ვარ 19 წლის, მაწუხებს ჭარბოფლიანობა წელიწადნახევა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

07-06-2010

- ვარ 19 წლის, მაწუხებს ჭარბოფლიანობა წელიწადნახევარია. ამ პრობლემამ დამმართა ნევროზი, დეპრესია, ფსიქოზი, რა ვიცი, ალბათ ყველაფერი ერთად. საშინლად ჩავიკეტე. მუდმივ იზოლაციაში ვარ. დავკარგე გარეთ გასვლის სურვილი იმ დიდი შიშის, ემოციის, განცდის, შფოთვის, სირცხვილის გამო, რაც ახლავს ამ ჩემს ოფლიანობას. მთელს დღეს თითქმის ვატარებ სახლში, თუ ძალით არ გამათრიეს ხოლმე მეგობრებმა სადმე. უკვე ამდენი ხანია ყოველი დილა იწყება დეპრესიით, მთელი ამ დროის განმავლობაში მე ჩემი თავი ბედნიერად არ მიგრძვნია, სადაც არ უნდა წავიდე და როგორი კარგი სიტუაციაც არ უნდა იყოს, მაინც ვერსად ვერთობი ამ საშინელი კომპლექსის და დისკომფორტის გამო. ამ ყველაფერს ემატება დედაჩემის რეაქციაც. ყოველ დღე იმას მიმეორებს, რომ ახლა სწორედ ის დრო მაქვს, როცა სულ უნდა ვერთობოდე და აქეთ-იქით დავდიოდე, რომ ეს დრო არასოდეს განმეორდება, რომ ასე სულ მუდამ სახლში ჯდომით არაფერს მომიტანს ეს ცხოვრება. რომ ჩემს ახალგაზრდობას ყუმად ვატარებ. ამ სიტყვებზე კიდევ უფრო სასოწარკვეთაში ვვარდები, რადგან ვხვდები, რომ დედაჩემი სრულიად მართალია. მაგრამ ამ ყველაფერში მასაც ვადანაშაულებ. არ ესმის ჩემი, ერთხელ დავუჯექი და ყველაფერი კარგად ავუხსენი, რომ სწორედ ოფლიანობის გამო ვერ დავდიოდი თამამად ვერსად და მისი რეაქცია როგორი იყო იცით? მეჩხუბა, მიყვირა, მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, რომ მეჩვენება თითქოს ვოფლიანდები, რომ კომპიუტერმა გადამრია და ჭკუა გამომაცალა, რომ მალე ალბათ გავგიჟდები და ფსიქიატრიც ვეღარ მიშველის, რომ ყველგან სუნები მელანდება. და რომ რეალურად ასე არაა. იმის მაგივრად, რომ დამჯდარიყო და დამლაპარაკებოდა, დავეწყნარებინე აი ასეთი რეაქცია ჰქონდა. ვეუბნები, ენდოკრინოლოგთან მინდა წასვლა მეთქი და შენ ენდოკრინოლოგი ვერ გიშველის, ნევროპათალოგთან უნდა მიგიყვანო, რომ როგორმე მოგარჯულოსო. ამ ყველაფერზე მერე მეც ვფეთქდები და ვიწყებ ყვირილს, ზოგჯერ ისეთ რაღაცეებსაც ვკადრებ, რაც მშობელს არ ეკადრება. მერე ეს სწყინს და ვხედავ, როგორ გულნატკენი რჩება. ხან ტირილს იწყებს. ეს კიდევ უფრო მეტ ემოციას მმატებს და ყოველდღე, რომ ასე გრძელდება, უკვე ვეღარ იტევს ჩემი გული. გთხოვთ, კარგად გამიგოთ, ვიცი მეტყვით, რომ დედაჩემს ჩემთვის კარგი უნდა, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ გამიგოს, არა? მე ხომ ახლა მისი დახმარება და გვერდში დგომა მჭირდება. მე თვითონ გგონიათ არ დავიღალე ამ ყველაფრით? აღარ შემიძლია სახლში ჯდომა, გარეთ მინდა გასვლა და ძველებური გართობა, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა. დღეს იმდენად ცუდად გავხდი, მინდოდა სადღაც შორს გადავვარდნილიყავი, სადაც არავინ შემაწუხებდა და დავფიქრდებოდი ჩემს ყოფაზე. მინდა დედა მიგებდეს, აღარც ვეუბნები ამ ბოლო დროს, რომ ოფლიანობის გამო არ მივდივარ არსად, აზრი არ აქვს, რეაქცია ისევ ისეთი ექნება, როგორც მაშინ ორი თვის წინ ჰქონდა. გიჟად მთვლის. მართლაც გიჟი ვარ, მაგრამ მე ხომ ამ პრობლემამ გამხადა ასე და განა ასე შეუძლებელია გაგება? რამე მითხარით, გთხოვთ. დამაწყნარეთ, როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან? რა გავაკეთო? დავკარგე ცხოვრებისადმი ინტერესი. ვერც კარიერას ავიწყობ და ვერც პირად ცხოვრებას. არადა, პატარაობიდან ძალიან მიზანსწრაფული ვარ და ყოველთვის მიზნად მქონდა დასახული, რომ ჩემი საქმის კარგი პროფესიონალი ვიქნებოდი. გაგიკვირდებათ ალბათ და ეკლესიაშიც კი ვერ მივდივარ. თქვენ ალბათ ვერ გამიგებთ, მაგრამ როგორ გითხრათ, ჩემთვის ძალიან ძნელია წავიდე ეკლესიაში, სადაც უამრავი ხალხია და ვიდგე მათთან ახლოს და შევაწუხო ჩემი სურნელებით. თუ წირვა და ლოცვა არაა და შესაბამისად ხალხიც მცირეა, მაშინ თამამად მივდივარ და სანთელს ვანთებ, მაგარამ ნუთუ ეს მიშველის? მე მინდა ისევ ძველებურად ვაბარო აღსარება. მინდა დავესწრო წირვა-ლოცვებს. გთხოვთ, რამე ფსოქოლოგიური რჩევა მომეცით. მე ცოტაც და დავეცემი, გულწრფელად გეუბნებით. აღარ შემიძლია ამდენი ემოციებით ცხოვრება. ვეღარ ვსუნთქავ....

პასუხი
- დავიწყებ იქიდან, რომ სანერვიულო ნამდვილად არაფერი გაქვთ, ჭარბი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი, თუნდაც მას სპეციფიკური სუნი ახასიათებდეს, მოგვარებადი პრობლემაა. სანამ ამ პრობლემის შესახებ ვისაუბრებ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ მართლაც ისეთი მძაფრი (სუნიანი) ჰიპერჰიდროზი რომ გქონდეთ, როგორზეც საუბრობთ, მეგობარი, მითუმეტეს დედა იგრძნობდა და აუცილებლად გეტყოდათ ამის შესახებ, ანუ თქვენ ცოტა გადაჭარბებულად უნდა აღიქვამდეთ ამ პრობლემას და ეს ბუნებრვიცაა, რადგან ახალგაზრდა გოგონა ბრძანდებთ და გეშინიათ უსიამოვნო სუნი არ გქონდეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი ფობიაა, ანუ შიშია იმისა, რომ არასასიამოვნო სუნი გდით. უნდა გითხრათ, რომ ეს პრობლემაც (ფობია) მოგვარებადია (ნევროპათოლოგთან ვიზიტით, ან ფსიქოთერაპევტთან რამდენიმე სეანსი და ყველაფერი წესრიგში გექნებათ და აქვე გეტყვით, რომ ნევროპათოლოგი და ფსიქოთერაპევტი სულიერად ავადმყოფების ექიმები არ არიან) და პრობლემაზე, რომლის მოგვარებაც შეიძლება, ნერვიულობა არ ღირს.
ძალიან კარგი იქნებოდა, მოგეწერათ, განსაკუთრებით სხეულის რომელი ნაწილის ოფლიანობა გაწუხებთ, მაგრამ არა უშავს, ჩვენ რამდენიმე სიტყვით ყველფერს შევეხებით რა სათანადო რჩევასაც მოგცემთ.
ჭარბი ოფლიანობა ლოკალურიც შეიძლება იყოს და გენერალიზებულიც. ამ პათოლოგიური მდგომარეობის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია, განვითარების მექანიზმი კი კარგად არის შესწავლილი - დადგენილია, რომ ბრალი მიუძღვის სიმპათიკური ნერვული სისტემის არანორმალურ ფუნქციობას.
გენერალიზებულ ჰიპერჰიდროზს ანუ მთელი სხეულის მომატებულ ოფლიანობას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის - ენდოკრინული დარღვევა (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, კლიმაქსური პერიოდი, ფეოქრომოციტომა და სხვა), ინფექციური დაავადება (სეპტიცემია, ტუბერკულოზი, მალარია და სხვა), ნევროლოგიური დაავადება. ბრალი მიუძღვის ასევე ფსიქოგენურ ფაქტორებს, წამლებს (ასპირინს, ინსულინს, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს, მორფინისა და პრომედოლის ჯგუფის ანალგეტიკებს და სხვა), მოწამვლას (ფოსფორორგანული ნივთიერებებით, სოკოთი). ეგრეთ წოდებული "ღამის ოფლის" სიმპტომი ახასიათებს ტუბერკულოზს, რევმატიზმს, ქრონიკულ ტონზილიტს.
ლოკალური ჰიპერჰიდროზი რამდენიმე სახისაა:
> ხელისგულების ჰიპერჰიდროზი. ის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მკურნალობის თვალსაზრისით კარგი შედეგი შეიძლება მოგცეთ ხელებზე კონტრასტული აბაზანების გაკეთებამ (ცხელისა და ცივი აბაზანების მონაცვლეობა), ასევე გირჩევთ, ყოველდღე გაიკეთოთ ხელისგულებზე მუხის ქერქის აბაზანები: 2 ს. კ. დანაწევრებულ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს. კოვზი გულყვითელა და გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი გაფილტრეთ. დილა-საღამოს ხელისგულებზე გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანები და გამშრალების გარეშე შეიშრეთ. კარგია გვირილის ნაყენის აბაზანების გაკეთებაც.
>იღლიების ჰიპერჰიდროზი. იღლიების ოფლიანობის დროს მკურნალობა გულისხმობს კანის ხშირ ბანას საპნით, ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც ოფლის დაშლას უშლიან ხელს (ალუმინის პრეპარატები, ანტიბაქტერიული საპონი და სხვა); აგრეთვე - ისეთი დეზოდორანტებისა და ადსორბენტების მოხმარებას (მაგალიტად, რექსონა), რომლებიც აქრობენ ოფლის დაშლის შედეგად წარმოქმნილ მყრალ სუნს და ხელს უშლიან ოფლის წარმოქმნას. გარდა ამისა, გირჩევთ: ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს და სვით მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები (ვალერიანი, ბარამბო, ალორა, ნევროსტიმი); ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგან ნიკოტინი აძლიერებს ოფლის დენას; ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს; საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად კარგია სალბის და მუხის ქერქის აბაზანები; მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი და კალციუმის პრეპარატი. ყოველთვის ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ.
>ტერფების ჰიპერჰიდროზი. ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით და უნდა გამოიცვალოთ ფეხსაცმელი და წინდები. ფეხსაცმელი უნდა იყოს ნაჭრის, ან ნატურალური ტყავის, ზაფხულში იხმარეთ მოხდილი ფეხსაცმელები. წინდები უნდა იყოს ბამბის. პერიოდულად გარეცხეთ ფეხსაცმელი და გამოიყენეთ ფეხის დეზოდორანტები.
თუ ამან არ გიშველათ, მაშინ ორი კვირის განმავლობაში ყოველ დილა მიიფრქვიეთ ბორის მჟავა ტერფებზე და თითებს შორის. საღამოს დაიბანეთ ფეხის ტერფები თბილი წყლით. რასაკვირველია, ყოველდღე უნდა გამოიცვალოთ წინდები.
არსებობს კომბინირებული (ანტიმიკოზური, ანთებისსაწინააღმდეგო, დეზოდორის თვისებების მოქონე) პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და უნდა ჩაიყაროს ფეხსაცმლის საფენში. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმას და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებას. მართალია ისინი ვერ წყვეტენ პრობლემას, მაგარამ სუნს რამდენადმე ახშობენ და ოფლიანი ფეხების გართულების (სოკო) ალბათობასაც აქვეითებენ.
> საზარდულის მიდამოს ჰიპერჰიდროზი იშვიათია, მაგრამ ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ხშირად უნდა დაიბანოთ ( საპნით), შემდეგ კარგად გაიმშრალოთ პირსახოცით და ჩაიცვით თავისუფალი ბამბის საცვლები. კარგ შედეგს იძლევა მუხის ქერქის ნახარშის აბაზანა და ტალკი. თუ არ გაქვთ ხშირ-ხშირად შხაპის მიღების საშუალება, მაშინ ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი (3%). ბამბის ტამპონი დაასველეთ მასში და გაიწმინდეთ პრობლემური არე. გარდა ამისა, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ შეეცადეთ დაარეგულიროთ თქვენი კვება და დაიკლოთ წონაში.
გარდა ამისა, ჭარბი ოფლისნიბის მკურნალობის მეთოდებია:

<> ფიზიოთერაპია
<> ეფექტურია ბოტოქსის ინექციებით მკურნალობაც. ამ დროს ადგილობრივი ანესთეზიით კანქვეშ შეჰყავთ ბოტულოტოქსინი. ოფლი პროცედურიდან ორ დღეში ქრება. ეფექტი 6-12 თვე ძლებს. გვერდითი მოქმედება არ ახლავს. ეს ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ძალზე ეფექტური მეთოდია.
<> იონტოფორეზი - ელექტროდენი, წყალი და იონები. პაციენტი კიდურებს ნახევარი საათით ყოფს წყალში, რომელშიც სუსტი დენი გადის. კურსი ათდღიანი და საკმაოდ შედეგიანია
არსებობს ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიც.
ჰიპერჰიდროზის დროს თავდაპირველად მიმართავენ მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს და მხოლოდ მისი უეფექტობის შემთხვევაში დგება საკითხი ქირურგიული ჩარევის შესახებ. ქირურგიული მკურნალობის მეთოდია ენდოსკოპიური ტრანსთორაკალური ოპერაცია, რომელიც ზოგადი ნარკოზით ტარდება, მაგრამ ხშირად მოსდევს გართულება (პნევმოთოპრაქსი). მკურნალობის დროს აუცილებელია ეტიოპათოგენეზური ფაქტორების გათვალისწინება.
ზოგადი ჰიპერჰიდროზი ადგილობრივზე სერიოზული პრობლემაა. ამ დროს ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ანალიზი შაქარზე, გამოიკვლიოს ფარისებრი ჯირკვალი, ფილტვები და სხვა.
როგორც ნახეთ, ჰიპერჰიდროზის მკურნალობა შესაძლებელია, დაიწყეთ ჩვენი რჩევების გათვალისწინება და შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
გარდა ამისა, გირჩვეთ, მუდამ თან ატაროთ დეზადორი, სუნამო, ერთჯერადი სველი და მშრალი სალფეთქები და თუ შეამჩნევთ, რომ გაფლიანდით, შედით საპირფარეშოში და მოწესრიგდით. ასე აღარ შეგეშინდებათ გაოფლიანების და ნებისმიერ ადგილას თამამად წახვალთ.


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად