სახსრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსრები

სახსარი რამდენიმე ძვლის მარტივი შეერთება როდია; მას აქვს სახსრის თანმხლები, ძირითადი ელემენტები, რომელთა ფუნქციის მოშლაც ცალკეული სახსრის ფუნქციის მოშლას, მის გადაგვარებას და უძრაობასაც კი იწვევს. სახსარს ძირითად ელემენტებთან ერთად აქვს დამატებითი ანატომიური წარმონაქმნებიც - სახსრის დამატებითი ელემენტები.

სახსრის ძირითადი ელემენტები

სახსრის ძირითადი ელემენტებია სასახსრე ზედაპირები, სახსრის ხრტილი, სასახსრე ჩანთა, სახსრის ღრუ, სახსარშიგა სინოვიური სითხე. სახსრის დამატებითი ელემენტებია სასახსრე ბაგე, სასახსრე დისკო, სასახსრე მენისკები, სახსარშიგა იოგები, სესამოიდური ძვლები. დამატებითი ელემენტები კიდევ უფრო სრულყოფენ და ხვეწენ სახსრის მოძრაობას.

სასახსრე ზედაპირები

სახსრის შემადგენელ ძვლებს ბოლოებზე სასახსრე ზედაპირები აქვთ, რომლებიც სადაა, გლუვი, ზოგჯერ მეტად რთული ფორმისა. სასახსრე ზედაპირები მხოლოდ ძვლების ბოლოებზეა განვითარებული, ძვლის სხვა უბნებზე ასეთი წარმონაქმნები არ არსებობს.

ორი მეზობელი ძვლის სასახსრე ზედაპირი, ჩვეულებრივ, ერთმანეთის შესატყვისი, ურთიერთკონგრუენტულია, ანუ თუ ერთ ძვალზე სასახსრე ზედაპირს სფეროს ფორმა აქვს, მისი თანამოსახსრე მეორე ძვლის სასახსრე ზედაპირი დაახლოებით ასეთივე დიამეტრის ჩაღმავება იქნება (მხრის და მენჯ-ბარძაყის სახსრები), თუ ერთი ძვლის სასახსრე ზედაპირი ცილინდრული ფორმისაა, მეორეს სასახსრე ზედაპირად ასეთივე ზომისა და დიამეტრის ღარი ექნება და ა. შ. ისეც ხდება, რომ ერთ სახსარში მონაწილე ძვლების სასახსრე ზედაპირები ფორმით ერთმანეთს არ შეესაბამება. ასეთ ზედაპირებს ინკონგრუენტულს უწოდებენ. ასეთ სახრებში მეტ-ნაკლებად ამოდრეკილ სასახსრე ზედაპირს სასახსრე თავი ეწოდება, ხოლო ჩადრეკილს - სასახსრე ფოსო.

სასახსრე თავისა და მისი შესატყვისი ფოსოს კონგრუენტულობის ხარისხსა და, საზოგადოდ, სახსრის გეომეტრიულ ფორმაზე ბევრად არის დამოკიდებული სახსრის მოძრაობის დიაპაზონი და მისი სიმტკიცე.

სასახსრე ხრტილი

სასახსრე ზედაპირები დაფარულია ნახევრად გამჭვირვალე, მოთეთრო-მოცისფრო, გლუვზედაპირიანი, შედარებით ხისტი ქსოვილოვანი აგებულების ჰიალინური ხრტილით, რომელიც მეზობელი ძვლების შემხებ ზედაპირებს კიდევ უფრო სადასა და პრიალას ხდის, რაც, თავის მხრივ, მინიმუმამდე ამცირებს ხახუნს სასახსრე ზედაპირებს შორის.

სასახსრე ხრტილი სხვადასხვა სახსარში სხვადასხვა სისქისაა. ზოგჯერ განსხვავება ერთი სახსრის სხვადასხვა უბანზეც კი შეიმჩნევა. ხრტილის სისქე სხვადასხვა სახსარში ფუნქციური დატვირთის მიხედვით 1-დან 7 მმ-მდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ იქ, სადაც სახსარი მეტად არის დატვირთული, სასახსრე ხრტილი უკეთ არის განვითარებული, ზოგ შემთხვევაში კი სასახსრე ხრტილის გასქელების ხარჯზე მყარდება შედარებით უკეთესი კონგრუენტულობა შესახსრებულ ძვლებს შორის.

სახსრის ხრტილი არ შეიცავს ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებს. მისი კვება სინოვიური სითხისა და ძვლის დამატებითი ელემენტების საშუალებით ხორციელდება. ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით ხრტილის 50-60% წყალია, 10-15% - ორგანული ნივთიერება, 40-45%-ს კი მინერალური მარილები შეადგენს. ასეთი აგებულება მას ძლიერ ამსგავსებს ერთგვარ ღრუბელს, რომელიც მშვიდ მდგომარეობაში სითხეს ისრუტავს, დატვირთვისა და ზეწოლისას კი მას სახსრის ღრუში გამოყოფს, რითაც სასახსრე ზედაპირების დამატებით "შეზეთვას" უზრუნველყოფს.

ამრიგად, სახსარში ხრტილი ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ახორციელებს:

1. ის ძირითადი ამორტიზატორია, ამცირებს ხახუნს ზედაპირებს შორის;

2. მოძრაობისას უზრუნველყოფს სასახსრე ზედაპირების ჰაეროვან სრიალს.

სასახსრე ჩანთა

სასახსრე ჩანთა რამდენადმე სახეცვლილი ძვლისაზრდელას ერთიანი ფირფიტაა, რომელიც გრძელდება სახსარში მონაწილე ერთი ძვლიდან მეორეზე და მეზობელი გარემოდან გამოყოფს სახსრის ყველა მუდმივ ელემენტს. ერთი სიტყვით, ის კაფსულაა, რომელშიც სასახსრე ზედაპირები, ხრტილი, სახსარშიგა სითხე და სახსრის ღრუ თავსდება.

სახსრის ჩანთა ორშრიანია. მისი გარეთა შრე საკმაოდ მკვრივი კაფსულაა, რომელიც დამცავი იოგებისა და ფიბროზული ქსოვილისგან შედგება. ეს შრე აკონტროლებს და ერთ მდგომარეობაში აფიქსირებს სახსარს. სახსრის ჩანთის შიგნითა შრე სინოვიური სითხის გამომმუშავებელი სინოვიური მემბრანაა.

სახსრის ღრუ

სახსრის ღრუ სასახსრე ჩანთაში მოქცეული სხვადასხვა ფორმისა და მიმართულების ნაპრალთა ერთიანობით შექმნილი ჰერმეტული სივრცეა. მაქსიმალური კონგრუირების სახსრებში ეს ღრუ სწორი ნაპრალის ფორმისაა, ვინაიდან სასახსრე თავისა და ფოსოს თანაბარი გეომეტრიული ფორმის გამო ეს უკანასკნელნი მჭიდროდ ეხებიან ერთმანეთს.

ანთებითი პროცესის დროს დიდი ოდენობით ზედმეტი სითხის დაგროვების გამო სახსრის ღრუ ისე ფართოვდება, რომ შესაძლოა, სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს დასცილდეს კიდეც. სახსრის ღრუში წნევა ატმოსფერულზე დაბალია, უარყოფითია, რაც სახსრის სიმტკიცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთი წნევის ზემოქმედება ზოგიერთ სახსარში საკმარისია იმისთვის, რომ პასიურ მდგომარეობაში შესახსრებული ძვლებისა და მათი თამხლები რბილი ქსოვილების საკმაოდ დიდი მასაც კი შეაკავოს, მაგალითად, თუ მენჯ-ბარძაყის სახსარს გავათავისუფლებთ მისი მაფიქსირებელი ყველა რბილი ქსოვილისგან, დაკიდებული კიდური სახსარშიგა უარყოფითი წნევის ხარჯზე მაინც შეინარჩუნებს თავის ჩვეულ მდგომარეობას. ასეთ პირობებში საკმარისია, მცირედი ჩხვლეტით სასახსრე ჩანთის ჰერმეტულობა დაირღვეს, რომ კიდური მყისიერად ჩამოვარდება.


სახსარშიგა სითხე

სახსარშიგა ანუ სინოვიური სითხე სასახსრე ჩანთის შიგნითა გარსის მიერ გამომუშავებული გამჭვირვალე ბლანტი სითხეა. მისი სიბლანტე ყველა სახსარში და ყოველთვის ერთნაირი არ არის. ის დამოკიდებულია მუკოპოლისაქარიდების შემცველობასა და სახსრის დატვირთვაზე - დიდი დატვირთვისას სინოვიური სითხის სიბლანტე იკლებს, ჰიპოდინამიისას კი, პირიქით, იმატებს.

სინოვიური სითხე სასახსრე ზედაპირის საპოხი საშუალებაა, რის გამოც სახსარში ხახუნის კოეფიციენტი ტექნიკაში მიღებულ საუკეთესო ხარისხის დონეზეა დაყვანილი. სახსრის ზომის მიხედვით ნორმალურ სახსარში სინოვიური სითხის რაოდენობა 0,1 მლ-დან 4 მლ-მდე მერყეობს. სინოვიური სითხე სახსარს საშუალებას აძლევს, თავისუფლად და მსუბუქად იმოძრაოს. იგი ამცირებს სახსარში ხახუნს და ამით ხრტილს გაცვეთისა და გახეხვისაგან იცავს. იგი ამორტიზატორია, რომლის წყალობითაც მცირდება ძვლებზე დარტყმების ძალა. გარდა ამისა, სინოვიური სითხე უზრუნველყოფს ხრტილის კვებას და სინოვიურ მემბრანას ანთებითი პროცესის გამომწვევი აგენტებისგან საიმედოდ იცავს.

ჯანმრთელ სახსარში სინოვიური სითხის დადებითი მოქმედების ეფექტი მთლიანად ჰიალურონის მჟავას დამსახურებაა, რომელსაც შეიცავს როგორც სითხე, ისე ხრტილი. სწორედ იგი განსაზღვრავს სახსრის ფუნქციათა სრული მოცულობით განხორციელებას და ადამიანებს აქტიური ცხოვრების საშუალებას აძლევს.

სახსრების კლასიფიკაცია

ანატომიური სირთულის მიხედვით სახსარი შეიძლება იყოს მარტივი, რთული და კომბინირებული.

მარტივი სახსარი - მის შექმნაში მხოლოდ ორი ძვალი მონაწილეობს. ჩვენს სხეულში სახსართა უმეტესობა მარტივია, მათ შორის - მხრის, მენჯ-ბარძაყის, ფალანგთაშუა და სხვა სახსრები.

რთული სახსარი - მის შექმნაში ორზე მეტი ძვალი მონაწილეობს, მაგრამ ყველა მათგანის სასახსრე ზედაპირები ერთ საერთო სასახსრე ჩანთაშია მოქცეული. ასეთია იდაყვის, სხივ-მაჯის და სხვა სახსრები. რთულ სახსრებს მიეკუთვნება ასევე დამატებითი ელემენტების შემცველი სახსრებიც.

კომბინირებული სახსარი - ორი ანატომიურად განცალკევებული სახსარია, ზოგჯერ საკმაოდ დაშორებული ერთმანეთისაგან, მაგრამ მათი მოძრაობა ხორციელდება ერთდროულად, ანუ მოძრაობა ერთ სახსარში გულისხმობს მოძრაობას მასთან კომბინირებულ მეორე სახსარშიც. ასეთია მალათაშუა, ატლანტ-კეფის სახსრები და სხვა.

ბიომექანიკური თვისებებისა და ფორმის მიხედვით განასხვავებენ სფერულ, ბრტყელ, ელიფსურ, უნაგირა, როკისებურ, ცილინდრულ და ჭაღისებურ სახსრებს.

სფერულ სახსარში სასახსრე თავის ფორმა სფეროს ანუ ბირთვს წააგავს. ასეთია მენჯ-ბარძაყის სახსარი.

ბრტყელ სახსარში სასახსრე თავს ერთი შეხედვით სწორი ზედაპირი აქვს.

ელიფსურია სახსარი, რომელში მონაწილე ძვლების სასახსრე თავი და ფოსო ფორმით სიგრძეზე გაჭრილ კვერცხს მოგვაგონებს.

უნაგირაა სახსარი, როდესაც ელიფსის რომელიმე უბანი შედარებით ჩადრეკილია და ე.წ. უარყოფით სიმრუდეს ქმნის.

როკისებურ სახსარს ქმნის ერთი ძვლის ორი განცალკევებული სასახსრე ზედაპირი.

ცილინდრულ სახსარში ძვლები თანამიმდევრულად ჯაჭვურად კი არა, ერთმანეთისადმი პარალელურად არიან განლაგებულნი.

ჭაღისებრი სახსარი - ამ სახსარში სასახსრე თავი მოგვაგონებს ცილინდრს, რომლის შუა ნაწილის დიამეტრი ოდნავ შემცირებულია.

რა აზიანებს სახსარს

ცნობილია სახსრის დამაზიანებელი პირველადი (გენეტიკური, არაგენეტიკური) და გარეგანი ფაქტორები. პირველად გენეტიკურ დამზიანებელ ფაქტორებს წარმოადგენს:

  • დაზიანებისადმი სახსრების გენეტიკური განწყობა;
  • ეთნიკური წარმომავლობა;
  • სახსრის ძირითადი მასალის, ცილა კოლაგენის, თანდაყოლილი მუტაციები;
  • სახსრებისა და ძვლების გენეტიკური დაავადებები;
  • სახსრის განვითარების თანდაყოლილი მოშლა - დისპლაზია.

არაგენეტიკური დამზიანებელი ფაქტორებია:

  • ასაკი;
  • ოსტეოპოროზი;
  • ჭარბი წონა;
  • ორგანიზმის ენდოკრინული ბალანსის დარღვევა, მათ შორის - ესტროგენების სეკრეციის დაქვეითება (პოსტმენოპაუზურ პერიოდში);
  • ორგანიზმში მიმდინარე სხვა სახის მეტაბოლური დარღვევები;
  • მიკროელემენტების დეფიციტი;
  • ხერხემალში მიმდინარე ნეიროდისტროფიული დარღვევები.

გარეგანი დამზიანებელი ფაქტორებია:

  • გადაცივება;
  • ეკოლოგიური ფაქტორები;
  • ქიმიური ტოქსინების მოქმედება;
  • სპეციფიკური პროფესიები;
  • სახსრის ტრავმა, განმეორებითი მიკროტრავმები;
  • სახსრებზე ჩატარებული ოპერაციები;
  • სხვადასხვა სახის ფიზიკური დატვირთვა სამსახურსა და სპორტში.