ტერფის ტრავმული დეფორმაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტერფის ტრავმული დეფორმაციები

და მაშინღა გავაცნობიეროთ, რაოდენ დიდია სხეულის ამ ნაწილის დატვირთვა და რარიგ კომფორტულია სიარული, როცა ტერფი ჯანსაღია.

ტერფის რა სახის ტრავმული დაზიანებაა განსაკუთრებით ხშირი, რა უნდა ვიცოდეთ ტრავმისგან თავის დასაცავად, რა განაპირობებს ტერფის ხშირ დეფორმაციას? - ამ და სხვა კითხვებზე კლინიკა "ტრავმატოლოგის" ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის აკადემიური დოქტორი გელა ჩადუნელი გვიპასუხებს.

- ტერფის რა სახის ტრავმული დაზიანებაა განსაკუთრებით ხშირი, როგორია მათი გამოვლინება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპები?

- ტერფის ტრავმულ დაზიანებათა შორის უპირველეს ყოვლისა ქუსლის ძვლის მოტეხილობა უნდა დავასახელოთ. მის წილად მოდის ტრავმულ დაზიანებათა 3-4%. ქუსლის ძვლის მოტეხილობა უმეტესად სიმაღლიდან ვარდნის დროს ვითარდება. ქუსლის ძვალი ღრუბლისებრი, სპონგიოზური აგებულებისაა, რის გამოც ტრავმა მის კომპრესიას (ზეწოლის გამო დეფორმაციას) და, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაბრტყელებას იწვევს.

გარდა ქუსლის ძვლის მოტეხილობისა, მნიშვნელოვანია წინა ტერფის, ეგრეთ წოდებული მეტატარზალური ძვლებისა და კოჭის ძვლის ტრავმული დაზიანება. მათ წილად მოდის ტრავმების 1-2%. ამ დაზიანებათა ყველაზე ხშირი მიზეზია პირდაპირი ტრავმა სიმძიმის დაცემის შედეგად.

საზოგადოდ, ტრავმული დაზიანება უმეტესად ერთნაირად ვლინდება. მთავარი სიმპტომია მეტ-ნაკლები ინტენსივობის ტკივილი, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ტრავმასთან. ერთნაირია სადიაგნოზო ტაქტიკაც - განსაზღვრული სიმპტომატიკისა და პაციენტის მონაცემების საფუძველზე ექიმი ვარაუდობს ტრავმული დაზიანების არსებობას, რომლის დიაგნოსტიკის მიზნითაც ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

რენტგენოგრაფია ავლენს მოტეხილობისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს. ტერფის ტრავმულ დაზიანებათა მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ძვლების ცდომის არსებობა-არარსებობაზე.

მკითხველთა საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ ტერფის დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია, პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს - მას უნდა გაეწიოს გადაუდებელი დახმარება, რადგან ტერფის ტრავმის მკურნალობა გადადებას ვერ იტანს. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში ხშირია ძვლების ცდომა, ვითარდება ტერფის მნიშვნელოვანი შეშუპება, რაც შესაძლოა სერიოზულ გართულებებში, ქსოვილთა ნეკროზშიც კი გადაიზარდოს. როცა მოტეხილობისას აღინიშნება ფრაგმენტების ცდომა, ტარდება გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.

როგორც აღვნიშნეთ, ქუსლის ძვალი თავისებური აგებულების გამო ტრავმის დროს დეფორმაციას, კომპრესიას განიცდის. ქირურგიული ჩარევის მიზანია მისი ფორმის აღდგენა, ეგრეთ წოდებული დისტრაქცია. სწორედ ამ მიზნით შეიმუშავეს ჩვენს კლინიკაში ჩადუნელის აპარატი - ტერფის გარეგანი საფიქსაციო აპარატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ ქუსლის ძვლის სიმაღლე, განვახორციელოთ ტერფის ძვლების რეპოზიცია (დავუბრუნოთ მათ პირვანდელი მდგომარეობა). როცა მოტეხილობისას ფრაგმენტების ცდომა არ შეინიშნება, იყენებენ თაბაშირის ნახვევს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ქუსლის ძვლის მოტეხილობის მკურნალობა საპასუხისმგებლო მომენტია. თუ ის არასწორად წარიმართა, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ბრტყელტერფიანობა, ხანგრძლივი ტკივილი, მოიშალოს ტერფის ფუნქცია.

- ხშირია ტკივილი ტერფის თაღის არეში. რა განაპირობებს მას?

- ტერფის თაღის არეში ლოკალიზებული ტკივილი სრულიად სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. ეს მიზეზებია ტერფის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაცია, ტერფის სახსრების ართროზული ცვლილებები, ინფექციური პროცესები, ტრავმული დაზიანება. ტერფის თაღის არეში აღმოცენებული ტკივილი დაკავშირებულია მის სტატიკურ გადატვირთვასთან - ხანგრძლივ დგომასთან, მუშაობისას გადაძაბვასთან.

ტკივილის მიზეზად შესაძლოა იქცეს ტერფის სტრუქტურების ასაკობრივი ცვლილებები. ასეთი ტკივილის დროს რეკომენდებულია ვიზიტი სპეციალისტთან, რათა დადგინდეს ჩივილის უშუალო მიზეზი და შემუშავდეს მკურნალობის ტაქტიკა.

- ალბათ არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ შემაწუხებელი ჩივილია ქუსლის ტკივილი. რა იწვევს მას?

- ქუსლის არეში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ფასციიტი და ქუსლის ძვლის დეზი. ფეხისგულის ფასციიტი მყესების მიმაგრების ადგილას ვითარდება. არსებობს მონაცემები, რომ ქუსლის ძვლის დეზი ტერფის ძირის ფასციიტის პროგრესირების შედეგია. საბოლოოდ ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები - ოსტეოფიტები. ქუსლის ძვლის დეზის დროს ჩივილები ინდივიდუალურია.

სამედიცინო ლიტერატურაში ხშირად წერენ, რომ მისთვის ტიპობრივია ტკივილის აღმოცენება პირველი ნაბიჯების გადადგმისას, მაგრამ არიან პაციენტები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს თავისუფლად დგამენ, ხოლო შემდგომ, დგომის ან სიარულის დროს, შემაწუხებელ, მჩხვლეტ ტკივილს უჩივიან.


- რა განაპირობებს ქუსლის ძვლის დეზის განვითარებას და რა სახის მკურნალობა შეიძლება შევთავაზოთ ამ დროს პაციენტს?

- ცნობილია, რომ ამ ცვლილების მიზეზია ქუსლის ძვლის ხანგრძლივი და ხშირი ტრავმირება, რასაც ხელს უწყობს მეტისმეტად თხელძირიანი ფეხსაცმლის ტარება. საზოგადოდ, ფასციიტისა და ქუსლის ძვლის დეზის აღმოცენების უშუალო მიზეზი უცნობია. თანამედროვე შეხედულებით, დაავადება პოლიეტიოლოგიურია - მრავალ ფაქტორს უკავშირდება. დადასტურებულია ქუსლის დეზის აღმოცენების მაღალი სიხშირე იმ პირებში, რომელთაც აქვთ მიდრეკილება რევმატული დაავადებებისკენ (ასეთია რევმატიზმი, წითელი მგლურა). ხშირია ქუსლის დეზი იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში ფეხშიშველა სიარულის ტრადიცია.

პაციენტს, რომელსაც ქუსლის ძვლის დეზი აქვს, უნდა ვურჩიოთ კომფორტული, კარგად მორგებული ფეხსაცმლის ჩაცმა. ის ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ დატვირთვა ტერფის თაღზე გადავიდეს. ამისთვის რეკომენდებულია სპეციალური ღაბაშების (სუპინატორების) ტარება. როცა ქუსლის ძვლის დეზი ძლიერ დისკომფორტს იწვევს, შეიძლება ჩატარდეს კორტიკოსტეროიდის ლოკალური (ადგილობრივი) ინექცია (კორტიკოსტეროიდები ჰორმონული პრეპარატებია, რომელთაც ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ). ინექცია უნდა ჩატარდეს დიდი სიზუსტით, პროფესიონალის მიერ. სტეროიდი ასუსტებს, აქრობს ანთებას, რამაც შესაძლოა არსებული ცვლილებების უკუგანვითარება გამოიწვიოს.

არსებობს ქუსლის ძვლის დეზის ოპერაციული მკურნალობის მეთოდებიც, მაგრამ სათანადოდ ჩატარებული ინექციის წყალობით საქმე აქამდე იშვიათად მიდის.

- ასაკოვან პირებს შორის ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ტერფი დეფორმირებული რომ არ ჰქონდეს. ჩვენი პაციენტებისთვის კარგად ნაცნობი ერთ-ერთი ცვილილებაა ტერფის I (ცერა) თითის დეფორმაცია. რა იწვევს მას?

- ტერფის I თითის დეფორმაცია ანუ ვალგუსური დეფორმაცია (Hallus valgus) მართლაც საკმაოდ ხშირად გვხვდება. ის დაკავშირებულია განივ ბრტყელტერფიანობასთან. ამ დროს I თითი გადაიხრება გარეთ, წარმოიქმნება ძვლოვანი წანაზარდი. წინა ტერფი გაფართოებულია, მეტატარზალური ძვლები ერთმანეთს დაცილებულია.

თუ ნორმალურ ტერფში დატვირთვა I და V თითებზე მოდის, ამ შემთხვევაში ის ყველა თითს მოიცავს. შესაძლოა, პაციენტებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ტერფის ამ დეფორმაციისა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტის უმთავრესი და უცვლელი მიზეზია მაღალქუსლიანი და წვრილჭვინტიანი ფეხსაცმელი. იმ ქალების 80%-ს, რომლებიც ასეთ ფეხსაცმელებს მეტისმეტად ხშირად იცვამენ, ტერფის I თითის ვალგუსური დეფორმაცია აღენიშნებათ.

აღსანიშნავია, რომ პაციენტთა დიდი ნაწილი ტერფის I თითის ვალგუსურ დეფორმაციას შეცდომით პოდაგრას უწოდებს. სინამდვილეში ამ დაავადებას პოდაგრასთან საერთო არაფერი აქვს. პოდაგრა არის ნივთიერებათა ცვლის, კერძოდ, პურინების ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადება, რომლის დროსაც სისხლში იმატებს შარდმჟავას შემცველობა, ფორმირდება შარდმჟავას კრისტალები, რომლებიც ქსოვილებში, უმთავრესად კი ტერფის I თითის სახსარში ლაგდება, აზიანებს მას, უცვლის ფორმას.

ორივე პათოლოგიის საერთო ნიშანი ტერფის I თითის დაზიანებაა, მაგრამ ის სხვადასხვა მიზეზით აღმოცენდება და სხვადასხვა ხასიათისაა. რადიკალურად განსხვავებულია მკურნალობის ტაქტიკაც. ნებისმიერი ექიმი მკვეთრად უნდა მიჯნავდეს ამ ორ მდგომარეობას.

- როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ პაციენტს ტერფის I თითის დეფორმაციასთან დაკავშირებული ჩივილები?

- I თითის ვალგუსური დეფორმაციის დროს მკურნალობის ტაქტიკა დეფორმაციის ხარისხზეა დამოკიდებული, თვით დეფორმაციის ხარისხს კი განსაზღვრავს ტერფის I თითის გადახრის კუთხე. მისი გათვალისწინებით ოპერაციული ჩარევის მასშტაბიც განსხვავებულია.

არსებობს ოპერაციული ჩარევის მრავალი მეთოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობს საქმე აქამდე არ მივიდეს, ამისთვის კი საჭიროა, ვალგუსური დეფორმაციის დროს დროულად მივმართოთ სპეციალისტს მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად. საჭიროა ტერფის მასაჟი, თითებს შორის სპეციალური სილიკონის სადებების ჩადება (მათ ხშირად უწევენ რეკლამას ტელევიზიით), ღაბაშების (სუპინატორების) ტარება. ზოგჯერ ეფექტურია ფიზიოპროცედურები. საჭიროებისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ანალგეტიკები - ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.


- ტერფის დეფორმაციის შესახებ საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ბრტყელტერფიანობას. მისი რამდენი სახე არსებობს, როგორ ვლინდება ბრტყელტერფიანობა მოზრდილებში, შესაძლოა თუ არა, ის მოწიფულ ასაკში აღმოცენდეს? შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თუ ადამიანს ბავშვობისას ნორმალური ტერფი ჩამოუყალიბდა, მოწიფულ ასაკში ტერფის დეფორმაცია არ ემუქრება? შეიძლება თუ არა, ტერფი თავისი საყრდენი ფუნქციის "მსხვერპლად" მივიჩნიოთ?

- მკითხველებმა ალბათ იციან, რომ სირბილის, სიარულისა თუ დგომის დროს მთელი სხეულის სიმძიმე სწორედ ტერფებს აწვება. სხეულის თავისუფალ გადაადგილებას კი მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად ტერფების თაღოვანი აგებულებაც განაპირობებს. სიგრძივი და განივი თაღებისა და მათ ფორმირებაში მონაწილე სტრუქტურების სინქრონულობის დარღვევას ტერფის აგებულების, ფორმისა და ფუნქციის მოშლამდე მივყავართ. შედეგად ყალიბდება ბრტყელტერფიანობა და აღმოცენდება მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

დეფორმაცია შეიძლება განიცადოს ტერფის სხვადასხვა ნაწილმა. ამის მიხედვით განასხვავებენ სიგრძივ, განივ და შერეულ ბრტყელტერფიანობას.

საზოგადოდ, ბრტყელტერფიანობას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მაგალითად, არსებობს თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა, რომელიც ბავშვობის ასაკშივე ვლინდება. ყველაზე ხშირია სტატიკური ბრტყელტერფიანობა. მის წილად შემთხვევათა 82% მოდის. გარდა ამისა, განასხვავებენ რაქიტულ (რაქიტის შედეგად აღმოცენებულ), ტრავმის შემდგომ, პარალიზურ (დამბლის შემდეგ განვითარებულ) ბრტყელტერფიანობას.

ალბათ მკითხველი უკვე მიხვდა, რომ ბრტყელტერფიანობა მოწიფულ ასაკშიც შეიძლება აღმოცენდეს სხვადასხვა ფაქტორისა თუ ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების ზემოქმედებით.

სტატიკური ბრტყელტერფიანობა უმეტესად პროფესიული გადატვირთვის, სიმსუქნის, ორსულობის ნიადაგზე ვითარდება. სიმსუქნისას მკვეთრად მომატებული წონა იწვევს ტერფის იოგოვანი აპარატის გადაჭიმვას, სახსრებში ქვეამოვარდნილობის აღმოცენებას და ბრტყელტერფიანობის განვითარებას. რასაკვირველია, ეს ცვლილებები ერთ ან ორ დღეში არ ვითარდება, პროცესი ხანგრძლივია, მიმდინარეობს გარკვეული სტადიების მონაცვლეობით. შესაბამისად იცვლება პაციენტის ჩივილებიც.

დაწყებით სტადიაში ტერფის სიგრძივი თაღი შესამჩნევად არ არის შეცვლილი. ავადმყოფი უჩივის ტერფის დაღლას ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და წვივების პერიოდულ ტკივილს. შესაძლოა, ამან გაგაკვირვოთ, მაგრამ მას სავსებით ლოგიკური ახსნა აქვს - ტერფის თაღების დამჭერი გრძელი კუნთების სხეულები წვივებზეა განლაგებული.

მომდევო სტადიაში პაციენტები აღნიშნავენ დამახასიათებელი მტკივნეული წერტილების არსებობას. ეს წერტილები მოიცავს არა მარტო ტერფზურგისა და ტერფგულის მხარეს და უშუალოდ ტერფს, არამედ წვივის კუნთებს, მუხლის და მენჯ-ბარძაყის სახსრებს, ბარძაყის და წელის მიდამოსაც კი. აღსანიშნავია, რომ დაავადების ამ სტადიაში დასვენების შემდეგ კუნთოვანი სისტემა ჯერ კიდევ აღადგენს თაღის ნორმალურ ფორმასა და სიდიდეს. ამის გამო ჩივილების გარდამავალია, პაციენტები მას დაღლილობას უკავშირებენ და პათოლოგიასაც უყურადღებოდ ტოვებენ, პროცესი კი პროგრესირებს, ტკივილიც მუდმივი და უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. დეფორმაციი შედეგად ძვლები განიცდიან არანორმალურ დატვირთვას, რაც უფრო მეტად აღრმავებს ცვლილებებს. თუ ამ სტადიაში სათანადო ღონისძიებები არ გატარდა, ტერფი იწყებს გარეთ ცდომას.

- როგორია ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკა?

- დაავადების დიაგნოზს სათანადო ჩივილებისა და პაციენტის გასინჯვით მიღებული მონაცემების საფუძველზე სვამენ. ბრტყელტერფიანობის ხარისხის დასადგენად შესაძლოა მრავალი მეთოდი იქნეს გამოყენებული. საკმაოდ მარტივი და ფართოდ გავრცელებულია პლანტოგრაფიის მეთოდი. ამ დროს პაციენტს ფეხისგულებზე უსვამენ მეთილენის ან იოდის ხსნარს და მთელი დატვირთვით აყენებენ თეთრ ქაღალდზე. ტერფის ანაბეჭდის სიგანის მიხედვით ვმსჯელობთ ბრტყელტერფიანობის ხარისხზე.

გარდა ამისა, ვზომავთ ტერფის თაღის სიმაღლეს რენტგენოფრამაზე. ამ გამოკვლევითაც ვადგენთ ბრტყელტერფიანობის ხარისხს. განასხვავებენ I, II და III ხარისხის ბრტყელტერფიანობას. მკურნალობის ტაქტიკას სწორედ ბრტყელტეფიანობის ხარისხი განსაზღვრავს.

I და II ხარისხის ბრტყელტერფიანობის დროს ინიშნება აბაზანები, ვარჯიშები, მასაჟი. აუცილებელია სათანადო ფეხსაცმლის ტარება და საგანგებოდ დამზადებული ღაბაშის (სუპინატორის) გამოყენება.

III ხარისხის ბრტყელტერფიანობისას შესაძლოა განხილულ იქნეს ოპერაციული მკურნალობის საკითხი. ოპერაციის მეშვეობით ხელოვნურად ხდება ტერფის სიგრძივი თაღის ფორმირება. მის შესანარჩუნებლად ოპერაციის შემდგომ პერიოდში საჭიროა ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება.

- რა იწვევს და რა ნიშნები ახასიათებს განივ ბრტყელტერფიანობას?

- განივ ბრტყელტერფიანობას იგივე მიზეზები აქვს, რაც სიგრძივს, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვიწროცხვირიანი ფეხსაცმლის ხშირი და ხანგრძლივი ტარება. განივი ბრტყელტერფიანობისთვის დამახასიათებელია ტერფის წინა ნაწილის მკვეთრი გაბრტყელება, ფეხისგულებზე მტკივნეული კოჟრების გაჩენა. როგორც აღვნიშნეთ, ტერფის ამ დეფორმაციას ხშირად ახლავს თან I თითის ვალგუსური დეფორმაცია. ხშირია II ან III თითების ჩაქუჩისებრი დეფორმაციაც.

მკურნალობა წარიმართება ზემოთ აღწერილი მეთოდებით. ვერ ვიტყვით, რომ ეს მეთოდები დეფორმაციას აღმოფხვრის, მაგრამ ისინი გვიცავენ დაავადების პროგრესირებისგან და ამცირებენ ტკივილს.

II-III ხარისხის დეფორმაციის დროს, როცა ტკივილი ძლიერია, ირღვევა ტერფის ფუნქცია, დეფორმაცია პროგრესირებს და კონსერვატიული მეთოდები უშედეგოა, შესაძლოა დაისვას ოპერაციული მკურნალობის საკითხი.

- დიდი დაკვირვება არ არის საჭირო, რომ შევამჩნიოთ ზოგიერთი ადამიანის თავისებური სიარული და ტერფის უცნაური მოყვანილობა. ზოგიერთი სიარულის დროს ტერფის შიგნითა ნაწილს აწვება, ზოგიერთი კი გარეთას. არიან ისეთებიც, ვინც ქუსლს ან ტერფს მაგრად ურტყამს მიწას. ზოგი ისე დადის, რომ ქუსლები გარეთ აქვს გაწეული, ხოლო ცერები - შიგნით შებრუნებული... რა არის ეს სპეციალისტის თვალთახედვით და როგორ შეიძლება შევამციროთ დისკომფორტი აღნიშნული პათოლოგიების დროს?

- სიარულის ეს თავისებურებები ხშირად თანდაყოლილ ტერფმრუდობას უკავშირდება. ის სხვადასხვა ხარისხით შეიძლება იყოს გამოხატული. გვხვდება იმდენად მძიმე შემთხვევები, რომ პაციენტს გადაადგილებაც კი უჭირს. საზოგადოდ, ტერფის მოძრაობას, მის მდგომარეობას ანტაგონისტი (ურთიერთსაპირისპირო) კუნთები არეგულირებენ. ადამიანი ნორმალურად რომ დადიოდეს, აუცილებელია ანტაგონისტი კუნთების წონასწორობა. მისი დარღვევისას სიარულიც ირღვევა. თავად ანტაგონისტ კუნთთა წონასწორობის დარღვევა უკავშირდება ტრავმას, ნერვული სისტემის დაავადებებს, სპასტიკურ დამბლას, პოლიომიელიტს, მიელოდისპლაზიას. ყოველივე ეს ტერფის დამახასიათებელ ცვლილებებს იწვევს.

ზოგჯერ ადამიანი სიარულის დროს ძირითად ქუსლს აწვება (რასაც კალკანეუსი ეწოდება, წინა ტერფზე ზეწოლას კი ექვინუსი), ხოლო ტერფის მოხრა ტერფის ძირის მხარეს ძალზე შეზღუდულია. ზოგჯერ ვითარდება ვალგუსური ან ვარუსული ტერფი.

ვალგუსური ტერფის დროს ტერფის წინა ნაწილი განზიდულია, გარეთა კიდე - აწეული, ხოლო ვარუსული ტერფის შემთხვევაში წინა ნაწილი შიგნით არის შეწეული, სიარულისას ზეწოლა ტერფის გარეთა კიდეზე ხორციელდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება უხეში კოჟრი.

ორივე ტიპის დეფორმაცია შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე დამბლასთან დაკავშირებული ან ტრავმის შემდგომი. ზოგჯერ აღნიშნული ცვლილებები ბავშვობისას არასრულყოფილად ჩატარებული რეაბილიტაციის შედეგია.

ტერფის დეფორმაციების დროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად და სიარულის საკორექციოდ რეკომენდებულია ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება, მათში სპეციალური ღაბაშების (სუპინატორების) ჩაფენა, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოპროცედურები.


- აქვს თუ არა გენეტიკას მნიშვნელობა ტერფის დეფორმაციების აღმოცენების თვალსაზრისით? ხშირად პაციენტები ტერფის დეფორმაციას სწორედ იმიტომ არ აქცევენ ყურადღებას, რომ ანალოგიურ ცვლილებებს საკუთარ მშობლებსაც ამჩნევენ. მართებულია თუ არა ეს?

- ვერ უარვყოფთ, რომ როგორც ტერფის დეფორმაციის, ასევე სხვა ორთოპედიული დაავადებების შემთხვევაში გენეტიკა უდავოდ ასრულებს განსაზღვრულ როლს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ერთ, თუნდაც ორივე მშობელს ტერფის რომელიმე დეფორმაცია აქვს, იგივე პათოლოგია შვილსაც აუცილებლად გამოაჩნდება. ცხადია, ასეთი ადამიანების შვილებს ორთოპედიული დაავადების განვითარების უფრო დიდი ალბათობა აქვთ, ამიტომ ბავშვობიდანვე სჭირდებათ ყურადღება. პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში კი ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს "გენეტიკურია" და ამიტომ მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. პირიქით, ასეთ დროს დროულად უნდა მივმართოთ ექიმს, რათა თავიდან ავიცილოთ ტერფის დეფორმაციათა პროგრესირება და მასთან დაკავშირებული დიდი დისკომფორტი.

- ყველას შეგვიმჩნევია, რომ ზოგ ადამიანს უცნაურად აქვს დეფრომირებული ფეხის თითები - თითები ტერფთან ახლოს თითქოს მოხრილია, ხოლო ფრჩხილთან ახლოს - გაშლილი. რისი ბრალია ასეთი დეფორმაცია და მოითხოვს თუ არა მკურნალობას?

- ტერფის თითების ამგვარ დეფორმაციას ჩაქუჩისებრ დეფორმაციას უწოდებენ. ის დაკავშირებულია თითების მომხრელი მყესის სიმოკლესა და გამშლელი მყესის გადაჭიმვასთან. ასეთი დეფორმაცია უბრალო კოსმეტიკური დეფექტი როდია - ადამიანს აწუხებს დეფორმირებული თითების ტკივილი, თითებზე ზეწოლა იზრდება, ფეხსაცმელი კანს აზიანებს, ჩნდება კოჟრები. დეფორმაციის საკორექციოდ რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა - მყესის დაგრძელება ან I ფალანგის თავის რეზექცია.

- ჩვენმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, რომელსაც ხალხი მარილების ჩალაგებას, მარილების დაგროვებას უწოდებს, ტერფსაც აზიანებს. რომელი სახსარი ზიანდება ამ დროს ყველაზე მეტად, რომელი ფაქტორები უწყობს ხელს აღნიშნული პათოლოგიის აღმოცენებას, როგორ ვლინდება ტერფის სახსრების ართროზული დაზიანება, როგორია მკურნალობის ტაქტიკა ამ დროს?

- ჟურნალის აქტიურმა მკითხველებმა ალბათ ისიც იციან, რომ სინამდვილეში ამ დროს არავითარი მარილების ჩალაგება არ ხდება. მადეფორმირებელი ოსტეოართროზი სახსართა დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რომელსაც სახსრებისა და ძვლის სტრუქტურის ცვლილებები ახასიათებს. დაავადების უშუალო მიზეზი ამ შემთხვევაშიც უცნობია, მაგრამ დადგენილია მისი აღმოცენების ხელშემწყობი რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის - თანდაყოლილი დისპლაზიები, ტრავმა, ხშირი მიკროტრავმა, ინფექცია, ინტოქსიკაცია, ნივთიერებათა, განსაკუთრებით კი ცილოვანი ცვლის დარღვევა.

მართალია, ღაბაშების დროს უფრო მეტად მსხვილი (მენჯ-ბარძაყის, მუხლის) სახსრები ზიანდება, მაგრამ არც ტერფის დაზიანებაა გამორიცხული. დაავადების ყველაზე ტიპობრივი სიმპტომია ტერფის ტკივილი, რომელიც დღის ბოლოს აღმოცენდება, არ ქრება მოსვენებისას და განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება ღამით.

დიაგნოზს ადასტურებს რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად აღმოჩენილი დამახასიათებელი ცვლილებები. მკურნალობა გულისხმობს ანალგეტიკური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალებებისა და ქონდროპროტექტორების მიღებას. ამჟამად ბაზარზე არსებობს სხვადახვა სავაჭრო დასახელების ქონდროპროტექტორები. ისინი შეიცავენ სახსარში არსებულ ნივთიერებებს - გლუკოზამინსა და ქონდროიტინსულფატს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები - ფიზიოთერაპია, სათანადო ვარჯიში.

- უკანასკნელ ხანს საკმაოდ პოპულარული გახდა ტერფის გამოკვლევის მეთოდი - პედოგრაფია. რას ემყარება აღნიშნული გამოკვლევა და რა ინფორმაციას გვაწვდის ის?

- პედოგრაფია ტერფის ფუნქციური გამოკვლევის მეთოდია. ის საშუალებას გვაძლევს, სპეციალური კომპიუტერული სისტემის მეშვეობით სიარულის დროს შევისწავლოთ ტერფის პარამეტრები. მიღებული მონაცემების გათვალისწინებით მზადდება ინდივიდუალური ღაბაშები (სუპინატორები).

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ღაბაშები აუცილებელია ტერფის მრავალი პათოლოგიის დროს, პროცესის შემდგომი პროგრესირების თავიდან ასაცილებლად. ზოგჯერ, პაციენტის ტერფის თავისებურებებიდან გამომდინარე, ღაბაშის ტარება საჭიროა პროფილაქტიკის მიზნით.

- თავად, როგორც ექიმი, რას ურჩევდით პაციენტებს ტერფის ჯანსაღი ფორმის შესანარჩუნებლად?

- ადამიანის ორგანიზმს უდიდესი საკომპენსაციო რეზერვი აქვს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ცხოვრების წესით ხელი არ შევუწყოთ პათოლოგიის შემდგომ პროგრესირებას. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების დროს, ტერფის პათოლოგიების შემთხვევაშიც ძალზე მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, სახელდობრ:

  • ჯანსაღი კვება, სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება;
  • ზომიერი ფიზიკური აქტიურობა, ფეხით სიარული;
  • სწორად შერჩეული ფეხსაცმელი - ქუსლი უნდა იყოს ფართო, ხოლო მისი სიმაღლე 3-4 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს;
  • ტრავმების თავიდან აცილება;
  • შეძლებისამებრ, ფეხშიშველი სიარული;
  • საჭიროებისას ღაბაშების გამოყენება.