ტრავმატოლოგია

მოტეხილობები და მათი მკურნალობის მეთოდები

მოტეხილობები და მათი მკურნალობის მეთოდები

"ზამთარში ტრავმები მართლაც ხშირდება, რაც გზების მოყინვით არის გამოწვეული. მათი რიცხვი იმატებს როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე მძღოლებს შორის. პაციენტების მომართვიანობა ამ პერიოდში წლის მშრალ პერიოდთან შედარებით 4-5-ჯერ იზრდება", - ასე დაიწყო "ოჯახის მკურნალთან" საუბარი ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის, ამჟამად - თბილისის ტავატოლოგიური კლინიკის შპს "ტრავმატოლოგის" ექიმმა ტრავმატოლოგმა ნუგზარ იარაჯულმა.


- თითქმის ოცი წელია, ამ კლინიკაში ვმუშაობ და უამრავი ტრავმისა და მოტეხილობის მომსწრე ვარ. ტრავმა ოდითგანვე ხშირი იყო, მაგრამ რაც უფრო მეტად მიიწევს წინ ტექნიკა თუ მრეწველობა, მით უფრო იმატებს ტრავმების რიცხვი.

მაღლივი შენობები,

აქტიური ცხოვრება, მანქანები, რომლებიც დიდ სიჩქარეს ავითარებენ, ახალგაზრდა, გამოუცდელი მძღოლები, რომლებიც არ იცავენ მოძრაობისა თუ უსაფრთხოების წესებს - ყოველივე ამის გამო ტრავმები საკმაოდ გახშირდა.


- რა სახის ტრავმები არსებობს, როგორია მათი კლასიფიკაცია?
- განვასხვავებთ მსუბუქ და მძიმე ტრავმებს. მსუბუქი ტრავმებია უმთავრესად დაჟეჟილობები, სახსრის იოგოვანი აპარატის

დაჭიმულობა და წვრილი ძვლების მოტეხილობები - სხივის ძვლებისა ტიპურ ადგილას, გოჯებისა და სხვა. ეს მოტეხილობები, წესისამებრ, ექვემდებარება ამბულატორიულ მკურნალობას, თაბაშირით იმობილიზაციას. მძიმე ტრავმები გახლავთ კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა, წვივის ძვლების მოტეხილობა - დახურული და ღია, ასევე - მუხლის სახსრის ძვლოვანი კომპონენტების დაზიანება, კვირისტავის, ბარძაყისა და ბარძაყის ყელის მოტეხილობა, მხრისა და წინამხრის ძვლების მოტეხილობა, გულმკერდის ტრავმები, ხერხემლის დაზიანებები და სხვა. ასეთ დროს პაციენტებს კლინიკაში ათავსებენ, სადაც მათ მაღალკვალიფიციური ქირურგიული ოპერაციები უკეთდებათ.


- და ამოვარდნილობები? მაგალითად, მხრის სახსრის ამოვარდნილობა მძიმე ტრავმებს მიეკუთვნება?
- არა, მხრის თავის ამოვარდნილობა უმეტესად ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით ამოვარდნილობას თავის ადგილზე ვსვამთ, მერე კი ვაფიქსირებთ. როგორც წესი, სამი კვირა საკმარისია იმისათვის, რომ სასახსრე ჩანთა აღდგეს და დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი, რათა ზედა კიდურმა შეძლოს სრულფასოვანი მოძრაობა. არსებობს მხრის თავის ამოვარდნილობა-მოტეხილობაც. ამ შემთხვევაში ოპერაცია აუცილებელია, რადგან ძვლის პირდაპირი ჩაყენება ოპერაციის გარეშე შეუძლებელი გახლავთ. ასეთი ტრავმა ოპერაციული მკურნალობის პირდაპირი ჩვენებაა.


- თუ არ ვცდები, ლავიწის მოტეხილობაც რთულ მოტეხილობად განიხილება...
- ლავიწის მოტეხილობა არცთუ ისე რთული ტრავმაა, ათიდან ერთს თუ უკეთდება ოპერაცია, თუმცა, გეთანხმებით, მისი ფიქსაცია საკმაოდ ძნელია, რადგან მის ქვეშ გადის ლავიწქვეშა არტერია და ლავიწქვეშა ვენა და არასწორმა მიდგომამ, არასწორმა ოპერაციულმა ჩარევამ შეიძლება რომელიმე მათგანი დააზიანოს, რასაც მძიმე გართულება მოჰყვება. მედიცინის ისტორიაში აღწერილია შემთხვევა, როცა ერთმა რუსმა ქირურგმა შემთხვევით ლავიწქვეშა არტერია დააზიანა. ვეღარაფრის გაკეთება ვეღარ მოხერხდა - მაშინ სისხლძარღვთა ქირურგია განვითარებული არ იყო; იძულებულნი გახდნენ, არტერია გადაეკვანძათ და პაციენტისთვის ზედა კიდური მოეკვეთათ...


- მოდი, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ტრავმების მკურნალობაზე...
- პირველი დახმარებით დავიწყოთ. მოტეხილობის დროს პირველი დახმარება ტრავმირებული კიდურის უძრავად დაფიქსირებას გულისხმობს. ფიქსაციისთვის გამოიყენება არტაშანი, რომლის მარტივი სახეობის დამზადება ფიცრისგან ან მყარი მუყაოსგანაც შეიძლება. თუ ხელთ არც ერთი არ აღმოგაჩნდათ, შეიძლება, ზედა კიდური ტანს მიაკრათ, ქვედა კი ჯანმრთელ კიდურს. თუ პაციენტი გონზეა, მას უნდა მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება და გადავიყვანოთ სამკურნალო დაწესებულებაში. როცა მოტეხილობა ღიაა, დაბინძურების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ჭრილობა სუფთა ნაჭრით დაიფაროს. არამც და არამც არ შეიძლება, არასპეციალისტმა დეფორმირებული კიდურის ჩასწორება სცადოს - ამან, ტკივილსა და შოკზე რომ არაფერი ვთქვათ, შესაძლოა მოტეხილი ძვლების ცდომაც გამოიწვიოს, რაც მდგომარეობას უფრო მეტად გაართულებს. მსუბუქი ტრავმების მკურნალობის შესახებ ზემოთ მოგახსენეთ. თუ წვრილი ძვლების მოტეხილობა ცდომის გარეშეა, ხდება თაბაშირით იმობილიზაცია, ხოლო ცდომის შემთხვევაში ისინი ამბულატორიულად სწორდება და საიმობილიზაციოდ ისევ თაბაშირის ნახვევი ედება. რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტი კიდევ ერთხელ უნდა მივიდეს კლინიკაში პროცესის დინამიკის კონტროლისთვის.


- იმობილიზაცია ახსენეთ... გარდა თაბაშირისა, მსუბუქი ტრავმების დროს სხვა ხერხებსაც ხომ არ იყენებენ, მაგალითად, ელასტიკური ბანდებით შეხვევას?
- როცა მსუბუქი დაჟეჟილობაა ან - ასეც ხდება - პაციენტი თავად ამბობს უარს თაბაშირით იმობილიზაციაზე, ვიყენებთ რბილ ფიქსატორს. მუხლის სახსრის, კოჭ-წვივისა და სხივ-მაჯის სახსრების რბილი ფიქსატორები აფთიაქებში იყიდება. ეს საშუალებები სახსრის ფორმას იმეორებს, ადვილი გასაკეთებელია, არ არის ერთჯერადი, ირეცხება და კარგად აფიქსირებს სახსარს, თანაც ისეთი ქსოვილისგან არის დამზადებული, რომ კანთან მათი შეხება დადებით ფიზიოეფექტსაც ახდენს. მძიმე ტრავმების დროს კი ოპერაციული მკურნალობა აუცილებელია.


- შოკის გარდა რა ემუქრება ადამიანს ტრავმის დროს?
- ტრავმა ორგანიზმისთვის დიდი სტრესია. საფრთხე ამ დროს ყოველთვის არსებობს. მაგალითად, მსხვილლულოვანი ძვლების მოტეხილობის შემთხვევაში, გარდა ძვლისა, ზიანდება რბილი ქსოვილები, იღვრება ბევრი სისხლი, ბარძაყის ძვლის მოტეხილობის დროს - ერთ ლიტრამდე, წვივის ძვლების მოტეხილობის დროს - 800 გრამი ან უფრო მეტი. მოტეხილი ძვლოვანი ფრაგმენტები აზიანებს ირგვლივ მდებარე სისხლძარღვებს, ნერვებს. მოტეხილი ძვლიდან გამოდის ცხიმი, მოტეხილობის მიდამოში იღვრება სისხლი; ეს სისხლი და ცხიმი უკანვე შეიწოვება და შესაძლოა თრომბოემბოლია, ცხიმოვანი ემბოლია გამოიწვიოს, რომლებიც ხშირად ლეტალურად მთავრდება. შესაძლოა განვითარდეს ზეწოლის სინდრომიც. ღია მოტეხილობები ხშირად დაბინძურებულია. ამ დროს შესაძლოა ტეტანუსი ან ანაერობული ინფექცია განვითარდეს. საბედნიეროდ, ბოლო ხანს გაჩნდა ისეთი პრეპარატები და მკურნალობის ისეთი სქემები, რომ ამ გართულებათა განვითარების საფრთხე ძალიან მცირეა.


- რა შეიძლება ვურჩიოთ ადამიანს ტრავმის თავიდან ასაცილებლად?
- პირველ რიგში, ფრთხილად იარონ. ზამთარში საშიშია მაღალქუსლიანი ან სრიალალანჩიანი ფეხსაცმლით სიარული მოლიპულ გზაზე. მძღოლებს ვურჩევ, გაითვალისწინონ მანქანების სისწრაფე, ფეხით მოსიარულეებს კი - დაიცვან მოძრაობის წესები და ისეთ ადგილას არ გადავიდნენ ქუჩაზე, სადაც ეს აკრძალულია. არსებობს სწრაფად მოძრავი მანქანები, - მათ მარკას არ დავასახელებ, ისედაც ყველამ იცის, - რომელთა დაჯახების შემდეგ ადამიანი ჩვენთან კი არა, ნეირორეანიმატოლოგიურ განყოფილებაში მიდის ან ადგილზე რჩება... მშენებლებს ვურჩევ, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ატარონ ჩაფხუტები, კარგად დაამაგრონ ამწეები, რომლებითაც მაღალ სართულებზე ადიან. რაკი ზამთარია, მინდა ყურადღება გავამახვილო თხილამურებზე: სანამ სრიალს დაიწყებდეთ, აუცილებელია 10-15-წუთიანი მოთელვა. უნდა მოითელოს ყველა ის კუნთოვანი და მყესოვანი სისტემა, - კოჭ-წვივისა, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებისა, ზედა კიდურებისა, - რომლებსაც სრიალის დროს დიდი დატვირთვა ადგება. გარდა ამისა, საჭიროა მუხლის სახსრის ფიქსატორების ხმარება, სპეციალური ჩექმების ტარება, რომლებიც ტრავმის შემთხვევაში დააფიქსირებს დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილს. ახალბედა მოთხილამურეებისთვის აუცილებელია სპეციალური ვარჯიშები იმ კუნთების მოსამზადებლად, რომლებზეც სრიალის დროს დიდი დატვირთვა მოდის. იმ დატვირთვას, რაც თხილამურებით სრიალს თან სდევს, კუნთები და, საერთოდ, ორგანიზმი მოუმზადებლად უბრალოდ ვერ აიტანს. დაბოლოს, მინდა, კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო მკითხველის ყურადღება. დღეს კლინიკაში ბევრი მოდის ექიმბაშებთან "მკურნალობის" შემდეგ. ლამის ყოველი მეორე მოტეხილობებს მკურნალობს, არასწორი ჩარევის შედეგად კი მოტეხილობა არასწორად ხორცდება, ან ყალიბდება შეუხორცებელი მოტეხილობები და უფრო რთული ჩარევა ხდება საჭირო. ბუნებრივია, მკურნალობაც ხანგრძლივდება. ერთი სიტყვით, მან, ვინც არ იცის მოტეხილობის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები, ჯობს ხელი არ მოჰკიდოს ტრავმას, რომელიც გამოცდილი და მცოდნე ადამიანის ჩარევას მოითხოვს.