაზანები არცთუ ისე სასურველია, უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ადრიანი დილით.
- ბანაობის (აბაზანის, შხაპის) წინ სასურველია, სახეზე წავისვათ მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემი, მცენარეული ზეთი ან ნებისმიერი ცხიმი, რომელიც ხელთ აღმოგვაჩნდება: არაჟანი, ღორის მუცლის ქონი, უმარილო ნაღების კარაქი.
დილის მოვლა
სახე გაიწმინდეთ შემთბარი რაფინირებული მზესუმზირას ზეთით. ჭარბი ცხიმი ქაღალდის რბილი ხელსახოცით მოიშორეთ. შეიძლება სხვაგვარად გაწმენდაც:
- დაიბანეთ პირი რძეგარეული წყლით (1 წილი რძე და 1 წილი წყალი ან 1 წილი რძე და 2 წილი წყალი). წყალი უნდა იყოს გადადუღებული, ოთახის ტემპერატურისა.
- სახეზე წაისვით ცოტაოდენი არაჟანი, რომელიც დაარბილებს კანს და გაზრდის მის წინააღმდეგობის უნარს. არაჟნის ნარჩენები ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით.
- კანი გაიწმინდეთ საგანგებოდ მომზადებული ნარევით: შეათქვიფეთ კვერცხის გულს 100 გრამი ნაღები, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაყი და 5-15 წვეთი ლიმონის წვენი. გამოყენებამდე ნარევი შეანჯღრიეთ. სახეზე წაისვით რამდენიმეჯერ ბამბის ტამპონით. სასურველია, ტამპონი ხშირ-ხშირად ცვალოთ. ეს ნარევი კარგად არბილებს და ათეთრებს კანს.
- სახე გაიწმინდეთ შვრიის ნახარშით (1 ლიტრ წყალში მოხარშეთ 2 სუფრის კოვზი შვრია; გააცივეთ და გაწურეთ დოლბანდში).
- დაიბანეთ პირი კარტოფილის ფქვილის ნახარშით (1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი მოადუღეთ 1 ლიტრ წყალში).
- კვირაში ერთხელ დაიბანეთ პირი ანადუღარი წყლით, მაგრამ სახეზე წინასწარ წაისვით მაიონეზი, რომელი ასე უნდა მოამზადოთ: კვერცხის გულს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რაფინირებული მზესუმზირას ზეთი და კარგად ათქვიფეთ. მაიონეზი წაისვით სველ კანზე სახის ხაზების გასწვრივ, წრიული მოძრაობით. წარმოქმნილი ქაფი ჩამოიბანეთ გადადუღებული წყლით.
დაბანის შემდეგ სახეზე წაისვით მშრალი კანისთვის განკუთვნილი კრემი. ის არბილებს და ამკვირვებს კანს, მატებს მას გარეგანი ფაქტორებისადმი გამძლეობას. კრემი წაისვით თხლად, 10-20 წუთის შემდეგ კანი რბილი ხელსახოცით შეიმშრალეთ.
ახალ კრემწასმულ სახეზე შეიძლება მასაჟის გაკეთებაც ცხელ წყალში შემთბარი ჩაის კოვზით. კოვზი მეტისმეტად ცხელი არ უნდა იყოს (ტემპერატურა შეამოწმეთ ხელზე). მასაჟი გაიკეთეთ სახის ხაზების გასწვრივ, მცოცავი მოძრაობით. ამგვარადვე შეიძლება მასაჟის გაკეთება გულმკერდის ზედა ნაწილსა და კისერზეც. შუბლის მასაჟი უფრო ენერგიულად უნდა გაკეთდეს. კრემის ნარჩენები მოიშორეთ ნოტიო ხელსახოცით.
კანის დაცვა საჭიროა ამინდისა და წელიწადის დროის შესაბამისად. თუ კანს აქვს დეფექტები: ჭორფლი, პიგმენტური ლაქები, გაფართოებული სისხლძარღვები, - მზეში წაისვით დამცავი კრემი, მერე კი სახე პუდრით დაიფარეთ. თუ კანი უდეფექტოა, მკვებავი კრემის შემდეგ გადაისვით დეკორატიული პუდრი, უმჯობესია, კრემ-პუდრი. ქარიან, მტვრიან, ასევე - ნოტიო და ცივ ამინდში სახეზე წაისვით დამცავი კრემის თხელი ფენა და პუდრი.
კანის დასაცავად შეიძლება გამოვიყენოთ დეკორატიული კოსმეტიკაც (დღის მაკიაჟი), თუმცა მშრალი კანი მეტისმეტად მგრძნობიარეა მის მიმართ, ამიტომ დეკორატიული საშუალებები მხოლოდ დამარბილებელი კრემის ზემოდან უნდა წავისვათ.
საღამოს მოვლა
საღამოს პროცედურები კანის მოვლის საფუძველია. არ შეიძლება დასაძინებლად დაწოლა დღის კოსმეტიკის მოუცილებლად. კანის გასაწმენდად სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალება უნდა გამოვიყენოთ. ისინი უნდა შევარჩიოთ გულდასმით და ერთმანეთს შევუნაცვლოთ, რათა კანი ერთსა და იმავე საშუალებას არ მიეჩვიოს და მიიღოს მრავალფეროვანი კვება.
კანი შეიძლება გავიწმინდოთ ასევე შემთბარი რაფინირებული მზეუმზირას ზეთით. კარგად წმენდს და იმავდროულად არბილებს კანს თხევადი მკვებავი კრემიც.
ნიღბები მშრალი კანისთვის
კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი: კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე მზესუმზირას ზეთი ერთმანეთში ავურიოთ, ავთქვიფოთ და წავისვათ სახეზე 15-20 წუთით. ჩამოვიბანოთ ანადუღარი თბილი ან რძეგარეული წყლით. შეიძლება, ნიღაბს დავუმატოთ 10-15 წვეთი ლიმონის წვენიც.
ხაჭოს ნიღაბი
1 სუფრის კოვზი ხაჭო კარგად გავსრისოთ, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. წავისვათ ეს მასა სახეზე 15-20 წუთით, მოვიცილოთ თბილ ანადუღარ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
კიტრის ნიღაბი
2 ცალი კიტრი გავხეხოთ სახეხზე და დავიდოთ სახეზე 20-25 წუთით. მოვიცილოთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში დასველებული ტამპონით. ნიღაბს შეიძლება დავუმატოთ შვრია (ფაფისებური მასის მიღებამდე), ხოლო თუ მგრძნობიარე კანი გვაქვს - არაჟანი. ხილისა და ბოსტნეულის ნიღბის დადებამდე სახე გულდასმით გავიწმინდოთ ნაღებით, თხევადი კრემით ან არაჟნით.
კვერცხის გულისა და არაჟნის კრემი
100 გრამ არაჟანს შევათქვიფოთ კვერცხის გული, დავუმატოთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად ავურიოთ. შინ მომზადებული კრემები ადვილად ფუჭდება, ამიტომ მათი დიდხანს შენახვა არ არის რეკომენდებული, მაქსიმუმია 7 დღე.
კრემმა შესაძლოა კანი გააღიზიანოს, ამიტომ გამოყენებამდე სასურველია სინჯის ჩატარება: ცოტაოდენი კრემი წაისვით ყურს უკან ან კისერზე. თუ 2 საათში კანი არ გაწითლდა და არ აგექავათ ან არ აგეწვათ, კრემის გამოყენება შეიძლება.
კრემი სახეზე მაქსიმუმ 2 საათი უნდა გავიჩეროთ.
ძილის წინ ზედმეტი მასა უნდა მოვიშოროთ რბილი ხელსახოცით.
ღამით სახეზე შეიძლება წავისვათ მზესუმზირისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი.
ზოგჯერ მშრალ კანზე მთელი ღამით შეიძლება კრემის დატოვება. ამ დროს რეკომენდებულია წასმა სველი წესით: ოდნავ მარილიან წყალში დასველებულ და გაწურულ ბამბის ტამპონზე წააცხეთ ცოტაოდენი ცხიმიანი კრემი და მსუბუქი მოძრაობებით წაისვით სახეზე. კრემის ასეთი მეთოდით წასმისას კანში ერთდროულად აღწევს ცხიმიც და ტენიც.