ზურგის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ხერხემლის ოსტეოქონდროზია
რომელიც ძვლისა და ხრტილის დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგს წარმოადგენს. ვერტებროგენული ტკივილის სინდრომი მოსახლეობის 70-90%-ში, თანაც ყველაზე შრომისუნარიან ნაწილში - 30-დან 45 წლამდე - გვხვდება. თანამედროვე სამყაროში ზურგისა და წელის ტკივილს "ცივილიზაციის დაავადებას" უწოდებენ. ამ პროცესში ჩართულია ხერხემლის სხვადასხვა სტრუქტურა: მალათაშუა დისკები, სახსრები, მყესები და კუნთები; ცვლილებათა შედეგად ღიზიანდება ამ სტრუქტურებზე პასუხისმგებელ ნერვთა რეცეპტორები და ხერხემლის ტკივილი იჩენს თავს.
დღეს მალათაშუა დისკოს დაზიანებას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. საქმე ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში ახალგაზრდობიდანვე იწყება დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები. ხერხემლის მალებს შორის არსებულ დისკოში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც მათ გაუწყლოებას იწვევს. ამის გამო დისკო მყიფდება და ძალიან ადვილად, მცირე დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაზიანდეს. ეს პროცესი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ ფაქტორს მისი დაჩქარება ან შენელება შეუძლია. ოსტეოქონდროზის დროს მალათაშუა დისკოს ნახეთქები უჩნდება. დატვირთვის დროს ამ ნახეთქებიდან შესაძლოა სითხემ გამოჟონოს. ამის შედეგად დისკოზე წარმოიშობა გამოზნექილობა, რომელსაც პროტრუზია ეწოდება. თუ ამ დროს დისკოს ბირთვიც გამოვარდა, მაშინ საქმე გვაქვს თიაქართან, რამაც შესაძლოა ზურგის ტვინის ფესვებისა და თვით ზურგის ტვინის დაზიანებამდე მიგვიყვანოს.
ოსტეოქონდროზის განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიზეზებია: მემკვიდრეობითი განწყობა; განვითარების თანდაყოლილი მანკები; ჰიპოდინამია; ხშირი გაციება; გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა; არ¬ას¬წორი ვარჯიში; ო¬რსულობა, მშობიარობა; ნივთიერებათა ცვლის და¬რღვევა; სკოლიოზი; ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვ.
ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობა გულისხმობს ზურგის ტკივილის ანუ დორსოპათიის მკურნალობას, რომლის მიზეზიც ძირითადად ოსტეოქონდროზის სხვადასხვა გამოვლინებაა (დისკოპათია, პროტრუზიები და მალათაშორისი თიაქრები, რადიკულიტი, რადიკულოიშიასი, ართროზი). ტკივილის სინდრომის მოსახსნელად გამოიყენება როგორც ფიზიკური მეთოდები (ფიზიოთერაპია, ხერხემლის ტრაქცია, მასაჟი, მანუალური თერაპია, კინეზოთერაპია, რეფლექსოთერაპია და სხვ.), ისე მედიკამენტებიც (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, მიორელაქსანტები, ვიტამინების კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავს თიამინს (ვიტამინი B1), პირიდოქსინს (ვიტამინი B6) და ციანკობალამინს, ინიშნება ლოკალური ბლოკადები და სხვ. იხილეთ ვრცლად