ჩინელი მეცნიერები ოფიციალურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ტარაკანების გამოყენებას ცდილობენ
ინტერესის საგანი ამერიკული ტარაკანა აღმოჩნდა. მეცნიერების აზრით, ტარაკანას 522 გემოვნების რეცეპტორი აქვს, რომელთაგან 329 შხამიანი პროდუქტების მწარე გემოს აღმქმელია.
ტარაკანა პრაქტიკულად ყველაფერს ჭამს. მას შეუძლია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფა, თუ სხეულში შემთხვევით რაღაც მავნე მოხვდა. ტარაკანას სხეული თავის მოცილებიდან 5-6 დღე ისევ აგრძელებს მოძრაობას, ფეხის ან ულვაშის მოცილებისას კი ის რამოდენიმე დღეში იზრდება. ყველაფერმა ამან მეცნიერები მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ტარაკანებს აღდგენის განსაკუთრებული მექანიზმი აქვთ. აღნიშნული მექანიზმი ჭრილობის შეხორცებას, რეგენერაციას უწყობს ხელს. ეს კი შეიძლება ადამიანებისთვისაც გამოვიყენოთ.
ტარაკანები დიდი ხანია ტრადიციული ჩინური ხალხური მედიცინის შემადგენელია. ასეთი საშუალებებით მკურნალობენ პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულებს. მეცნიერების აზრით, ტარაკანებისგან მიღებული საშუალებებით შესაძლებელი იქნება კოსმეტოლოგიის გადატრიალება და რევოლუციური გამაახალგაზრდავებელი პრეპარატების მიღება.
ლალი ჩხიკვაძე