ზამთრის ტრავმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთრის ტრავმები

მოყინვა

ზაფხულობით თუ ზოგიერთი მზის დამწვრობით იტანჯება, ზამთარში დიდია მოყინვის საფრთხე. მოყინვა დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით სხეულის ამა თუ იმ ნაწილის დაზიანებაა. მას ხელს უწყობს:

  • ჰაერის მაღალი ტენიანობა;
  • ძლიერი ქარი;
  • მჭიდრო და ნამიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
  • ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა;
  • წარსულში გადატანილი მოყინულობა.

ყველაზე მძიმე მოყინულობას ადამიანი სიმთვრალისას იღებს. დაბალი ტემპერატურა იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, რის გამოც კანში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. სისხლძარღვთა ხანგრძლივი სპაზმის გამო უჯრედები ვეღარ იღებენ სათანადო რაოდენობის ჟანგბადს და ცხოველმყოფელობისთვის საჭირო სხვა ნივთიერებებს, ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და იღუპებიან. ძლიერი ყინვა ხანგრძლივი ზემოქმედებისას უჯრედთა სწრაფ სიკვდილსა და ქსოვილების ღრმა დაზიანებას განაპირობებს.

მოყინვის ხარისხები და პირველი დახმარება

მოყინვა, დამწვრობის მსგავსად, რამდენიმე ხარისხად (დონედ) დიფერენცირდება.

პირველი ხარისხის მოყინვა

სიცივის არცთუ ისე ხანგრძლივი ზემოქმედებისას ვითარდება. მისი პირველი ნიშანია შესაბამისი უბნის ჩხვლეტა, წვა და დაბუჟება. მოყინული ადგილი ზოგჯერ მტკივანიცაა. ის თავდაპირველად ფერს კარგავს, გათბობის შემდეგ კი წითლდება და ხორკლით იფარება, შესაძლოა, შეშუპდეს კიდეც. 5-7 დღის შემდეგ დაზიანებულ უბანზე კანი შესაძლოა აიქერცლოს. სრული გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით 7-10 დღეა საჭირო. უჯრედთა კვდომა ამ დროს არ აღინიშნება. პირველი ხარისხის მოყინვის დროს პირველი დახმარება დაზიანებული უბნის გათბობას ითვალისწინებს. მოყინული უბნის გათბობა შეიძლება ხელით, სუნთქვით, მსუბუქი მასაჟით, შალის ქსოვილით დაზელით. დაზელა და გათბობა მანამდე გრძელდება, სანამ მოყინული უბანი არ გაწითლდება, მერე კი ამ უბანს სუფთა ნაჭერს აფარებენ.

მეორე ხარისხის მოყინვა

სიცივის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად სხეულის დაზიანებული უბანი ფერს და მგრძნობელობას კარგავს, რამდენიმე დღეში კი გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკებით იფარება. კანის სრული შეხორცება-აღდგენისთვის დაახლოებით ორი კვირაა საჭირო. მეორე ხარისხის მოყინვის დროს დაზიანებული უბნის გათბობა უფრო ინტენსიურად უნდა მოხდეს, თუმცა ძლიერი სრესა ამ დროს არასასურველია.

მესამე ხარისხის მოყინვა

მესამე ხარისხის მოყინვისთვის ასევე დამახასიათებელია დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა, ძლიერი ქავილი და ტკივილი. დაზიანებულ უბანზე სისხლიანი შიგთავსის შემცველი ბუშტუკები ჩნდება. უჯრედები კვდება, ფრჩხილები შრევდება, მერე კი კვლავ იზრდება. მოყინვას თან ახლავს ძლიერი ტკივილი. შეხორცება დაახლოებით ერთ თვეში იწყება. მოყინულ უბნებზე ნაწიბურები რჩება.


მეოთხე ხარისხის მოყინვა

ძლიერი მოყინვის დროს ქსოვილები კვდება, ზოგჯერ ძვლები და სახსრებიც ზიანდება. სხეულის დაზიანებული უბანი ამ დროს მოლურჯო-მარმარილოსებრია. გათბობისთანავე ვითარდება ძლიერი შეშუპება. მოყინულ უბანს მგრძნობელობა დაკარგული აქვს. ბუშტუკები ჩნდება სხეულის შედარებით ნაკლებად დაზიანებულ ნაწილებზე. II-IV ხარისხის მოყინვის დროს დაზიანებული უბნების სრესა არ არის საჭირო. დაზარალებული სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ თბილ შენობაში, გახადოთ მოყინული ფეხსაცმელი, ხელთათმანები და წინდები, დაზიანებული კიდურები უნდა დაუფიქსიროთ და დაადოთ თბოსაიზოლაციო ნახვევი (შალის ქსოვილი, ბამბისა და დოლბანდის ფენები), პარალელურად კი გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაზარალებულს უნდა დაალევინოთ ცხელი სასმელი (თუ ზრდასრულია - ცოტაოდენი ალკოჰოლიც) და დააპუროთ ცხელი კერძით. ტკივილის მოსახსნელად შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) საშუალების გამოყენება, სპაზმის მოსახსნელად კი ნო-შპასი ან პაპავერინისა. მძიმე მოყინვას ზოგჯერ სუნთქვისა და გულის ფუნქციობის დარღვევა ახლავს თან. ამ შემთხვევაში დაზარალებული სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ კლინიკაში. არ შეიძლება მოყინული უბნების თოვლით სრესა - ამან შესაძლოა კანის დაზიანება და ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს. არ შეიძლება აგრეთვე მოყინული უბნების დაზელა სპირტით ან ზეთით, გათბობა ცეცხლის ან სანთლის ალით. წყლით გათბობა მხოლოდ მსუბუქი მოყინვის შემთხვევაშია ნებადართული. გათბობა უნდა დაიწყოთ 24°ჩ ტემპერატურის წყლით და წყლის ტემპერატურა თანდათანობით სხეულის ტემპერატურამდე გაზარდოთ. გამოყოფენ მოყინვის კიდევ ერთ ტიპს - “რკინის მოყინვას”. ამ ტიპის ტრავმებს უმეტესად ბავშვები იღებენ ქუჩაში ლითონის ცივი ობიექტების (ლითონის ძელების, საქანელას ხელჩასაჭიდი ნაწილების) ხელით შეხებისას. გარდა ამისა, ბავშვებს სჩვევიათ გასართობად ლითონის ენით შეხება იმის შესამოწმებლად, მიეწებება თუ არა ენა ლითონს. რკინაზე მიყინული სხეულის ნაწილის გათავისუფლებისას ხდება კანის მოგლეჯა. ეს ტრავმა არ არის ხოლმე ძლიერი, თუმცა მიღებული ჭრილობა დაუყოვნებლივ დამუშავებას მოითხოვს. ჭრილობა თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოს და დამუშავდეს წყალბადის ზეჟანგის ხსნარით. ამის შემდეგ უნდა შეჩერდეს სისხლდენა. ამისთვის ჭრილობაზე რამდენიმეკეც სტერილურ ბანდს ან სუფთა ნაჭერს ვაფენთ და მჭიდროდ გადავუჭერთ სისხლდენის შეჩერებამდე. თუ ლითონის საგანზე მიწებებული ბავშვი განთავისუფლებას ვერ ახერხებს, მოგლეჯას ნუ იჩქარებთ - მიწებებულ უბანზე ცხელი წყალი დაასხით (ოღონდ არც ისეთი ცხელი, რომ დაიწვას). ამით თავიდან აიცილებთ ძლიერ ტრავმას. “მეტალის მოყინვათა” თავიდან ასაცილებლად ბავშვებს ზამთარში აუცილებლად გაუკეთეთ ხელთათმანები და არ დართოთ ნება, ლითონის საგნებს ენით შეეხონ. ნუ იყიდით ლითონისსახელურებიან ნიჩაბს, ფოცხსა და სხვა სათამაშოებს, თუ უკვე გაქვთ, ზამთარში გარეთ ნუ გაატანთ. ზამთარში არც საქანელაზე დიდხანს ქანაობაა სასურველი.

ორგანიზმის საერთო გადაცივება

გადაცივება იმავე პირობებში ვითარდება, რომელშიც მოყინვა. ამ დროს სხეულის ტემპერატურა 34 გრადუსამდე ეცემა. განასხვავებენ გადაცივების სამ ხარისხს.

მსუბუქი გადაცივება

სხეულის ტემპერატურა ამ დროს 34-32 გრადუსამდე ეცემა. კანი ფითრდება და ლურჯდება, ბატის კანივით იხორკლება, მეტყველება ძნელდება, პულსი იშვიათდება, არტერიული წნევა კი მაღლა იწევს.

საშუალო ხარისხის გადაცივება

სხეულის ტემპერატურა ამ დროს 32-30 გრადუსამდე ეცემა. კანი ლურჯდება, მარმარილოსებრი ხდება. პულსი წუთში 50 დარტყმამდე იშვიათდება. ქვეითდება არტერიული წნევა, ადამიანს ერევა თვლემა, ერღვევა მეტყველება (უაზროდ ლაპარაკობს), სუნთქვა ზედაპირული უხდება და უიშვიათდება. მოსალოდნელია სახისა და კიდურების მოყინვა.

მძიმე გადაცივება

სხეულის ტემპერატურა 30 გრადუსზე ქვემოთ ეცემა. კანი ლურჯდება. პულსი წუთში 36 დარტყმამდე მცირდება. სუნთქვის სიხშირე წუთში ხუთს უტოლდება. ადამიანი გონს კარგავს, უვითარდება კრუნჩხვა, არტერიული წნევა ეცემა. ვლინდება მრავლობითი მოყინვა. საშუალო ხარისხისა და მძიმე გადაცივების დროს დაზარალებული დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ კლინიკაში.

მოყინვისა და გადაცივების პროფილაქტიკა

  • ჩაიცვით თავისუფალი სამოსი, უმჯობესია, რამდენიმე ფენად. მჭიდრო ტანსაცმელი აფერხებს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, ტანსაცმლის ფენებს შორის არსებული ჰაერი კი სითბოს შეინარჩუნებს.
  • ჩაიცვით თავისუფალი და მოხერხებული ფეხსაცმელი, შალის წინდები. ერიდეთ მჭიდრო და ნამიან ფეხსაცმელს. უმჯობესია, ფეხსაცმელში თბილი ღაბაში   ჩაიფინოთ. ფეხების გაოფლიანების შემთხვევაში შალის წინდები სინოტივეს შეიწოვს, თვითონ კი მშრალი დარჩება.
  • სიცივისა და ქარისაგან თავდასაცავად გამოიყენეთ ქუდი, შარფი, ხელთათმანები.
  • ზამთარში ნუ დაიხუნძლებით სამკაულებით. ოქროცა და ვერცხლიც სახლში დატოვეთ. თითებზე ახუნძლული ბეჭდები აფერხებს სისხლის მიმოქცევას. გარდა ამისა, ლითონი სიცივეში სწრაფად იყინება და სხეულიდან სითბოს იტაცებს.
  • ნუ გახვალთ ქუჩაში სველი თმით (თუნდაც ქუდით). წყალი არა მხოლოდ იყინება, არამედ თქვენი სხეულის სითბოსაც ადვილად გასცემს. ნამიანი (მაგალითად, ვარჯიშის ან სირბილის დროს ოფლით დასველებული) ტანსაცმელი აუცილებლად გამოიცვალეთ.
  • თუ ყინვაში გარეთ მოგიხდათ ყოფნა, ეცადეთ, ერთ ადგილზე დიდხანს არ გაჩერდეთ, მეტადრე - გაუნძრევლად. იმოძრავეთ, შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები, გაიარ-გამოიარეთ, შედით რომელიმე თბილ შენობაში, თუნდაც მაღაზიაში.
  • გახსოვდეთ, სიცივეში თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მიღება, მოჩვენებითი გახურების მიუხედავად, სითბოს გაცემას აძლიერებს, შესაბამისად, სხეულის გადაცივება და მოყინვაც უფრო ადვილად ვითარდება.

დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა და მოტეხილობა

ზამთარში ტრავმატოლოგიური პროფილის პაციენტთა რაოდენობა პიკს აღწევს. იმ ქვეყნებში, სადაც დიდთოვლობისა და ხანგრძლივად უდნობი ყინულის გამო მოტეხილობათა საშიშროება მაღალია, მოსახლეობას სწორად დაცემის ტექნიკასაც კი ასწავლიან. სტატისტიკა იმასაც მოწმობს, რომ მოსახლეობამ ცუდად იცის პირველი დახმარების წესები, ამიტომ ორიდან ერთ შემთხვევაში დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება არასწორად ხდება, რაც უფრო მეტად ამძიმებს დაზიანების ხარისხს, პაციენტის მდგომარეობას და ართულებს მკურნალობას.


დაჟეჟილობა

ტრავმების ყველაზე გავრცელებული ფორმაა დაჟეჟილობა. ეს არის რბილი ქსოვილებისა და სისხლძარღვების დახურული დაზიანება (სისხლჩაქცევების და, აქედან გამომდინარე, სილურჯეების განვითარებით). დაჟეჟილობა, ჩვეულებრივ, მყარ ყრუ საგანზე დაცემის ან ასეთი საგნის დარტყმის შედეგად ვითარდება. ამ დროს აღმოცენებული ტკივილი ზომიერი და ასატანია. უმეტესად დაცემის/დარტყმის მომენტში აღმოცენდება, თუმცა ზოგჯერ მის შემდეგაც იჩენს თავს. მუცლის, სათესლეებისა და საკვერცხეების დაჟეჟილობა ძლიერი ტკივილით გამოირჩევა. დარტყმის შემდეგ, როგორც წესი, ვითარდება შეშუპება. სისხლჩაქცევით განპირობებული სილურჯე ზედაპირული დაჟეჟილობის დროს დარტყმიდან რამდენიმე საათში იჩენს თავს, ხოლო ღრმად მდებარე ქსოვილების ტრავმის შემთხვევაში - ორ-სამ დღეში. დაჟეჟილი კიდურის ფუნქცია უმნიშვნელოდ ირღვევა - მისი მოძრაობა იზღუდება. დაჟეჟილობის დროს პირველი დახმარება მიზნად ისახავს სისხლჩაქცევის შემცირებას და ტკივილის მოხსნას. ამ დროს დაშავებულს დამწოლი ნახვევი უნდა დაადოთ და დაჟეჟილი უბანი გაუყინოთ. გასაყინავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულით სავსე ბუშტი, ცივი კომპრესი, ლითონის ცივი საგანი და ადგილობრივად გამყინავი სხვა საშუალებები. დაჟეჟილი კიდურის მოსვენებისას ტკივილი მცირდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოთ მისი უძრაობა არტაშნული ნახვევით ან კიდურის ჩამოკიდება-ფიქსაციით. გაითვალისწინეთ, თავის, მკერდისა და მუცლის დაჟეჟილობას შესაძლოა ორგანოთა ფარული დაზიანებები ახლდეს თან, ამიტომ აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.

ამოვარდნილობა

ამოვარდნილობა ტრავმის ერთ-ერთი სახეობაა. ამ დროს ხდება სახსრის შექმნაში მონაწილე ძვლების ბოლოთა მყარი ანომალიური ცდომა. ამოვარდნილობა ვარდნის, დარტყმის, სახსარში უხერხული მოძრაობის შედეგად ვითარდება. ტრავმის მომენტში და მის შემდეგაც რამდენიმე საათის განმავლობაში დაშავებულს აწუხებს ძლიერი ტკივილი. სახსარში მოძრაობა შეუძლებელი ხდება, სახსარი დეფორმირდება. პირველი დახმარება მიზნად ისახავს ტკივილის შემცირებას და შეშუპების განვითარებისთვის ხელის შეშლას. ამისათვის დაზიანებულ სახსარზე ცივს ადებენ, კიდურს კი აფიქსირებენ. ზედა კიდურს (ხელს)  კიდებენ კისერზე ჩამობმული ნაჭრით ან მკერდზე მიახვევენ, ქვედას (ფეხის) ფიქსაციას კი რბილი საგნებით ახდენენ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის აღმოჩნდა ტრავმის შემდეგ. ამოვარდნილობის შემთხვევაში დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ კლინიკაში. ხელის ამოვარდნილობისას შეიძლება მჯდომარეც, ფეხის ამოვარდნილობისას კი აუცილებლად მწოლიარე. არამც და არამც არ შეიძლება ამოვარდნილობათა თვითნებური მკურნალობა და ძალდატანებით ძვლების “სახსარში ჩასმა”!

მოტეხილობა

მოტეხილობა ძვლების მთლიანობის ძალისმიერი დარღვევაა. განასხვავებენ დახურულ და ღია მოტეხილობას. დახურული მოტეხილობის დროს კანის მთლიანობა არ ირღვევა, ღიას კი კანის საფარველის გახეთქვა-დაზიანებაც ახლავს თან. მოტეხილობისას დაზიანებულ კიდურში აღმოცენდება ძლიერი ტკივილი, რომელსაც მოძრაობის მცდელობა უფრო მეტად აძლიერებს. მოტეხილ კიდურს არანორმალური შესახედაობა აქვს მოტეხილობის არეში განვითარებული შესივების, კიდურის ნორმალური ღერძის ცვლილებისა და კუნთების შეკუმშვის შედეგად მისი დამოკლების გამო. ღია მოტეხილობას ყოველთვის ახლავს თან ჭრილობა, რომლიდანაც ზოგჯერ ძვლის მოტეხილი კიდეები მოჩანს. დახურული მოტეხილობის დროს პირველი დახმარება მიზნად ისახავს ძვლის მოტეხილი ბოლოების შემდგომი (უფრო მეტი) ცდომილების თავიდან აცილებას, ტკივილის შემსუბუქებას. ამ მიზნით ადებენ სპეციალურ საფიქსაციო არტაშნულ ნახვევს, რომელიც აფიქსირებს ძვლის მოტეხილ ბოლოებს და სახსრებს მოტეხილობის ზევით და ქვევით. ბარძაყისა და მხრის მოტეხილობის დროს სამი სახსარი ფიქსირდება, ყველა დანარჩენ შემთხვევაში - ორი. ღია მოტეხილობის დროს ჭრილობა ინფიცირებისგან უნდა დავიცვათ. ამ მიზნით ჭრილობის ირგვლივ კანი იოდის ხსნარით უნდა დავამუშაოთ და სტერილური ნახვევი დავადოთ. შემდეგ ძვლის მოტეხილი ბოლოები არტაშნით უნდა დაფიქსირდეს. დაუშვებელია ძვლის მოტეხილი ბოლოების უკანვე, ჭრილობაში, ძალდატანებით ჩაბრუნება - ამით ჭრილობას გავაღრმავებთ, ხელს შევუწყობთ ინფექციის შეჭრას და ძვლების უფრო მეტად დაცილებას. კიდური არტაშნული ნახვევით ფიქსირდება იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება. ძვლის ღია მოტეხილობისას დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში.