რევმატული დაავადებები და ზამთარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატული დაავადებები და ზამთარი

- ქალბატონო რიმა, უნდა ველოდოთ თუ არა ზამთარში რევმატული დაავადებების გამწვავებას?

- რევმატული დაავადებები არ მიეკუთვნება სეზონურ დაავადებებს. თუმცა ამ ჯგუფის პაციენტები მღელვარებით და შიშით ელოდებიან ზამთრის ქარიან და სუსხიან ამინდს. როცა ისინი სიცივეში ხვდებიან, უძლიერდებათ ტკივილი და სახსრების შესივება, შებოჭილობა, თითები უთეთრდებათ. სიცივის მოქმედების შემდეგ ჯანმრთელ სახსრებში მალევე ნორმალიზდება სისხლის მიმოქცევა, კუნთები თბება, მაგრამ დაავადებულ სახსრებში უფრო დიდხანს რჩება შებოჭილობა, ტკივილი და შესივება.

რაც უნდა კარგად კონტროლდებოდეს რევმატული დაავადების სიმპტომები, პაციენტები ხშირად გრძნობენ ამინდის გაუარესებას. რევმატოლოგები ამას მეტეოლაბილობას ვეძახით.

რა არის ამის მიზეზი? რატომ უარესდება ართრიტის სიმპტომები ზამთარში და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ტკივილის შესამსუბუქებლად თბილი ამინდების დადგომამდე?

ურთიერთდამოკიდებულება ცივი ამინდისა და ქრონიკული სახსრების ტკივილის გამწვავებას შორის მეცნიერების დაინტერესების სფეროა დიდი ხანია და ჩატარებულია უამრავი კვლევა ამის შესახებ. ჟურნალ „Pანე“-ის ამა წლის სტატიაში რამდენიმე კვლევა მიმოიხილეს. არსებული კვლევებით, ამინდისა და ტკივილის კავშირი ჯერ არ იძლევა საბოლოოდ დადებით ან უარყოფით პასუხს. ჯერ კიდევ არ არის მტკიცე თეორია, როგორ შეიძლება ამინდმა გააძლიეროს ზოგიერთი პაციენტის ტკივილი ართრიტის დროს, ზოგმა კი საერთოდ ვერ იგრძნოს ამინდის ცვალებადობა. ამ ორი ფაქტორის კავშირზე ინფორმაციის მოპოვება სასარგებლო იქნება პაციენტებისა და კლინიცისტებისათვის დაავადების გამწვავების პრევენციისათვის.

ყველაზე მეტად გავრცელებული და სარწმუნო თეორია არის ის, რომ სიცივის დროს ფერხდება სისხლის მიმოქცევა, უარესდება მიკროცირკულაცია ქსოვილებში, ვითარდება კუნთების სპაზმი. ბარომეტრიული წნევის ვარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების გაფართოება, რაც უფრო მეტ ზეწოლას ახდენს უკვე დაზიანებულ სახსარზე.

ასევე მოქმედებს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების სეზონური ზრდა. ზამთრის მოკლე დღეები მოქმედებს ადამიანის ემოციურ სფეროზე, იწვევს დეპრესიას, რამაც შეიძლება გააძლიეროს ტკივილისა და დისკომფორტის აღქმა. ორგანიზმში მცირდება D ვიტამინის გამომუშავებაც, რაც საჭიროა იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

- რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი რეკომენდაციები?

- ქრონიკული ართრიტებისა და სხვა ქრონიკული რევმატული დაავადებების დროს პაციენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ თავიდან აიცილოს დაავადების გამწვავება.

ცივ ამინდში რევმატული დაავადებების სიმპტომების შესამცირებლად რეკომენდაციები ამგვარია:

  • ჩაიცვით თბილი, დამცავი ტანსაცმელი, სითბოსთვის უკეთესია ტანსაცმლის 2-3 ფენა.
  • ხელების სიცივისაგან დასაცავად ატარეთ ხელთათმანი, რომელშიც თითები ერთად იქნება. მოძებნეთ კომპრესიული ხელთათმანები. გარეთ ყოფნის დროს გამოიყენეთ ჯიბეში ან ხელთათმანში მოთავსებული სითბოს პაკეტები.
  • დაიცავით ფეხები თბილი წინდებით და ჩექმებით.
  • რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ. ვარჯიში ხელს უწყობს სახსრების ირგვლივ კუნთების, მყესების სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ტკივილის შემცირებას.
  • იზრუნეთ განწყობაზე. გააკეთეთ ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ. ისეირნეთ, მიმართეთ მედიტაციას ან იოგას მშვიდი გონების შესანარჩუნებლად და სტრესის შესამცირებლად.
  • თუ თვლით, რომ ცივი ამინდი აუარესებს თქვენს სიმპტომებს, ესაუბრეთ რევმატოლოგს მკურნალობის შესახებ ან ცხოვრების წესის სხვა სასარგებლო რჩევების შესახებ. ნუ იმკურნალებთ თვითნებურად.

დაბოლოს, გარეთ გასვლამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე შავი და მწვანე ჩაის მიღება ეხმარება სითბოს აკუმულირებას. სახლში დაბრუნებისას კი მიირთვით ცხელი ჩაი კურკუმით, კოჭათი, თაფლით, ლიმონით ან ლაიმით.

გაიკეთეთ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

- რადგან ვაქცინა ახსენეთ, რამდენად შესაძლებელია რევმატული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია?

- რევმატული დაავადებების მქონე პაციენტებს აქვთ ინფექციების უფრო დიდი რისკი, როგორებიცაა გრიპი და პნევმონია. ართრიტის სამკურნალოდაც ხშირად გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც, გარკვეულწილად, ასუსტებს იმუნურ სისტემას, რასაც შეუძლია გრიპის სეზონი უფრო სარისკო გახადოს. ართრიტის მქონე ადამიანებმა უნდა მიიღონ ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც მკვდარ ვირუსებს შეიცავს.