- გთხოვთ მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. რამოდენიმე თვის წინ დავშორდი შეყვარებულს, მისი მიზეზით, მან ვერ შეძლო ჩვენი ერთად ყოფნის უზრუნველყოფა, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო. ახლა ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მალულად შევხვდით რამდენჯერმე, თავიდან მოვთხოვე პასუხი და ასე ამიხსნა - მე ვცდილობ და არ ვიცი, თუ შევძელი და გამოგვივიდა ერთად ყოფნა, თუ არა და, დავრჩეთ ასეო. მის მერე კიდევ შემხვდა, მე ვეღარ ვეკითხები ვერაფერს, თვითონაც არაფერს ამბობს, მხოლოდ ის, რომ მოვენატრე, ჩემი კოცნა მოენატრა (სხვა ინტიმური ურთიერთობა არ გვაქვს). არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ძალიან მიყვარს, თქვენ რას მირჩევთ? პატივისცემით, თამუნა.
- თამუნა, ძალიან ძნელია თქვენს შემთხვევაში კონკრეტული რჩევის მოცემა, ჩვენ არ ვიცით, თუ რას გულისხმობთ, როცა გვწერთ, რომ შეყვარებულმა ვერ შეძლო თქვენი ერთად ყოფნის უზრუნველყოფა, ანუ ჩვენ არ ვიცით მიზეზი, თუ რატომ ვერ ხერხდება თქვენი ერთად ყოფნა. თუ თქვენ ერთმანეთი გიყვართ და რასაკვირველია, ორივე დაუოჯახებელი ბრძანდებით, მაშინ, ჩვენი აზრით, არანაირი დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს. ჩვენ გირჩევთ, შეყვარებულს ესაუბროთ გულახდილად და გაარკვიოთ, თუ როგორი ურთიერთობის შემოთავაზება შეუძლია თქვენთვის. ამის შემდეგ კარგად უნდა დაფიქრდეთ და გააკეთოთ არჩევანი.