რა არის ართრიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ართრიტი

ართრიტისათვის დამახასიათებელია ერთი ან რამდენიმე სახსრისა და მისი მიმდებარე წარმონაქმნების ტკივილი, შეშუპება, ნორმალური სტრუქტურის დარღვევა. პირდაპირი თარგმნით სიტყვა „ართრიტი“ აღნიშნავს სახსრის ანთებას. რეალურად, ართრიტის დროს ანთება მოიცავს არა მარტო თავად სახსარს, არამედ სახსრის ირგვლივ არსებულ მყესებსა და იოგებს. სიმპტომები შეიძლება აღმოცენდეს უეცრად და სწრაფად, ან თანდათანობით, ხშირად იწვევს პაციენტის ყოველდღიური საქმიანობისა და აქტიურობის დარღვევას. როგორ ვლინდება ართრიტი ართრიტის ნიშნები და მათი აღმოცენების სისწრაფე დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის შეიძლება უეცრად განვითარდეს ან ნელ-ნელა გამოიხატოს სახსრის ანთების სრული სურათი. ვინაიდან უხშირესად ართრიტი ქრონიკული (ხანგრძლივად მიმდინარე) დაავადებაა, მისი ნიშნების გამოვლინების ინტენსივობაც პერიოდულად იცვლება უმცირესიდან მკვეთრამდე. მიუხედავად ამისა, მედიკოსები გამოყოფენ მისთვის დამახასიათებელ ოთხ ძირითად სიმპტომს, რომელთა აღმოცენებაც ექიმთან ვიზიტის ჩვენებაა:

  • ტკივილი - ართრიტისათვის დამახასიათებელი ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ძლიერდებოდეს და სუსტდებოდეს. ის შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე სახსარს როგორც სხეულის ერთ, ასევე სხვადასხვა მხარეს;
  • შეშუპება - ზოგიერთი ართრიტისას სახსრის მფარავი კანი და ქვეშ მდებარე ქსოვილები შეიძლება იყოს შეშუპებული, შესაძლოა აღმოცენდეს კანის სიწითლე, შეხებისას შეიგრძნობოდეს სიმხურვალე. სიწითლე უფრო ნაკლებადაა შესამჩნევი, თუ პაციენტს მუქი კანი აქვს.
  • სახსრის შებოჭილობა - სახსრის შებოჭილობა ართრიტის ტიპური სიმპტომია. ზოგიერთი ართრიტისას ის უფრო მკვეთრად გამოხატულია დილით, ადგომისას, ან ხანგრძლივი უმოძრაო მდგომარეობის შემდეგ, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობის ან მგზავრობის მერე. არის შემთხვევები, როცა მოძრაობის შეზღუდვა ფიზიკური აქტიურობის შემდეგ ძლიერდება ან მუდმივია;
  • სახსრის მოძრაობის გაძნელება - თუ სახსრის მოძრაობა ან მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომა გაძნელებული ან მტკივნეულია, აშკარაა ართრიტის ან სახსრის სხვა პრობლემის არსებობა.

გარდა აღწერილი ამ ზოგადი სიმპტომებისა, ართრიტის კონკრეტულ შემთხვევას შეიძლება თან ახლდეს მისთვის დამახასიათებელი გამოვლინება. მაგალითად, იუვენულური რევმატოიდული ართრიტისათვის დამახასიათებელია თვალის ანთებითი ცვლილებები - უვეიტი, ირიტი, ირიდოციკლიტი; სეპტიკური ართრიტისას ხშირად პაციენტს აქვს მაღალი ტემპერატურა და სახსრის ძლიერი ტკივილი.

ართრიტის ტიპები

როგორც აღვნიშნეთ, განასხვავებენ ართრიტის 100-ზე მეტ ნაირსახეობას. მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ართრიტის უმთავრესი სახეებია:

ანთებითი ართრიტები - ანთება არის ორგანიზმის ნორმალური რეაქცია, რასაც საბოლოოდ გამოჯანმრთელება მოჰყვება. ის შეიძლება აღმოცენდეს მაშინ, როდესაც საჭიროა ბაქტერიების, ვირუსების, სხვადასხვა დაზიანებისგან (მაგალითად, დამწვრობის დროს) დაცვა. აღნიშნულისაგან განსხვავებით, ანთებითი ართრიტისას ანთება აღმოცენდება ასეთი თვალსაჩინო მიზეზის გარეშე და არ არის ნორმალური რეაქცია უცხო აგენტზე ან დაზიანებაზე. ეს ანთება არ ეხმარება ორგანიზმის გაჯანსაღებას და აზიანებს სახსარს, რაც ტკივილით, შეშუპებით, სახსრის შებოჭილობით ვლინდება. ანთებითი ართრიტისას შესაძლოა დაზიანდეს რამდენიმე სახსარი, დაზიანებამ შეიძლება მოიცვას როგორც სახსრის ზედაპირი, ისე მის ქვეშ არსებული ძვლები. ანთებითი ართრიტების მაგალითებია:

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • რეაქტიული ართრიტი;
  • მაანიკოზებელი სპონდილიტი;
  • ფსორიაზული ართრიტი.

დეგენერაციული ანუ მექანიკური ართრიტი - ოსტეოართრიტი - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება ძვლების დაბოლოებების მფარავი ხრტილები. გლუვი, სრიალა სასახსრე ხრტილის დანიშნულებაა, უზრუნველყოს სახსრის მოძრაობა ხახუნის გარეშე. დეგენერაციული ართრიტისას ხრტილი უფრო თხელი და უხეშია. ხრტილის კარგვისა და სახსრის ფუქციის ცვლილების საკომპენსაციოდ ორგანიზმი სტაბილურობის აღსადგენად იწყებს ძვლის რემოდელირებას, რასაც მოჰყვება არასასურველი ძვლოვანი წანაზარდების - ოსტეოფიტების წარმოქმნა. ამის შედეგად ირღვევა სახსრის არქიტექტონიკა. ასე ყალიბდება ოსტეოართრიტი. ოსტეოართრიტის აღმოცენებას ხშირად ხელს უწყობს ასევე სახსრის წინასწარი დაზიანება, მაგალითად, მოტეხილობის ან ანთების შედეგად.

შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები - შემაერთებელი ქსოვილი (მყესები, იოგები, ხრტილები) იჭერს, აერთიანებს ან გამოყოფს ერთმანეთისაგან ორგანიზმის ქსოვილებსა და ორგანოებს. შემაერთებელი ქსოვილების დაავადებებისას (ანუ რევმატული დაავადებებისას, როგორც ხშირად უწოდებენ), როგორც წესი, ვითარდება სახსრების ტკივილი და იმუნური ანთება. უკანასკნელი შეიძლება მოიცავდეს სხვა ქსოვილებსაც კანის, კუნთების, ფილტვის, თირკმლის ჩათვლით. ამ დროს, მტკივნეული სახსრების გარდა, აღმოცენდება სხვა სიმპტომებიც და საჭირო ხდება სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია. შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების მაგალითებია:

  • სისტემური წითელი მგლურა;
  • სკლეროდერმია ანუ სისტემური სკლეროზი;
  • დერმატომიოზიტი;
  • შეგრენის დაავადება.

ინფექციური ართრიტი - ზოგჯერ ბაქტერია, ვირუსი ან სოკო შეაღწევს სახსარში და ანთებას იწვევს. მიკროორგანიზმი, რომელიც შეიძლება სახსრის ანთების მიზეზი გახდეს უხშირესად არის:

  • სალმონელა და შიგელა - დასნებოვნება ხდება საკვებით;
  • ქლამიდია და გონორეა - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია;
  • c ჰეპატიტი.

ამ დაავადებების დროს ექიმმა ართრიტს შეიძლება უმკურნალოს ანტიბიოტიკებით ან სხვა ანტიმიკრობული საშუალებებით. მიუხედავად ამისა, თუ ინფექციური პროცესი გრძელდება, ართრიტმა შეიძლება ქრონიკული ხასიათი მიიღოს და სახსრის დაზიანებაც შეუქცევადი გახდეს.

მეტაბოლური ართრიტი - ორგანიზმში ქიმიური ნივთიერებების - პურინების დაშლის შედეგად წარმოიქმნება შარდმჟავა, რომელიც თირკმლის მეშვეობით შარდით გამოიყოფა. ადამიანთა გარკვეული ნაწილის ორგანიზმში ჭარბი შარდმჟავა წარმოიქმნება ან მისი სათანადო გამოყოფა ვერ ხდება. ეს იწვევს სახსრებში ნემსების მსგავსი შარდმჟავას კრისტალების ფორმირებას და პოდაგრის აღმოცენებას. დაავადება ხასიათდება ტერფის ცერა თითის სახსრების მწვავე ანთებით. თუ სისხლში შარდმჟავას დონე არ დაქვეითდა, პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით და პერიოდული გამწვავებებით - მწვავე ართრიტის შეტევებით.

სეპტიკური ართრიტი - სეპტიკური ართრიტი არის ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით გამოწვეული სახსრის ანთება. ის უხშირესად აზიანებს მუხლს ან ბარძაყს. არსებული მონაცემების თანახმად, მისი სიხშირე 100 000 ადამიანზე 2-დან 6-მდეა. სეპტიკური ართრიტი ვითარდება მაშინ, როცა გამომწვევი სისხლის ნაკადით ან უშუალოდ (მაგალითად, ჭრილობის ან ქირურგიული ჩარევისას) შეაღწევს სახსარში. მწვავე სეპტიკური ართრიტის უხშირესი გამომწვევებია - სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, გონორეის ნეისერია. ქრონიკულ სეპტიკურ ართრიტს ხშირად იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერია და კანდიდა. ქრონიკული სეპტიკური ართრიტი უფრო იშვიათია.

სეპტიკური ართრიტის რისკს ზრდის:

  • სახსრის უკვე არსებული დაავადება ან დაზიანება;
  • ხელოვნური სახსრის არსებობა;
  • ორგანიზმში ბაქტერიული ინფექცია;
  • სისხლში ბაქტერიის არსებობა;
  • ზოგიერთი ქრონიკული დაავადება - დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, ანემია;
  • ინტრავენური ინიექცია;
  • იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები;
  • ახლო წარსულში სახსრის დაზიანება;
  • სახსარზე ოპერაცია ან მანიპულაცია;
  • იმუნური სისტემის დამთრგუნველი დაავადება (მაგალითად, აივ ინფექცია);
  • ხანდაზმული ასაკი.

სეპტიკური ართრიტი გადაუდებელი მდგომარეობაა, ის შეიძლება სახსრის დესტრუქციის მიზეზი გახდეს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, ართრიტის ყველაზე ფართოდ გავრცელებლი სახეებია ოსტეოართრიტი, პოდაგრა, რევმატოიდული ართრიტი და მაანკილოზებელი სპონდილიტი.

რა იწვევს ართრიტს

სხვადასხვა ართრიტის შემთხვევაში გამომწვევიც განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს:

  • სახსრის დაზიანება, რაც დეგენერაციული ართრიტის მიზეზი ხდება;
  • მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) დარღვევა, რაც პოდაგრის ანუ ნიკრისის ქარის და კალციუმის პიროფოსფატის დაგროვებით მიმდინარე დაავადების მიზეზია;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • ინფექცია (მაგალითად, ლაიმის დაავადება ანუ ბორელიოზი);
  • იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ ართრიტი უხშირესად ამ ფაქტორების კომბინირებული ზემოქმედების შედეგია, თუმცა, არის შემთხვევებიც, როცა თვალსაჩინო მიზეზი არც კი ვლინდება.

როგორ ვუმკურნალოთ ართრიტს

ართრიტის მკურნალობის მიზანია ტკივილის კონტროლი, სახსრის დაზიანების შემცირება, სახსრის ფუნქციის და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ან შენარჩუნება. ამ მიზნის მისაღწევად ექიმებს ხელთ აქვს მედიკამენტები და სხვადასხვა არამედიკამენტური მეთოდი. რასაკვირველია, მკურნალობის დაგეგმვისას მხედველობაში მიიღება, ართრიტის რომელი სახე აქვს კონკრეტულ პაციენტს. აღნიშნული განსაზღვრავს მედიკამენტების არჩევანსაც, თუმცა, ართრიტის სამკურნალო ძირითადი მედიკამენტური საშუალებებია:

  • საანალგეზიო საშუალებები (ტკივილგამაყუჩებლები) - ეს საშუალებები ამცირებენ ტკივილს, თუმცა, არ ზემოქმედებენ ანთებით ცვლილებებზე. ტკივილგამაყუჩებლებია აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) და ტრამადოლი;
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები - ისინი ამცირებენ ტკივილსაც და ანთებასაც. ამ ჯგუფის პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს საინიექციო, ტაბლეტების, მალამოების, კრემებისა და ეპლასტროების სახით;
  • ადგილობრივი გაღიზიანების საწინააღმდეგო საშუალებები - ზოგიერთი კრემი და მალამო შეიცავს მენთოლსა და კაპსაიცინს - ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ წვის შეგრძნებას. მათი შეზელა მტკივნეული სახსრის ზედაპირზე ამცირებს ტკივილის იმპულსს და შვებას ჰგვრის პაციენტს;
  • დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული საშუალებები - ამ ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. ისინი აქვეითებენ ან წყვეტენ იმუნური სისტემის დამზიანებელ ზემოქმედებას სახსრებზე. დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული საშუალებების მაგალითებია მეტოტრექსატი და ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი);
  • ბიოლოგიური აგენტები - ეს არის გენური ინჟინერიით შექმნილი საშუალებები, რომლებიც სამიზნედ ირჩევენ იმუნურ პასუხში მონაწილე სხვადასხვა ცილის მოლეკულებს.
  • კორტიკოსტეროიდები - ამცირებენ ანთებას და თრგუნავენ იმუნურ სისტემას, მის მონაწილეობას ანთებაში. სტეროიდების მაგალითებია პრედნიზოლონი, მეთილპრედნიზოლონი.