კვანძოვანი პოლიარტერიიტი - სისხლძარღვთა ანთება - როგორ ვლინდება და როგორია მკურნალობის გზები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვანძოვანი პოლიარტერიიტი - სისხლძარღვთა ანთება - როგორ ვლინდება და როგორია მკურნალობის გზები?

ამ დროს ვითარდება სისხლძარღვთა ანთება - ვასკულიტი, რომელიც, თავის მხრივ, ორგანოთა დაზიანებას იწვევს. კვანძოვანი პოლიარტერიიტის დროს უმეტესად ზიანდება ნერვები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, გული, სახსრები. შესაძლოა, დაზიანდეს თირკმლის სისხლძარღვებიც, რასაც არტერიული წნევის მომატებამდე და თირკმლის ფუნქციის დაქვეითებამდე მივყავართ.

ვის ემართება კვანძოვანი პოლიარტერიიტი

დაავადება შეიძლება ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს. ის თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში.

კვანძოვანი პოლიარტერიიტის დიაგნოსტიკა

ექიმმა კვანძოვანი პოლიარტერიიტის არსებობა შესაძლოა სხვადასხვა მონაცემის საფუძველზე იეჭვოს. ეს მონაცემებია:

პაციენტის ავადმყოფობის ისტორია, რომელიც შეესაბამება დაავადების კლინიკას;

პაციენტის გასინჯვა, რომელიც ავლენს ორგანოთა დაზიანებას და გამორიცხავს ანალოგიური სიმპტომების გამომწვევ სხვა დაავადებებს;

სისხლისა და შარდის ანალიზი, რომელიც ამა თუ იმ ორგანოს დაზიანებაზე ბადებს ეჭვს;

გამომსახველობითი კვლევები, სავარაუდოდ - დაზიანებული ორგანოების რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

მას შემდეგ, რაც გაჩნდება ეჭვი კვანძოვანი პოლიარტერიიტის თაობაზე, დიაგნოზის დასაზუსტებლად შეიძლება ჩატარდეს არტერიოგრაფია ან ბიოფსია. არტერიოგრაფიის დროს სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური საკონტრასტო ნივთიერება, რის შემდეგაც ტარდება რენტგენოგრაფია. ვასკულიტის დროს ვლინდება სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ან ანევრიზმის არსებობა.

ბიოფსიის დროს სპეციალური ნემსით იღებენ ქსოვილის უმცირეს ნაწილს, რომელსაც შეისწავლიან მიკროსკოპულად. ვასკულიტის დროს ვლინდება დამახასიათებელი სურათი. რასაკვირველია, უნდა ჩატარდეს იმ ორგანოს ან ქსოვილის არტერიოგრაფია ან ბიოფსიაც, რომლის დაზიანებაც სავარაუდოა პაციენტის გასინჯვის, ლაბორატორიული ან გამომსახველობითი კვლევების საფუძველზე მიღებული მონაცემებით.

კვანძოვანი პოლიარტერიიტის მკურნალობა

კვანძოვანი პოლიარტერიიტის მკურნალობის საფუძველია იმუნური სისტემის ანომალიური აქტივობის დათრგუნვა. ამ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა იმუნოსუპრესიული საშუალება. კვანძოვანი პოლიარტერიიტით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც ორგანოთა დაზიანება აღენიშნებათ, უნიშნავენ პრედნიზოლონს მეორე იმუნოსუპრესიულ პრეპარატთან - ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში.

ციკლოფოსფამიდი არის პრეპარატი, რომლის დიდ დოზებს ზოგიერთი სიმსივნის სამკურნალოდ იყენებენ. მას ქიმიოთერაპიულ საშუალებასაც უწოდებენ. სიმსივნის დროს ციკლოფოსფამიდი იწვევს სიმსივნური უჯრედების სიკვდილს ან მათი ზრდის მკვეთრ შეფერხებას. ვასკულიტის დროს ციკლოფოსფამიდი 10-ჯერ და 100-ჯერ ნაკლები დოზით გამოიყენება, ვიდრე სიმსივნის დროს. ამ შემთხვევაში პრეპარატი იმუნურ სისტემაზე მოქმედებს და თრგუნავს მას. იშვიათად, როცა პაციენტს არ აღენიშნება ნერვული სისტემის, გულის, თირკმელების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანება ან დაავადების სხვა მძიმე გამოვლინება, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს პრედნიზოლონით მკურნალობა.

ყველა იმუნოსუპრესიულ პრეპარატს აქვს გვერდითი ეფექტი, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტზე დაკვირვება და სათანადო ღონისძიებების ჩატარება გვერდითი ეფექტების დროულად გამოსავლენად და შესამცირებლად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველ ხანებში მკურნალობის კარგად ატანა არ იძლევა გარანტიას, რომ გვერდითი ეფექტები მომავალში არ აღმოცენდება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მიდმივი მეთვალყურეობის აუცილებლობას. ზოგიერთი არასასურველი ეფექტი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს.

მკურნალობის მიზანია კვანძოვან პოლიარტერიიტთან დაკავშირებული ანთების სიმპტომების შემცირება. ამის მიღწევისას საუბრობენ დაავადების რემისიის შესახებ. დაავადების მიმდინარეობის გაუმჯობესების შემდეგ ნელ-ნელა ამცირებენ სტეროიდების დოზას, ზოგჯერ კი მათ სრულიად წყვეტენ. ციკლოფოსფამიდს ხშირად იყენებენ რემისიის მიღწევამდე (ჩვეულებრივ, 3-6 თვის განმავლობაში), რის შემდეგაც რემისიის შესანარჩუნებლად მას ცვლიან სხვა იმუნოსუპრესანტებით - მეტოტრექსატით ან აზატიოპრინით. შემანარჩუნებელი მკურნალობის ხანგრძლივობა სხვადასხვა პაციენტისთვის სხვადასხვაა, უმეტესად - 1-2 წელი.

ამ ხნის შემდეგ შეიძლება დაისვას გამოყენებული საშუალებების დოზის თანდათანობითი შემცირების ან შეწყვეტის საკითხი. როცა პაციენტს აქვს კვანძოვანი პოლიარტერიიტის მსგავსი ვასკულიტი, რომელიც დაკავშირებულია ბ ან ც ჰეპატიტთან, მნიშვნელოვანია ჰეპატიტების ანტივირუსული მკურნალობა. ამ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს იმუნოსუპრესიული აგენტებით ვასკულიტის კონტროლის მიზნით, თუმცა მათ მალევე ხსნიან, რათა უკეთ წარმოჩნდეს ანტივირუსული აგენტების ეფექტი.

წაიკითხეთ სრულად