კოსმეტოლოგია

როგორ შევინარჩუნოთ ხელზე ხავერდოვანი კანი

როგორ შევინარჩუნოთ ხელზე ხავერდოვანი კანი
როგორ მოვუაროთ ხელის კანს, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ მისი სილამაზე და სინორჩე? კოსმეტოლოგიურ არსენალში ქალებს ხშირად მოგვეპოვება სახის, ქუთუთოების კრემი, ანტიცელულიტური გელი და ყველაზე იაფფასიანი ხელის კრემი.

ხელის მოვლა ხშირად შემოიფარგლება ღამით, ძილის წინ, კრემის წასმით. თუმცა ის გაცილებით მეტ ღონისძიებას მოით­ხოვს.

ხელების მოსავლელად გადადგმული პირველი ნაბიჯი აგრესიული ზემოქმედების გამორიცხვაა. უნდა აღვკვეთოთ სარეცხი საშუალებების უშუალო კონტაქტი კანთან, რადგან ისინი, გამონაკლისის გარეშე, შეიცავს აგრესიულ კომპონენტებს, რომლებიც ხსნის ცხიმს არა მარტო თეფშებზე, ჩვენს კანზეც, აშრობს მას
და ნაადრევად აბერებს. ამასთან, ეს პროცესი შეუმჩნევლად, თანდათანობით და შეუქცევადად მიდის. შეეცადეთ რეცხვისას გამოიყენოთ ხელთათმანები. დასაწყისისთვის ეს უჩვეულოა, მაგრამ თანდათანობით შეეჩვევით.


mkurnali.geკვება, დატენიანება, დაცვა

ხელის კრემი კანის ტიპისა და გამოყენების მიზნის გათვალისწინებით სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ხშირად სიმშრალის საწინააღმდეგოდ ნებისმიერი სახის საცხს ვხმარობთ. მკვებავი კრემი უფრო ცხიმიანია, მასში საკმარისი რაოდენობითაა ვიტამინები, ეთერზეთები, ლანოლინი, გლიცერინი.
ასეთი კრემი ძილის წინ, ღამით უნდა წაისვათ. მათი გამოყენების მიზანია კანის ღამით „გამოკვება“.

ხელის დამატენიანებელი კრემების გამოყენება დღისით შეიძლება. მასში ბევრია წყალი, უფრო მსუბუქი კონსისტენცისაა და არ ტოვებს ცხიმის კვალს. თუმცა მისი წასმა გარეთ, ყინვაში გასვლის წინ არაა რეკომენდებული, რადგანაც წყლის დიდი შემცველობის გამო, სარგებლის ნაცვლად, ზიანის მომტანი იქნება.

ზამთარში უნდა გამოიყენოთ დამცავი კრემები. ისინი სპეციალურადაა შემუშავებული გარემოს არახელსაყრელი პირობებისაგან ხელის კანის დასაცავად. სხვათა შორის, ეს კრემები უხილავ დამცავ გარსს ქმნის და სიცივისა თუ სხვა არასასიამოვნო ფაქტორებისგან იცავს მას.

რამდენად გამართლებულია ძვირად ღირებული საშუალების შეძენა, თქვენი გადასაწყვეტია. მით უფრო, როცა საცხის სიძვირე ყოველთვის მის კარგ შემადგენლობაზე არ მეტყველებს. როგორც წესი, ცნობილი მწარმოებლების მიერ წარმოებული ჰიპოალერგიული კრემების შეძენა ნამდვილად ღირს, მით უმეტეს, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ.


დამატებითი მოვლა

უზადო ხელების შესანარჩუნებლად მხოლოდ კრემი არ კმარა. ხელები, როგორც სახე და სხეული, საჭიროებს ნიღბებითა და სქრაბებით პერიოდულ მოვლას. გამოიყენეთ ისინი რეგულარულად, კვირაში ერთხელ მაინც. სქრაბი კარგად აშორებს გაუხეშებულ კანს, ხელებს არბილებს და ანაზებს. სქრაბის გამოყენება საღამოს ჯობს, შემდეგ კი მკვებავი კრემი წაისვით. დიდი დრო ამას არ სჭირდება, სამაგიეროდ, ლამაზი ხელებით თავის მოწონებას შეძლებთ.

ძალიან სასარგებლოა ხელების გაწმენდა ლიმონით. გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ ხელის კანში. ასეთი შინაური ნიღაბი შეგიძლიათ ხელებზე დიდხანს გაიჩეროთ. ლიმონი შესანიშნავად ათეთრებს კანს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს და ამდიდრებს ვიტამინებით.


ნიღბები ხელის კანისთვის

  • 1 ც კვერცხის ცილა შეურიეთ 1 ც ლიმონის წვენს. წაისვით ხელზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ეს ნიღაბი არა მარტო არბილებს, არამედ ათეთრებს ხელის კანს.
  • 1 ს/კ ზეთი შეურიეთ 1 კვერცხის გულსა და 1 ჩ/კ თაფლს. წაისვით ხელზე, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და გაიჩერეთ 1-2 საათით (შეგიძლიათ მთელი ღამით დაიტოვოთ). ასეთი ნიღბის შემდეგ ნამდვილად აბრეშუმივით ნაზი ხელები გექნებათ.
  • მოხარშეთ 2 ცალი პატარა კარტოფილი, გასრისეთ, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა რძე. წაისვით მთელი მასა ხელებზე და გაიჩერეთ სრულ გაგრილებამდე. ჩამოიბანეთ წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.


აბაზანები ხელებისთვის

  • მკვებავი და დამატენიანებელი - 1 ლიტრ თბილ წყალში დაუმატეთ 1 ს/კ ზეთი. გაიკეთეთ ეს აბაზანა კვირაში ერთხელ. ძალიან სასარგებლოა ფრჩხილების გასამაგრებლადაც.
  • ხელის კანისთვის ასევე სასარგებლოა მცენარეული აბაზანები. 1 ს/კ გვირილას ან ჭინჭარს, სალბს ან ცაცხვს, ან გულყვითელას დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. სალბის აბაზანა სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც ხელების ოფლიანობა აწუხებს.

გასათვალისწინებელია, რომ ყოველი აბაზანის შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი და არც მსუბუქი მასაჟი გაწყენდათ. მოძრაობა უნდა წარმართოთ ფრჩხილებიდან ზემოთ, თითებისა და ხელის მტევნისკენ.

ჩამოთვლილი მოვლის საშუალებები მარტივია და ხელმისაწვდომი, ამიტომ ნუ უგულებელყოფთ მათ. თქვენი ხელების სილამაზე ნამდვილად თქვენს ხელთაა.
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი ფრჩხილებისთვის -60 აბი
ფასი: 61.5
კანის ფორმულა - 28აბი
ფასი: 57.5
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მსგავსი სიახლეები
ხშირად სახის კანზე ჩნდება გამონაყარი, სიწითლე ან აქერცვლა. მსგავსი პრობლემების აღმოცენება შეიძლება რამდენიმე
10-06-2019
ბაზალიომა კანის ბაზალურ-უჯრედოვანი ავთვისებიანი სიმსივნეა.
05-02-2019
1. რაც შეიძლება ხშირად გამოიყენეთ ხელის კრემი, განსაკუთრებით წყალთან შეხების შემდეგ.
05-02-2019