მოყინვა
ზაფხულობით თუ ზოგიერთი მზის დამწვრობით იტანჯება, ზამთარში დიდია მოყინვის საფრთხე. მოყინვა დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით სხეულის ამა თუ იმ ნაწილის დაზიანებაა. მას ხელს უწყობს:
- ჰაერის მაღალი ტენიანობა;
- ძლიერი ქარი;
- მჭიდრო და ნამიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
- ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა;
- წარსულში გადატანილი მოყინულობა.
ყველაზე მძიმე მოყინულობას ადამიანი სიმთვრალისას იღებს. დაბალი ტემპერატურა იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, რის გამოც კანში სისხლის მიმოქცევა ირღვევა. სისხლძარღვთა ხანგრძლივი სპაზმის გამო უჯრედები ვეღარ იღებენ სათანადო რაოდენობის ჟანგბადს და ცხოველმყოფელობისთვის საჭირო სხვა ნივთიერებებს, ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და
მოყინვის ხარისხები და პირველი დახმარება
მოყინვა, დამწვრობის მსგავსად, რამდენიმე ხარისხად (დონედ) დიფერენცირდება.
პირველი ხარისხის მოყინვა
სიცივის არცთუ ისე ხანგრძლივი ზემოქმედებისას ვითარდება. მისი პირველი ნიშანია შესაბამისი უბნის ჩხვლეტა, წვა და დაბუჟება. მოყინული ადგილი ზოგჯერ მტკივანიცაა. ის თავდაპირველად ფერს კარგავს, გათბობის შემდეგ კი წითლდება და ხორკლით იფარება, შესაძლოა, შეშუპდეს კიდეც. 5-7 დღის შემდეგ დაზიანებულ უბანზე კანი შესაძლოა აიქერცლოს. სრული გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით 7-10 დღეა საჭირო. უჯრედთა კვდომა ამ დროს არ აღინიშნება. პირველი ხარისხის მოყინვის დროს პირველი დახმარება დაზიანებული უბნის გათბობას ითვალისწინებს. მოყინული უბნის გათბობა შეიძლება ხელით, სუნთქვით, მსუბუქი მასაჟით, შალის ქსოვილით დაზელით. დაზელა და გათბობა მანამდე გრძელდება, სანამ მოყინული უბანი არ გაწითლდება, მერე კი ამ უბანს სუფთა ნაჭერს აფარებენ.
მეორე ხარისხის მოყინვა
სიცივის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად სხეულის დაზიანებული უბანი ფერს და მგრძნობელობას კარგავს, რამდენიმე დღეში კი გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკებით იფარება. კანის სრული შეხორცება-აღდგენისთვის დაახლოებით ორი კვირაა საჭირო. მეორე ხარისხის მოყინვის დროს დაზიანებული უბნის გათბობა უფრო ინტენსიურად უნდა მოხდეს, თუმცა ძლიერი სრესა ამ დროს არასასურველია.
მესამე ხარისხის მოყინვა
მესამე ხარისხის მოყინვისთვის ასევე დამახასიათებელია დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა, ძლიერი ქავილი და ტკივილი. დაზიანებულ უბანზე სისხლიანი შიგთავსის შემცველი ბუშტუკები ჩნდება. უჯრედები კვდება, ფრჩხილები შრევდება, მერე კი კვლავ იზრდება. მოყინვას თან ახლავს ძლიერი ტკივილი. შეხორცება დაახლოებით ერთ თვეში იწყება. მოყინულ უბნებზე ნაწიბურები რჩება.