ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი ცვლილებები
ზოგჯერ ეს თაღები სწორდება, ბრტყელდება, შიგნით შებრუნდება ან გარეთ მიიქცევა. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედი თამაზ გაბუნია
.- რა არის ტერფმრუდობა და მისი რამდენი ფორმა არსებობს?
- ტერფმრუდობა ძვალსახსროვანი სისტემის თანდაყოლილი პათოლოგიაა. ის შეიძლება იყოს ცალმხრივი, ორმხრივი, ორივე ტერფით შიგნიდან გარეთ მიქცეული (ვალგუსური ორიენტაცია) ანდა მიზიდული. თანდაყოლილი ტერფმრუდობა ორი ტიპისაა:
ა) ძვლოვანი - როცა პათოლოგიას ტერფის რომელიმე ძვლის ნაკლებობა განაპირობებს;
ბ) მყესკუნთოვანი - ეს მიმზიდველი კუნთის მყესის პათოლოგიაა.
არსებობს II ხარისხის ნეიროგენული ბუნების ტერფმრუდობაც. ეს დაავადების ერთ-ერთი რთული ფორმაა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ფონზე ვითარდება.
- არსებობს თუ არა ტერფმრუდობის განვითრების რისკფაქტორები? გენეტიკურად ხომ არ გადაეცემა ეს პათოლოგია?
- ტერფმრუდობა გენეტიკურად არ გადაეცემა, თუმცა არ არის გამორიცხული, მესამე-მეოთხე თაობაში გამეორდეს. გარკვეულ როლს ასრულებს ნაყოფზე თამბაქოს, ალკოჰოლის, რადიაციის ზემოქმედება. ერთ-ერთი მეცნიერული გამოკვლევის შედეგების თანახმად, რომელიც ამერიკელმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს, ნაყოფის ფიზიოლოგიურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ორსულობის მეხუთე თვის შემდეგ ხშირი ექოსკოპიური (ულტრაბგერითი) გამოკვლევაც.
- რას უნდა მიაქციოს დედამ ყურადღება, რათა ტერფმრუდობა არ გამოეპაროს?
- ბავშვის ტერფმრუდობას პირველად ნეონატოლოგი ამჩნევს სამშობიაროში. იგი ესწრება მშობიარობას, იბარებს ახალშობილს და დედას აცნობებს, რომ მის პატარას თანდაყოლილი ტერფმრუდობა აქვს. თუ ამ ეტაპზე პათოლოგია ვერავინ შეამჩნია, დედა უნდა დააკვირდეს, ხომ არ აქვს ჩვილს ცალი ან ორივე ტერფი გარეთ ან შიგნით შებრუნებული ანდა ზურგისკენ მიზიდული. თუ დედამ გამრუდებული ტერფის გასწორება სცადა, ხელის გაშვებისთანავე ის კვლავ პათოლოგიურ მდგომაროებას დაუბრუნდება. ასეა მყეს-კუნთოვანი დაზიანების დროს, ძვლოვანი დაზიანებისას კი ტერფს ხელით ვერ შეაბრუნებ, ის თითქოს ჩაჭედილია.
დიაგნოზის დასაზუსტებლად ტერფის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ტარდება. არცთუ იშვიათად ტერფმრუდობას პირველად ერთი თვის ასაკში, პროფილაქტიკური გასინჯვის დროს, აღმოაჩენს ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი. მდგომარეობის შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვილს ორთოპედიულ ცენტრში გზავნიან.
- როგორ ხდება პათოლოგიის კორექცია?
- შედეგი მხოლოდ დროულად დაწყებულ მკურნალობას მოაქვს. ამიტომ ჩემი თხოვნა, რჩევა, გაფრთხილება იქნება, შეამჩნევთ თუ არა ანომალიას, მყისვე მიმართოთ სპეციალისტს. თანდაყოლილი ტერფმრუდობის დროს მკურნალობის პირველი ეტაპი მოიცავს სამკურნალო ფიზკულტურას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, მათ შორის - აბაზანებს.
თვენახევრის შემდეგ, თუ ფიზიოპროცედურებმა შედეგი არ გამოიღო, მკურნალობა გრძელდება თაბაშირის ეტაპობრივი ნახვევებით. სულ 7-8 ნახვევია საჭირო. პირველი 8 დღით ედება, მომდევნოები კი ორ კვირაში ერთხელ იცვლება. მკურნალობა ამბულატორიულია - ბავშვის საავადმყოფოში დაწვენა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ, ექიმთან შინიდან ატაროთ.
მინდა ხაზი გავუსვა ერთ უსიამოვნო ფაქტს: ზოგჯერ თაბაშირის ნახვევს არასწორად ადებენ. ამიტომ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. ნახვევი უნდა დაედოს მუხლის სახსარში მოხრილ ფეხს ბარძაყის შუა მესამედიდან ტერფის თაღამდე. ასეთ მდებარეობაში აქილევსის მყესი დუნდება, რაც შედეგზეც აისახება - 6-8 თვის ასაკისთვის დეფორმაცია უკვალოდ ქრება. როცა ბავშვი ფეხს აიდგამს, შესაძლოა, ისევ შეაბრუნოს ტერფი. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმი პატარას სპეციალურ ფეხსაცმელს ურჩევს. ის ბავშვმა დაახლოებით სამ წლამდე უნდა ატაროს. ამ ხნის მანძილზე პატარა დროდადრო ორთოპედს უნდა აჩვენოთ და ზუსტად შეასრულოთ მისი მითითებები.
სხვაგვარად არის საქმე თანდაყოლილი ძვლოვანი ტერფმრუდობის დროს. ამ შემთხვევაში მკურნალობა ქირურგიულია. ოპერაციაა საჭირო მაშინაც, როცა სპეციალისტს დაგვიანებით მიმართავენ ან მკურნალობა არაპროფესიონალურად ტარდება. ოპერაცია ზაცეპინის მეთოდით კეთდება. შემდეგ კარგა ხანს საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი. ქირურგიული ჩარევა უმჯობესია 2 წლის შემდეგ მოხდეს.
- თქვენ ნეიროგენული ტერფმრუდობა ახსენეთ. რა არის ეს?
- ნეიროგენული ტერფმრუდობა, იგივე ექვინოვალგუსური დეფორმაცია, ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემების მძიმე პათოლოგიაა. მის მიმართ მემკვიდრეობითი განწყობა უდავოდ არსებობს, თუმცა ის ყოველთვის არ გამოვლინდება - პათოლოგიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მავნე გარეგანი ფაქტორებიც.
ნეიროგენული ტერფმრუდობის დროს ტერფი ჩამოვარდნილია და ხელით გასწორებისას ხელის გაშვებისთანავე პათოლოგიურ მდგომარეობას იბრუნებს. ქალასშიგა წნევის მომატების გამო ბავშვი აღგზნებულია, დაჭიმული, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება ზოგჯერ კიდურების დამბლას იწვევს.
მკურნალობა კომბინირებულია - ბავშვს ერთი მხრივ ნევროპათოლოგის, მეორე მხრივ კი ორთოპედის დახმარება სჭირდება. აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპია.
ქირურგიულ ჩარევას ნეიროგენული ტერფმრუდობის დროს არ მიმართავენ. მკურნალობა წლობით გრძელდება, თუმცა სრული განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. პათოლოგია მცირდება, მაგრამ არ ქრება.
- რა ტიპის ვარჯიშები და მასაჟი გამოიყენება ასეთ დროს?
- ვარჯიში მარტივია - ბრუნვითი მოძრაობები კოჭ-წვივის სახსარში, ფეხშიშველა სიარული ხორკლიან ზედაპირზე, პატარა რბილი საგნების ფეხით აღება. მასაჟი ძირითადად რელაქსაციურია და აქილევსის მყესისა და კუნთის მოდუნებას ისახავს მიზნად. ამისათვის გამოიყენება ხელსმა, ვიბრაცია... როგორი მარტივიც არ უნდა იყოს სამკურნალო ფიზკულტურაც და მასაჟიც, ისინი ორთოპედის მეთვალყურეობით მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.
ტერფმრუდობისგან განსხვავებით, რომელიც თანდაყოლილი პათოლოგიაა, ბრტყელტერფიანობა ტერფების თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციაა, რომელიც განივი და გასწვრივი თაღების გასადავებით გამოიხატება. ბრტყელტერფიანობის კლინიკური ნიშნებია:
- ტერფის დაგრძელება;
- გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება;
- ტერფის წინა ნაწილის შიგნით შებრუნება;
- ქუსლის გარეთ მიქცევა;
- ადვილად დაღლა, ტკივილი ტერფის, კოჭ-წვივის სახსარში დატვირთვის შემდეგ.
ბრტყელტერფიანობა ზოგჯერ დამოუკიდებელი დაავადებაა, ზოგჯერ - ტორსისა და ქვედა კიდურების დეფორმაციის სიმპტომი. ხშირად ის თან სდევს ბარძაყის თანდაყოლილ ამოვარდნილობას, ბარძაყის ვალგუსურ დეფორმაციას, ტანდეგობის დარღვევას (ხერხემლის გამრუდებას, განსაკუთრებით - კიფოზურ-ლორდოზულს), წვივის დიდი ძვლის შიგნით შებრუნებას, ოსტეომალაციას, სახსრებში მოძრაობის სიჭარბეს, პოლიომიელიტს და ნეიროორთოპედიულ დაავადებას.
ბრტყელტერფიანობის რამდენიმე ფორმა არსებობს:
- სტატიკური ბრტყელტერფიანობა. ის ქვედა კიდურების ქრონიკულ დატვირთვას მოსდევს. ტერფი უბრტყელდებათ დისპლაზიური (არასწორად განვითარებული) შემაერთებელი ქსოვილის მქონე ბავშვებს, რომელთაც კუნთებისა და მყესოვანი სისტემის ტონუსის დაქვეითება აღენიშნებათ.
- ტრავმული ბრტყელი ტერფი. გამოწვეულია წინა ტერფის, ქუსლის ძვლის, კოჭ-წვივის ან მუხლის სახსრის, მენჯ-ბარძაყის სახსრის და ხერხემლის დაზიანებისას ძვლების არასწორი შეხორცებით.
- პარალიზური ბრტყელი ტერფი. ამ ფორმას ნერვული სისტემის დაზიანება - ქვედა კიდურების რბილი ან სპასტიკური პარეზი - განაპირობებს;
- რაქიტული ბრტყელი ტერფი. განპირობებულია კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევით, ოსტეომალაციით, მყესოვანი და კუნთოვანი სისტემის მოდუნებით.
- რა იწვევს ტკივილს?
- თაღების გასადავების გამო ტერფი ბრტყელდება და სიარულისას ზამბარასავით ვეღარ იდრიკება. სწორედ ეს იწვევს ტკივილსა და სწრაფ დაღლას. გასწვრივი თაღის გაბრტყელება ტერფის წაგრძელებას იწვევს. ეს ადამიანს აიძულებს, ადრინდელზე ერთი ან ორი ზომით დიდი ფეხსაცმელი ატაროს. როცა ბრტყელდება განივი თაღი, თითების ძირთან ტერფი ფართოვდება, ფეხისგულზე ბებერა ჩნდება, ცერზე კი - ძვლოვანი წანაზარდი. განივი და გრძივი თაღების გადასწორება, როგორც წესი, ერთდროულად იწყება.
- როგორ სვამენ ბრტყელტერფიანობის დიაგნოზს?
- თაღების სრული ფორმირება 6-7 წლის ასაკში ხდება. მანამდე ტერფის ფორმა საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის. მიუხედავად ამისა, ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილების ამოცნობა 1 წლამდეც შეიძლება. დიაგნოსტიკას აბრკოლებს სიმსუქნე - მსუქანი ბავშვის ტერფის თაღი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ბალიშით არის ამოვსებული. თუ ასეთ ტერფზე დაყრდნობისას მედიალური ზედაპირი პრონირებულია (შიგნით არის შებრუნებული), უკანა ნაწილი კი ვალგუსური ორიენტაციისა (ქუსლი გარეთ აქვს მიქცეული), უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრტყელტერფიანობა განვითარდება.
ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრისა და კორექციისთვის კომპიუტერულ გამოკვლევას იყენებენ. მისივე მეშვეობით შეირჩევა ინდივიდუალური საკორექციო სუპინატორები.
არსებობს მარტივი მეთოდიც, რომელიც ყველა დედამ უნდა იცოდეს, რათა შინ, თვითონვე დაუდგინოს შვილს ბრტყელტერფიანობა:
- აიღეთ სუფთა ფურცლი და იატაკზე დადეთ. ბავშვს ტერფებზე წაუსვით ცხიმოვანი კრემი და ამ ფურცელზე დააყენეთ. ეცადეთ, ტანი სწორად ეჭიროს, ფეხები კი მიტყუპებული ჰქონდეს, რათა სხეულის სიმძიმე ორივე ფეხზე თანაბრად გადანაწილდეს. ფურცელზე ფეხების ანაბეჭდი დარჩება.
ამის შემდეგ აიღეთ ფანქარი და სახაზავი და ტერფის ანაბეჭდის შიგნითა მხარის ყველაზე გამოწეული წერტილები სწორი ხაზით შეაერთეთ. შემდეგ მონიშნეთ ტერფების ჩაღრმავების ყველაზე ღრმა ადგილი და ამ წერტილიდან გავლებული ხაზების პერპენდიკულარული სწორი ხაზი გაავლეთ. თუ ანაბეჭდის ვიწრო ნაწილი პერპენდიკულარულად გავლებული ხაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ტერფი ნორმალურია; თუ ეს მონაკვეთები ტოლია, ბრტყელტერფიანობა აშკარაა.
- როგორ მკურნალობენ ბრტყელტერფიანობას?
- ბავშვთა ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ უმთავრესად კონსერვატიულ მეთოდს მიმართავენ. თერაპიის მიზანია ნერვკუნთოვანი და მყესიოგოვანი სისტემების ტონუსის მომატება და მოდელირებული (ინდივიდუალურად შერჩეული) სუპინატორით კორექტირებული თაღის ფორმის შენარჩუნება.
მკურნალობა კომპლექსურია - მოიცავს დღის რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატულ ფიზიოთერაპიას, ბალნეო- და მედიკამენტურ თერაპიას. გასათვალისწინებელია ძირითადი და თანმხლები დაავადებებიც.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს უკეთებენ ტერფის მედიალური, წვივის მედიალური, წინა, დუნდულა, გავა-წელის, ხერხემლის გასწვრივი და მუცლის კუნთების მატონიზირებელ მასაჟს. სასურველია მასაჟი გაკეთდეს აქტოვეგინის ან სოლკოსერილის მალამოებით. პროცედურის შემდეგ ტერფი სუპინირებულ მდგომარეობაში რვიანისმაგვარი რბილი ნახვევით მაგრდება. ძილის დროს ტერფი ასეთსავე მდგომარეობაში თაბაშირის ღარშია ფიქსირებული. ასეთი მკურნალობა 1 წლამდე რეგულარულად და თანამიმდევრულად უნდა გაგრძელდეს.
ფეხის ადგმისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ფეხსაცმლის ცვეთის ფორმას. თუ ტერფი გაბრტყელებისკენ არის მიდრეკილი, ცვდება ქუსლის შიგნითა ზედაპირი; თუ შეიმჩნევა დეფორმაციის პროგრესირების ტენდენცია, უნიშნავენ სუპინატორებს.
უფროსი ასაკის ბავშვების მკურნალობა ასევე სამკურნალო ვარჯიშებითა და მასაჟით იწყება. ტარდება ტერფის თაღამწევი კუნთების ელექტროსტიმულაცია. ეფექტურია წყლის ვარჯიში.
მკურნალობის შემდეგ ტერფის სწორი ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტერფის ნორმალური ყრდნობა დგომისა და მოძრაობის დროს.
ტერფის ფუნქცია ბევრად არის დამოკიდებული ფეხაცმლის ქუსლზე, რომელიც კუნთს მუშაობისთვის ხელსაყრელ პირობებს უქმნის - ამაღლებს გასწვრივ თაღს და აუმჯობესებს მის რესორულ ფუნქციას.
ქუსლის სიმაღლე ტერფის სიგრძის მეოთხედს უნდა შეადგენდეს, რაც დაახლოებით 2-3 სანტიმეტრს უდრის.
ბრტყელი და მრუდე ტერფის კორექციის დროს ქუსლის შიგნითა ზედაპირს დამატებით სჭირდება ამაღლება. ვარჯიშთა სპეციალური კომპლექსის მიზანია ტერფების კუნთოვანი აპარატის გამაგრება. ბავშვი შეგიძლიათ შინაც ავარჯიშოთ. ვარჯიშის დაწყებამდე ოთახი კარგად გაანიავეთ. ვარჯიში ჯერ მწოლიარემ ჩაატარეთ, შემდეგ მჯდომარემ.
დასვით ბავშვი მაგარ, სწორზედაპირიან სკამზე ზურგგამართული, ისე, რომ მუხლები და მენჯ-ბარძაყი 90-გრადუსიანი კუთხით იყოს მოხრილი. ფეხქვეშ ფარდაგი დაუგეთ. ფეხები ოდნავ დააშორიშორეთ. შიშველი ფეხისგულები მთლიანად უნდა ეხებოდეს იატაკს. ტერფები მოხარეთ და გაშალეთ, ფეხის თითები მოკეცეთ და გაშალეთ, თითქოს იატაკიდან რამის აღება გინდოდეთ. შეახეთ იატაკს ჯერ თითის წვერები, შემდეგ ქუსლები. იატაკიდან აიღეთ პატარა ბურთი, ასწიეთ და შემდეგ ისევ დადეთ.
ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ სავარჯიშო ჯოხი. ამოიდეთ თითების ქვეშ პირსახოცი, მისი ბოლოები ხელით დაიჭირეთ და მოქაჩეთ. ვარჯიშის დასასრულს რამდენიმეჯერ გაიარ-გამოიარეთ ფეხის წვერებზე, შემდეგ - ქუსლებზე, შემდეგ - ტერფის გვერდით ზედაპირებზე ორივე მხარეს. შეგიძლიათ შიშველი ფეხებით ატრიალოთ ველოტრენაჟორი.
არსებობს სპეციალური ფეხის ტრენაჟორიც - 3-4 პარალელურად დამაგრებული ხის უსწორმასწორო ჯოხი, რომელთა გადატრიალება-გადმოტრიალება თავისუფლად შეიძლება ტერფებით.
შეძენილი ბრტყელტერფიანობის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ:
- ერიდოთ ვიწრო ფეხსაცმელს;
- ერიდოთ ბევრ სირბილს, დიდხანს ფეხზე დგომას, ფეხები ხშირად დაასვენოთ;
- რეგულარულად ავარჯიშოთ ტერფები, გაიკეთოთ მასაჟი, აბაზანები;
- 40 წლის შემდეგ ტერფებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.