News
6 ახალი გენი, რომლებიც, როგორც გაირკვა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მძიმე აუტოიმუნური დაავადების - სისტემური წითელი მგლურას განვითარებაში. სისტემური წითელი მგლურა მიეკუთვნება იმ დაავადებათა რიცხვს, რომლებიც იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევის შედეგად ვითარდება. შეგახსენებთ: ამ დროს ორგანიზმი ანტისხეულების საშუალებით ებრძვის საკუთარ უჯრედებს, რომლებსაც მისი იმუნური სისტემა უცხოდ აღიქვამს.
მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს დაავადება 1,4 მილიონ კაცს აქვს. სისტემური წითელი მგლურას უშუალო მიზეზი თუ მიზეზები უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს, ერთი მხრივ, მემკვიდრეობითი განწყობა, მეორე მხრივ კი გარეგანი ფაქტორები.
გამოკვლევებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 10 000-მა ადამიანმა. თითოეულ მათგანს, ასევე - მათ ნათესავებს, დნმ-ს გამოკვლევა ჩაუტარდა. შედეგად მეცნიერებმა ამოიცნეს 13 გენი, რომლებიც ზრდის დაავადების განვითარების რისკს. მათ შორის 6 - ახალი. ერთ-ერთი მათგანი, ITGAM, მეთექვსმეტე ქრომოსომაზე მდებარეობს და უკავშირდება კომპლემენტის სისტემას - სისხლის პლაზმაში არსებული იმ ცილების ერთობლიობას, რომლებიც იმუნური პასუხის განვითარებაში მონაწილეობენ. მეორე გენი, BLK, მერვე ქრომოსომაზეა მოთავსებული და გავლენას ახდენს B-ლიმფოციტების მუშაობაზე, რომლებიც, თავის მხრივ, ანტისხეულების წარმოქმნაში მონაწილეობენ. დანარჩენი 4 გენი მესამე, მეთერთმეტე, პირველ და მეოთხე ქრომოსომებზე მდებარეობს. წითელი მგლურას განვითარებაში მათი როლი ჯერჯერობით უცნობია.
მკვლევართა აზრით, ახალი მონაცემები კლინიცისტებს იმ ადამიანების გამოვლენაში დაეხმარება, რომლებსაც ამ დაავადებისადმი მემკვიდრეობითი განწყობა აქვთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ამ გამოკვლევათა შედეგების საფუძველზე დაინერგოს მკურნალობის ახალი მეთოდები, რომლებიც მედიკამენტების საშუალებით "ცუდი" გენების ბლოკირებისკენ იქნება მიმართული. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამჟამად სისტემური წითელი მგლურა უკურნებელ დაავადებად მიიჩნევა.
კიდევ ერთი დამნაშავე გენი
ეს გენი, რომელიც რამდენჯერმე ზრდის სისტემური წითელი მგლურას განვითარების რისკს, ამერიკელმა გენეტიკოსებმა აღმოაჩინეს. უკვე კარგა ხანია, რაც გენეტიკოსები წითელი მგლურას პათოგენეზში მემკვიდრეობით ფაქტორს დიდ როლს მიაკუთვნებენ. კოლორადოს უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფმა გენეტიკურად მოდიფიცირებულ თაგვებზე ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გაარკვია, რომ ერთ-ერთი საეჭვო გენი, კერძოდ, IFi 202, ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება სისტემურ წითელ მგლურას, ხოლო მისი მეზობელი გენები სხვა დაავადებების განვითარებაში მონაწილეობენ.
აშშ-ის ართროლოგთა ასოციაციის დირექტორმა და სისტემური წითელი მგლურას წამყვანმა სპეციალისტმა ჯონ კლიპერმა განაცხადა: "თუ ჩემი კოლეგების მიერ მიღებული შედეგები სწორია, გამოდის, რომ მათ შეუძლებელი შეძლეს. ყველა აუტოიმუნური დაავადება ზოგადად მსგავსია, ამიტომ თუ ჩვენ შევიტყვეთ რაიმე ერთ-ერთი მათგანის შესახებ, სხვათა საიდუმლოს ამოხსნაც გაგვიადვილდება".
რევმატოიდულ ართრიტს სისხლის უჯრედებით უმკურნალებენ
ნიუკასტლის უნიერსიტეტში შეიმუშავეს რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც ეფუძნება აუტოიმუნური რეაქციების დათრგუნვას პაციენტისავე სისხლის მოდიფიცირებული უჯრედებით. სპეციალისტებს განზრახული აქვთ, ავადმყოფებზე საპილოტო გამოცდა უახლოეს მომავალში დაიწყონ.
რევმატოიდულ ართრიტს საფუძვლად უდევს აუტოიმუნური რეაქციები - იმუნური სისტემის დეფექტი, რომლის შედეგადაც ადამიანის იმუნური უჯრედები საკუთარი ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას იწყებენ. მეცნიერთა ჯგუფი ექსპერიმენტს ატარებს დენდრიტულ უჯრედებზე, რომლებიც იმუნური პასუხის რეგულაციაში მონაწილეობენ. ამ უჯრედების უმეტესობა იმუნური სისტემის აქტივაციაზე აგებს პასუხს, მაგრამ მათი ერთ-ერთი სახესხვაობა, ტოლეროგენური დენდრიტული უჯრედები, პირიქით, თრგუნავს იმუნურ რეაქციებს.
ქიმიური ნაერთების, სტეროიდებისა და დ ვიტამინის საშუალებით ბრიტანელმა მეცნიერებმა პაციენტებისგან მიღებული დენდრიტული უჯრედების წინამორბედები ტოლეროგენურ დენდრიტულ უჯრედებად გარდაქმნეს. მკვლევართა აზრით, ამ უჯრედების შეყვანა ორგანიზმის იმუნურ სისტემას გადააპროგრამებს და პათოლოგიურ იმუნურ რეაქციებს შეაჩერებს.
მკურნალობის არსი ასეთია: ავადმყოფის ერთ-ერთ დაზიანებულ სახსარში მისივე სისხლის მოდიფიცირებული უჯრედები შეჰყავთ. ინექციიდან 2 კვირის შემდეგ აიღებენ ქსოვილების ნაწილს ბიოფსიისთვის, ხოლო თუ შედეგი დადებითი აღმოჩნდა, უახლოესი 5 წლის განმავლობაში შეიძლება მივიღოთ ახალი იარაღი იმ დაავადებასთან საბრძოლველად, რომელიც დღესდღეობით უკურნებლად მიიჩნევა.
ალკოჰოლის სასარგებლო თვისებები
არ არის გამორიცხული, ალკოჰოლის რეგულარული გამოყენება რევმატოიდული ართრიტის განვითარებას აფერხებდესო - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს ამ დაავადების განვითარებაში მემკვიდრეობითი და გარეგანი ფაქტორების როლი.
კაროლინის უნივერსიტეტის სპეციალისტთა მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში 2750-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთი მათგანი რევმატოიდული ართრიტით იყო დაავადებული, ზოგიერთს კი არაფერი აწუხებდა. მონაწილეებს გამოკითხეს, რამდენ ალკოჰოლსა და სიგარეტს მოიხმარდნენ, გარდა ამისა, ჩაუტარეს სისხლის გამოკვლევა რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი გენის გამოსავლენად. გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 80 გრამზე მეტ ალკოჰოლს იღებდნენ, რევმატოიდული ართრიტი 1,5-ჯერ იშვიათად ემართებოდათ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს. გამოკვლევის ხელმძღვანელმა ჰენრიკ კოლბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალკოჰოლსა და რევმატოიდულ ართრიტს შორის ამგვარი ურთიერთკავშირი თანაბრად შეინიშნებოდა მამაკაცებსა და ქალებს შორის.
ალკოჰოლის დამცველობითი მექანიზმი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის ართრიტის განვითარებაში მონაწილე აუტოიმუნურ პროცესებს თრგუნავს. გარდა ამისა, მეცნიერებს მიჩნიათ, რომ ალკოჰოლს შეუძლია შეაფერხოს ანთების განვითარება და აქედან გამომდინარე, ორგანიზმი არა მარტო ართრიტისგან, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგანაც დაიცვას, თუმცა გვირჩევენ, არ დავივიწყოთ, რომ მისი ჭარბი მოხმარება მრავალ ორგანოსა და სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური დაავადებაა და წვრილი სახსრების უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ამ დაავადებით დაახლოებით 400 ათასი კაცია ავად.
რა აკავშირებს ერთმანეთთან ლიმფომასა და რევმატოიდულ ართრიტს
რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს, რომელთაც ორზე მეტი სახსარი აქვთ დაზიანებული, ლიმფომის განვითარების მომეტებული რისკი ემუქრებათ. ასეთი დასკვნა მეცნიერებმა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც დაწვრილებით შეისწავლეს რევმატოიდული ართრიტით დაავადებული 2105 ადამიანის ავადმყოფობის ისტორია.
რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური ანთებითი დაავადებაა, რომელიც საბოლოოდ სახსრების შეუქცევად დეფორმირებას იწვევს. ათწლიანი დაკვირვების შედეგად ლიმფომის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე დიდი რისკით გამოირჩეოდნენ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულები, რომლებიც ციტოსტატიკებით, განსაკუთრებით კი მეტოტრექსატით მკურნალობდნენ.
ლიმფომა ლიმფური ქსოვილის ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ლიმფური კვანძების გადიდება და/ან სხვადასხვა შინაგანი ორგანოს დაზიანება ახასიათებს.
კონტრაცეპტივები წითელი მგლურას სავარაუდო რისკფაქტორია
ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება სისტემური წითელი მგლურას განვითარებასთან ასოცირდებაო, დაასკვნეს მონრეალის უნივერსიტეტში კონტროლის მეთოდით ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასების შემდეგ. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ წითელი მგლურას განვითარების რისკის მატებაში იმ ორალურ კონტრაცეპტივებს მიუძღვის ბრალი, რომლებიც ესტროგენების დიდ დოზებს შეიცავს. გამოკვეთილი რისკი უმთავრესად იმ ქალებს ჰქონდათ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დაიწყეს კონტრაცეპტივების მიღება ან მესამე თაობის პრეპარატების ნაცვლად პირველი ან მეორე თაობის ორალურ კონტრაცეპტივებს იღებდნენ.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დაავადების განვითარების ყველაზე მაღალი ალბათობა თან სდევდა ეთინილ ესტრადიოლის ყველაზე დიდი - 50 მგ-იანი - დოზის შემცველი კონტრაცეპტივების გამოყენებას. უფრო დაბალი დოზის შემცველი კონტრაცეპტივების მიღებისას რისკი უმნიშვნელოდ იმატებდა.
სისტემური წითელი მგლურა ქალებში მამაკაცებზე გაცილებით ხშირად გვხვდება. ამასთანავე, დაავადების სიხშირე იმატებს სქესობრივი მომწიფების შემდეგ, ამიტომაც მიაჩნიათ, რომ მის განვითარებაში ჰორმონები არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებს. მონრეალელმა მეცნიერებმა 18-დან 45 წლამდე ასაკის 1 723 781 ქალის მონაცემები შეისწავლეს. ყველა ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველ კომბინირებულ კონტრაცეპტივს იღებდა. პირველი და მეორე თაობის კონტრაცეპტივები შეიცავდა ეთინილ ესტრადიოლს ნორეთისტერონით, ლევონორჟესტრელითა და ნორჟესტრელით, მესამე თაობის პრეპარატში კი შედიოდა ეთინილ ესტრადიოლი ჟესტოდენთან, დეზოჟესტრელთან ან ნორჟესტიმეტთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელთა ნებისმიერი კომბინაციისას რისკი 1,19-ჯერ იმატებდა, მესამე თაობის კონტრაცეპტივები კი დაავადების განვითარების ალბათობას თითქმის არ ცვლიდა.
გამოკვლევის შედეგებს მეცნიერები ესტროგენის პრეპარატების იმუნიტეტზე ზემოქმედებას უკავშირებენ - ეს ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს A ლიმფოციტების მომწიფებასა და გააქტიურებაში.