ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი

იგი გვხვდება ყველა ასაკში.

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური გრანულომის წარმოქმნა და ძვლის პროგრესირებადი დარღვევა, რაც, თავის მხრივ, ჩონჩხის დაზიანებული სეგმენტის გამოხატულ ანატომიურ და ფუნქციურ დარღვევებს იწვევს.

ფილტვგარეშე ტუბერკულოზის სტრუქტურაში ამ ლოკალიზაციას წამყვანი ადგილი უკავია. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხერხემლის ტუბერკულოზი, შედარებით იშვიათია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრისა. განასხვავებენ ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზის შემდეგ კლინიკურ ფორმებს:

  • ტუბერკულოზური ოსტიტი (ოსტეომიელიტი);
  • ტუბერკულოზური ართრიტი: ოსტეოართრიტი, სინოვიტი;
  • ტუბერკულოზური სპონდილიტი;
  • ტუბერკულოზური ტენდოვაგინიტი;
  • ტუბერკულოზურ-ალერგიული სინოვიტი.

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზით დასნებოვნება ხდება სისხლძარღვებისა და ლიმფური გზით სპეციფიკური პროცესით დაზიანებული რბილქსოვილოვანი ორგანოდან, უმეტესად - ფილტვებიდან, ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ძვლის ქსოვილში შეღწევით. ასეთი რამ ხდება ტუბერკულოზური ინფექციის პირველადი და იშვიათად მეორეული გენერალიზაციის პერიოდში. სპეციფიკური პროცესი ვითარდება იმ ძვლებში, რომლებსაც კარგი სისხლმომარაგება აქვს და მდიდარია მიელოიდური ქსოვილის შემცველი ღრუბლოვანი ნივთიერებით. ჩონჩხის ამგვარი ნაწილებია ხერხემლის მალის სხეული, გრძელი ლულოვანი ძვლების მეტაფიზები და ეპიფიზები. სპეციფიკური პროცესი აღმოცენდება წითელ მიელოიდურ ძვლის ტვინში, სადაც ფორმირდება ეპითელოიდური ბორცვები, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებით წარმოქმნის პროდუქტიულ კონგლომერატულ ბორცვებს, ეს უკანასკნელი კი ექვემდებარება ხაჭოსებრ ნეკროზს. ტუბერკულოზური გრანულომების დიფუზური გავრცელება იწვევს ძვლის ქსოვილის განლევას, რასაც თან ახლავს სეკვესტრების, აბსცესებისა და ხვრელმილების ჩამოყალიბება.

კლინიკური სურათი

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზის კლინიკურ სიმპტომებს ახასიათებს ორგანიზმის ფუნქციურ მოშლილობათა წყება, დამახასიათებელი ტუბერკულოზური ინტოქსიკაციისა და ლოკალური სიმპტომატიკისთვის, რაც განპირობებულია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებით. თუ საწყისი კერა მდებარეობს ლულოვანი ძვლის სიღრმეში, ეპიფიზის ცენტრში ან მეტაფიზში, ძვლის კორტიკული შრისგან მოშორებით, შესაძლოა დიდხანს არც იძლეოდეს ადგილობრივ კლინიკურ სიმპტომებს. როდესაც ტუბერკულოზური კერა უახლოვდება ძვლის კორტიკულ შრეს ან სასახსრე ჩანთას, ვითარდება არასპეციფიკური პერიფოკალური ანთება, სასახსრე ჩანთაში წარმოიქმნება ანთებითი გამონადენი, რაც თავდაპირველად სახსრის მოძრაობის უმნიშვნელო შეზღუდვას იწვევს. ადამიანი სწრაფად იღლება საირულის დროს. მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისას ტკივილი შესაძლოა იგრძნობოდეს მუხლის სახსარში; მხრის სახსრის დაზიანებისას ის გადაეცემა მთელ ხელში, თითების ჩათვლით, და ადამიანი კიდურის დაზოგვას ცდილობს. ხერხემლის დაავადების შემთხვევაში იგრძნობა ზურგის დაღლილობა, ერთგვარი შებოჭილობა მოძრაობისას. ხერხემლის კისრის ნაწილის დაზიანებისას ავადმყოფი უჩივის კეფის, ხელების, თითების ტკივილს; გულმკერდის ნაწილის დაზიანებისას ვითარდება მსტვენი სუნთქვა, ყივანახველის მსგავსი ხველა, მუცლის, წელის ტკივილი. წელისა და გავის ნაწილის დაზიანებისას - გავა-თეძოს რადიკულიტი, ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ. სახსარში ან ხერხემალში მოძრაობა შეზღუდულია, ყალიბდება მისი მანკიერი მდებარეობა - კონტრაქტურა და თავს იჩენს ანატომიური დაშლის ნიშნები: შენაცვლება, კიდურის დამოკლება, დეფორმაცია. დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ დაზიანების კერაში ყალიბდება კაზეოზური ნეკროზი და ტუბერკულოზური აბსცესი. ამასთან, უარესდება ზოგადი მდგომარეობა. სხეულის ტემპერატურა 38,0-38,5°С-მდე იმატებს სასახსრე ჩანთის ჩაკეტილი ღრუდან დაშლის პროდუქტების შეწოვის შედეგად. ხვრელმილის წარმოქმნა და მისი მეორეული ინფიცირება პროცესს ამწვავებს და აუარესებს. აქტიურობის დაკარგვის სტადიაში, უპირველეს ყოვლისა, ქრება კლინიკური სიმპტომები. რეპარატიული პროცესები შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.


რას გვაძლევს რენტგენოლოგიური სურათი

ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის ტიპური და ადრეული ნიშანია ძვლის ოსტეოპოროზი, რომელიც აღმოჩნდება არა მარტო დაზიანების ადგილას, არამედ ძვლის მთელ სიგრძეზე. შესაძლოა, გამოვლინდეს ძვლის ატროფია. რბილ ქსოვილებში შეინიშნება ჩანთის გაფართოებული ჩრდილი. ტუბერკულოზური სპონდილიტის ადრეული ნიშანია მალათაშუა ხვრელის შევიწროება, მაგრამ ეს სიმპტომი მხოლოდ პირობითად მიიჩნევა ადრეულად, ვინაიდან ის მალათაშუა ხრტილის მთლიანობის დარღვევასა და მალის სხეულის დაზიანებაზე მიუთითებს. ტუბერკულოზური აბსცესი რენტგენოგრამაზე პროეცირდება დაზიანების კერასთან ჰომოგენური ჩრდილის სახით. ახალი ტუბერკულოზური აბსცესი შეიძლება ამოვიცნოთ ირიბი ნიშნებით, მაგალითად, ტუბერკულოზური სპონდილიტის დროს - ტრაქეისა და ბრონქის გადახრით. რენტგენოლოგიური სურათი, წესისამებრ, ჩამორჩება კლინიკურს. ასეთი ჩამორჩენა მოზრდილებთან განსაკუთრებით დამახასიათებელია ძვლის ტუბერკულოზისთვის, რადგან მკვრივი კორტიკული ძვლის შრე და ძვლის მძლავრი ტრაბეკულები დიდხანს ეწინააღმდეგება ტუბერკულოზურ რღვევას. რენტგენოგრამაზე სისტემატური დაკვირვებისას თვალსაჩინო ხდება პროცესის განვითარების დინამიკა: დაზიანების კერის ზრდა, კორტიკული შრის გარღვევა, მალათაშორისი და სახსარშიდა ნაპრალის შევიწროება და შემდგომი გაქრობა, პროცესის გადასვლა დარღვეულიდან მეზობელ ძვალზე. ტუბერკულოზური აბსცესის ცვლილების დინამიკას დიდი პროგნოზული მნიშვნელობა აქვს. რენტგენოლოგიური სურათი ასახავს დაავადების თითოეულ სტადიას.

დიაგნოსტიკა

დაზიანებული ორგანოს დეფორმაცია და მისი ფუნქციის შეზღუდვა ტუბერკულოზური პროცესის შედეგია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის დროულად დაწყებას. ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია ავადმყოფის კლინიკური გამოკვლევა. ანამნეზის შეკრებისას ირკვევა ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტი, გადატანილი ინფექციური დაავადება, დადებითი ტუბერკულოზური სინჯების არსებობა, ავადმყოფობის ზოგადი სიმპტომების აღმოცენების დრო, დაავადებული ორგანოს მამოძრავებელი ფუნქციის ცვლილება, ინტოქსიკაციის სიმპტომების არსებობა. გასინჯვისას ყურადღებას იქცევს დაავადებული ორგანოს მდებარეობა, მისი კონტურები, ზედაპირი, მოცულობა, სიგრძე, კანის ფერი, დაავადებულ კიდურს ადარებენ ჯანმრთელს. ფასდება სახსარზე არსებული კანის ტემპერატურა, სახსრის შესქელება, ქსოვილების შეშუპება, კანის ნაკეცის გასქელება, კუნთების ტონუსი, სასახსრე ჩანთის სიმკვრივე და შიგთავსი, აღინიშნება მტკივნეული წერტილები. მოწმდება მოცემულ სახსარში შესაძლებელი ყოველგვარი მოძრაობა. შემოწმება იწყება ჯანმრთელი სახსრიდან, იკვლევენ დაავადებული სახსრის აქტიურ მოძრაობას, შემდეგ პასიურს. ძვალსასხროვანი სისტემის ტუბერკულოზის კვლევის ლაბორატორიული მეთოდები ისეთივეა, როგორიც სხვა ლოკალიზაციის ტუბერკულოზისა. ტუბერკულოზმა შეიძლება დააზიანოს ადამიანის ძვალსახსროვანი სისტემის ნებისმიერი ნაწილი. მიმდინარეობითა და გავრცელებით განსაკუთრებით მძიმეა ხერხემლის (სპონდილიტი), მენჯ-ბარძაყის (კოქსიტი) და მუხლის (გონიტი) სახსრების ტუბერკულოზი. ხერხემლის ტუბერკულოზის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება გულმკერდისა და წელის ნაწილები. ტუბერკულოზური კერა აღმოცენდება ხერხემლის მალის ცენტრში ან მის ეპიფიზში. დაავადების პროგრესირებასთან ერთად პროცესში ერთვება რამდენიმე მალა, იწყება მათი დაშლა და პათოლოგიური მოტეხილობები. ტუბერკულოზის საწყისი ფაზის კლინიკური გამოვლინება მწირია: ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის სიმპტომები ყოველთვის მკვეთრად არ არის გამოხატული, დაზიანების დონეზე ტკივილი არ არის მუდმივი. როდესაც დაავადება პროგრესირებს და პროცესში ერთვება რამდენიმე მალა, კლინიკური სურათი უფრო მკაფიო ხდება, თავს იჩენს ძლიერი ტკივილი ხერხემალში მოძრაობისა და დატვირთვისას, მოძრაობის შეზღუდვა და კუნთების რიგიდულობა. ზოგიერთ ავადმყოფს უყალიბდება ტუბერკულოზური აბსცესი. ხერხემლის ტუბერკულოზის გართულებებია ნევროლოგიური მოშლილობა (პარეზები, დამბლა, მენჯის ორგანოების დისფუნქცია, ტროფიკული მოშლილობა) და ხვრელმილები. ხვრელმილები საგრძნობლად ამძიმებს პროცესს, ვინაიდან მეორეულად ინფიცირდება ჩირქოვანი მიკროფლორით, კერძოდ, სტაფილოკოკით. ხანგრძლივი ჩირქოვანი პროცესი ხშირად რთულდება შინაგანი ორგანოების ამილოიდოზით. დროულად დაწყებული და ეფექტური მკურნალობით ხდება ტუბერკულოზური პროცესის ჩაქრობა და სტაბილიზაცია, რასაც მოჰყვება გამოჯანსაღება ხერხემლის ფუნქციის აღდგენით ან მისი უმნიშვნელო დარღვევით. გავრცობილი პროცესის დროს დაავადება სრულდება პროცესის ჩაწყნარებით ხერხემლის მალების ანტომიური შეთანაწყობის დარღვევით, ხერხემლის დეფორმაციით მისი საყრდენი ფუნქციის სხვადასხვა ხარისხით დარღვევით. მენჯ-ბარძაყის სახსრის ტუბერკულოზის დროს ხდება ბარძაყის თავის რღვევა და დეფორმაცია, ლოკალურად აღინიშნება ტკივილი დატვირთვისას, მოძრაობის უმნიშვნელო შეზღუდვა, ბარძაყის კუნთების ჰიპოტონია. პროცესის პროგრესირების კვალდაკვალ დესტრუქციის კერა აღწევს სახსარში და ვითარდება ართრიტის სურათი ტუბერკულოზური ანთების ყველა ნიშნით. მოძრაობის მოცულობა იზღუდება, ძლიერდება ქსოვილთა ტროფიკის დარღვევა. მკურნალობისას სახსარში პროცესი თანდათანობით სტაბილიზდება, ამასთან, სახსრის ფორმა და ფუნქცია შესაძლოა არ დაირღვეს. გამორიცხული არ არის ფიბროზულ-ძვლოვანი ანკილოზის ფორმირება მანკიერ მდგომარეობაში, სახსრის კონტრაქტურა და ქვედა კიდურის ფუნქციური დამოკლება. მუხლის სახსრის ტუბერკულოზის პირველ სტადიაში ვითარდება სინოვიტი. კლინიკური სურათი ყალიბდება ნელა და ვლინდება ანთების სიმპტომების გაძლიერებით, შეშუპებით, გამონადენით, სახსრის მომხრელი კონტრაქტურით. მოგვიანებით ამას ერთვის კუნთოვანი ჰიპოტროფია, კომბინირებული კონტრაქტურა, მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ადგილობრივი ცვლილებები მნიშვნელოვნად პრევალირებს დაავადების ზოგად სიმპტომებთან შედარებით. პროცესს ხშირად თან ახლავს აბსცესი და ხვრელმილი. ჩაწყნარების სტადიაში ანთებითი მოვლენები თანდათანობით რეგრესირებს, სახსარი ხდება უმტკივნეულო, თუმცა ნარჩუნდება ტროფიკული და ანატომიურ-ფუნქციური დარღვევები, რაც იწვევს ფეხის საყრდენი ფუნქციის დაკარგვას.

მკურნალობა

საწყის სტადიაში ტარდება ხანგრძლივი კონსერვატიული ანტიბიოტიკოქიმიოთერაპია. კონსერვატიული მკურნალობის არასაკმარისი ეფექტურობისა და დაავადების პროგრესირებადი მიმდინარეობისას შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა.

პროგნოზი

ძვალსახსროვანი ტუბერკულოზის მკურნალობის თანამედროვე საშუალებები უზრუნველყოფს დაავადების კეთილსაიმედო პროგნოზს დაავადების დროული გამოვლენისა და ადრეული მკურნალობის პირობებში.

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი