- თქვენ გვწერთ, რომ გამონაყარი და სიწითლე გაქვთ, საინტერესოა სიწითლეში რას გულისხმობთ - გამონაყარი გიწითლდებათ, თუ სახე გაქვთ აწითლებული? თუ ჩირქოვან გამონაყარზე საუბრობთ, მაშინ აკნესთან გვქონია საქმე, მაგრამ თუ სახეზე პერიოდულად გაქვთ მოწითალო ფერის (დაფოთლილივით) წარმონაქმნები, მაშინ ეს შეიძლება ალერგიული რეაქცია იყოს რაიმეზე. ჩვენ გვგონია, რომ აკნეზე საუბრობთ, ამიტომ ინფირმაციას მოგაწვდით ამის შესახებ.
აკნე ანუ ფერიმჭამელა თმის ფოლიკულის და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში, რადგან ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით გაძლიერებულია ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება, ცხიმიანი კანის ზედაპირზე შედარებით დიდი ფორებია, მათში ჯდება ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, რომელიც შერეულია ოფლთან და ჭუჭყთან, შედეგად კანზე ჩნდება შავი წერტილები, კომედონები. არსებობს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მრავალი მალამო, ნიღაბი, ლოსიონი, მაგრამ მათი შერჩევა დერმატოლოგმა უნდა მოახდინოს. ცხიმიანი კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს.
ჩვენ, ჩვენის მხრივ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
- დაიცავით დიეტა - უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდროთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო.
- გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.
- პირი დაიბანეთ დღეში ორჯერ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით. პირი გაიმშრალეთ პირსახოცით ნაზად.
და ბოლოს, ერთ მეტად ეფექტურ საშუალებას გასწავლით: აურიეთ ერთმანეთში 35 მგ ქაფურის სპირტი, 35 მგ გულყვითელას ნაყენი და 4 ცალი კარგად დაფქვილი ლევომიცეტინი. დაბანის შემდეგ (ყოველდღე) გაიწმინდეთ ამ ხსნარით პრობლემური კანი.