- ერთადერთი, რაც შეიძლება ექიმთან ვიზიტის გარეშე გააკეთოთ, თავიდან უნდა აიცილოთ ყაბზობა. ამისათვის მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები (ბოსტნეული, მწვანილი, ხილი), სითხე, იარეთ ფეხით, საჭიროებისას გამოიყენეთ საფაღარათოები (მცირე დოზით) და პირველი შესაძლებლობისთანავე სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ბუასილი - სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერებაა, რასაც თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი და რიგი სხვა პროცესები. დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას. ხელშემწყობი ფაქტორებია: ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, ყაბზობა, ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში. ვენების ხანგრძლივი გადავსება იწვევს მათი კედლებისა და საფარი გარსების გაფართოებასა და გათხელებას, მიღებული ტრავმების შედეგად კი მცირე ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნას. ვლინდება სისხლდენა დეფეკაციის აქტის ან უკანა ტანის ჰიგიენური დამუშავების დროს. გარდა ამისა, ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნა გარკვეულ პირობებს ქმნის მათი ინფიცირებისათვის; შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესები ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის ფონზე (მწვავე ბუასილი).