სინოვიტი - როგორ ვლინდება კლინიკურად მწვავე და ქრონიკული სინოვიტი და რა პროცედურაა ართროსონოგრაფია
- სინოვიტი შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. რა განსხვავებაა მათ შორის?
- მწვავე სინოვიტის დროს ანთებითი პროცესი განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. მას ახასიათებს ჭარბი სახსარშიდა გამონაჟონი - სახსრის მკვეთრი შესივება, სახსრის არეში წვისა და სიმხურვალის შეგრძნება, რასაც ზოგჯერ კანის სიწითლეც ახლავს თან.
განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც ამ სიმპტომებს სხეულის ტემპერატურის მომატება და სისხლის ცვლილებები, კერძოდ, ლეიკოციტოზი და ედსის მნიშვნელოვანი მომატება ერთვის - ეს ცვლილებები ანთებითი პროცესის ბაქტერიულ ბუნებაზე მიგვანიშნებს და მეტად საშიშია ორგანიზმისთვის.
ბაქტერიული სინოვიტი პირველივე საათებიდან აზიანებს ძვლოვან და ხრტილოვან სტრუქტურებს, ამიტომ დროულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნორმალური სახსრის შესანარჩუნებლად. არსებობს რევმატოლოგიური პათოლოგიების მთელი წყება: რევმატოიდული ართრიტი, ე.წ. კრისტალ-დეპოზიტური ართროპათიები (პოდაგრა და ქონდროკალცინოზი), ფსორიაზული ართრიტი, სისტემური დაავადებების თანმხლები ართროპათიები, - რომლებიც სინოვიტის განსაკუთრებით მწვავე მიმდინარეობით გამოირჩევა.
ქრონიკული სინოვიტი უფრო დუნედ მიმდინარეობს, თუმცა დროდადრო მასაც ახასიათებს გამწვავება. რემისიის დროს, ანუ სიმშვიდის პერიოდში, ის ნაკლებშემაწუხებელია, მიუხედავად იმისა, რომ სახსრის დაზიანების ხარისხი უფრო მაღალია. ასეთ სინოვიტებს თან ახლავს სასახსრე ზედაპირების როგორც ძვლოვანი, ისე ხრტილოვანი დაზიანებები, რითაც განისაზღვრება ართროზის ხარისხი.
რაც უფრო ხანდაზმული და მიშვებულია ეს პათოლოგია, მით უფრო მაღალი ხარისხისაა ოსტეოართროზი და შეუქცევადია პროცესი, თუმცა სითხოვანი კომპონენტი მწვავე ფორმებზე ნაკლებად არის გამოხატული.
სინოვიური არსის გასქელების ხარჯზე სახსარშიდა სითხე უფრო და უფრო სქელდება, იმატებს მისი სიბლანტე და ევაკუაცია ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ხშირად გვხვდება ტრავმული სინოვიტი. მას სისხლიანი გამონაჟონი ახასიათებს, რის გამოც ჰემორაგიულ სინოვიტსაც უწოდებენ. ტრავმული დაზიანებისას დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ სახსრის ქრონიკული დამანგრეველი პროცესები.
სასურველია, მკითხველმა იცოდეს, რომ სახსარში განვითარებული პათოლოგიების დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანესი მეთოდია სახსრებისა და ახლომდებარე რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი კვლევა - ართროსონოგრაფია. კვლევის ეს ახალი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მეთოდი ზემოთ ჩამოთვლილი სახსარშიდა და სახსარგარეთა მიზეზების დიფერენცირებასა და სახსარში განვითარებული პათოლოგიური პროცესების შეფასებაში გვეხმარება, რითაც საგრძნობლად ზრდის მკურნალობის ეფექტს.