მყავს მეგობარი მამაკაცი, რომალიც არის სიგარეტის დ... | ნარკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნარკოლოგია

კატეგორია - ნარკოლოგია

27-01-2011

- მყავს მეგობარი მამაკაცი, რომალიც არის სიგარეტის და მოსაწევი ნარკოტიკის (მარიჰუანას) ექსტრემალური მომხმარებელი. ამის გამო პრობლემები აქვს ნორმალურად სუნთქვასთან და მახსოვრობასთან დაკავშირებით. ამის გამო ხშირად არის ნერვიული და აგზნებული. მიუხედავად ჩემი მრავალი ცდისა, ექიმთან არ მომყვება, არადა, სურვილი მაქვს დავეხმარო. იქნებ მირჩიოთ, როგორ და საიდან დავიწყო?

პასუხი
- სამწუხაროდ, თუ თავად არ მოინდომა ნარკოტიკის გადაგდება, მარტო თქვენ ვერაფერს გახდებით. თქვენი დახმარება იქნება ის, რომ როგორმე დაარწმუნოთ, რომ აუცილებელია ნარკოლოგთან ვიზიტი. ჩვენ მცირე ინფორმაციას მოგაწვდით მარიხუანაზე. ეგებ თქვენს მეგობარსაც წააკითხოთ ეს ინფორმაცია.

კანაფის, იმავე კანაბისის (პლანი, ჰაშიში, მარიხუანა) აქტიური ნივთიერებაა კანაბინოიდი, რომელიც ცხიმში ხსნადია და გროვდება ლიპიდებით მდიდარ ქსოვილებში: ტვინში, ფილტვებში, სასქესო ორგანოებში, აგრეთვე უჯრედის მემბრანებში, რომელთა გავლითაც აღწევს უჯრედის ბირთვს, ცვლის ბიოქიმიურ პროცესებსა და უჯრედთა მეტაბოლიზმს, არღვევს დნმ-ს, რნმ-სა და უჯრედოვანი ცილების სინთეზს. ამის შედეგად უჯრედოვანი აქტივობა ქვეითდება ან წყდება, რასაც ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციის დარღვევა მოჰყვება. მეხსიერების ხანმოკლე დარღვევაზე, მიზნებისა და ინტერესების შეზღუდვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შესაძლოა დაირღვეს ოვულაცია, სპერმის წარმოქმნა, განვითარდეს ბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა, პირის, ხახის, მკერდის კიბო...
კანაფი, გარდა იმისა, რომ ორგანიზმში მრავალ დარღვევას იწვევს (როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანაფის მომხმარებლებს შორის მაღალია, მაგალითად, სასუნთქი გზებისა და ფილტვის სიმსივნეების განვითარების რისკი), არის გამშვები ნარკოტიკიც, ანუ კარიბჭე სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკებისკენ. მარიხუანას მომხმარებლები შემდგომ უფრო ხშირად იწყებენ ჰეროინის, კოკაინისა თუ სხვა სტიმულატორების მოხმარებას, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც მარიხუანას საერთოდ არ მოიხმარენ.
კანაფზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ოპიოიდებთან შედარებით მეტი ხანი სჭირდება. კანაბისის შემთხვევაში აღკვეთის სინდრომი ფიზიკური სიმპტომატიკით არ გამოიხატება, ის უფრო ფსიქიკური ხასიათისაა, თუმცა მის მოხმარებას ახასიათებს გართულება, რომელიც ოპიოიდებისთვის არ არის დამახასიათებელი - ფსიქოზური მოვლენები. ოპიოიდების მოხმარებისას, თუ ადამიანს არ აქვს თანმხლები ფსიქიკური დაავადება, ფსიქოზური სიმპტომატიკა არ ვითარდება, მაშინ როცა მარიხუანას ერთჯერადმა მოხმარებამაც კი შეიძლება ფსიქოზი გამოიწვიოს. ეს ფსიქოზური მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ბოდვითი აზრები, შფოთვა, პარანოიდული ტიპის ქცევა, ჰალუცინაციები, ხშირად იმდენად რთულია, რომ სპეციალისტებს უჭირთ დადგენა, ენდოგენურია ის თუ კანაფის მოხმარებით არის გამოწვეული.
კანაფით თრობის სურათი ბევრად არის დამოკიდებული ნარკოტიკის დოზაზე, განწყობაზე, გარემო პირობებზე, ინდივიდუალურ ამტანობაზე. ახასიათებს ეიფორია, უდარდელობის შეგრძნება, სიამოვნება, ბევრი ლაპარაკი, ძლიერი შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება, თვალების ჩაწითლება; საშუალო დოზის შემთხვევაში - სისუსტე, ფერისა და ხმის აღქმის უნარის გაძლიერება, გუგების ძლიერი გაფართოების გამო სინათლისადმი მგრძნობელობის მატება. დიდი დოზის შემთხვევაში ზოგს აღენიშნება შენელებული მოქმედება, მოდუნება, მეტყველების შეფერხება, ზოგს კი აგრესიულობა, არამოტივირებული ქმედებები. გარდა ამისა, დამახასიათებელია თავშეუკავებელი მხიარულება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ჰალუცინაცია, უსაფუძვლო შიში და პანიკა.
კანაფის მოხმარება უამრავ გართულებას იწვევს. აღსანიშნავია მისი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქიკური სიმპტომატიკა. კანაფის ქრონიკულ მომხმარებლებს უყალიბდებათ ისეთი ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგავს ინტერესს ცხოვრების, გარემოს, ოჯახის წევრების, თავისი პიროვნების, შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ. ამ მდგომარეობას ექიმები ამოტივაციურ სინდრომს უწოდებენ. ამ დროს კანაფის მიღების გარდა ყოველგვარი ქმედების მოტივაცია დაქვეითებულია. მრავალწლიან მომხმარებლებს მძიმე აპათია და ინდიფერენტულობა უყალიბდებათ, რაც ძალზე სახიფათოა: მოზარდსა და ახალგაზრდას მარიხუანამ შესაძლოა სწავლის, მუშაობისა და ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრების მოტივაცია დაუთრგუნოს.

კანაბისით ტიპურ მწვავე ინტოქსიკაციაში გამოყოფენ 4 ძირითად ფაზას:
I _ შიშის ფაზა: შიში, შფოთვა, ფორიაქი, თავბრუხვევა, კიდურების სიმძიმე;
II _ ფსიქოსენსორული და აფექტური დარღვევების გაძლიერების ფაზა: ცნობიერებისა და აზროვნების ცვლილება, უაზრო, არაპროდუქტიული მეტყველებითი და მოძრაობითი აქტიურობა, აღქმის დარღვევა (სპეციფიკურად ირღვევა მეხსიერება), მიდრიაზი - გუგების გაფართოება, თვალების ბრწყინვა, კონიუნქტივის ინიცირება, პირის სიმშრალე, პულსისა და არტერიული წნევის მომატება, მყეს-ძვალთა რეფლექსების გაცხოველება, კოორდინაციის დარღვევა, ნისტაგმი, სქესობრივი ლტოლვის გაძლიერება;
III _ ღრმა ინტოქსიკაცია. ამ ფაზაში აღქმისა და ცნობიერების დარღვევა ძლიერდება, აზროვნება დაუკავშირებელი ხდება, შესაძლოა, მასში გამოიკვეთოს ბოდვითი შინაარსი, თუმცა ბოდვითი გამოვლინება უმთავრესად მეორეულია და აფექტურ-სენსორული სფეროს დარღვევათა გავლენით წარმოიშობა;
IV _ თრობის მდგომარეობიდან გამოსვლა: ჰიპერგია, მოდუნება, სისუსტე, ჰიპოტენზია, ჰიპორეფლექსია, სიფითრე, ასთენიურ ფონზე მკვეთრად გამოხატული შიმშილისა და წყურვილის შეგრძნება, რომელსაც მოჰყვება ხანგრძლივი, მაგრამ ზედაპირული და მშფოთვარე ძილი.
არსებობს კანაბისით თრობის ატიპური გამოვლინებებიც, თუმცა ისინი უმთავრესად პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას იჩენს თავს. მათ შორის გამოყოფენ ჰაშიშურ ინტოქსიკაციურ დელირიუმს, ონეროიდულ სინდრომს და სხვა. მათ უმთავრესად ახასიათებთ დეზორიენტაცია ცნობიერების დაბინდვის ფონზე, დეპერსონალიზაციის ელემენტები, აზროვნების შენელება, მეხსიერების დაქვეითება. ზოგჯერ წარმოიშობა ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციებიც. არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფთან კონტაქტში შესვლა ძალიან ჭირს.


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად