პრობლემური ტერფი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრობლემური ტერფი

თითების დეფორმაცია

უმეტესად გვხვდება ჩაქუჩისებრი თითი, ბრჭყალისებრი თითი. ტერფის თითის ჩაქუჩისებრი დეფორმაციის მიზეზია მისი მოძრაობის მაკონტროლებელი მყესის დამოკლება. გარდა ამისა, სახსარი დიდდება და თითს ჩვეული ადგილიდან სწევს. თითის ჩაქუჩისებრი დეფორმაციისას პაციენტს შესაძლოა გაუჭირდეს წონასწორობის დაცვა. ამ დროს, უპირველესად, აუცილებელია მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება. თუ ტკივილი საგრძნობლად აქვეითებს პაციენტის ყოველდღიურ აქტიურობას, ხდება ქირურგიული ჩარევა.

ტერფის პირველი თითის დეფორმაცია

ხშირად შეგვიმჩნევია ტერფის პირველი, დიდი თითის სახსრის გამსხვილება. ის ხშირად ფეხსაცმელშიც კარგად ჩანს. პაციენტები ასეთ დეფორმაციას პოდაგრას უწოდებენ. საბედნიეროდ, ცერა თითის სახსრის დეფორმაციას არაფერი აქვს საერთო პოდაგრასთან. მედიცინის ენაზე ამ დეფორმაციას ვალგუსური დეფორმაცია ეწოდება, რაც ნიშნავს ცერა თითის არანორმალურ გადახრას ტერფის მიმართ. ვალგუსური დეფორმაციის ძირითადი მიზეზებია ვიწრო, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მემკვიდრეობა (უპირატესად - ქალებთან), რევმატოიდული ართრიტი და სახსრების სხვა ანთებითი დაავადებები. შემაწუხებელ სიმპტომებს ამსუბუქებს კარგად მორგებული, თავისუფალი ფეხსაცმელი, ორთოპედიული მოწყობილობა, ფეხსაცმლის გაწევა (ბურთის ფორმის გამწევი, რომელიც აფართოებს ფეხსაცმლის შესაბამის ნაწილს). ამ ღონისძიებათა უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

პოდაგრა

პოდაგრა შარდმჟავას ცვლის დარღვევის შედეგად აღმოცენებული სახსრების მწვავე ანთებაა. ამ დროს უმეტესად ტერფის პირველი თითის სახსარი ზიანდება. მასში შარდმჟავას მარილების, ურატების, კრისტალების დაგროვება იწვევს უეცარ ტკივილს, სახსრის გაწითლებას, შეშუპებას, მოძრაობის შეზღუდვას. არც სხვა სახსრების დაზიანებაა გამორიცხული. მწვავე პოდაგრული ართრიტი შეიძლება მთელი დღე ან კვირა გაგრძელდეს. მკურნალობენ ანთების საწინააღმდეგო, შარდმჟავას შემცველობის დამაქვეითებელი საშუალებებით.

რიგიდული, ხისტი ცერა თითი

ამ დროს ტერფის პირველი სახსარი ზიანდება. დაზიანება იწვევს სახსარში მოძრაობის შეზღუდვას ან სახსრის მოხრის უნარის დაკარგვას. საწყისი მკურნალობაა სახსარზე ზეწოლის შემცირება და ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება. ინიშნება აგრეთვე ორთოპედიული მოწყობილობები, სპეციალური ფეხსაცმელი. რეკომენდებულია ფეხსაცმლის გაწევა. უეფექტობის შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევა.

ბუნიონიტი

ბუნიონიტს ახასიათებს ტკივილი და შეშუპება ტერფის მეხუთე თითის (ნეკის) გვერდით ზედაპირზე. შესაძლოა განვითარდეს მეხუთე თითის კუთხისმაგვარი დეფორმაცია. პაციენტი უჩივის მეხუთე თითის ძვლის თავის გვერდითი ზედაპირის ტკივილს. ამ დეფორმაციის გამო მას უჭირს ფეხსაცმლის კომფორტულად მორგება. მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება სიმპტომებს ამსუბუქებს. ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება.

ქუსლის ტკივილი

ქუსლის ტკივილი გვხვდება როგორც ახალგაზრდა, ისე ხანდაზმულ პაციენტებთან. ის ხშირად მიეწერება “ქუსლის დეზს” - ქუსლის ძვალზე არსებულ წანაზარდს, რომელიც ხშირად რენტგენოლოგიურად ვლინდება, თუმცა დეზი უმეტესად არ იწვევს სიმპტომებს და არც ზემოთ აღწერილი ტკივილის მიზეზია.


ტერფის ფასციიტი

ხშირად სწორედ ტერფის ფასციიტის ბრალია ქუსლის არეში არსებული ტკივილი, რომელსაც შეცდომით ქუსლის დეზს მიაწერენ. ფასცია ფარავს ტერფის ძირზე არსებულ კუნთებს. ფასციიტი ფასციის ანთებაა. ამ დროს პაციენტიები აღნიშნავენ “პირველი ნაბიჯის” ტკივილს. ის ვლინდება უპირატესად დილით, საწოლიდან ადგომისას, ამოძრავების შემდეგ კი თანდათან მცირდება და ქრება. უმოძრაო პერიოდის შემდეგ ტკივილი შესაძლოა ხელახლა აღმოცენდეს. ტერფის ფასციიტის დროს ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება ძუნძულის დროს. მკურნალობის მიზანი ტკივილების შემცირებაა. ამისათვის რეკომენდებულია აქილევსის მყესის დაჭიმვის ვარჯიშები, ფიზიკური აქტივობის ცვლილება, ყინულის აპლიკაციები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება, ფეხსაცმელში ქუსლის ბალიშების ჩაფენა, ღამის არტაშანი აქილევსის მყესის გასაჭიმავად. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტეროიდის ადგილობრივი ინექციები. იშვიათად, კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობისას დაისმის ქირურგიული ჩარევის საკითხი.

ტერფის გვირაბის სინდრომი

ტერფის გვირაბის სინდრომი ვითარდება ნერვზე ზეწოლის შედეგად, როცა ნერვი შედის შიგნითა (მედიალური) გოჯის უკან არსებულ ძვალ-ფიბროზულ გვირაბში. ტერფის გვირაბის სინდრომისთვის დამახასიათებელია ჭიანჭველების ცოცვისა და ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), მგრძნობელობის დარღვევა, დაბუჟება და ღამის ტკივილები თითებისა და ფალანგების მიდამოში, ტრეფის მხარეს. სამკურნალოდ ინიშნება ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლები, გამოიყენება ორთოპედიული მოწყობილობები, ზოგჯერ ტარდება სტეროიდების ადგილობრივი ინექციები.

მეტატარზალგია

მეტატარზალგია არის ტერფის წინა ნაწილის ტკივილი სიარულის დროს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ტერფის ცხიმოვანი ქსოვილის ატროფია, აქილევსის მყესის დაჭიმულობა, ცუდად მორგებული ფეხსაცმელი. ბუნიონი და ჩაქუჩისებური თითები შესაძლოა მეორეული მეტატარზალგიის მიზეზად იქცეს. მეტატარზალგიის სამკურნალო ღონისძიებებია სქელლანჩიანი ფეხსაცმლის, ორთოპედიული მოწყობილობების ტარება. ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

თითებშორისი (მორტონის) ნეირომა

მორტონის ნეირომა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ტერფის წინა ნაწილს, უმეტესად - მესამე და მეოთხე თითებს შორის არსებულ არეს. მისი მიზეზია ტერფში არსებულ ნერვულ ღეროზე ზეწოლა, ნერვის გაღიზიანება, რაც თითებს შორის არსებული მიდამოს მწველ ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. სიმპტომები ძლიერდება მჭიდრო ფეხსაცმლის ტარებისას და მსუბუქდება ფეხსაცმლის გამოცვლის ან წინა ტერფის მასაჟის შემდეგ. ხშირად ამ მიდამოში შეინიშნება გარდამავალი გამკვრივება თითებს შორის. ზოგჯერ სიმპტომებს ამსუბუქებს ფართო ფეხსაცმლის ხმარება, ორთოპედიული მოწყობილობა, აასს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), ლოკალური საანესთეზიო და სტეროიდული ინექციები. ხშირად საჭირო ხდება ნეირომის ქირურგიული ამოკვეთა.

დამნაშავე ფეხსაცმელი

როგორც ვხედავთ, ტერფის პრობლემებისა და შემაწუხებელი ჩივილების მიზეზი ხშირად ფეხსაცმელია. სპეციალისტების აზრით, მისი ზოგიერთი სახეობა შესაძლოა ტერფის კონკრეტული დაზიანების მიზეზად იქცეს.

  • პლაჟის ქოშები და სანდლები ხელს უწყობს ტერფის ფასციიტის აღმოცენებას.
  • ძალიან წვრილი და მაღალი ქუსლი აქილევსის მყესის დაჭიმვას იწვევს.
  • ბალეტკებს ფეხის ტკივილამდე მივყავართ.
  • ძალიან მაღალი პლატფორმები კოჭ-წვივის სახსრის არასტაბილურობას განაპირობებს და ზრდის ამ არის იოგების დაჭიმვის რისკს.
  • ძალიან ძველი ფეხსაცმელი ტერფს ტრავმისაგან ვეღარ იცავს.
  • ცხვრის ტყავის ჩექმამ შესაძლოა ტერფის სინოტივე გამოიწვიოს და სოკოვანი დაავადების აღმოცენებას შეუწყოს ხელი.
  • მჭიდრო მაღალქუსლიანი ჩექმა ნერვზე ზეწოლას განაპირობებს.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტერფისთვის იდეალურია მსუბუქი, სქელძირიანი, 3-4 სმ სიმაღლის ბრტყელქუსლიანი ფეხსაცმელი.