-მყავს 3 წლის და 4 თვის გოგონა და უმცროსი ბიჭი, ვმუშაობ, სულ გადარბენაზე ვარ, და ნერვებმოშლილი, ვერაფერს ვერ ვასწრებ. გადავიტანეთ დიდი ოჯახური კონფლიქტი. ხშირად ვკითხულობ ხოლმე თქვენს საიტზე არსებულ ყველა სტატიას ბავშვის ფსიქიკაზე და ვცდილობ გამოვიყენო ისინი, მაგრამ ბევრი არ გამომდის. ძალიან ვნერვიულობ რო ვხედავ ჩემი მოუცლელობა და გაღიზიანება უფროს ბავშვზე როგორ აისახება. თვითონ მოწესრიგებულია, შეუძლია ყველაფერში მომეხმაროს, ბავშვებთანაც უყვარს ურთიერთობა, თანამიგრძნობს, ცდილობს ხელში აიყვანოს ძმა და ის წივის არ ამიყვანოო, ვუხსნი მაგრამ მაინც უნდა მაჩვენოს როგორ კარგად უვლის ძმას, თუ ვერ მივუსწარი და წაექცა ვუბრაზდები და განერვიულებული მპირდება აწ დაგიჯერებო, მაგრამ სულ ერთი და იგივე მეორდება ჩემი მოუცლელობის გამო. ეს რამდენიმე დღეა ითხოვს თმები ძალიან მაგრად შევუკრა და მერე ნერვიულად იძრობს თმისსამაგრს ისევ და ტირის მომიჭირეო. საერთოდ ძალიან მგრძნობიარეა და ხშირად ტირის. გაღვიძებისასაც როცა ვაცმევ ხოლმე ფეხებს იქნევს გაუცნობიერებლად. რასაც ვაცმევ ყველაფერზე ტირის ეს არ მინდაო. თუ არ ვეჩხუბე დიდი ხნის თხოვნა და ახსნა არ ჭრის. ვცდილობ ყველაფერი შევუსრულო, არ ვეჩხუბო, მაგრამ ყოველ წუთში რომ ტირის, თან მაგვიანდება ვეღარ ვითმენ. ვერაფრით გადავაჩვიე ტირილს. ორსულობის დროსაც სულ პრობლემები მქონდა და ოჯახის წევრების ჩხუბსაც ხშირად შესწრებია ხოლმე. ვგრძნობ რომ ხანდახან ძალიან მკაცრად ვექცევი. ხანდახან ტყუილად ვეჩხუბები. ძალიან უყვარს ბაბუა, დეიდა და დეიდაშვილები, მაგრამ მათ ხშირად ვერ ნახულობს ისევ კონფლიქტის გამო. ხომ არ ჭირდება ფსიქოლოგის დახმარება? და როგორ უნდა დავეხმარო მე თვითონ რომ ბედნიერი ადამიანი გაიზარდოს და ოჯახის პრობლემები ავარიდო? როგორ გავაუმჯობესო ჩვენი ურთიერთობა? გარდა ამისა, ძალიან ვნერვიულობ, თითმის სულ არ ხურავს პირს და ენაც კბილებთან აქვს გამოწეული (ალბათ ორსულობისას შეხვედრილი ვირუსის გამო), მეშინია და თითქმის სულ ვახსენებ რო გაასწოროს. ალბათ ესეც მოქმედებს მის ფსიქიკაზე, პედიატრმა მავნე ჩვევააო, არადა დაბადებიდანვე ენა გარეთ ქონდა, თავზე გადაღებული აქვს, არაფერიაო, სერმიონი და E და D ვიტამინები დაუნიშნეს. ქვედა ტუჩი ჩამოწეულია და ქვედა წინა კბილებიც ცოტა წინ მეჩვენება (ესეც თავიდანვე). შეიძლება მემკვიდრეობითის გამოსწორება ლოგოპედისა და ორთოდონტის დახმარებით? ჯერ ალბათ პატარაა მაგრამ ვატყობ რომ სისინა და შიშინა ბგერებს თავს არიდებს. ხომ არ ჭირდება ლოგოპედის ან ორთოდონტის დახმარება? გთხოვთ, ორივე კითხვაზე (ფსიქოლოგიური და ორთოდონტული) მიპასუხეთ, რამე რჩევა მომეცით. დიდი მადლობა.
პასუხობს ფსიქოლოგი გურანდა ცაბუტაშვილი:
-მოგესალმებით. რაც შეეხაბა ფსიქლოგიურ კითხვებს. თქვენი უფროსი ბავშვი არის იმ ასაკში როდესაც ვლინდება 3 წლის ასაკის დამახასიათებელი კრიზისი. ეს არის საკუთარი "მე"-ს გამოყოფის ეტაპი. ვლინდება პირველადი თვითშეფასება. ბავშვი ცდილობს იმოქმედოს სიტყვებით "მე თვითონ!" დაჟინებით ითხოვს რაღაცას, უნდა რომ მის სურვილებს ითვალისწინებდნენ. ის შეიძლება გამოვლინდეს, ეჭვიანობაში, გაღიზიანებაში. განსაკუთრებით ძლიერია ბავშვის პროტესტი ავტორიტარული აღზრდის დროს. საჭიროა მოთმინება და გამოსავლის მოძებნა. თუ გარშემომყოფები უგებენ ბავშვს და მზად არიან კონტაქტისთვის, მაშინ კონფლიქტი შეიძლება აცილებულიც იქნას. ბავშვი ცრდილობს გამოიყენოს ყველანაირი ხერხები ყურადღების მიქცევის მიზნით. შეცვალეთ თქვენი საქციელის ტაქტიკა ჩხუბის ნაცვლად მოთმინებით აუხსენით რა არ გააკეთა სწორად. მხოლოდ მოთმინებით მიაღწევთ მიზანს.