კანის მოვლა ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის მოვლა ზამთარში

მას წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდება სწორი მოვლა. მაგრამ კანისა და მისი დანამატების ჰიგიენას რატომღაც მხოლოდ ზაფხულობით აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, გამწმენდ, მკვებავ თუ დამცავ საშუალებებს მხოლოდ სიცხეში იყენებენ. დადგება ზამთარი და ხალისიც ქრება - ბევრს აღარც გარეგნობა ახსოვს და აღარც კანის მოვლა. არადა ცნობილია, რომ კანი ზამთარში უფრო სწრაფად ბერდება. დაუცველი ეპიდერმისი (კანის ზედაპირული შრე) ზამთრის ერთი თვის განმავლობაში ზუსტად იმდენს კარგავს, რამდენსაც ოთხი თბილი თვის მანძილზე. მაინც რა ზიანი შეიძლება მიადგეს კანს ზამთარში? კანის რომელი პათოლოგიები მწვავდება უმთავრესად წლის ცივ პერიოდში? როგორი უნდა იყოს კანის ჰიგიენა და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი დერმატოლოგი მაია მარიდაშვილი გვესაუბრება.

- კანის რომელი პათოლოგიები მწვავდება უპირატესად ზამთარში, რომელ დაავადებებს არ უხდება სიცივე, ყინვა, ზოგადად, ზამთრის ჰავა?

- ზამთრობით უპირატესად მწვავდება კანის ის დაავადებები, რომელთათვისაც დამახასიათებელია კანის სიმშრალე. ასეთია იქთიოზი, ქსეროდერმა, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა... გამწვავების მიზეზია სიცივე, ყინვა, ქარი (განსაკუთრებით - ღია ადგილებზე: სახეზე, ყელზე, ხელებზე), გარკვეულწილად - სეზონური ჰიპოვიტამინოზი და ზამთარში ცხიმოვანი ჯირკვლების შენელებული მუშაობა. მოგეხსენებათ, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი ელასტიკურობას ანიჭებს კანს და გამოშრობისგან, გარეგანი გამღიზიანებლებისა და ინფექციებისგან იცავს.

- რა უნდა ახსოვდეთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ადამიანებს, როგორი უნდა იყოს ზამთარში მათი ცხოვრებისა და კანის მოვლის რეჟიმი, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება?

- საზოგადოდ, მშრალი კანი სისტემატურ მოვლას, მუდმივ ყურადღებას ითხოვს. მშრალი, მგრძნობიარე კანის ყოველდღიური ჰიგიენისთვის რეკომენდებულია დასაბანი საშუალებები ნეიტრალური პჰ-ით (ეგრეთ წოდებული საპონი უსაპნოდ), რომლებიც, ჩვეულებრივი საპნისგან განსხვავებით, არ აშრობს კანს, აქვს დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. მშრალ კანს უხდება მცენარეული ნაყენით ბანა. მაგალითად, კარგია ცაცხვის ყვავილის ან კამის თესლისა და სალბის ნარევი (1 წილი ცაცხვის ყვავილი ან კამის თესლი და 1 წილი სალბი). გარდა ამისა, საჭიროა მკვებავი და დამცავი მალამოების სისტემატური გამოყენება და, რა თქმა უნდა, ცხოვრებისა და კვების სწორი რეჟიმის დაცვა, მავნე ჩვევებისა და საკვების უარყოფა. ასეთი კომპლექსური მიდგომა ზამთრის პერიოდში დაავადების ხანგრძლივ რემისიას უზრუნველყოფს (რემისია დაავადების გამოვლინებათა დროებითი ჩაცხრობაა).

- კანის რომელი დაავადებებისთვის არის ხელსაყრელი ზამთარი და, საზოგადოდ, წლის ცივი პერიოდი? რატომ სუსტდება სიცივეში ამა თუ იმ პათოლოგიის კლინიკური სურათი?

- რემისიის თვალსაზრისით ზამთარი ხელსაყრელია კანის იმ დაავადებებისთვის, რომლებიც საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევას უკავშირდება. ასეთია, მაგალითად, ჰიპერჰიდროზი, დისჰიდროზი. დაბალ ტემპერატურაზე საოფლე ჯირკვლები ნაკლები ინტენსივობით მუშაობს, ამიტომ სიცივეში აღნიშნული პათოლოგიების კლინიკური სურათი სუსტდება, აღინიშნება რემისია.

- როგორ ვლინდება სიცივეზე ალერგია, რა თავისებურებები ახასიათებს მას?

- სიცივეზე ალერგია ჰაერის დაბალი ტემპერატურის, ცივი და ნოტიო ქარის ზემოქმედებას უკავშირდება. ალერგიული რეაქციის გამოვლინებაა ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. ბუშტუკები და წითელი ლაქები ზოგჯერ მთელ სხეულზე ჩნდება, ზოგჯერ - მხოლოდ სახეზე, ზედა ტუჩსა და ქუთუთოებზე. ხშირია ქავილი, შეხებისას ტკივილი, ზოგჯერ ირგვლივ მდებარე ქსოვილების შეშუპებაც აღინიშნება.


- ალერგიის მძიმე ფორმის შემთხვევაში რა გართულებაა მოსალოდნელი? რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემას ყურადღებას არ აქცევენ?

- ალერგიის მძიმე ფორმის შემთხვევაში გამონაყარი ედება მთელ სხეულს, აღინიშნება შეუპოვარი ქავილი, ტემპერატურის მომატება. სიცივის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეთ სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი. ამ შემთხვევაში ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შეუძლია. მას, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ასეთი რეაქცია, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მდინარესა და ზღვაში ბანაობისას, წელიწადის თბილ პერიოდშიც კი. თუ შოკი წყალში განვითარდა, სიკვდილი გარდაუვალია. ცივი წყლით დაბანამ ალერგიული რეაქცია შესაძლოა ზაფხულშიც კი გამოიწვიოს.

- რას ურჩევთ ასეთ ხალხს?

- ცნობილია, რომ ორგანიზმის მგრძნობელობის მომატებას (სენსიბილიზაციას) ხელს უწყობს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება - ჰაიმორიტი, ტონზილიტი, ქოლეცისტიტი, კბილების კარიესი, ჰელმინთოზი, ამიტომ ამ დაავადებების დროული და სრულყოფილი მკურნალობა აუცილებელი პირობაა სიცივის ალერგიისგან თავის დასაცავად. ამავე მიზანს ემსახურება ორგანიზმის გაკაჟება. რეკომენდებულია წყლის პროცედურები: შხაპი, დაზელა. შხაპს 36-38°ჩ ტემპერატურის წყლით ვიწყებთ. ყოველ 5-6 დღეში წყლის ტემპერატურას 1-2°ჩ-ით ვამცირებთ და საბოლოოდ +10°ჩ-მდე დაგვყავს. თუ წყლის ტემპერატურის შემცირებისას ალერგიულმა რეაქციამ იჩინა თავი, ტემპერატურას კვლავ ვზრდით. წყლის პროცედურის შემდეგ აუცილებელია სხეულის გაწმენდა ხაოიანი პირსახოცით კანის გაწითლებამდე. სიცივის ალერგიისას რეკომენდებულია, სიცივეში შინიდან გასვლის წინ სხეულის შიშველ ადგილებზე (სახეზე, კისერზე, ხელებზე) დამცავი მალამო წავისვათ. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში საჭიროა ალერგოლოგთან მკურნალობა.

- როგორ უნდა მოვუაროთ კანსა და თმას ზამთარში? როგორ იცვლება კანის ფიზიოლოგია წლის ცივ პერიოდში, რა წესები უნდა დავიცვათ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- ზამთარში კანსა და თმას უფრო გულმოდგინედ სჭირდება მოვლა, ვინაიდან ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო მათ დაზიანების გაცილებით მეტი საფრთხე ემუქრება. ამას ერთვის ჰიპოვიტამინოზი, გარემოს დაბინძურება, რადიაცია, სტრესები... კანი სიცივისადმი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე სითბოსადმი. კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე სიცივის აღმქმელი 6-დან 23-მდე რეცეპტორია განლაგებული, ხოლო სითბოს აღმქმელი - მხოლოდ სამი. ცივი ქარი კანის სიმშრალეს იწვევს, ამიტომ შემოდგომაზე და ზამთარში კანის მარტო დაცვა კი არ არის აუცილებელი, არამედ კვებაც. სასურველია მკვებავი მალამოები ცხიმიანი ფუძით. მშრალ კანს უხდება მაიონეზის, კეფირის, არაჟნის ნიღბები. არ უნდა დაგვავიწყდეს დილა-საღამოს კრემის წასმა ქუთუთოებზე, რომლებიც სრულიად მოკლებულია ცხიმოვან ჯირკვლებს. კრემის წასმა აუცილებელია ტუჩებზეც. კვება თმასაც სჭირდება, რათა ბზინვარება და ელასტიკურობა შეინარჩუნოს. თმის ძირებში შეიზილეთ ვიტამინიზებული აბუსალათინის ზეთი, თავი შეიხვიეთ ხილაბანდით, ხოლო 1-2 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. შამპუნი თმის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებისა და კვების სწორი რეჟიმის დაცვაც. ეს ცნება გულისხმობს მავნე ჩვევებზე უარის თქმას, ძილის მოწესრიგებას, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებას.