როგორ მიმდინარეობს ორგანიზმში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაბერების პროცესი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მიმდინარეობს ორგანიზმში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაბერების პროცესი

საყრდენ-მამოძრავებელი სისტე­მის სიჯანსაღის ხანგრძლივად შენარჩუნება, გვესაუბრება ექიმი-რევმატოლოგი, საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი რიმა ახვლედიანი.

- ქალბატონო რიმა, რა ცვლილებები შეიძლება განვითარდეს ძვალ-სახსროვან სისტემაში ასაკის მატებასთან ერთად?

- ჯანმო-ს ასაკობრივი კლასიფიკაციით, საშუალო ასაკი 45-დან 59 წლამდეა, ხანდაზმული - 60-დან 74 წლამდე, სიბერე 75-90 წელია და უხუცესი - 90 წლის ზემოთ.

სახსრების დაავადება არ არის სავალდებულო თანამგზავრი ხანდაზმულთათვის, მაგრამ ამ დაავადებების სიხშირე, რა თქმა უნდა, იზრდება ასაკთან ერთად. მაგალითად, თუ ოსტეოართროზი (ოსტეოართრიტი) იშვიათია ახალგაზრდებში 45 წლის ასაკამდე, ხანდაზმულ ასაკსა და სიბერეში ყოველი მესამე ადამიანი განიცდის მას. ამ პერიოდში ქსოვილების პლასტიკურობა მცირდება, სახსრები ფორმას იცვლის, ხრტილი კარგავს თავის ელასტიკურობას, მასში შეიძლება გაჩნდეს ბზარები, ხოლო მომავალში ძვლის წარმონაქმნები, სახსრის კაფსულა სქელდება, კუნთები ხდება მოშვებული.

დაახლოებით ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ადამიანის საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობას: სამსახურს, მოგზაურობას, სპორტს, ცეკვას და სხვა. მაგრამ ჩვენი ძვლები და სახსრები, სამწუხაროდ, არ არის გათვლილი ასეთი ხანგრძლივი სამსახურისთვის. გარდა ამისა, უმოძრაო ცხოვრების წესი, რაფინირებული საკვები და ჭარბი წონა მხოლოდ ამძაფრებს სახსრებისა და ხერხემლის დაზიანებას.

- სად გადის ზღვარი ფიზიოლოგიური, ბუნებრივი დაბერების პროცესებით განვითარებულ ცვლილებებსა და დაავადებას შორის?

- ასაკთან ერთად, ადამიანის სხეული იცვლება. იცვლება ჩვენი უჯრედები, კარგავენ გაყოფისა და ფუნქციების შესრულების უნარს, ზოგჯერ კი ისინი არ მუშაობენ სწორად. კუნთები ხდება უფრო მსუბუქი (ამ პროცესს ეწოდება ატროფია), ძვლის სიმკვრივე მცირდება, ამიტომ ძვლები უფრო ადვილად ტყდება. ხერხემლის მალები მცირდება სიმაღლეში, ფორმას იცვლის. ასაკთან ერთად სახსრები ხდება ნაკლებად მოძრავი და მოქნილი, ხოლო სახსრებში არსებული ხრტილი იცვითება. როცა ეს პროცესი ვითარდება სხვადასხვა რისკფაქტორის ფონზე, ოსტეოართრიტი თავისი დამახასიათებელი ჩივილებით - სახსარსა და ხერხემალში ტკივილით - ვლინდება. შეიძლება ითქვას, რომ აქ არის ეს ზღვარი ფიზიოლოგიური დაბერებისა და დაავადების დაწყებას შორის. ოსტეოართროზი არის ასაკთან დაკავშირებული დაავადება, რომელსაც აქვს სერიოზული სამედიცინო და სოციალური ტვირთი. როგორც წესი, ოსტეოართროზის მქონე პაციენტს ერთდროულად რამდენიმე დაავადება აქვს.

ოსტეოპოროზიც ამ ასაკში იწყება, მაგრამ მას შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ჩივილები, მიმდინარეობს ჩუმად, და ამ დაავადების დაწყებას ვიგებთ მოტეხილობისას. ამ სიტუაციაში საზღვარს ვერ გამოვავლენთ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი.

- რა არის ასაკობრივი ცვლილებებით განვითარებული სიმპტომების გამომწვევი მიზეზები?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ გენეტიკურ მიდრეკილებასა და ასაკზე, რაც თავისთავად არის რისკის ფაქტორი. მაგრამ არსებობს ოსტეოართროზის განვითარების სხვა რისკფაქტორები:

  • სახსრებზე გადაჭარბებული დატვირთვა. ეს, პირველ რიგში, ჭარბი წონაა. ასევე მძიმე ჩანთებისა და სხვა ტვირთების ხშირი ტარება, დიდხანს დგომა, სირბილი და ხტომები მყარ ზედაპირზე.
  • ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი. ამ დროს ძვლის ქსოვილი უფრო მეტად განიცდის ვენურ სტაზს, ვიდრე შეშუპებული კანქვეშა რბილი ქსოვილი. ძვალში მეტაბოლიზმი ირღვევა, ნაკლები ჟანგბადი შედის ქსოვილებში. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია კონსულტაცია და დროული მკურნალობა ანგიოლოგთან.
  • მაღალი არტერიული წნევა უარყოფითად მოქმედებს სახსრებზე, როდესაც წნევა ნორმალიზდება, სახსრებში ტკივილი მცირდება.
  • სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა, როგორც წესი, აჩქარებს ოსტეოართროზის პროგრესირებას. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს აუცილებელია პერიოდულად ჩატარდეს მკურნალობა სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად.

აუცილებელია გაანალიზდეს ამ პაციენტთა კოაგულაციის სისტემის მდგომარეობა და სისხლის ლიპიდური პროფილი. გაზრდილი სისხლის შედედება და ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევა (ქოლესტერინის დონე და სხვა) გარკვეულად მოქმედებს სახსრებზე.

ოსტეოპოროზი - დაავადებაა, რომლის რისკიც ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება, მისი განვითარების რისკფაქტორი შეიძლება იყოს მენოპაუზის დაწყება, როდესაც ესტროგენის გამომუშავება დაქვეითებულია, ასევე დაბალი წონა, მემკვიდრეობა, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და D ვიტამინის დეფიციტი. ეს ვიტამინი შემოდის ორგანიზმში მზის წყალობით (ის საკვებში არ არის საკმარისი), მაგრამ ასაკთან ერთად D ვიტამინის მეტაბოლიზმი ირღვევა კანის თვისებების დარღვევის ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო.

- როდის და როგორ ვლინდება პირველი ნიშნები?

- ოსტეოართროზი ვლინდება სახსარში სტარტული ტკივილით, კიბეზე სიარულის შეზღუდვით და ტკივილით, სახსრების დეფორმაციით, ასევე გამონაჟონით სახსარში. შეცვლილ სახსარში ტკივილი თანდათან ქრონიკული ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ქრონიკული ტკივილი იწვევს გერიატრიული სინდრომების განვითარებას: ხანდაზმული ასთენია, სარკოპენია და მობილობის დაქვეითება. ხანდაზმული ასთენიისა და ოსტეოართროზის კომბინაცია ზრდის სიკვდილის რისკს.

ასაკში უფრო ხშირად ვითარდება ოსტეოპოროზიც - ძვლის სიმკვრივის დაქვეითება და შედეგად იზრდება მოტეხილობების რისკი. ოსტეოპოროზის დროს ადამიანი სიმაღლეში მცირდება, იხრება ხერხემალში.

გარდა ამისა, არსებობს სახსრების ანთებითი დაავადებები, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, სისტემური ვასკულიტები, რომლებიც ვითარდება ნებისმიერ ასაკში და აქვთ ქრონიკული მიმდინარეობა. ეს ადამიანები ავად არიან წლობით და გადადიან ასაკობრივ კატეგორიაში. ამიტომ სიბერეში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა რიცხვი იზრდება.

თუმცა პოდაგრული ართრიტი სწორედ 55 წლის შემდგომი ასაკის ქალებს პოსტმენოპაუზურ პერიოდში უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში. დაავადება ვლინდება სახსრის ძლიერი ტკივილით, შეწითლებით, გამონაჟონით სახსარში, სხეულის ტემპერატურის მომატებით, ცვლილებებით სისხლის ანალიზში - მაღალი შარდმჟავათი, ლეიკოციტებით, ჩ რეაქტიული ცილით და ედს-ით. მხოლოდ ამ ასაკში შეიძლება დაიწყოს რევმატული პოლიმიალგია, რომლის დროს არის ძლიერი ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთებში, სხეულის ტემპერატურის მომატებით და სისხლის ანალიზში ანთების მაღალი მაჩვენებლებით. ძალიან იშვიათი დაავადებაა გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი (სისტემური ვასკულიტი), ე.წ. ჰორტონის დაავადება, რომელიც ვითარდება მხოლოდ ასაკობრივ ჯგუფში და ხასიათდება თავის ტკივილით, რომელიც არ ექვემდებარება ანალგეტიკებით მკურნალობას. მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით და სისხლის ანალიზში ანთების მაღალი მაჩვენებლებითაც.

- რატომ და როგორ იცვლება ასაკოვანთა ტანდეგობა?

- ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები, უფრო კი - ქალები, ვნერვიულობთ, როდესაც კანი ბერდება და ვცდილობთ, დიდხანს შევინარჩუნოთ მისი სინორჩე.

სამწუხაროდ, სარკეში ვერ ვხედავთ ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს ძვლებში!

ჩონჩხი არის ჩვენი სხეულის მყარი საფუძველი, გარანტიაა სწორი ტანდეგობის, წონასწორობის, ასევე მსუბუქი სიარულის. ასაკთან ერთად სიტუაცია იცვლება. ბავშვობასა და მოზარდობაში ჩონჩხი აქტიურად იზრდება და აგროვებს კალციუმს. ეს პროცესი სრულდება 25 წლის ასაკში. 35-40 წლიდან ძვლის ქსოვილის რეზორბცია (კალციუმის დაკარგვა) სჭარბობს ძვლის წარმოქმნის პროცესს და ყოველწლიურად ძვლები ხდება უფრო მსუბუქი და მყიფე. ეს პროცესი სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის - გენეტიკურით, ამიტომ იგი ყველა ადამიანში ერთნაირად არ მიმდინარეობს.

ხერხემლის ვრცელი მასალის გამოკვლევების საფუძველზე, ფიზიოლოგებს აქვთ სრული უფლება განაცხადონ, რომ ადამიანი იმდენად არის დაბერებული, რამდენადაც დაბერდა მისი ხერხემალი.

დაბერება და მოძრაობის შემცირება თანაბრად საზიანოა ხერხემლისათვის. თუ ხერხემალს არა აქვს საკმარისად ინტენსიური და მრავალფეროვანი დატვირთვა, ის იწყებს დეგრადაციას - ღრმავდება ოსტეოქონდროზისა და ოსტეოპოროზისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.

ხანდაზმული ადამიანი იხრება ხერხემალში, რაც გამოწვეულია ასაკთან დაკავშირებული სისუსტით და უკანა გრძელი კუნთების ტონუსის დაქვეითებით, მცირდება მყესების ელასტიკურობა, თანდათან ფორმირდება ხერხემლის გულმკერდისა და კისრის ნაწილის ფიქსირებული მოხრა. ასე იცვლება ტანდეგობა - მცირდება ადამიანის სიმაღლე, იზრდება ხერხემლის დახრილობა წინ, მუცელი ჩადის მცირე მენჯთან, კისერი დახრილია წინ.

როგორ და რამდენადაა შესაძლებელი ამ ცვლილებების თავიდან აცილება ან მაქსიმალურად გადავადება.

მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესი. უპირველესად - ზომიერი ფიზიკური აქტივობა, რომელიც არ გამოიწვევს სახსრებსა და ხერხემლის ზედმეტ გადატვირთვას.

რეგულარული დილის ვარჯიშები დადებითად მოქმედებს სახსრებზე. სასურველია თვითმასაჟი. მასაჟის მოქმედებით იზრდება მეტაბოლიზმი, სისხლის მიმოქცევა და ჟანგვითი პროცესები სახსრების ქსოვილებში, ტკივილი იხსნება.

ძალიან კარგია, თუ ხანდაზმული ადამიანი ხშირად ატარებს დროს სუფთა ჰაერზე, მუშაობს ბაღში, დადის ველოსიპედით, დროულად იძინებს. ასეთი ცხოვრებისეული სტერეოტიპი არის დაბერების და, შესაბამისად, სახსრების დაავადებების პრევენციის შესანიშნავი საშუალება. არაფერი ანადგურებს სახსრებს ისე, როგორც ფიზიკური უმოქმედობა! თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ველოსიპედს აქვს დაცემის რისკი, რაც ოსტეოპოროზით დაავადებული ხანდაზმული ადამიანებისთვის მოტეხილობის საშიშროებაა. რა თქმა უნდა, საჭიროა წონის კონტროლი! ზედმეტ კილოგრამებს უნდა ვებრძოლოთ.

ყველაზე დადებით შედეგს იძლევა რეაბილიტოლოგთან ჩატარებული სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი. თუმცა ყველას შეუძლია ინდივიდუალურად მოიძიოს ინტერნეტში შესაბამისი ინტენსივობის ვარჯიშები, რათა განავითაროს ძალა, წონასწორობა და მოქნილობა.

ზოგჯერ ხანდაზმული ადამიანები თვლიან, რომ სახსრების გაწვრთნა საჭიროა აღმართზე ან კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლის ვარჯიშებით, მაგრამ ეს ზედმეტად მოქმედებს სახსრებზე, ისევე როგორც ჩაჯდომა-ადგომა. ამიტომ ჩვენ გირჩევთ სიარულს სწორ ზედაპირზე, კუნთების გაძლიერების ვარჯიშებს და მსუბუქ ფიზიკურ შრომას წონის აწევის გარეშე.

დიეტის კალორიულობის შემცირებისას მენიუში აუცილებლად ჩართეთ ბოსტნეული, მწვანილი, ხაჭო, ხილი, რძის პროდუქტები. ჰეროდიეტოლოგები თვლიან, რომ ეს პროდუქტები შეიცავს სპეციალურ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებენ ორგანიზმში დაბერების პროცესს.

დაავადებების პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფეხსაცმლის სწორი შერჩევა. მას უნდა ჰქონდეს პატარა (3-5 სანტიმეტრი) ქუსლი და განიერი უნდა იყოს, ხოლო ბრტყელი ტერფისთვის უნდა გამოიყენოთ ორთოპედიული სუპინატორი.

- რამდენად ეფექტურია ამ დროს სხვადასხვა მედიკამენტის მიღება?

- თვითნებური მკურნალობა არ არის რეკომენდებული. თუ ადამიანს ასაკთან ერთად დაეწყო სახსრების, კუნთების ან ძვლების გახანგრძლივებული ტკივილი, უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი შეისწავლის პაციენტის სუბიექტურ, ობიექტურ და ლაბორატორიულ მონაცემებს სახსრების ტკივილის ან სხვა ჩივილის მიზეზის დასადგენად. შემდეგ დაენიშნება მკურნალობა. ყველა რევმატულ დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას.

სპეციალისტი გირჩევთ, როგორ გათავისუფლდეთ ტკივილისგან და საჭიროების შემთხვევაში დანიშნავს მკურნალობას.