თმის ჰიგიენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის ჰიგიენა

ლამაზი, ჯანმრთელი და ბზინვარე თმა უძველესი დროიდან ადამიანის მშვენებად მიიჩნეოდა! ლამაზი და ჯანმრთელი თმისთვის მთავარი პირობა ცხოვრების ჯანსაღი წესი, სუფთა ჰაერზე საკმარისად სეირნობა, სხეულის გაკაჟება, რაციონალური კვება და მოვლაა.

ჯანმრთელი და სრულფასოვანი თმა ყოველთვიურად 10-13 სანტიმეტრით იზრდება. თბილ ამინდში (გაზაფხულსა და ზაფხულში) და ღამით თმა უფრო ინტენსიურად იზრდება. ასაკთან ერთად ეს პროცესი ნელდება. რაც უფრო თხელი, რბილი და ნაზია თმა, მით უფრო მგრძნობიარეა ის და აქტიურადაც რეაგირებს ორგანიზმის შინაგან მდგომარეობასა თუ გარეგან ფაქტორთა ზემოქმედებაზე.

ნორმალური ტიპის თმა - ელასტიკურობითა და ბუნებრივი, ნატურალური ბზინვარებით გამოირჩევა. ის ძირითადად ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებს ამშვენებს. ასეთ თმას განსაკუთრებული მოვლა არც სჭირდება. თუმცა სიჯანსაღისა და პეწის შესანარჩუნებლად პერიოდულად შეიძლება მისი გავლება ჭინჭრის, გვირილის ან კრაზანას ნაყენის განზავებული ხსნარით.

მშრალი ტიპის თმა - უხალისოდ გამოიყურება, თხელი, ადვილად მტვრევადი და უფერულია. დაბანიდან 1-2 დღეში წვრილი, მშრალი ქერტლის განვითარებით ხასიათდება. თმის გამოშრობის, ადვილად მტვრევისა და მომატებული ცვენის მიზეზი არასწორ მოვლასთან ერთად ტრავმული ფაქტორების ხშირი ზემოქმედებაცაა. კერძოდ, ტუტით გაჯერებული საპნის გამოყენება, ფენით (ცხელი ჰაერით) გაშრობა, უხეში და უხარისხო სავარცხლით დავარცხნა, ხშირად შეღებვა, განსაკუთრებით უხარისხო საღებავების გამოყენება, მზის მომატებული აქტივობა (ე. წ. მზით დაწვა) და სხვა. ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გავლენით თმის სტრუქტურა იცვლება. მშრალი ტიპის თმას სათანადოდ მოვლა სჭირდება. მისი ხშირ-ხშირად დაბანა არ არის რეკომენდებული. დაბანისას კი სასურველია ისეთი კრემ-შამპუნების გამოყენება, რომლებიც ლეციტინს, B5 ვიტამინს, გვირილას, პიტნის ექსტრაქტს (გამონაწვლილს) და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს.

ცხიმიანი ტიპის თმა - მშრალ თმასავით განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ასეთი თმა შედარებით ხშირად უნდა დაიბანოთ. თანაც დასაბანად უნდა შეირჩეს ისეთი პარფიუმერიული საშუალება, რომელიც ამცირებს ქონის გამოყოფას. თმის მომატებული ცხიმიანობა შესაძლოა განაპირობოს როგორც არასწორად შერჩეულმა პარფიუმერიულმა ნაწარმმა, ისე ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციურმა ცვლილებამ. ცხიმიანი თმის პატრონებმა თავის დაბანამდე 10-15 წუთით ადრე ძირებში ალოეს წვენი უნდა შეიზილონ, დაბანის შემდეგ კი ჭინჭრის ან ოროვანდის ნახარში გადაივლონ.

თმის ჰიგიენა მოვლის, სწორად დავარცხნისა და დაბანის წესებს მოიცავს

დაბანა

თმის მოვლის მთავარი პირობა დაბანაა. სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ იმაზე, რა სიხშირითაა სასურველი თმის დაბანა; ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ვადა ინდივიდუალურია და თითოეულ შემთხვევაში, თმის ტიპის მიხედვით, მის გაჭუჭყიანებაზეა დამოკიდებული. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება თმის სიგრძეს, სისქეს, სამუშაო გარემოსა და წელიწადის დროსაც.

დადგენილია, რომ წყლის ხშირი ზემოქმედება თმას აშრობს, ამიტომაც თავის ყოველდღე დაბანა არ არის სასურველი. თმის ღერების ელასტიკურობა, პეწი და სიჯანსაღე დიდწილად დამოკიდებულია ცხიმის ფენაზე, რომელსაც თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფს. ვარცხნისას თმის ღერები სწორედ ამ ჯირკვლების გამონაყოფით იპოხება. საპოხი თმას მზის სხივების, ქარისა და სხვა მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისაგან იცავს. ხშირი დაბანა ქონის ჯირკვლებს ფიტავს, რაც თმის ღერების სტრუქტურასა და სხვა თავისებურებებზეც აისახება. ასე რომ, უკეთესი იქნება, თავი 3-5 დღეში ერთხელ დაიბანოთ.

მთავარია თმის სწორად და ხარისხიანად დაბანა!

თმის დაბანა თურმე ადუღებული წყლითაა რეკომენდებული. დარბილების მიზნით წყალს სოდა, ნიშადურის სპირტი, გლიცერინი, ძმარი ან ბურახი შეგიძლიათ დაუმატოთ. ქლორიანი და მარილიანი (ზღვის) წყალი აუხეშებს თმას. თურმე ძალიან ცხელი წყლით თავის დაბანა ასევე არ არის სასურველი; ჯერ ერთი ცხელი წყალი ააქტივებს ქონის ჯირკვლებს და შესაბამისად, შესაძლოა თმამ მეტი ცხიმოვნება შეიძინოს, მეორეც, შამპუნში შემავალი საპონი ერთგვარად “იხარშება”, ილექება თმაზე ნადების სახით და ძნელად ჩამოიბანება (ივლება). რაც უფრო ცხიმიანია თმა, მით მეტად სასურველია მისი გრილი წყლით დაბანა. ყველაზე კარგია, თუ დაბანისა და კარგად გავლების შემდეგ თმაზე ცივ წყალს გადაივლებთ. თმას განსაკუთრებულ ბზინვარებასა და პეწს ანიჭებს მჟავე ხსნარით (მაგალითად, ძმრიანი ან ლიმონისწვენიანი ხსნარით) გადავლება.

ყურადღება მიაქციეთ და გარკვეული დრო დაუთმეთ თმის ძირების სრესასა და ე. წ. თავის მასაჟს. ეს უკანასკნელი აუმჯობესებს თავის კანის სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს თმის ძირების სრულფასოვან “კვებასა და ნერვულ ტროფიკას”, ამიტომაც თვითმასაჟს არა მხოლოდ დაბანისას, სხვა დროსაც მიმართეთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს თმის გაშრობის მეთოდიკასაც. უმჯობესია თმა თბილი პირსახოცით შეიმშრალოთ, შემდეგ კი, სრულად, ჰაერზე ბუნებრივად გაიშროთ. ფენის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ის თმას აშრობს და არღვევს მის სტრუქტურას.

დავარცხნა

თმა მეტად ჰიგროსკოპიულია. წყლით დამძიმებული ღერები დავარცხნისას ადვილად ზიანდება და წყდება. ამიტომაც სველი თმის დავარცხნა ძალის გამოყენებით ყოვლად დაუშვებელია. პროცედურა სასურველია რამდენადმე გამშრალებულ თმაზე, ფაშარი კბილების მქონე სავარცხლით ნაზად ჩაატაროთ. თმა დღის განმავლობაში, სულ მცირე, ორჯერ მაინც უნდა დაივარცხნოთ. ძილის წინ 4-5 წუთის განმავლობაში თმა ყველა მიმართულებით ივარცხნეთ. ამისათვის აჯობებს დრეკადი და მეჩხერკბილება სავარცხლის გამოყენება. თუ სქელი და ხვეული თმა გაქვთ, ნელა, თმის ძირებიდან კიდეების მიმართულებით დაივარცხნეთ. ეს პროცედურა თმის ბოლქვების სტიმულაციას ახდენს, აუმჯობესებს თავის კანის საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას და ნერვულ სისტემასაც ამშვიდებს.

ძალზე სასარგებლოა თმის ძირების რეგულარული მასაჟი: ორივე ხელის თითები წრიული მოძრაობებით გადაიტარეთ თხემის წილებიდან კეფის მიმართულებით, ისე, რომ ბალიშები თავის კანს მაქსიმალურად ებჯინებოდეს. რეგულარული და სწორად ჩატარებული მასაჟი აუმჯობესებს თავის კანის სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს თმის ზრდას, ააქტიურებს ცხიმოვან და საოფლე ჯირკვლებს, ამაგრებს და ელასტიკურს ხდის თმის ღერებს.

თმის მოვლის რამდენიმე რეცეპტი

  • თმის ზრდის სტიმულაციისა და მისი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად შემდეგი საშუალებაა რეკომენდებული: 2 სადილის კოვზ ოროვანდის წვრილად დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ზეთი და წყლის აბაზანაზე 3 საათი ადუღეთ. შემდეგ გააცივეთ, ჩაასხით მუქი შეფერილობის ბოთლში და 10 დღით გააჩერეთ. პერიოდულად ბოთლი შეანჯღრიეთ. ვადის ამოწურვის შემდეგ გადაწურეთ და ყოველი დაბანის წინ 1-2 საათით ადრე კარგად შეიზილეთ თმის ძირებში.
  • თმის ზრდის სტიმულაციისათვის სუროს ნაყენია სასარგებლო. ამისათვის 4 სადილის კოვზ სუროს წვრილად დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით, გააცივეთ, გადაწურეთ და კვირაში 2-3-ჯერ შეიზილეთ 2 თვის განმავლობაში.
  • თმის ძირების გასამაგრებლად დაბანის შემდეგ თავზე ხახვის ფურცლების ნახარში გადაივლეთ. ამისათვის ხახვის 25-30 ფურცელს (გარეკანს) წინასწარ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით, 15 წუთით გააჩერეთ და გადაწურეთ.