კანის მიკრობიომი
სხეულსა და მის შიგნით, ნორმალურ პირობებში, 5000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ბაქტერია, სოკო, ვირუსი და სხვა მიკროორგანიზმი ბინადრობს, მათი ერთობლიობა ქმნის მიკრობიომს – ადამიანის „მეორე გენომს“.
მიკრობიოტას უჯრედების რაოდენობა, ადამიანის საკუთარი უჯრედების რაოდენობას ოდნავ აღემატება კიდეც.
მიკროორგანიზმები საცხოვრებელი გარემოს მიხედვით განირჩევიან, სხეულის მშრალ, ცხიმიან და თმიან უბნებში მობინადრეებად. რაც უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია მიკრობიომი, მით ჯანმრთელია კანი, მისი გარეთა შრე – ეპიდერმისი, მდგრადია სტრესისა და გარემოს უარყოფითი ფაქტორების მიმართ.
დასაფიქრებელია, რომ კანის ეკოსისტემის შემადგენლობა და რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება: ეთნიკური წარმომავლობის, ასაკისა და პროფესიული მიკუთვნების ნიშნით. ახლო ნათესავებში ან ერთ სივრცეში მცხოვრებ ადამიანთა მიკრობიომი ხშირად ერთმანეთს ემსგავსება, რაც გენეტიკური მიკრობული თავისებურებებით აიხსნება.
კანის მიკრობიომის დანიშნულება
კანის მიკრობიომის როლი და ფუნქციები კი ასეთია:
- მიკროორგანიზმთა ერთობლიობა კანს ბარიერულ ფუნქციებს უნარჩუნებს, აძლიერებს დამცავ ჰიდროლიპიდურ მანტიას და იცავს ეპიდერმისს გარემოს აგრესიული ფაქტორებისგან: დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივება, ტემპერატურის ცვლილება;
- ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას, ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს და აჩქარებს დაზიანებების შეხორცებას;
- მონაწილეობს კანის განახლების პროცესში;
- არეგულირებს წყლისა და PH-ის ბალანსს, იცავს სიმშრალისა და აქერცვლისგან;
- ზოგი მიკროორგანიზმი ფლობს ანტიოქსიდანტურ თვისებებს და იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისა და ოქსიდაციური სტრესისგან.
საინტერესო ფაქტები
- კანისა და ლორწოვანი გარსების მიკროფლორა ორგანიზმის საერთო მიკროფლორის მხოლოდ ერთი ნაწილია. მისი ძირითადი ნაწილი (დაახლოებით 2 კგ) მდებარეობს მსხვილ ნაწლავში;
- ადამიანის სხეულის სუნი, უმეტეს შემთხვევაში, მრავალი მიკროორგანიზმის ცხოველქმედების შედეგია, რომლებიც კანსა და ლორწოვან გარსებზე ბინადრობენ;
- ამ ურთიერთობას აქვს ფილოგენეტიკურად ძველი წარმოშობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მასპინძლისთვის, ისე მიკრობიოტისთვის;
- ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ბაქტერიების რაოდენობა იზრდება ეპიდერმისის სიღრმისკენ;
- ეპიდერმისის ქვედა ფენებში – დაახლოებით 1,000,000 ბაქტერია/სმ;
- შუალედურ ფენებში – დაახლოებით 50,000 ბაქტერია/სმ;
- ზედაპირზე – დაახლოებით 10,000 ბაქტერია/სმ.
ეს ფაქტი აიხსნება კანის ქვედა ფენებში უფრო მაღალი ტენიანობითა და საკვები ნივთიერებების სიუხვით.
კანის ეკოლოგიური ნიშები
კანის მიკრობიოტა იკავებს სხვადასხვა „ეკოლოგიურ ნიშებს“ და აფერხებს ოპორტუნისტული და პათოგენური მიკროორგანიზმების კოლონიზაციას.
კანი უზრუნველყოფს საცხოვრებელ გარემოს ბაქტერიებისთვის, საფუარის ტიპის სოკოებისა და ობის სოკოებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სამ ძირითად ზონასთან:
- ტენიანი ზონები – იღლია, შორისი, თითებს შორის სივრცე;
- ცხიმიანი (სებაციური) ზონები – თავის კანი, სახე, ტანი;
- მშრალი ზონები – წინამხრები და ფეხები;
კანის ზედაპირი ოდნავ უფრო გრილია, ვიდრე სხეული შიგნით, აქვს სუსტად მჟავე რეაქცია და მუდმივად ხდება მისი განახლება – კერატინოციტების მოცილების გზით.
საშუალოდ, კანის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე დაახლოებით 1 მილიონი მიკროორგანიზმია.
მათი რაოდენობა მაქსიმალურია ტენიან ზონებში, მაგალითად:
- იღლიაში;
- საზარდულში.
ამავე დროს, ზოგიერთ უბანში, მაგალითად, ფეხის თითებს შორის, მიკრობების რაოდენობა შედარებით მცირეა.
კანის დაბანა წყლითა და საპნით დროებით ამცირებს მიკროორგანიზმების რაოდენობას დაახლოებით ათჯერ და აშორებს გარემოდან მოხვედრილ პოტენციურად პათოგენურ მიკრობებს.
კანი ყოველ საათში კარგავს 500-დან 3000-მდე უჯრედს თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე, მათთან ერთად სცილდება მიკროორგანიზმებიც, ამიტომ კანის ბაქტერიული კოლონიზაცია არის მუდმივად განახლებადი, დინამიკური პროცესი.
მიკრობიომის შემადგენლობაზე მოქმედი ფაქტორები:
- კანის კონკრეტული უბანი;
- კანის ქიმიური თვისებები (ცხიმოვანი მჟავები, ტენიანობა, PH);
- ასაკი;
- სქესი;
- ეპიდერმისის სიღრმე;
- ანტიბიოტიკებით მკურნალობა;
- კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება;
- ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- გეოგრაფიული, ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები.
მიკროორგანიზმთა კომუნიკაცია
კანის მიკრობიომში კომუნიკაციის სამი ტიპი განირჩევა:
- კომენსალიზმი – ერთ-ერთი ორგანიზმი იღებს სარგებელს, მეორე კი არც სარგებელს იღებს და არც ზიანდება.
- მუტუალიზმი, სიმბიოზი – ურთიერთსასარგებლო თანაარსებობა, სასარგებლო ორივე ორგანიზმისთვის – ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია კანის იმუნური დაცვისთვის.
- პარაზიტიზმი – ერთ-ერთი ორგანიზმი ცხოვრობს მეორის ხარჯზე და ზიანს აყენებს მას.
ნორმალური მიკრობიომი
ადამიანის კანის ზედაპირზე მობინადრე, დაახლოებით ტრილიონი მიკროორგანიზმიდან ნაწილი სასარგებლოა, ნაწილი – პათოგენური. სასარგებლო მიკროორგანიზმები ზღუდავენ მავნე მიკრობების ზრდას და ამით ინარჩუნებენ ბალანსს.
კანის ნორმალურ მიკროფლორაში შედის:
- რეზიდენტული (მუდმივი) მიკროორგანიზმები.
ისინი სწრაფად აღდგებიან დამოუკიდებლად:
- არაპათოგენური კორინებაქტერიები;
- სტაფილოკოკები;
- მიკროკოკები.
ტრანზიტორული (დროებითი) მიკროორგანიზმები:
მათ შეუძლიათ დაიკავონ ადგილი რეზიდენტული მიკროორგანიზმების შემცირების შემთხვევაში:
- პათოგენური და პირობითად პათოგენური ბაქტერიები;
- ობის სოკოები;
- კანდიდას გვარის სოკოები;
- ოქროსფერი სტაფილოკოკი;
- სარცინები.
მიკრობიომი არ შედგება მხოლოდ ბაქტერიებისგან, მასში შედის:
- სოკოები, ყველაზე გავრცელებულია ალასსეზია-ს სახეობები, ისინი განსაკუთრებით გვხვდება ცხიმიან ზონებში;
- ტკიპები (ართროპოდები) ცხოვრობენ კანის ზედაპირზე, თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან ჯიკრვლებში.
მიკრობიომის 90%-ზე მეტს შეადგენენ:
- აქტინობაქტერიები (52%);
- ფირმიკუტები (24%);
- პროტეობაქტერიები (16%);
- ბაქტეროიდეტები (5%).
კანის მიკრობიოტა მუდმივად იცვლება. ცნობილია, რომ სხვადასხვა მიკროორგანიზმის სიჭარბე დამოკიდებულია:
- სხეულის კონკრეტულ უბანზე;
- ტემპერატურაზე;
- თმის რაოდენობაზე;
- ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობაზე.
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე PH დონე:
- სასარგებლო მიკროორგანიზმები უკეთ მრავლდებიან მჟავე გარემოში;
- პათოგენური მიკრობები უფრო აქტიურდებიან ნეიტრალურ ან ტუტე გარემოში;
- მიკრობიომის ფორმირება იწყება დაბადებიდანვე, ხოლო 1-3 თვეში უკვე ყალიბდება ზრდასრულისთვის დამახასიათებელი მიკროფლორა.
მიკრობიომის მთავარი „მტრები“ არიან:
- გარემოს აგრესიული ფაქტორები;
- მავნე ჩვევები;
- არასწორი კვება;
- სტრესი;
- კანის არასწორი მოვლა.
განსაკუთრებით საზიანოა:
- ზედმეტად ხშირი გაწმენდა;
- ძლიერი პილინგები;
- აგრესიული სარეცხი საშუალებები;
- მჟავების გადაჭარბებული გამოყენება.
ასევე, მიკრობიომის ბალანსს არღვევს ანტიბიოტიკები, რომლებიც თრგუნავენ როგორც სასარგებლო, ისე პათოგენურ მიკროორგანიზმებს.
ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში ეკოსისტემა შეიძლება დაირღვეს:
- რეტინოიდების გამოყენებით;
- ანტიბაქტერიული მოვლის საშუალებებით.
კანში პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც მიკრობიომის ბალანსი ირღვევა და პათოგენური მიკროორგანიზმები იწყებენ გამრავლებას.
მიკრობიომის დისბალანსი, აკნე, როზაცეა და ფსორიაზი
დისბიოზი, ანუ მიკრობიოტას თვისობრივ-რაოდენობრივი დისბალანსი ვითარდება ანტიბიოტიკების უმართებულო გამოყენებით, დიეტით, სტრესით ან გარემო ფაქტორებით, ასევე ასოცირდება იმუნური სისტემის დისრეგულაციასა და ქრონიკულ ანთებასთან.
თავის მხრივ, მიკრობული ბალანსის დარღვევა მიზეზ-შედეგობრივად უკავშირდება მრავალ ქრონიკულ დერმატოლოგიურ მდგომარეობას, მათ შორის აკნეს, როზაცეასა და ფსორიაზს.
ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ე. წ. „ნაწლავ-კანის ღერძის“ კონცეფცია, რომელიც კანის მდგომარეობაზე ნაწლავის მიკრობიომის გავლენას ასახავს.
მიკრობიომის დისბალანსი მნიშვნელოვანი პათოფიზიოლოგიური ფაქტორია აკნეს, როზაცეასა და ფსორიაზის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების პროგრესირებასა და თერაპიულ პასუხში.
კავშირი ნაწლავების ჯანმრთელობასა და კანის მდგომარეობას შორის სულ უფრო მეტად აღიარებულია დერმატოლოგიაში, ნაწლავები, რომლებსაც ხშირად „მეორე ტვინს“ უწოდებენ, გადამწყვეტ როლს თამაშობს ზოგად ჯანმრთელობაში, მათ შორის კანის, მდგომარეობაზე. ეს ურთიერთკავშირი ცნობილია „ნაწლავ-კანის ღერძის“ სახელით.
ნაწლავის მიკრობიომი გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, ანთების დონესა და საკვები ნივთიერებების ათვისებაზე, რაც უშუალოდ აისახება კანზე.
ჯანსაღი მიკრობიომი შედგება სასარგებლო ბაქტერიების მრავალფეროვანი სპექტრისგან. ეს ბაქტერიები ეხმარება საკვების მონელებას, ვიტამინების გამომუშავებას და მავნე პათოგენებისგან დაცვას. როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, იზრდება ნაწლავის კედლის შეღწევადობა – „გაჟონვადი ნაწლავი“, ვითარდება სისტემური ანთება და ირღვევა იმუნური რეგულაცია, რაც ვლინდება კანის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის აკნეს, ეგზემისა და როზაცეას სახით.
ცნობილია რამდენიმე მექანიზმი, რომელიც ხსნის, თუ როგორ აპროვოცირებს ან ამწვავებს კანის პრობლემებს ნაწლავებში მიკრობიომის დისბალანსი:
- ანთება: დისბიოზი იწვევს ანთებითი პროცესების გაძლიერებას მთელ სხეულში. ირღვევა კანის ბარიერული ფუნქცია და აკნესა და ეგზემის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები დგება.
- იმუნური რეგულაციის დარღვევა: ნაწლავის მიკრობიომი გადამწყვეტ როლს თამაშობს იმუნური სისტემის წვრთნასა და რეგულირებაში. დაუბალანსებელმა ნაწლავმა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტად აქტიური იმუნური პასუხი, რაც კანის ანთებასა და ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
- ნაწლავის მომატებული შეღწევადობა: „გაჟონვადი ნაწლავი“ საშუალებას აძლევს მოუნელებელ საკვებ ნაწილაკებს, ბაქტერიებსა და ტოქსინებს შეაღწიონ სისხლის მიმოქცევაში, რაც იწვევს იმუნურ რეაქციას და ანთებას, რომელიც კანზე აისახება.
- საკვები ნივთიერებების ათვისება: დაზიანებულმა ნაწლავმა შეიძლება ეფექტურად ვერ აითვისოს საკვები ნივთიერებები. აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი კი აუარესებს კანის ჯანმრთელობას.
აკნე
აკნე ხშირად უკავშირდება ანთებასა და ჰორმონულ დისბალანსს. ნაწლავის დისბიოზმა შეიძლება ხელი შეუწყოს ორივეს. კვლევები აჩვენებს, რომ აკნეს მქონე ადამიანებს ნაწლავებში შესაძლოა ჰქონდეთ სასარგებლო ბაქტერიების დაბალი და ანთებითი ბაქტერიების მაღალი დონე.
ფსორიაზი
ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. კვლევები აჩვენებს მჭიდრო კავშირს ნაწლავის დისბიოზსა და ფსორიაზს შორის, გაჟონვადი ნაწლავისას ბაქტერიული ტოქსინები აღწევენ სისხლში და იწვევენ სისტემურ ანთებას და ფსორიაზის გამწვავებას.
ფსორიაზის მქონე პაციენტებს აღენიშნება სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის შემცირება და პათოგენურის ზრდის გააქტიურება, რაც ცვლის იმუნურ პასუხს;
პაციენტების 70%-ს ახასიათებს წვრილ ნაწლავში ჭარბი ბაქტერიული ზრდის სინდრომი, დაავადება ხშირად თან ერთვის ისეთ ინტერულ პათოლოგიას, როგორიცაა კრონის დაავადება. პრობიოტიკების გამოყენებამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა ფსორიაზის პრევენციასა და მკურნალობაში.
როზაცეა
როზაცეა იწვევს სიწითლეს და ხილულ სისხლძარღვებს სახეზე. ზოგიერთმა კვლევამ როზაცეას მქონე პაციენტებს შორის გამოავლინა ბაქტერიების ჭარბი ზრდა წვრილ ნაწლავში. დისბალანსის აღმოფხვრა და ნაწლავების ჯანმრთელობის გაუმჯობესება ხშირად ამცირებს როზაცეას სიმპტომებს.