კისრის ოსტეოქონდროზი
ადამიანთა მოდგმა ამ დაავადებით მრავალი საუკუნეა იტანჯება. ამის დასტურია ხერხემლის დამახასიათებელი ცვლილებები, რომლებიც ფარაონთა მუმიებსა და რომაელი პატრიციუსების ნეშტებს აღმოაჩნდათ.
-
რა იწვევს
ურბანიზაციის, მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმისა და ხარისხის, ეკოლოგიური პირობების გაუარესების გამო ხერხემლის ოსტეოქონდროზი დღეს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ქალებს ეს დაავადება უფრო ხშირად ემართებათ, მაგრამ გამწვავება უმთავრესად მამაკაცების ხვედრია. ოპერაციული ჩარევაც მათ უფრო ხშირად სჭირდებათ. ოსტეოქონდროზი ხერხემლის დისტროფიული დაავადებაა. ყველაზე ადრე მალათაშუა დისკები ზიანდება, დეფორმირდება და აშრევდება. განსაკუთრებით სათუთია ხერხემლის კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს საძილე და ხერხემლის არტერიები, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. აქვეა ფარისებრი ჯირკვალი, სასულე. კისერი იჭერს თავს.
-
სიმპტომები
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია. ჯერ ერთი, კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა, რის გამოც ადამიანს ღამით გაღვიძება და ხელის კუნთების დაზელა უხდება. ზოგჯერ ტკივილი მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. არცთუ იშვიათად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. ზოგიერთს პალტოს ჩაცმაც კი არ შეუძლია, რადგან ის უსაშველოდ მძიმე ეჩვენება.
ტკივილი ძლიერდება ხველებისას, ცემინებისას, გაჭინთვისას, ყველაზე მეტად - ჯანსაღ მხარეს გადახრისას. მოსალოდნელია მოძრაობის (განსაკუთრებით - ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობის) დარღვევა. როგორც წესი, ზიანდება ხერხემლის კისრის ნაწილის ქვედა 2-3 ფესვი. ზოგჯერ ყოველივე ამას ერთვის ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ქავილი, ჩხვლეტა, ქვედა ან ზედა კიდურთა მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დარღვევა. კისრის შაკიკის განვითარება ხერხემლის არტერიის დაზიანებაზე მიუთითებს. ირღვევა თავის ტვინის ნათხემის, ღეროსა და კეფის ნაწილების სისხლის მიმოქცევა. მუდმივი სიმპტომია თავის ტკივილი. ის, ჩვეულებრივ, კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა. ტკივილი მუდმივია. ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად - დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის (მაგალითად, ტელევიზორის ყურების, მაგარ და მაღალ სასთუმალზე ძილის) შემდეგ. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც.
ხანში შესული ადამიანები ხშირად კარგავენ გონებას თავის მკვეთრი მობრუნებისას, რასაც წინ უძღვის თავბრუხვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის სიმახვილის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია გულმკერდის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის ტკივილი. ზოგჯერ ტკივილის შეგრძნება გულის არეშიც აღმოცენდება. ის შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მბურღავი და სტენოკარდიას წააგავდეს. დიფერენცირებისთვის გამოგადგებათ იმის ცოდნა, რომ ოსტეოქონდროზით გამოწვეული ტკივილი ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ არ გაივლის.
კისრის ოსტეოქონდროზის გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს, განსაკუთრებით - ხანში შესულ და ხანდაზმულ ასაკში, აღინიშნება რბილი ქსოვილების გამკვრივება. გამკვრივებული ადგილები შეიმჩნევა კისრის კუნთებში, კისრის მალების მორჩების მიდამოში, სხივ-მაჯის, იდაყვის სახსრებში, ლავიწზედა და ლავიწქვეშა ფოსოებში. ასაკთან ერთად ჩნდება ხელისგულების ნაწიბუროვანი შემსხვილებები, რომლებსაც მყესების სტრუქტურის ცვლილება იწვევს.
-
როგორ ვუმკურნალოთ კისრის ოსტეოქონდროზს
ოსტეოქონდროზისაგან განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ შედეგიანია.
მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, რათა გამოვლენილ იქნეს შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი უკუნაჩვენებია მაღალი არტერიული წნევის, სისხლძარღვოვანი კრიზების, აქტიური ანთებითი პროცესის დროს.
ოსტეოქონდროზის მკურნალობისას მიზნად არ უნდა დავისახოთ ”მარილების დაშლა ან გაწოვა” - ამ დროს ხდება არა ”მარილების დაგროვება”, არამედ რეაქტიული გაძვალება, ამიტომ ბუნებრივია, ვერავითარი ღონისძიება ვერ შეძლებს ”მარილოვანი წანაზარდების” დაშლას.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპია მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა და სამკურნალო ვარჯიშების შესრულება. ამასთანავე, კისრის ოსტეოქონდროზის დროს უნდა შესრულდეს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სრული უმოძრაობის პირობებში მნიშვნელოვან კუნთოვან დაძაბულობას იწვევს.
სწორედ ასეთ ვარჯიშებს (მათ იზომეტრიულ ვარჯიშებს უწოდებენ) ძალუძს კისრის კუნთოვანი ბოჭკოების გამაგრება და მიზანმიმართული წვრთნა. ასევე აუცილებელია კვების რაციონალური პრინციპის დაცვა (რაციონში ცილების, ვიტამინების შემცველობა საკმარისი უნდა იყოს. ცხარე კერძები და სპირტიანი სასმელების მიღება არ არის მიზანშეწონილი). სამკურნალო კვება მიმართულია სიმსუქნის წინააღმდეგ (საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა შემცირდეს ცხიმების, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცირების ხარჯზე; სასარგებლოა განტვირთვის დიეტები).
-
როგორ ავიცილოთ თავიდან ტკივილის სინდრომი
- ერიდეთ გაციებას და ორპირ ქარს - ამან შესაძლოა კუნთების დაძაბვა გამოიწვიოს, რაც ხშირად იქცევა ხერხემლის კისრის ნაწილის მწვავე ტკივილის მიზეზად.
- თავის ტკივილისას მსუბუქი წრიული მოძრაობით დაიზილეთ საფეთქლები ორ-ორი წუთის განმავლობაში. შესაძლოა, ამან ტკივილი შეგიმსუბუქოთ.
- ხერხემლის კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს თავის წრიული მოძრაობა უკუნაჩვენებია - ასეთი ვარჯიში მეტისმეტად ტვირთავს ხერხემლის კისრის ნაწილს და შესაძლოა, არა მარტო ტკივილის გაძლიერება, არამედ დაავადების მწვავე პერიოდის გახანგრძლივებაც გამოიწვიოს.
- სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე ნუ ისარგებლებთ კისრის მალების დამჭიმავი მოწყობილობით. კისრის მალები ძალზე მგრძნობიარეა ძალისმიერი დატვირთვის მიმართ. მცირედმა გაუფრთხილებლობამაც კი შეიძლება მალების ცდომა გამოიწვიოს და ზურგის ტვინის დაზიანების მიზეზად იქცეს.
- ნუ დატვირთავთ მტკივან ხელს დაავადების მწვავე პერიოდში. მცირე ტვირთის აწევასაც კი ერიდეთ.
- საწოლი უნდა იყოს მკვრივი, ბალიში - კვადრატული და დაბალი.
- კისრის ოსტეოქონდროზის დროს მუცელზე წოლა უკუნაჩვენებია. ასე წოლას რომ გადაეჩვიოთ, ღამით კისრის დამჭერი გაიკეთეთ.
- კისრის დამჭერი გაიკეთეთ ისეთი სამუშაოს დროსაც, რომელიც თავის დახრას და კისრის კუნთების დაჭიმვას მოითხოვს (კითხვა, ავტომობილით მგზავრობა და ა.შ.).
- ხშირად იცურავეთ. თქვენთვის რეკომენდებულია ბრასის სტილით და ზურგზე ცურვა.
- ჩაიტარეთ სამკურნალო მასაჟის 10 სეანსი წელიწადში ორჯერ მაინც.
- თუ სისტემატურად გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, ეცადეთ, ეკრანი თვალების დონეზე დაიდგათ. ეს ტელევიზორის ეკრანსაც ეხება.
- რეგულარულად შეიმოწმეთ მხედველობის სიმახვილე. თავი დაიბანეთ შხაპის ქვეშ, რადგანაც ხანგრძლივად თავის დახრამ შესაძლოა კისრის კუნთების გადაძაბვა გამოიწვიოს.
- იარეთ თავაწეულმა. მაგიდასთან დიდხანს თავდახრილი ნუ დაჯდებით.
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს შესასრულებელი ვარჯიშები:
მათი შესრულებისას მზერა პირდაპირ უნდა გქონდეთ მიპყრობილი.
- შუბლი ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულს, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
- ხელისგული მთელი ძალით დაიჭირეთ კეფაზე, კეფით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
- არც თავი და არც ხელისგული ზეწოლის დროს არ უნდა მოძრაობდეს.
- მარჯვენა საფეთქელი ძლიერად დააჭირეთ მარჯვენა ხელისგულს.
- იგივე გააკეთეთ მარცხენა საფეთქლითა და მარცხენა ხელით.
ზეწოლისას საფეთქელიც და ხელისგულიც უძრავი უნდა დარჩეს.
- ნიკაპი ხელისგულს დააჭირეთ და ძლიერად დააწექით, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
- ყოველი მოძრაობა გაიმეორეთ 3-5-ჯერ 7-10 წამის განმავლობაში.
- სცადეთ, ნიკაპი კისერთან მიიტანოთ, ხოლო თხემი მაღლა ასწიოთ.
- ნიკაპი ასწიეთ და თავი ბოლომდე მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (გაიმეორეთ 5-ჯერ).
- თავი დახარეთ და მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (5-ჯერ).
- თავი ოდნავ უკან გადასწიეთ. შეეცადეთ, მარჯვენა ყურით შეეხოთ მარჯვენა მხარს. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა მხარეს (5-ჯერ).
კისრის ოსტეოქონდროზს მხოლოდ კისრის კუნთების რეგულარული ვარჯიშით თუ მოვირჩენთ. ეცადეთ, ვარჯიშები შეასრულოთ დღეში 2-ჯერ, თავდაპირველად - 10-10 წუთის განმავლობაში, მერე და მერე კი ვარჯიშის დრო ყოველთვიურად თითო წუთით გაახანგრძლივოთ.