-არის შემთხვევები, როდესაც იმუნური სისტემა ვეღარ მუშაობს როგორც ერთიანი, მწყობრი მექანიზმი. ასეთ დროს ამბობენ, რომ დაქვეითებულია ორგანიზმის იმუნური სტატუსი. იმუნიტეტის დაქვეითება სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება, მათ შორის მუდმივი სუბფებრილური ტემპერატურით. თავის მხრივ იმუნური სისტემა გადაღლილობის მიმართ მგრძნობიარეა.
აქვე გაგცნობთ სუბფებრილიტეტის სხვა შესაძლო მიზეზებს.
ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ. ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი; ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება, პროსტატიტი (მამაკაცებში), საშვილოსნოს დანამატების ანთება (ქალებში).
ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, რკინა დეფიციტური ანემია ანუ სიდეროპენიური სუბფებრილიტეტი და ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები - მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა.
ზოგიერთ ქალს სუბფებრილური ტემპერატურა აქვს მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, ხოლო მენსტრუაციის დროს და ორსულობის პირველი 3-4 თვის განმავლობაში ნორმას უბრუნდება.
გარდა ამისა, ხშირად ტემპერატურა სხვადასხვა იღლიის ფოსოში 0,1-0,30C-ით განსხვავდება, რაც მისი მომატების ილუზიას ქმნის. ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია, რათა გაუმართლებელი კვლევა თავიდან ავიცილოთ.
მოკლედ დასკვნის სახით, ასეთ შემთხვევაში თერაპევტმა უნდა გამორიცხოს შინაგანი ორგანოების (ფილტვები, თირკმელები, ყელი, კუჭ-ნაწლავების ტრაქტი) პათლოგია, გაკეთდეს სისხლის ანალიზი(ანემიის გამოსარიცხად), გამოირიცხოს უროლოგიური პრობლემა და/ან გინეკოლოგიური (ქალის შემთხვევაში); თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.