რატომ გვტკივა მუხლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვტკივა მუხლები

ამ თემაზე სასაუბროდ მეოთხე კლინიკური საავადმყოფოს ექიმ რევმატოლოგს ხათუნა ლეწვერიძეს ვეწვიეთ.

- მკითხველი გვწერს: "სამი თვეა, მტკივა ცალი მუხლი. ვიმკურნალე ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მაგრამ უშედეგოდ. ტკივილი ვრცელდება იმავე მხარეს თეძოს თავზე. გავიკეთე სისხლის ანალიზი - მომატებულია თრომბოციტები. ვის მივმართო და რა გამოკვლევები ჩავიტარო?"

- სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამისთვის დასაზუსტებელია ტკივილის დაწყების ხასიათი, კავშირი ტრავმასთან, დატვირთვასთან, გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი და სქესი, სხეულის მასის ინდექსი, ტერფის კონფიგურაცია და სხვა. სავარაუდოდ, მიზეზი მექანიკური უნდა იყოს, ასევე შესაძლოა, ერთ ან რამდენიმე მიზეზს გამოეწვია. პაციენტმა უნდა მიმართოს რევმატოლოგს ან ორთოპედს, რომელიც ზუსტად დაადგენს სახსრის ტკივილის გამომწვევ პათოლოგიას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვის დონეს, სახსრის ღრუში ან მის ჯიბეებში გამონაჟონის არსებობა-არარსებობას, იოგების, მყესებისა თუ მენისკის დაზიანებას.

პაციენტს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით უმკურნალია, მაგრამ უნდა ვუთხრათ, რომ ასეთ შემთხვევებში მიდგომა კომპლექსურია და მედიკამენტურთან ერთად საჭიროებს ფიზიოთერაპიულ ჩარევას შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ზოგჯერ საჭიროა სახსარშიგა ინექციების კურსის ჩატარება ან ოპერაციული ჩარევა ართროპლასტიკის (ხელოვნური სახსრის ჩასმის) ჩათვლით. უნდა ითქვას, რომ ხანგრძლივი თვითმკურნალობა ხშირად ხელს უშლის კლინიკური სურათის სრულყოფილ გაშლას, რის გამოც ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულდება, ამიტომ პაციენტს ვურჩევ, დროულად მიაკითხოს სპეციალისტს.

- მაინც რამ შეიძლება გამოიწვიოს მუხლის სახსარში ტკივილი?

- მუხლის სახსრის ტკივილის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ინფექციური (რევმატიზმი, ინფექციური ართრიტები), გენეტიკური, იმუნოლოგიური (სისტემური დაავადებები) ფაქტორები, მეტაბოლური დარღვევები (პოდაგრა, ქონდროკალცინოზი, დიაბეტი), ტრავმა და მიკროტრავმა, ნეიროენდოკრინული დარღვევები, მიკროცირკულაციის მოშლა, - თუმცა ყველაზე ხშირად ამ ჩივილით ოსტეოართროზის მქონე პაციენტები მოგვმართავენ. ეს ის დაავადებაა, ხალხში მარილებს რომ უწოდებენ. დიაგნოზის დასმისას ექიმი ყურადღებას აქცევს: ტკივილის დასაწყისს - მწვავეა, მუდმივი, თანდათანობითი, შეტევითი თუ ყრუ; გავრცელებას - ლოკალურია, წერტილოვანი თუ დიფუზური; ხასიათს - სტარტულია, მექანიკური, მოსვენებისას აღინიშნება, დილით თუ ღამით და ასე შემდეგ; პაციენტის სქესსა და ასაკს; გენეტიკურ დატვირთვას; სხვა დაავადების (ტუბერკულოზი, დიაბეტი, ინფექციური ან ვენერული დაავადებები) თანაარსებობას; დაზიანების სიმეტრიულობას.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ცალი მუხლის ტკივილი?

- ცალი მუხლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმულმა დაზიანებამ, გონართროზმა, პოდაგრამ, რეაქტიულმა ართრიტმა, რეიტერის დაავადებამ, ინფექციურმა (მაგალითად, სიფილისურმა ტუბერკულოზურმა) ართრიტმა და სხვა.

თავდაპირველად უნდა დადგინდეს ტკივილის კავშირი ტრავმასთან, უხერხულ მოძრაობასთან - ასეთ დროს ხშირად ზიანდება მუხლის იოგოვანი აპარატი, მისი ხრტილოვანი ამორტიზატორი - მენისკი. ამგვარი დაზიანებისას პაციენტი ხშირად უჩივის სახსრის ჩაკეტვას (მენისკის გაგლეჯა) ან არასტაბილურობის შეგრძნებას, როცა მუხლზე დაყრდნობისას ფეხი "თითქოს სადღაც გარბის" და პაციენტს მუხლი ეკვეთება (იოგების დაზიანება). არის შემთხვევები, როცა პაციენტი ტრავმას ვერც იხსენებს.

გარდა ტრავმისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მიკროტრავმატიზაცია ანუ სახსრის მექანიკური გადატვირთვაც. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხშირი დატვირთვა სიმძიმით, რაც გულისხმობს თვით პაციენტის ჭარბ წონას, მძიმე ფიზიკურ შრომას ან მუშაობისას ერთი და იმავე მოძრაობის შესრულებას (მაგალითად, ჩამუხლვას, რაც ზოგიერთი პროფესიის მქონე პირებისთვის აუცილებელია).

გასათვალისწინებელია ასევე ძვლების სასახსრე ზედაპირების თანდაყოლილი არაკონგრუენტულობა - ჰიპერმობილობის სინდრომი, რომელიც სახსრების ნაადრევ ცვეთას განაპირობებს. ეს მოვლენა შესაძლოა ბრტყელტერფიანობამაც გამოიწვიოს. როგორც ცნობილია, ტერფზე სხეულის მასის გადანაწილება ზუსტად განსაზღვრულ, ორთოსტატიკულად ხელსაყრელ წერტილებში ხდება, ბრტყელტერფიანობის დროს კი წონასწორობის შესანარჩუნებლად ეს წერტილები გადაადგილდება, რაც არღვევს სიმძიმის სწორ გადანაწილებას ქვემო კიდურებისა და ხერხემლის სახსრებში. ეს ზრდის ხახუნს შესაბამის სასახსრე ზედაპირებზე და იწყება სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების ნაადრევი ცვეთა, სასახსრე ნაპრალის შევიწროება, ანთება, რაც საბოლოოდ ტკივილით ვლინდება.

სასახსრე ხრტილის ცვეთასთან დაკავშირებული ტკივილები უმეტესად სტარტული ხასიათისაა, ძლიერდება კიბეზე ასვლა-ჩასვლის, ადგომა-დაჯდომის, ფიზიკური დატვირთვის დროს. თანდათანობით სახსარში მოძრაობა იზღუდება, სახსრები დეფიგურაცია-დეფორმაციას განიცდის, რაც გამოწვეულია სახსრის ირგვლივი ქსოვილების ანთებით-ინფილტრაციული დაზიანებით, სასახსრე ღრუსა და მის ჯიბეებში ანთებითი გამონაჟონის დაგროვებით. ყოველივე ამან შესაძლოა ადამიანი საბოლოოდ შრომისუუნაროც კი გახადოს.

მუხლების ტკივილი შესაძლოა სიმეტრიული არ იყოს, ცალმხრივი დაზიანებით მიმდინარეობდეს, თუმცა დროთა განმავლობაში მოსალოდნელია ანთებით პროცესში პარალელური სახსრის ჩართვა დაზიანებული სახსრის დაზოგვისა და ჯანმრთელი სახსრის წონითი გადატვირთვის გამო.

გარდა დეგენერაციული დაზიანებისა და ტრავმისა, ცალი მუხლის ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს მეტაბოლურმა დარღვევებმაც. მაგალითად, პურინული ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება პოდაგრული ართრიტი, რომელსაც ახასიათებს მწვავე შეტევითი ტკივილი და ანთების ნიშნების (შეშუპება, სიწითლე, ტემპერატურული რეაქცია) მკვეთრი გამოხატვა.

ამ პათოლოგიას უმთავრესად შუახნის მამაკაცებში ვხვდებით. ხშირად აღინიშნება კავშირი ალკოჰოლით დატვირთვასთან, პურინებით მდიდარი სხვა პროდუქტის მიღებასთან.

ანთებითი და ინფექციური გენეზის ართრიტებიდან მუხლის სახსრის ტკივილი, უმეტესად ასიმეტრიული დაზიანებით, ახასიათებს რეიტერის დაავადებას, იერსინიოზულ და სხვა რეაქტიულ ართრიტებს.

რეიტერის დაავადებისთვის ტიპურია თვალისა და შარდსადენის ლორწოვანის ანთებითი დაზიანება, წელის ტკივილი, გულის ფრიალი. იერსინიოზულ ართროპათიას წინ უძღვის ხანგრძლივი დიარეა.

სხვა რეაქტიული (მათ შორის - ბრუცელოზური, გონოკოკური) ართრიტების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყოველგვარი ვირუსული, სოკოვანი თუ ინფექციური დაავადება, რომელიც კი წინ უძღოდა სახსროვან გამოვლინებებს.

ტუბერკულოზური და სიფილისური დაზიანებისას სახსრები, ნაცვლად მოძრაობის შეზღუდვისა, ჰიპერმობილურია. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ანამნეზს და შესაბამის სპეციფიკურ გამოკვლევებს ენიჭება.

- რომელ დაავადებებს ახასიათებს ორივე მუხლის ტკივილი?

- ორივე მუხლის ტკივილი უმეტესად რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, სარკოიდოზის, კრონის დაავადების, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, ვასკულიტებისა და სხვა სისტემური რევმატული დაავადებების დროს ვითარდება. ამ დაავადებათა გამოვლინება საკმაოდ პოლიმორფულია, ამიტომ დიაგნოზი მრავალ სხვა ნიშანსაც ეფუძნება.

- ახასიათებს თუ არა თქვენ მიერ ჩამოთვლილ დაავადებებს მუხლის სახსრის შესივება, შეწითლება და ტემპერატურული რეაქცია?

- მუხლის სახსრის ტკივილთან ერთად შესივება, შეწითლება და ტემპერატურული რეაქცია ვითარდება ისეთი მწვავე ანთებითი პათოლოგიების დროს, როგორიც არის პოდაგრა, ფსორიაზული ართრიტი, ართროზართრიტი, ინფექციური ართრიტები, სისტემური დაავადებებით გამოწვეული ართრიტები და სხვა, თუმცა ზოგიერთი რევმატული დაავადების, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტის, რევმატიზმის, სისტემური წითელი მგლურას დროს ზემოაღნიშნული სიმპტომატიკის არსებობა აუცილებელი არ არის. უნდა ითქვას ისიც, რომ რევმატოლოგიაში მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები თითქმის არ არსებობს. დაზიანების საწყის სტადიაში დიაგნოზი ხშირად სავარაუდოა და კლინიკური სურათის სრულ გამოვლენამდე შესაძლოა შეიცვალოს კიდეც.


- მკითხველი გვწერს: "ვარ 70 წლის ქალი, ორივე მუხლში მაქვს ძლიერი ტკივილები. გამოკვლევის შედეგად დამიდგინეს მარჯვენამხრივი გონართროზი. შეიძლება თუ არა, მივიღო მედიკამენტი ბონ-ვივა?"

- გონართროზის დიაგნოზს არაფერი აქვს საერთო პრეპარატ ბონ-ვივას მიღებასთან - იგი ოსტეოპოროზის დროს ინიშნება. გონართროზი ოსტეოართროზის ლოკალური გამოვლინებაა, ხოლო ოსტეოართროზი და ოსტეოპოროზი ორი სრულიად სხვადასხვა ნოზოლოგია გახლავთ. პირველი ხრტილის დეგენერაციის შედეგად განვითარებულ პროცესთა ერთობლიობაა, ხოლო მეორე ძვლის მასის გაღარიბებით, მისი სიმყიფის მატებით არის გამოწვეული. გარდა ამისა, პრეპარატ ბონ-ვივას მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. ის ინიშნება კალციუმის პრეპარატებთან ერთად შესაბამისი ჩვენების დროს.

- რა არის გონართროზი და როგორ ვლინდება კლინიკურად?

- გონართროზი მუხლის სახსრის დეგენერაციული დაავადებაა. ის შეიძლება იყოს როგორც პირველადი ანუ დამოუკიდებლად განვითარებული, ასევე მეორეული ანუ განვითარებული მუხლის სახსრის სხვა პათოლოგიით გამოწვეული ანთებითი დაზიანების შედეგად.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ართროზის დროს ძვლების სასახსრე ზედაპირებზე ხრტილი ცვდება, სკდება, თხელდება, რაც კომპენსატორულად იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის ძვლოვანი მარილებით ჩანაცვლებას; ყალიბდება ძვლოვანი წანაზარდები, რაც ხშირად იწვევს სახსრისა და მის ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანებას, ანთებას, ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას. თავდაპირველად ტკივილი ყრუა, არაინტენსიური, თუმცა ფიზიკური დატვირთვის მომატებისას შესაძლოა მკვეთრად გაძლიერდეს და არა მხოლოდ სტარტული, არამედ მუდმივი ხასიათი მიიღოს.

- იწვევს თუ არა მუხლების ტკივილს ოსტეოპოროზი?

- ოსტეოპოროზი ძვლის ხარიხოვანი სტრუქტურის გაფაშრებაა. მას თან სდევს ძვლებისა და სახსრების ტკივილი, თუმცა ხილული დეფიგურაცია ან ანთებითი ნიშნები - ტემპერატურული რეაქცია, სიწითლე, შეშუპება - არ შეიმჩნევა.

ოსტეოპოროზის დროს იზრდება მოტეხილობის რისკი, რადგან მყიფე ძვლები უმნიშვნელო ტრავმასაც კი ვეღარ უძლებს. პოროზული ძვლების მოტეხილობისას ძვლის აღდგენა გაცილებით ნელა ხდება და გაცილებით დიდ დროს მოითხოვს.

ოსტეოპოროზი ხშირად ემართებათ ასთენიური გარეგნობის ქერა ქალებს, განსაკუთრებით - მენოპაუზის შემდეგ, თუმცა არსებობს ენდოკრინულ დაავადებათა წყება, რომელმაც შესაძლოა ის გამოიწვიოს, გონართროზი კი უმეტესად ჭარბწონიან ქალებს ემართებათ. ოსტეოპოროზის სამკურნალოდ გამოიყენება ძვლის ქსოვილის დაშლის შემაჩერებელი საშუალებები, რომლებიც გონართროზის სამკურნალოდ გამოუსადეგარია.

- რა გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მუხლის ტკივილის დროს?

- მუხლის სახსრების ტკივილის დროს, პირველ ყოვლისა, აუცილებელია კლინიკური გასინჯვა, ამის შემდეგ ექიმი შეადგენს გამოკვლევების რაციონალურ სქემას, რომელიც ნაკლები დანახარჯით სწორი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.

გამოკვლევისას იყენებენ რენტგენოლოგიურ, ულტრასონოგრაფიულ, ლაბორატორიულ მეთოდებს, რომლებიც მეტ-ნაკლები ალბათობით ინიშნება სხვადასხვა პათოლოგიის დროს.

- რა პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემდით მათ, ვისაც მუხლის სახსრების ტკივილი აწუხებს, როგორ შეიმსუბუქონ მდგომარეობა? როდის არის ნაჩვენები ფიზიკური ვარჯიში, მანუალური თერაპია თუ ფიზიოთერაპიული პროცედურები? ხომ არ იზღუდება კვება, ფიზიკური დატვირთვა?

- ზოგადი რეკომენდაციის მიცემა რთულია, ვინაიდან, როგორც ხედავთ, მუხლის სახსრების ტკივილის მიზეზი შეიძლება სრულიად სხვადასხვა რამ იყოს. თუ ინფექციური ართრიტების დროს სახსრის სრული იმობილიზაციაა საჭირო, რევმატოიდული ართრიტის, გონართროზის დროს სასურველია მუდმივი მსუბუქი ვარჯიში, ცურვა, ცეკვა, ველოსიპედით სეირნობა, თხილამურებით სრიალი...

მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ფიზიოპროცედურებს, მანუალურ თერაპიას, მასაჟს. დიეტა გულისხმობს რძის ნაწარმის უხვ მიღებას, მეტაბოლური დარღვევების, მაგალითად, პოდაგრის დროს განსაკუთრებული პურინული დიეტა ინიშნება.

საზოგადოდ, ყველას ვურჩევდი წონის კორექციას, ზომიერ დატვირთვას, ცხოვრების აქტიურ, ჯანსაღ წესს, რაც მთავარია, ყურადღებას და დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმთან მისვლას. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების დამარცხება შესაძლებელია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.