სახსართა გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსართა გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები

ულტრაბგერითი რხევების გავლისას განისაზღვრება გამოსაკვლევი არის სტრუქტურული და ფიზიკური თვისებები. ულტრაბგერითი გამოკვლევა მაღალინფორმაციულია სასახსრე ნაპრალში მცირე მოცულობის გამონაყოფის აღმოსაჩენად, იოგებისა და იოგთაშორისი არეების შესასწავლად. აღნიშნული გამოკვლევით შესაძლებელია სინოვიური გარსის ცვლილებების გამოვლენა რევმატოიდული ართრიტის დროს. ულტრაბგერითი დოპლერული სკანირებით შესაძლებელია შეფასდეს სინოვიური გარსის ვასკულარიზაციის ხარისხი, ძვლების კონტურები, სასახსრე ნაპრალის სიფართოვე, გამოვლინდეს ძვლების ეროზია და სხვა.

რენტგენდიაგნოსტიკა

რევმატული დაავადებების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახსრებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდები. გასათვალისწინებელია, რომ სახსართა დაზიანების დროს არსებობს ე. წ. რენტგენნეგატიური პერიოდი და პირველი სპეციფიკური რენტგენოლოგიური ნიშნები (ოსტეოპოროზი, ძვლოვანი ქსოვილის კისტური გარდაქმნა და სხვა) ვლინდება დაავადების კლინიკური ნიშნების განვითარებიდან რამდენიმე კვირის, ზოგჯერ კი რამდენიმე თვის შემდეგ. ზოგიერთი რევმატული დაავადების დროს ადრეული ცვლილებები შეინიშნება განსაზღვრულ სახსრებში, ამიტომაც რევმატოიდულ ართრიტზე ეჭვის დაბადებისას აუცილებელია მტევნებისა და ტერფების რენტგენოგრამის გადაღება.

პოდაგრაზე ეჭვის შემთხვევაში იკვლევენ პირველი ნებ-ფალანგის სახსარს, თუმცა კვლევის რენტგენოლოგიური მეთოდის მგრძნობელობა დაავადების ადრეულ სტადიაზე რამდენადმე დაბალია.

სახსრებსა და რბილ ქსოვილებში ადრეული ცვლილებების დიაგნოსტიკის მეთოდებს შორის ყველაზე მგრძნობიარე და ინფორმაციულია ულტრაბგერითი გამოკვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შესაძლებელია სახსრის ხრტილოვანი ნაწილის განლევისა და ძვლის უმცირესი ეროზიული კერების გამოვლენა, ძვლის ტვინის შეშუპების იმ მცირე უბანთა აღმოჩენა, რომლებიც, ფაქტობრივად, ეროზიის განვითარების წინამორბედებად მიიჩნევა.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა, განისაზღვროს სინოვიური გარსის სისქე, პათოლოგიური გამონაყოფის არსებობა სახსრის ღრუში, გამოვლინდეს მტევნის სახსრებში არსებული მცირე ეროზიებიც კი, რომლებიც, ჩვეულებრივ, რევმატოიდული ართროზის ადრეულ სტადიაზე რენტგენოგრამაზე არ ჩანს. ცვლილებათა განსაკუთრებით კარგი ვიზუალიზაცია ხდება საკონტრასტო ნივთიერების ინტრავენურად შეყვანისას. სახსართა გამოკვლევის დამატებით მეთოდებს მიეკუთვნება:

  • ართროგრაფია - სახსრის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, როდესაც სახსრის ღრუში შეჰყავთ ჟანგბადი, ნახშირორჟანგი (ართროპნევმოგრაფია) ან საკონტრასტო იოდშემცველი ნივთიერება. ართროგრაფიით შესაძლებელია დადგინდეს სინოვიური გარსისა და სასახსრე ხრტილის დაზიანების ხასიათი, სახსრის კაფსულისა და იოგოვანი აპარატის მდგომარეობა.
  • სახსართა რადიოიზოტოპური გამოკვლევა - ინტრავენურად შეყვანილი იზოტოპის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება ფოტოქაღალდზე სცინტიგრამის სახით. იზოტოპის დაგროვება პროპორციულია სახსარში მიმდინარე ანთებითი პროცესის აქტივობისა. სცინტიგრაფიის საშუალებით შესაძლებელია ართრიტის (უშუალოდ სახსრის ანთების), სინოვიტის (სახსრის სინოვიური გარსის ანთების) ადრეული დიაგნოსტიკა, სახსართა დეგენერაციული და ანთებითი პროცესების დიფერენციული დიაგნოსტიკა.
  • ართროსკოპია - სახსრის ღრუს ვიზუალური გამოკვლევა ართროსკოპის დახმარებით. ართროსკოპია როგორც დიაგნოსტიკური მეთოდი წარმატებით გამოიყენება მუხლის სახსრის მონოართროზის დროს. მეთოდი ნაკლებტრავმულია, ამავე დროს ინფორმაციულია სასახსრე ხრტილის, სინოვიური გარსის მდგომარეობის შესაფასებლად, მენისკებისა და იოგოვანი აპარატის დაზიანების განსასაზღვრად.

სახსარშიგა ინექციები მუხლის სახსრის ართროზის დროს

მუხლის სახსრის ართროზის დროს ექსტრემალური დახმარების მიზნით ხშირად გამოიყენება სახსარშიგა ინექციები, რომლებიც უმეტესად მართლაც აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. თუმცა ართროზის დროს სახსარშიგა ინექციებს გაცილებით ხშირად მიმართავენ, ვიდრე საჭიროა. სპეციალისტთა აზრით, მუხლის სახსარში ხშირი ინექციები არ არის სასურველი. ყველაზე ხშირად სახსარში შეჰყავთ კორტიკოსტეროიდული ჰორმონები - კენალოგი, დიპროსპანი, ჰიდროკორტიზონი, ფლოსტერონი, ცელესტონი. კორტიკოსტეროიდები სწრაფად და ეფექტურად ხსნის ტკივილს, აცხრობს ანთებით პროცესს სინოვიტის (სახსრის სინოვიური გარსის ანთების) დროს. ამიტომაც სარგებლობს ასეთი პოპულარობით. თუმცა მათი გამოყენება რეალური საჭიროების გარეშე, მაგალითად, პროფილაქტიკის მიზნით, ართროზის შემდგომი განვითარების შესაფერხებლად, გაუმართლებელია. საქმე ის არის, რომ კორტიკოსტეროიდები საკუთრივ ართროზის სამკურნალო საშუალებას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, მას ვერ განკურნავს. კორტიკოსტეროიდები ვერ გააუმჯობესებს სასახსრე ხრტილის მდგომარეობას, ვერ უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის გამყარებასა და სისხლის მიმოქცევის აღდგენას. ერთადერთი, რაც კორტიკოსტეროიდებს შეუძლია - ეს სახსრის ღრუს ამა თუ იმ სახის დაზიანებაზე ორგანიზმის საპასუხო ანთებითი რეაქციის შესუსტებაა. აქედან გამომდინარე, კორტიკოსტეროიდების სახსარშიგა ინექციებისთვის გამოყენებას დამოუკიდებელი სამკურნალო მეთოდის სახით აზრი არ აქვს. ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ართროზის კომპლექსურ თერაპიაში სხვა მედიკამენტებთან ერთად.

მრავალი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, პაციენტს აქვს მეორე სტადიის გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) სითხის დაგროვების გამო სახსრის შესივებით და სინოვიტი (სახსრის სინოვიური გარსის ანთება) და სითხის დაგროვება აძნელებს ისეთი სამკურნალო პროცედურების ჩატარებას, როგორიც არის მანუალური თერაპია, ვარჯიში, ფიზიოთერაპია, - ამ შემთხვევაში ჰორმონული პრეპარატის სახსარშიგა ინექცია სწორი მიდგომაა. ის ჩააცხრობს სინოვიტს და რამდენიმე დღის შემდეგ სხვა აქტიური სამკურნალო ღონისძიებების გასატარებლად ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.

ახლა განვიხილოთ მეორე სიტუაცია: პაციენტს აღენიშნება მეორე სტადიის გონართროზი, თუმცა სითხის დაგროვება და სახსრის შეშუპება არ ფიქსირდება. საჭიროა თუ არა ამ შემთხვევაში სახსარში კორტიკოსტეროიდების შეყვანა? სპეციალისტთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ რაკი ანთება არ არის, არც ჰორმონის მოქმედების სამიზნე წერტილი არსებობს.

და მაინც, თუ კორტიკოსტეროიდის სახსარშიგა ინექცია აუცილებელი გახდა, რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ინექციის ხშირად განხორციელება ერთსა და იმავე სახსარში არ არის რეკომენდებული (ზოგიერთი ავტორის მონაცემებით, ინექცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ). საქმე ის გახლავთ, რომ შეყვანილი მედიკამენტი მთელი ძალით უმალვე არ ამოქმედდება, შესაბამისად, ექიმი განხორციელებული პროცედურის ეფექტის შეფასებას 10-14 დღის შემდეგ შეძლებს. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კორტიკოსტეროიდების პირველ ინექციას გაცილებით დიდი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე მომდევნოებს. თუ პირველი სახსარშიგა ინექცია უშედეგო აღმოჩნდა, მცირეა ალბათობა, რომ იმავე ადგილას იმავე პრეპარატის მეორე ან მესამე ინექციამ შედეგი გამოიღოს.

პირველი სახსარშიგა ინექციის უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, მედიკამენტის შეცვლა, ხოლო თუ ესეც უშედეგო აღმოჩნდა - სხვა საინექციო არის (ადგილის) შერჩევა. თუ კორტიკოსტეროიდის სახსარში შეყვანამ ამის შემდეგაც არ გამოიღო სათანადო შედეგი, უმჯობესია ჰორმონული პრეპარატებით სახსრის მკურნალობა შეწყდეს.


მით უმეტეს, რომ ჰორმონების შეყვანა ერთსა და იმავე სახსარში 4-5 ჯერზე მეტად არასასურველია - იზრდება გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ინექციისას სახსარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ტრავმირდება ნემსით. გარდა ამისა, არსებობს სახსარში ინფექციის შეჭრის საშიშროება, ჰორმონთა ხშირი შეყვანა სახსრის იოგებისა და გარემომცველი კუნთების სტრუქტურის რღვევის პროვოცირებას ახდენს, სახსარს "აყანყალებს". რაც მთავარია, კორტიკოსტეროიდების ხშირი ინექციები აუარესებს იმ პაციენტთა მდგომარეობას, რომლებსაც სახსრების დაზიანება შეუღლებული აქვთ შაქრიან დიაბეტთან, მაღალ არტერიულ წნევასთან, სიმსუქნესთან, თირკმლის უკმარისობასთან, კუჭის ან ნაწლავების წყლულოვან პათოლოგიასთან, ტუბერკულოზურ დაავადებასთან, ჩირქოვან ინფექციებსა და ფსიქიკურ პრობლემებთან. კორტიკოსტეროიდების უშუალოდ სახსრის ღრუში შეყვანაც კი ხშირად მთელ ორგანიზმზე ახდენს ზეგავლენას, ამწვავებს ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს.

გაცილებით სასარგებლოა ართროზით დაზიანებულ მუხლის სახსარში ქონდროპროტექტორების (ალფლუტოპი, ართეპარონი) ან სპეციალური ფერმენტების (კონტრიკალი) შეყვანა. ეს პრეპარატები კურსობრივად გამოიყენება. მკურნალობის ერთი კურსი, სახსრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად, 3-დან 15-მდე ინექციას მოიცავს. აღნიშნული პრეპარატები აუმჯობესებს ხრტილოვანი ქსოვილის მდგომარეობას, ხელს უწყობს სახსარში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, უშუალოდ მოქმედებს დაავადების გამოწვევ მიზეზებზე და მკურნალობს ართროზს.

ისმის კითხვა: მაშ რატომ იყენებენ ექიმები ქონდროპროტექტორებისა და ფერმენტების სახსარშიგა ინექციებს შედარებით იშვიათად? საქმე ის გახლავთ, რომ აღნიშნული პრეპარატები პაციენტთა მხოლოდ 50-70%-ს შველის და წინასწარ ვერავინ იტყვის, რამდენად ეფექტიანი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში მათი გამოყენება. ამასთანავე, დასახელებული მედიკამენტები ჰორმონულ პრეპარატებზე ნელა მოქმედებს. ქონდროპროტექტორებისა და ფერმენტების შედარებით ძვირად ღირებული კურსის ჩატარებისას (რომელიც 5-10 სახსარშიგა ინექციას მოიცავს) პაციენტები, ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელების გარანტიას ითხოვენ. ამ თვალსაზრისით დღეს უფრო საიმედოა ჰიალურონის მჟავას პრეპარატები (ოსტენილი და სხვა). დაავადებულ სახსარში შეყვანილი ოსტენილი სახსრის ბუნებრივი საცხივით მოქმედებს, დაზიანებული სახსრის ზედაპირზე ერთგვარ დამცავს აპკს წარმოქმნის, რითაც ხახუნს ამცირებს, აუმჯობესებს სასახსრე ზედაპირების მოძრაობას და ხრტილოვან ქსოვილს შემდგომი დაზიანებისგან იცავს. ჰიალურონის მჟავა საკუთრივ ხრტილოვანი ქსოვილის სიღრმეშიც აღწევს და აუმჯობესებს მის ელასტიკურობას, ზრდის გამძლეობას.

სახსართა დაავადებების ფიზიოთერაპიული მკურნალობა

სახსართა დაავადებების დროს ფიზიოთერაპია გამოიყენება როგორც მკურნალობის დამატებითი მეთოდი. მისი აქტიურად ჩართვა ხდება აგრეთვე დაავადების შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდშიც.

ფიზიოთერაპია მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორიც არის ბაროთერაპია, ელექტროთერაპია, მაგნიტოთერაპია, ულტრამაღალი სიხშირის გამოსხივების ზემოქმედება (უ-ვე-ჩე), ლაზეროთერაპია, რეფლექსოთერაპია და სხვა.

სახსრების დაავადებათა მკურნალობაში ფიზიოთერაპიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივად მოქმედი სამკურნალო საშუალების, ასევე უშუალოდ პათოლოგიური პროცესის შემცველ უბანში სამკურნალო პრეპარატის მიწოდების კუთხით. მკურნალობის სხვა მეთოდების მსგავსად, ფიზიოთერაპიასაც აქვს ჩვენებები და უკუჩვენებები, ამიტომაც მისი დანიშვნა და ჩატარება თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დაუშვებელია. ფიზიოთერაპიული მეთოდის შერჩევა, პროცედურის ხანგრძლივობისა და სიხშირის განსაზღვრა ექიმ სპეციალისტის კომპენტენციაა.

ფიზიოთერაპია ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით მკურნალობაა. ამ ფაქტორებს შორის არის სითბო, სიცივე, ულტრაბგერა, ელექტრული დენი, გრავიტაცია, მაგნიტური ველი, ლაზერი, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და სხვა სახის გამოსხივება, სამკურნალო ტალახი, წყალი, მასაჟი და სხვა.

ფიზიოთერაპია განაპირობებს ორგანიზმის შინაგანი რეზერვების მობილიზებას, აძლიერებს იმუნიტეტს, რითაც ააქტიურებს ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ანთების ჩაცხრობას, საზოგადოდ, გამოჯანმრთელებას. ფიზიოთერაპიული მკურნალობით შესაძლებელია დაავადებული სახსრის შებოჭილობის შემცირება, აღმოფხვრა, ულტრაბგერა იწვევს სახსრის ქსოვილთა ერთგვარ მასაჟს, ელექტროსტიმულაცია აუმჯობესებს სახსრის კვებას.

დაავადებული სახსრების მოძრაობის გასაუმჯობესებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო ფიზკულტურის, მისი ინტენსივობის რაციონალურად შერჩევას. ამ თვალსაზრისით, მაკორეგირებელი ტანვარჯიშის მსგავსად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კინეზითერაპიას - სარეაბილიტაციო ტრენაჟორების გამოყენებით სახსრების მკურნალობას.

მანუალური თერაპია სახსრების სამკურნალოდ

ბოლო ხანს სახსრების მკურნალობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მანუალური თერაპია. ძალისმიერი მეთოდები წარმატებით შეცვალა შედარებით დამზოგველმა და ფრთხილმა მიდგომებმა, რომლებიც იდეალურია არა მხოლოდ საკუთრივ პათოლოგიური სახსრებისთვის, არამედ მათთან დაკავშირებული რბილი ქსოვილებისთვისაც.

მანუალური თერაპიის სპეციალისტები ზემოქმედებას ახდენენ რეფლექტორულ მექანიზმებზე, რომელთა გააქტიურებითაც უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები დაზიანებული სახსრის ელემენტებში, ფერხდება დეგენერაციული პროცესები, სტიმულირდება რეგენერაციისა და რეაბილიტაციის პროცესები.

მანუალური თერაპიის სპეციალისტთა აღნიშნული ჩარევით პაციენტებს ეხსნებათ ტკივილები. სახსრების დაავადებათა მკურნალობაში მანუალური თერაპიის განსაკუთრებული აქტუალობა განპირობებულია იმითაც, რომ მას ფაქტობრივად არ გააჩნია მავნე გვერდითი ეფექტები, არ იწვევს გართულებებს, აქედან გამომდინარე, გამოცდილი სპეციალისტის მიერ პროცედურათა რაციონალურად, უკუჩვენებათა გათვალისწინებით ჩატარების შემთხვევაში სამკურნალო ეფექტი მაღალია. მით უმეტეს, როდსეაც მანუალური თერაპიის სეანსს მოსამზადებელი პროცედურის სახით წინ უძღვის მასაჟი კუნთთა გასახურებლად და დაძაბულობის მოსახსნელად.

რას წარმოადგენს ელექტროფორეზი

ელექტროფორეზი ფიზიოთერაპიული მეთოდია, რომლის დროსაც ორგანიზმზე ხდება მუდმივი დენის ზემოქმედება და ამ დენით ესა თუ ის სამკურნალო საშუალება შეიყვანება. აღნიშნული მეთოდით სამკურნალო პრეპარატი უშუალოდ დაავადებულ არეში ხვდება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდის ავლით, კანის საფარველის დაუზიანებლად, ამიტომაც ელექტროფორეზი მედიკამენტური თერაპიის ყველაზე უსაფრთხო საშუალებად მიიჩნევა.

მაგნიტოთერაპიის არსი

მაგნიტოთერაპიის არსია ადამიანის ორგანიზმზე მაგნიტური ველის ზემოქმედება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით. მაგნიტოთერაპიის საშუალებით აქტიურდება მიკროცირკულაცია. მუდმივი, ცვლადი და მორბენალი მაგნიტური ველის ზემოქმედებით ძლიერდება მეტაბოლური პროცესები ძვლოვანი რეგენერატის (მოტეხილობის დროს წარმოქმნილი შეხორცების) არეში, რეგენერაციის ანუ განახლების ზონაში ადრეულ ეტაპზევე ჩნდება ფიბრო- და ოსტეობლასტები, შესაბამისად, ადრევე იწყება ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა. ამასთანავე, აღნიშნული პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. მაგნიტოთერაპიის ჩვენებაა ძვალსახსროვანი სისტემის არაერთი დაავადება თუ დაზიანება, კერძოდ, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი (I-III სტადია როგორც გამწვავების, ასევე რემისიის ფაზაში), ინფექციურ-ტოქსიკური ართროზები, სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლიართრიტი, ბურსიტი (სახსრის სინოვიური აბგის ანთება), პერიართრიტი (სახსრის ირგვლივი ქსოვილების ანთება), მოტეხილობის შენელებული კონსოლიდაცია, მათ შორის - მეტალოსინთეზის შემთხვევაში და თაბაშირის ნახვევის არსებობისას, აგრეთვე - სასახსრე ჩანთის დაზიანება, იოგოვანი აპარატის დაჭიმულობა და ამოვარდნილობანი.

ამპლიპულსთერაპიის შესახებ

ამპლიპულსთერაპია ელექტროთერაპიის მეთოდია, რომელიც ორგანიზმზე დაბალი სიმძლავრის ცვლადი სინუსოიდური მოდულირებული დენების ზემოქმედებას გულისხმობს. აღნიშნული დენები აერთიანებს დაბალი და მაღალი სიხშირის დენების ღირსებებს, ამდენად, განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

სახსრების სამკურნალოდ ამპლიპულსთერაპია ინიშნება რევმატოიდული ართრიტის (პროცესის მინიმალური და საშუალო დონის აქტივობის შემთხვევაში), ართროზისა და პერიართრიტის დროს.