-ეს წარმონაქმნი სავარაუდოდ არის ათერომა - ცხიმოვანი ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობის შედეგად წარმოქმნილი. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ათერომა მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, ზოგიერთის აზრით კი ის ნივთიერებათა ცვლის ან ჰორმონული ბალანსის დარღვევის შედეგია. ათერომის, მეტადრე - მრავლობითი ათერომის, განვითარებაში ეკოლოგიური ფაქტორები, არასწორი კვება და ცხოვრების არაჯანსაღი წესიც ასრულებს განსაზღვრულ როლს. სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.ათერომის ზედაპირზე კანი, ჩვეულებრივ, უცვლელია, თუმცა მეორეული ინფექციის დართვისას შესაძლოა მოწითალო ფერი მიიღოს. ათერომა, წესისამებრ, გარემომცველ ქსოვილებთან ერთად მოძრავი და უმტკივნეულოა. ის შესაძლოა წლობით არ გაიზარდოს, ან კიდევ საკმაოდ მოკლე ხანში საგრძნობლად მოიმატოს ზომა. დაჩირქების შემთხვევაში ათერომა, გარდა იმისა, რომ იზრდება, მტკივნეულიც ხდება. ამ დროს მიმდებარე ქსოვილები უმეტესად შუპდება, კანი ათერომის ზედაპირზე წითლდება, არცთუ იშვიათად ტემპერატურაც იმატებს.
ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, თუ ათერომა მცირე ზომისაა, არ იზრდება და, რაც მთავარია, არ აწუხებს ადამიანს, მისი მოცილება აუცილებელი არ არის, სხვა შემთხვევაში კი ნაჩვენებია მისი ქირურგიული მკურნალობა. ათერომის მოცილება (კაფსულიანად ამოკვეთა) ადგილობრივი ანესთეზიით ხდება. მალამოებითა და შინაგანად მისაღები პრეპარატებით მისგან განკურნება შეუძლებელია. ამჟამად, კლასიკურ ქირურგიულ მეთოდთან ერთად, ათერომის სამკურნალოდ ლაზერულ და რადიოტალღურ მეთოდებსაც იყენებენ.