-ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ ქალის სასქესო ორგანოების, მათ შორის საშვილოსნოს, ტუბერკულოზი წარმოადგენს მეორად დაავადებას; იგი ვითარდება ტუბერკულოზის პირველადი კერიდან, ძირითადად - ფილტვებიდან, ინფექციის გავრცელებისას ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით. პირველ რიგში, ზიანდება საშვილოსნოს დანამატები - ფალოპის მილები, საიდანაც გამომწვევი შეიძლება გადავიდეს საშვილოსნოს შიგნითა გარსზე, შედარებით იშვიათად - საკვერცხეებზე, საშვილოსნოს ყელზე და საშოზეც.
ტუბერკულოზური დაზიანების შედეგად ფალოპის მილებში ხშირად ვითარდება შეხორცებითი პროცესები, თუ ინფექცია ენდომეტრიუმსაც მოედო, შესაძლოა განვითარდეს შეხორცებები საშვილოსნოს ღრუში და მისი დახშობა - ობლიტერაცია. ქალთა გენიტალური ტუბერკულოზის კლინიკური ნიშნები არასპეციფიკურია: მუცლის ან მცირე მენჯის ღრუს მიდამოს ტკივილი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მეტრორაგია. ხშირად დაავადების ერთადერთი გამოვლინება უნაყოფობაა.
გენიტალური ტუბერკულოზის გამოვლინება შესაძლოა იყოს აგრეთვე საშვილოსნოსგარე ორსულობა და სპონტანური აბორტები. მკურნალობენ, ჩვეულებრივ, ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით. ტუბერკულოზის შემთხვევაში მკურნალობა ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებითს. მკურნალობის ინტენსიური ფაზის (2-3 თვე) დროს პაციენტი ყოველდღიურად იღებს 3-5 პრეპარატის კომბინაციას, გაგრძელების ფაზის დროს კი 2 ან 3 მედიკამენტს კვირაში 2-3 ჯერ 4-5 თვის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი საშუალოდ 6-9 თვეს მოიცავს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მკურნალობა დანიშნულების შესაბამისად თანმიმდევრულად, უწყვეტად და ზუსტად ჩაიტაროს. პაციენტისა და ექიმის ოპტიმალური თანამშრომლობის გარეშე, საუკეთესო მედიკამენტების გამოყენებაც კი სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. როდესაც ხდება ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების არარეგულარული მიღება ან მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა, შეიძლება განვითარდეს დაავადების მედიკამენტებისადმი გამძლე ფორმა, რომლის მკურნალობა შედარებით რთულია და შედეგიც ხშირ შემთხვევაში სასურველი არ არის.
შესაძლებელია ფალოპის მილების გამავლობის ქირურგიული გზით აღდგენა, თუმცა ხშირად ერთადერთი გამოსავალი ინ ვიტრო განაყოფიერებაა.
დიაგნოზის დასმაში გვეხმარება დაწვრილებითი ანამნეზი, კანქვეშა სინჯი, ენდომეტრიუმის ჰისტოლოგიური გამოკვლევა და სხვ. ჰისტეროსალპინგოგრაფია იძლევა დამატებით მონაცემებს მილების რიგიდულობაზე, მათ გამტარობაზე და სხვ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66