-მსგავსი მდგომარეობა საშიში არ არის, მაგრამ სასურველია ერთხელ მაინც მიმართოთ თერაპევტს
ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შემოწმების მიზნით და/ან თქვენი მკურნალი ექიმი-ნევროპათოლოგი ჩააყენეთ საქმის კურსში (ვიზიტის დროს უთხარით ამ ჩივილის შესახებაც) .
ეს არის ორთოსტატიული ჰიპოტენზია - ანუ უეცარი წამოდგომისას წნევის ხანმოკლე დაქვეითება, როცა თავის ტვინს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით სისხლი, რისი მიზეზიც არის სხეულის მდებარეობის შეცვლაზე გულის რეაქციის დაგვიანება (სისხლის მიწოდება დაგვიანებით ან არასაკმარისობა). ეს კი შეიძლება უკავშირდებოდეს არასწორ დღის რეჟიმს და სრულფასოვანი კვების ნაკლებობას.
მოიწესრიგეთ დღის რეჟიმი: დიდი მნიშვნელობა აქვს ღამის სრულფასოვან ძილს - ადრე დაძინება (უნდა იძინოთ 7-8 საათი მაინც), დილით ადრე ადგომა, აუცილებლად ვარჯიში, შხაპი. სვით მეტი წყალი.
ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხეს უნდა იღებდეს (იგულისხმება არა მარტო წყალი, არამედ ნებისმიერი სასმელი და ხილითა და ბოსტნეულით, მიღებული სითხეც). ამ რეკომენდაციის შესრულება ჰიპოტენზიისკენ მიდრეკილი პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სითხე ზრდის მოცირკულირე სითხის მოცულობას და თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას.
იკვებეთ ჯანსაღად. მიიღეთ მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის – დაუმუშავებელი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ქათმის ხორცი, თევზი. დილით საწოლიდან ადგომისას და საერთოდ წამოდგომის დროს ჯერ ნელა დაჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ წამოდექით ფეხზე. თუ წამოჯდომისას მსუბუქ თავბრუხვევას ან სისუსტეს იგრძნობთ, ფეხები ერთმანეთზე გადაიდეთ, გადააჯვარედინეთ. ეს გაზრდის გულისკენ სისხლის მიდენას. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის მიერ წყლის დაკარგვის დროს - დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია (მაგ; მასიური სისხლდენის შემდეგ, შარდმდენების, ვაზოდილატატორების - სისხლძარღვთა გამაფართოებლების მიღების გამო, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის შემდეგ), ასევე შესაძლო მიზეზებია: ანემია, არითმია, კისრის მალების ოსტეოქონდროზი, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია და სხვა.