ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმები
ხერხემლის ტრავმების, მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესახებ გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული განყოფილების ექიმი, მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი ლევან თოფურიძე.
- ბატონო ლევან, მოკლედ, ორიოდე სიტყვით აგვიღწერეთ ხერხემლის ფუნქცია.
- ხერხემალი ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. გარდა იმისა, რომ საყრდენ ფუნქციას ასრულებს, ის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მის არხში გადის ზურგის ტვინი და მისგან გამომავალი სპინალური ნერვები, რომლებიც განაგებენ მთელი სხეულის ინერვაციას თავის ქვემოთ, კისრიდან დაწყებული, კიდურებით დამთავრებული. გარდა ამისა, ხერხემლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ისიც, რომ მისი არხის ძვლოვანი კედლები ზურგის ტვინს იცავს.
- ახლა კი საუბრის ძირითად თემას დავუბრუნდეთ. ხერხემლის რა და რა სახის ტრავმები არსებობს?
- ხერხემლის ტრავმების კლასიფიკაცია მრავალი ნიშნის მიხედვით შეიძლება: ლოკალიზაციის დონის, ტრავმის მექანიზმის, დაზიანების ხარისხის, სიმძიმის მიხედვით და სხვა.
ხერხემალს რთული კონსტრუქცია აქვს. ის მალებისგან შედგება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთმანეთზე დაწყობილი მალების ერთობლიობა; ჯერ ერთი, თვით მალებში განირჩევა უამრავი ანატომიური სტრუქტურა - სხეული, სასახსრე მორჩი, განივი და წვეტიანი მორჩები, რკალი. გარდა ძვლოვანი სტრუქტურისა, არსებობს ხერხემლის ხრტილოვანი, იოგოვანი, მყესოვანი აპარატი. ის მოიცავს მალათაშუა დისკოებს, წინა და უკანა გასწვრივ იოგებს, ყვითელ იოგებს, წვეტთაშორის იოგებს და სხვა. ტრავმის დროს შეიძლება ყველა ეს სტრუქტურა დაზიანდეს - ან იზოლირებულად, ან ერთად.
დაზიანების ადგილის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ხერხემლის კისრის ნაწილის, გულმკერდისა და გავა-წელის მიდამოს ტრავმები. ეს უკანასკნელი, გავა-წელის მიდამო, შეიძლება გავაერთიანოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხიც, ზიანდება თუ არა ხერხემლის ტრავმის დროს ზურგის ტვინი და მისგან გამომავალი სპინალური ნერვები. ხერხემლის ტრავმის დროს, წესისამებრ, ხერხემლის არხში გამავალი ნერვული სტრუქტურებიც ზიანდება. შესაძლოა მათი ნაწილობრივი დაზიანებაც. უფრო მეტიც - არის ისეთი შემთხვევები, როცა ხერხემალი დაზიანებულია, მაგრამ ზურგის ტვინი და ნერვები უვნებელი რჩება. არის კიდევ ერთი ვარიანტი, თუმცა ის ძალზე იშვიათია: გარეგნულად ხერხემალს არავითარი სერიოზული ტრავმა, არავითარი ამოვარდნილობა არ ეტყობა, მაგრამ ზურგის ტვინი მაინც დაზიანებულია.
საზოგადოდ კი ხერხემლის ძლიერ ტრავმებს, როგორც წესი, თან ახლავს ზურგის ტვინის დაზიანებაც.
- რა იწვევს ხერხემლის დაზიანებას?
- ხერხემლის დაზიანებას ძლიერი ზემოქმედება იწვევს. ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია სიმაღლიდან ჩამოვარდნა და ავტოავარია. საკმაოდ ხშირია ეგრეთ წოდებული მყვინთავის ტრავმაც. ამ უკანასკნელს ხშირად ცალკე გამოყოფენ. იგი წყალში ჩახტომის, ყვინთვის დროს ვითარდება ფსკერზე ან წყალქვეშ მცურავ საგანზე თავით დაცემის, დარტყმის დროს.
- მოდით, აქვე პირველი დახმარების შესახებაც გკითხავთ: როგორ ამოვიცნოთ ხერხემლის ტრავმა და როგორ მოვიქცეთ, თუ ხერხემლის ტრავმას ვეჭვობთ?
- ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის ცოდნაზეც ხშირად დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე. გარეგნულად, ზედაპირული დათვალიერებით იმის გამოცნობა, აქვს თუ არა ადამიანს ხერხემლის ან ზურგის ტვინის ტრავმა, ხშირად იოლი არ არის. მაგრამ მაინც აუცილებელია იმ ელემენტარული წესების ცოდნა, რომელთა დახმარებითაც დაშავებულს პირველი დახმარება უნდა გაეწიოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ხერხემლის დაზიანებას ვეჭვობთ, დაშავებული ზურგზე უნდა დავაწვინოთ, ოღონდ აუცილებლად მყარ ზედაპირზე. ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად. მის გადაბრუნებაში, იმისთვის, რომ ხერხემალი რომელიმე სეგმენტში არ მოიხაროს, უნდა მონაწილეობდეს რამდენიმე კაცი. თუ სავარაუდოა კისრის ტრავმა, დაშავებულს ნანგრევებიდან ან ნაავარიები მანქანიდან გამოყვანამდე აუცილებლად უნდა გაუკეთდეს საფიქსაციო საყელო. მკვეთრად გამოთრევაც არ შეიძლება - ეს ძალიან ფრთხილად, რამდენიმე ადამიანის დახმარებით უნდა გაკეთდეს.
როდესაც ხერხემლის ტრავმას ვეჭვობთ, უნდა მოვერიდოთ დაშავებულის წამოსმას, ფეხზე წამოყენებას, ის აუცილებლად უნდა იწვეს.
არსებობს სიმპტომები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ხერხემლის დაზიანება ვივარაუდოთ. ასეთია, მაგალითად, კიდურების სისუსტე, ერთ ან რამდენიმე კიდურში მოძრაობის უნარის შეზღუდვა, დაბუჟება. ზემოთ მოყვანილი უბრალო წესების გაუთვალისწინებლობას ხშირად მძიმე შედეგები მოჰყოლია და პირიქით, მათი ცოდნა და საჭიროებისამებრ გამოყენება ადამიანს ბევრ საფრთხეს აცილებს თავიდან.
- მოდი, ჯერ ხერხემლის ტრავმებზე ვისაუბროთ, შემდეგ კი ზურგის ტვინის ტრავმებზე გადავიდეთ.
- ხერხემლის ტრავმა სამი ტიპისაა: მოტეხილობა, ამოვარდნილობა და კომბინირებული დაზიანება - მოტეხილობა-ამოვარდნილობა.
მოტეხილობის დროს, როგორც უკვე მოგახსენეთ, შესაძლოა დაზიანდეს ხერხემლის როგორც ერთი, ისე რამდენიმე ანატომიური სტრუქტურა. იგივე შეიძლება ითქვას ამოვარდნილობაზეც. მოტეხილობა-ამოვარდნილობა კი ყველაზე მძიმე ტრავმად მიიჩნევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც, ვთქვათ, მალა გატეხილიცაა და სახსრებიდანაც არის ამოვარდნილი.
მთავარი საფრთხე, რაც ხერხემლის ტრავმებს ახლავს, არის ხერხემლის არხში მდებარე ზურგის ტვინის დაზიანება. მასთან ერთად ხშირად ზიანდება შესაბამისი სპინალური ნერვებიც. ერთი ან რამდენიმე ნერვის იზოლირებული დაზიანება ნაკლებად მძიმე დაზიანებად მიიჩნევა, ზურგის ტვინის დაზიანებაზე კი ამას ვერ ვიტყვით, რადგან ის გახლავთ გამტარი კონა, რომელიც თავის ტვინს სხეულის ქვედა ნაწილებთან აკავშირებს.
ზურგის ტვინის დაზიანების შედარებით მსუბუქი ფორმაა ზურგის ტვინის შერყევა. ამ დროს აღმოცენებული ყველა ნევროლოგიური სიმპტომი 2-3 კვირაში მთლიანად რეგრესირებს და, როგორც წესი, ნარჩენ მოვლენებს არ ტოვებს.
მეორე, უფრო სერიოზული დაზიანებაა ზურგის ტვინის კონტუზია ანუ დაჟეჟილობა, რომლის დროსაც ზურგის ტვინის ფუნქციები საგრძნობლად ზარალდება.
უმთავრესად რა ფუნქციები აკისრია ზურგის ტვინს?
1. მამოძრავებელი ანუ მოტორული ფუნქცია. ამ ფუნქციის გამოვარდნის შემთხვევაში ვითარდება მოძრაობის შეზღუდვა ან სრული არარსებობა ერთ ან რამდენიმე კიდურში (გააჩნია დაზიანების დონეს);
2. მგრძნობელობითი ანუ სენსორული ფუნქცია. ამ ფუნქციის დარღვევისას ვითარდება მგრძნობელობის მოშლა. აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, სად არის დაზიანების ზონა. მგრძნობელობა შეიძლება ნაწილობრივ ან სრულად მოიშალოს.
3. ზურგის ტვინის მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა ის, რომ იგი არეგულირებს მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ფუნქციობას, სახელდობრ, შარდვას, დეფეკაციას, სქესობრივ ფუნქციას. ასე რომ, ზურგის ტვინის დაზიანების დროს შესაძლოა ეს ფუნქციებიც გამოვარდეს.
4. ზურგის ტვინს აქვს ტროფიკული ფუნქციაც. ტროფიკული მოშლილობები ზურგის ტვინის ტრავმის შედარებით გვიან სტადიაზე ვლინდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, უფრო მალე, დაზიანებიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ იჩინოს თავი და შედეგად ნაწოლები წარმოიშვას.
- როგორც ვიცი, ცალკე გამოყოფენ მალების მოტეხილობას, რადგან, გარდა ტრავმებისა, რომლებსაც იწვევს ხერხემალზე გარე ძალების ზემოქმედება, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ან, ვთქვათ, ოსტეოპოროზის გამო ხდება ხერხემლის ტრავმა...
- მალების მოტეხილობა ხერხემლის ტრავმების ერთ-ერთი სახეა, რომელიც შეიძლება ცალკე გამოვყოთ ან არ გამოვყოთ. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ მეორე საკითხს, დიახ, მალების მოტეხილობა შეიძლება სპონტანურად, ყოველგვარი ტრავმული ფაქტორის ჩაურევლადაც მოხდეს.
ყველაზე ხშირად მალის სხეულის სპონტანურ მოტეხილობას იწვევს ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა ოსტეოპოროზი, ტუბერკულოზი და მალის სიმსივნური დაზიანება. ამ დაავადებების ფონზე ძვლები განილევა და შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს თავისთავად გატყდეს. ამ დროს, როგორც წესი, ვითარდება მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა - მალა ერთგვარად დაბლდება და, ასე ვთქვათ, დაპრესილს ემსგავსება. ეს პათოლოგიური მოტეხილობაა და თავისი არსით განსხვავდება იმ ტრავმებისგან, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
- თქვენ საუბრისას დაზიანების დონეებიც ახსენეთ...
- რაც უფრო ზემოთ დაზიანდება ხერხემალი და ზურგის ტვინი, მით უფრო მძიმედ მიიჩნევა ტრავმა. ყველაზე მძიმედ ითვლება დაზიანება კისრის ზედა სეგმენტების დონეზე.
- რატომ?
- საქმე ის არის, რომ ზურგის ტვინის კისრის სეგმენტი განაგებს როგორც ზედა, ასევე ქვედა კიდურების ინერვაციას, ამიტომ, როცა ზურგის ტვინი კისრის დონეზე ზიანდება, ოთხივე კიდურში ჩნდება მოძრაობის პრობლემები. შეიძლება განვითარდეს ტეტრაპლეგია - მოძრაობა ოთხივე კიდურში გაქრეს.
როცა დაზიანება გულმკერდის ან წელის დონეზეა, ცხადია, ამ დროს ზედა კიდურები არ ზიანდება, რადგან ეს სეგმენტები მათ ინერვაციაზე არ აგებენ პასუხს. ამ დროს მოძრაობისა და მგრძნობელობის მოშლა მოსალოდნელია მხოლოდ ქვედა კიდურებში. ამას ემატება სხვა ფუნქციების, მცირე მენჯის ორგანოთა ფუნქციების ამოვარდნა და ტროფიკული მოშლილობების განვითარება.
კისრის ტრავმა ყველაზე მძიმედ მიიჩნევა არა მარტო იმიტომ, რომ ამ დროს ოთხივე კიდური ზიანდება და სხვა შემთხვევაში - მხოლოდ ქვედა კიდურები; აქ კიდევ ერთი საფრთხე იმალება. კერძოდ, კისრის სეგმენტების დაზიანების დროს შეიძლება განვითარდეს - და თუ მძიმე ტრავმაა, ხშირად ვითარდება კიდეც - სასუნთქი კუნთების დამბლა და ირღვევა სუნთქვის ფუნქცია; როცა კისრის ქვედა სეგმენტებია დაზიანებული, ვითარდება ნეკნთაშუა კუნთების პარეზი, მაგრამ ადამიანი მაინც ახერხებს სუნთქვას დიაფრაგმის საშუალებით. სამაგიეროდ, თუ კისრის მეოთხე-მეხუთე სეგმენტია დაზიანებული, სადაც დიაფრაგმის ინერვაციის ცენტრი მდებარეობს, ან ტრავმა კიდევ უფრო ზემოთ მდებარე ნაწილებშია, მაშინ სხვა კუნთებთან ერთად შესაძლოა დიაფრაგმის პარეზიც განვითარდეს და ადამიანმა დამოუკიდებლად სუნთქვა ვეღარ შეძლოს.
სხვათა შორის, კისრის ზედა სეგმენტების ტრავმა იმითაც არის საშიში, რომ შეიძლება, ზურგის ტვინიდან აღმავალი შეშუპება თავის ტვინის ღეროზე, მოგრძო ტვინზე გავრცელდეს, სადაც სასიცოცხლო ცენტრები მდებარეობს - სუნთქვისა, გულ-სისხლძარღვთა და სხვა. მსგავს გართულებას შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვეს.
- რა ხდება გულმკერდისა და გავა-წელის მიდამოს ტრავმების დროს?
- გულმკერდის ტრავმაც საკმაოდ მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ზედა კიდურები არ ზარალდება. სასუნთქი კუნთების ფუნქცია შეიძლება ნაწილობრივ იყოს ამოვარდნილი, - გააჩნია, რა დონეზეა დაზიანება. მიუხედავად ამისა, პრობლემები, რომლებმაც ზურგის ტვინის გულმკერდის ნაწილის დაზიანების დროს შეიძლება იჩინოს თავი: ქვედა პარაპლეგია, მცირე მენჯის ორგანოთა ფუნქციების მოშლა, ნაწოლები, - საკმაოდ სერიოზულია. იგივე შეიძლება ითქვას წელის დონეზეც. აქ პარეზის ტიპია განსხვავებული, თუმცა ეს წმინდა სამედიცინო საკითხია და მისი განხილვა შორს წაგვიყვანს, რაც მკითხველისთვის ნაკლებსაინტერესო იქნება.
- ორიოდე სიტყვით ზურგის ტვინის შერყევასა და კონტუზიასაც შევეხოთ.
- ზურგის ტვინის შერყევის დროს ნერვული სიმპტომატიკა - კიდურების დაბუჟება, გარდამავალი სისუსტე და სხვა - შესაძლოა არცთუ ისე მკვეთრად იყოს გამოხატული. მცირე ხნით შეიძლება დაირღვეს შარდვის ფუნქცია, განვითარდეს შარდის შეკავება. გაქრეს რომელიმე რეფლექსი. როგორც წესი, ერთიდან სამ კვირამდე პერიოდში ეს სიმპტომები მთლიანად უკუვითარდება და არც ნარჩენ მოვლენებს ტოვებს.
აი, ზურგის ტვინის დაჟეჟილობა კი ზურგის ტვინის ძალიან მძიმე დაზიანებაა. ამ დროს ყველა ნევროლოგიური სიმპტომატიკა გაცილებით მკვეთრად არის გამოხატული და ფუნქციებიც, სამწუხაროდ, შესაძლოა საერთოდ არ აღდგეს, ან, თუ აღდგა, ძალიან ნელა და უმნიშვნელოდ. ზურგის ტვინი ამით განსხვავდება თავის ტვინისგან - ამ უკანასკნელს გაცილებით მეტი სარეზერვო საშუალება აქვს.
ტრავმებზე საუბრისას ცალკე გამოყოფენ ზურგის ტვინის კომპრესიას. ის შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის ნებისმიერმა დაზიანებულმა სტრუქტურამ: მოტეხილი ძვლის ფრაგმენტმა, გაგლეჯილმა რბილქსოვილოვანმა წარმონაქმნმა, დისკოს ტრავმულმა თიაქარმა, ხერხემლის არხში წარმოქმნილმა ჰემატომამ. ამ დროს იმავე სახის ნევროლოგიური დარღვევები ვითარდება, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
- როგორ და რა საშუალებებით ხდება ხერხემლის ტრავმების დიაგნოსტირება?
- დავიწყოთ ყველაზე მარტივი დიაგნოსტიკური მეთოდით - რენტგენოგრაფიით. მისი საშუალებით შეიძლება დავადგინოთ მოტეხილობა და მალის ამოვარდნილობა. დანარჩენი სტრუქტურების, ვთქვათ, რბილი სტრუქტურების, იოგოვანი აპარატისა და მალათაშუა დისკოების, ზურგის ტვინის მდგომარეობას, ტრავმული თიაქრის არსებობა-არარსებობას რენტგენით ვერ შევაფასებთ. მასზე მხოლოდ ძვალი ჩანს.
გამოკვლევის უფრო სრულყოფილი მეთოდებია კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ორივე მათგანს აქვს პლუსებიც და მინუსებიც, თუმცა მთლიანობაში უფრო ინფორმაციულ მეთოდად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩაითვალოს, რადგან ის ხერხემალთან ერთად გვაჩვენებს ზურგის ტვინს, მისი დაზიანების ხარისხს, მასში კონტუზიის კერებს და სხვა.
კომპიუტერული ტომოგრაფი კი უკეთესად "ხედავს" ძვლოვან სტრუქტურებს, ძვლის დაზიანების ხარისხს, მოტეხილობის ხაზს და სხვა. გარდა ამისა, კომპიუტერულ ტომოგრაფს აქვს სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციის რეჟიმიც, რომლითაც შეგვიძლია სივრცულად დავათვალიეროთ დაზიანებული მალები და უკეთ შევაფასოთ მათი მდგომარეობა. საერთო ჯამში, ეს ორი მეთოდი ერთმანეთს ავსებს.
- მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმების დროს?
- ხერხემლის ტრავმის დროს, პირველ რიგში, ზუსტად უნდა განისაზღვროს, არის თუ არა ეს ტრავმა ოპერაციული ჩარევის ჩვენება, იმიტომ, რომ თუ ოპერაციაა გასაკეთებელი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვადას.
ხერხემლის ტრავმის დროს ოპერაცია უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება ადრე. ოპერაციული ჩარევის ძირითადი ჩვენებაა: ზეწოლა ზურგის ტვინზე, ნერვულ ფესვებზე და ხერხემლის სვეტის სტაბილურობის დარღვევა.
არსებობს ასეთი ცნება: არასტაბილური ხერხემალი. უფრო ზუსტად, განასხვავებენ ხერხემლის სვეტის ორი სახის დაზიანებას: სტაბილურს და არასტაბილურს. როდესაც ტრავმა ისეთია, რომ მომავალში არ შექმნის ზურგის ტვინის მეორეული დაზიანების საშიშროებას, - ანუ არ მოხდება მოტეხილი ფრაგმენტის ან ამოვარდნილი მალის წანაცვლება, - ხერხემალს სტაბილურს უწოდებენ, ხოლო თუ არსებობს მოტეხილი ფრაგმენტის წანაცვლების საშიშროება - არასტაბილურს.
თუ დაისვა არასტაბილური ხერხემლის დიაგნოზი, აუცილებელია ოპერაციული ჩარევა და ხერხემლის სვეტის ფიქსაცია, რათა გართულებების რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
- რამდენად წარმატებულია ხერხემლის ტრავმის დროს ჩატარებული ოპერაციები?
- ხერხემლის ფიქსაცია ტექნიკურად მეტ-ნაკლებად რთულია. არსებობს თანამედროვე საფიქსაციო სისტემები, მეტალოფიქსატორები, რომლებითაც ძალიან კარგად ფიქსირდება ხერხემლის სვეტი და აღდგება მისი სტაბილურობა. თუმცა ზურგის ტვინის ტრავმის დროს დროულად და მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაციაც კი არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ გაუმჯობესება მოხდება. ანუ სასურველი შედეგი, პრაქტიკულად, შეიძლება ვერ მივიღოთ. ეს იმიტომ, რომ მძიმე დარღვევების დროს ზურგის ტვინის ფუნქციები ძალიან ძნელად და ნელა აღდგება. ხოლო როდესაც ანატომიური მთლიანობაა დარღვეული, ანუ ზურგის ტვინი გაწყვეტილია, ამ დროს ოპერაციის ერთადერთი დანიშნულებაა ხერხემლის სტაბილურობის აღდგენა იმისთვის, რომ პაციენტმა ინვალიდის ეტლში ჯდომა შეძლოს.
აქედან გამომდინარე, ხერხემლის ტრავმებს ერთგვარი სოციალური მნიშვნელობაც შეიძლება მიენიჭოს, ვინაიდან ამ დროს საკმაოდ მაღალია ინვალიდიზაციის მაჩვენებელი.
- ორიოდე სიტყვა რეაბილიტაციისა და პროფილაქტიკას შესახებაც გვითხარით.
- ოპერაციისა და სტაციონარული მკურნალობის დამთავრების შემდეგ იწყება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი ეტაპი. ეს არის რეაბილიტაცია, რომელიც სჭირდება სპინალური ტრავმის მქონე პრაქტიკულად ყველა პაციენტს. ის უნდა განხორციელდეს სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრში.
ხერხემლის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია ძალზე ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მრავალ ასპექტს მოიცავს, დაწყებული მასაჟითა და სამკურნალო ფიზკულტურით და დამთავრებული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციით.
რაც შეეხება პროფილაქტიკას: ზემოთ მყვინთავის ტრავმას შევეხეთ; ამის თაობაზე შეიძლება ითქვას, რომ თუ ადგილი ნაცნობი და წინასწარ შესწავლილი არ არის, გადახტომა, მით უმეტეს - თავით, ნამდვილად არ ღირს. საერთო ჯამში კი ტრავმის პროფილაქტიკაზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველგან და ყოველთვის აუცილებელია სიფრთხილე, უნდა დაიცვათ მოძრაობისა და უსაფრთხოების წესები, თუმცა შესაძლოა, ტრავმა თავიდან მაინც ვერ ავიცილოთ.