მათ, ვისაც სახსრები აწუხებს
- მოძრაობები, რომლებიც ტკივილს გაყენებთ;
- ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა;
- დიდხანს დგომა;
- დიდხანს ფეხით სიარული;
- ერთი და იმავე ტიპის, განმეორებითი მოძრაობა;
- ჭარბი წონა;
- მძიმე ტვირთის აწევა.
ტანსაცმელი
უნდა გეცვათ თავისუფალი და მსუბუქი, არ უნდა იწვევდეს შეფერხებას მოძრაობისას და არც ჩაცმისას გიქმნიდეთ უხერხულობას.
შრომა
სამსახურშიც და შინაც მიეჩვიეთ დროდადრო შესვენებას - საქმიანობისას ყოველი 2 საათის შემდეგ შეისვენეთ 5-7 წუთი. ასევე - ფეხით დიდხანს სიარულისას. გახსოვდეთ, გადაღლა პროვოცირებას უწევს ართრიტის გამწვავებას. გაიმარტივეთ საყოფაცხოვრებო პირობები - ნივთები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ, ადვილად ხელმისაწვდომ ადგილებზე შეინახეთ.
ფიზიკური ვარჯიში
დაავადებულთათვის კარგია ცურვა, ველოსიპედი და სხვა, ოღონდ არა გამწვავების სტადიაში. თუ ძლიერი ტკივილები გაწუხებთ, სასურველია, გადახვიდეთ ნახევრად მწოლიარე რეჟიმზე. ხშირად ეს ღონისძიებები საკმარისია მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ხელჯოხი
ქვედა კიდურების დაზიანებისას ნუ შეუშინდებით ხელჯოხის გამოყენებას. იგი დაგეხმარებათ, დიდი ხნით შეინარჩუნოთ ქვედა კიდურების სახსართა ფუნქციები. ხელჯოხი უნდა გეკავოთ არამტკივანი კიდურის მხარეს. დიდი მნიშვნელობა აქვს ხელჯოხის სწორად შერჩევას, კერძოდ, მის სიგრძეს - სწორად შერჩეული ჯოხის თავი ფეხზე დგომისას უნდა სწვდებოდეს სხივ-იდაყვის სახსარს.
დაზოგეთ სახსრებიმტევნები:
- რეცხვისას გამოიყენეთ სარეცხი მანქანა, შეიძინეთ ელექტროხელსაწყოები დიდი ზომის გამომრთველებითა და ხელსაკიდებით.
- კარებისა და კარადების სახელურები დაამზადეთ მსხვილი და ადვილად ხელმოსაკიდებელი. შეგიძლიათ, რაიმე ქსოვილიც შემოახვიოთ.
წელისა და ქვედა კიდურების სახსრები:
- მაგიდის სამუშაო ზედაპირი, ნიჟარისა და საუთოებელი დაფის სიმაღლე უნდა იყოს ისეთი, რომ მათთან მუშაობისას არ გიწევდეთ დახრა და დაჯდომა.
- საწოლი ისეთი უნდა იყოს, რომ წამოდგომა არ გიჭირდეთ. სასურველია, გვერდით მოიდგათ სკამი, რათა წამოდგომისას დაეყრდნოთ.
- მაცივარი, აბაზანა და სამზარეულოს ქურა ისეთ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ მათ გამოყენებისას დახრა არ გჭირდებოდეთ.
- აუცილებელია, აბაზანას გვერდებზე ჰქონდეს სახელურები, რათა ამოსვლა გაგიადვილდეთ.
- გამოიყენეთ ისეთი სავარძლები, რომლებიც ზურგს გაგიმაგრებთ. თავი არიდეთ ძლიერ რბილსა და დაბალ ავეჯს. ავეჯი უნდა გიქმნიდეთ კომფორტს და გიმცირებდეთ ტკივილებს.
მუხლის სახსრები:
- ერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. ქუსლის ოქროს სტანდარტი 2-3 სმ-ია;
- კარგია სპეციალური სამუხლეების ტარება. არსებობს მარტივი, რბილი ბამბის და შედარებით მაგარი, მკვრივი სამუხლეები. რომელი დაგჭირდებათ, ექიმი გირჩევთ.
სამუხლე მჭიდროდ უნდა იყოს მუხლზე მორგებული. სამუხლეების მუდმივად ტარება არ შეიძლება, ისინი რეკომენდებულია მხოლოდ ინტენსიური დატვირთვისას, დღეში დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში.
- ხშირად სახსრების დაავადებებს თან ახლავს ბრტყელტერფიანობა. ასეთ დროს აუცილებელია ორთოპედიული სუპინატორების ტარება.
გახსოვდეთ, სხვადასხვა ტიპის ბრტყელტერფიანობის დროს სხვადასხვა სახის სუპინატორია საჭირო, ამიტომ აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ექიმს. თუ პირველად ყიდულობთ, შეარჩიეთ ყველაზე რბილი - ასეთი სუპინატორები არ ცვეთს ქუსლებს და გაცილებით მოხერხებული სატარებელია.
რჩევა გამწვავებისას:
გამწვავებისას ძლიერდება ტკივილი როგორც მოძრაობისას, ისე მოსვენებისას. ასეთ დროს განსაკუთრებით სჭირდება დაზოგვა მტკივან სახსარს. ეცადეთ, შეასრულოთ მრავალფეროვანი მოძრაობები, ჩართოთ მოძრაობაში სხვა სახსრებიც, რათა დაეხმაროთ დაზიანებულს. თუ ტკივილს მოითმენთ, ამით მას უფრო მეტად გააძლიერებთ. დროულად მიიღეთ ჩვეული, უკვე ნაცადი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართეთ სპეციალისტს.