-რით არის გამოწვეული თქვენი ჩივილი? გეჩვენებათ რომ ფრჩხილი ნელა იზრდება თუ აგეღნიშნებათ ფრჩხილის ფირფიტის დაზიანება: მტვრევადობა, ფუძიდან გაყოფა.... თუ რაიმე დარღვევას ამჩნევთ, უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
ინფორმაციისთვის!
ფრჩხილი დაახლოებით ერთი და იმავე სიჩქარით იზრდება, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცვლის ზრდის ტემპს. ფრჩხილი გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე თმა. ის დღე-ღამეში საშუალოდ 0,1-0,12 მმ-ს იმატებს, მთლიანად კი (ფესვიდან თავისუფალ კიდემდე) დაახლოებით 180-190 დღეში ახლდება. ქირურგიული წესით ფრჩხილის მოცლის შემდეგ ახალი ფირფიტა ხელზე საშუალოდ 22 კვირაში იზრდება, ფეხზე - 52-77 კვირაში. ხელის ფრჩხილები კვირაში საშუალოდ 1 მმ-ით იზრდება, ფეხისა - 0,25 მმ-ით. ბავშვს ფრჩხილი გაცილებით სწრაფად ეზრდება, ვიდრე მოზრდილს.
ზრდის თავისებურებანი
ფრჩხილის ზრდას აძლიერებს ჰორმონული ცვლილებები - გარდატეხის ასაკი, წინარემენსტრუაციული პერიოდი, ორსულობა, ასევე - მოქმედება, რომელიც ფრჩხილების ლესვას იწვევს: ბეჭდვა, ფრჩხილების კვნეტა, ხელების მასაჟი. ფრჩხილის ზრდას აფერხებს მკაცრი დიეტა, როდესაც რაციონი საჭიროზე გაცილებით ნაკლებ ცხიმს, ცილასა და ვიტამინებს შეიცავს; ასევე - დაავადებები, რომლებსაც თან სდევს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა. ახალგაზრდებს ფრჩხილები ხანდაზმულებზე გაცილებით სწრაფად ეზრდებათ, მამაკაცებს - უფრო სწრაფად, ვიდრე ქალებს, ზაფხულში ფრჩხილი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში.
ფრჩხილის ზრდის შეჩერება ნორმალური მოვლენა არ არის. ეს ყოველთვის რომელიმე პათოლოგიას უკავშირდება. ფრჩხილის ზრდას აფერხებს შინაგან ორგანოთა ზოგიერთი პათოლოგია, ზოგი მათგანი კი ფირფიტას ფორმასა და შესახედაობას უცვლის.