დეფორმული ტერფი
ტერფის დეფორმაცია, როგორც წესი, პროგრესირებს, ანუ მდგომარეობა თავისით არ უმჯობესდება და პრობლემა დროთა განმავლობაში არ ქრება. მეტიც, მყარი და სერიოზული დეფორმაციები ზოგჯერ ქირურგიულ კორექციასაც კი საჭიროებს.
რა არის დეფორმული ტერფი, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დროულად გამოვლენა და კორექცია, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკისა და კორექციის ცენტრის, „ტერდი“ ორთოკინეზითერაპევტი – თამარ ჭიჭინაძე:
– ქალბატონო თამარ, რას გულისხმობს დეფორმული ტერფი, რომელ პათოლოგიებს აერთიანებს ეს ტერმინი?
– დეფორმული ტერფი, როგორც თავად ტერმინი მიანიშნებს, არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ტერფი დეფორმირებულია და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია.
თანდაყოლილი შემთხვევები ძალიან იშვიათია და აქ უნდა გამოვყოთ ტერფმრუდობა, როდესაც ოპერაციული ჩარევაა აუცილებელი. ტერფის თანდაყოლილ პათოლოგიებში შედის ტყუპი თითი, ექვსი თითი და ძვლოვანი სტრუქტურის პათოლოგიები, რომლებიც ასევე ძალიან იშვიათია. სხვა შემთხვევებში დეფორმულ ტერფს აქვს ძალიან ბევრი მიზეზი, ეს არის ბრტყელტერფიანობა, სიგრძივი, განივი, კომბინირებული, ნაწილობრივი. თითოეულ ფორმას აქვს სამი ხარისხი. სხვა შემთხვევაში დეფორმული ტერფის მიზეზია ჰიპერსუპინაცია, ვარუსული დეფორმაცია. ტერფის დეფორმაციის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე შაქრიანი დიაბეტი, რომლის დროსაც ვითარდება დიაბეტური ტერფი, ასევე სხვადასხვა გენეზის ანგიოპათია, ნეიროპათია. იოლად რომ განვასხვაოთ ერთმანეთისგან, ბრტყელტერფიანობა არის ტერფის ისეთი მდგომარეობა, როდესაც თაღი არ ისახება ან მკვეთრად არის შემცირებული. ამ დროს ისახება ვალგუსური დეფორმაცია, რომელიც ვიზუალურად ადვილად შესამჩნევია – ქუსლი გადის გარეთ, კოჭი შემოდის შიგნით; ამას ჰქვია ჰიპერპრონაცია. ვარუსული დეფორმაცია და ჰიპერსუპინაცია არის საპირისპირო მდგომარეობა, როდესაც ტერფი მკვეთრად გადის გარეთ. მას ახასიათებს სპეციფიკური სიარულის მანერა, რასაც ჰქვია დათვივით ბაჯბაჯი. ბრტყელტერფიანობასაც ახასიათებს სპეციფიკური სიარულის მანერა, რომელსაც ჩაპლინის სიარული ჰქვია.
შაქრიანი დიაბეტის დროს, როდესაც ქვეითდება მგრძნობელობა, ვითარდება კაპილარული უკმარისობა, დროთა განმავლობაში ტერფი დეფორმირდება, მით უფრო, რომ ამ დროს აღინიშნება D ვიტამინის, კალციუმის, მაგნიუმის დეფიციტი, ძვლოვანი სტრუქტურა მყიფდება და ტერფი ადვილად განიცდის დეფორმაციას. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის საკითხი, რომ მაქსიმალური ზეწოლის უბნებზე ვითარდება წყლული, რომელსაც შეიძლება დაერთოს ინფექცია. შესაბამისად, თუ ასეთ ტერფს დროულად არ მივხედეთ, შეიძლება საჭირო გახდეს თითის ან მთლიანი ტერფის ამპუტაცია (მოკვეთა).
ტერფის დეფორმაციის მიზეზი შეიძლება იყოს ცერებრული დამბლა, რაქიტი, ასევე პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული ფაქტორები, ჰორმონული ფონის ცვლილება, ჭარბი დატვირთვა ქვემო კიდურებზე, ჭარბი წონა.
ტერფის შეძენილი პათოლოგიის მიზეზი ზრდასრულებთან ხშირად ართრიტი და ართროზია. საყურადღებოა ასევე ტყვიის შემცველობის მომატება ორგანიზმში. ტყვიის დონის მატება იწვევს ძვლოვანი სისტემის დაზიანებას, ძვლოვანი სტრუქტურების, მათ შორის – ტერფის, დეფორმაციას.
– რა გავლენას ახდენს ტერფზე ჭარბი წონა?
– ტერფის დეფორმაცია შეიძლება განვითარდეს ჭარბი წონის შედეგადაც, ასევე ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში, როდესაც ნაყოფის წონა მკვეთრად იზრდება, დედის სახსრები და ძვლოვანი სისტემა შედარებით რბილდება კალციუმისა და მაგნიუმის დეფიციტის გამო, რაც აუცილებლად გასაკონტროლებელია. არის შემთხვევები, როდესაც ტერფის დეფორმაცია მსუბუქად, მაგრამ მაინც ვლინდება სპორტული დატვირთვების დროს, განსაკუთრებით იმ პირებთან, ვინც მისდევს კალათბურთს, ფეხბურთს, ჩოგბურთსა და რაგბის. საზოგადოდ, სპორტსმენებთან უფრო ხშირია სუპინაციის (ტერფის გარე მიმართულებით შეტრიალება) ხარისხის მომატება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტერფის დეფორმაცია დროთა განმავლობაში ხელს უშლის სპორტსმენს თავისი ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსის გამოყენებაში, ნათელი გახდება, რა მნიშვნელობა აქვს ღაბაშით კორექციას. ინდივიდუალური ღაბაში არეგულირებს დეფორმაციას, არ არის ტრავმული, მისი დახმარებით ტერფი მეტ დატვირთვას იტანს, უფრო სწრაფი და სხარტი ხდება.
– ტერფის პათოლოგიებიდან რომელი გვხვდება ყველაზე ხშირად?
– ტერფის პათოლოგიებიდან, რომლებიც თავად ადამიანმაც შეიძლება ვიზუალურად მარტივად შენიშნოს, გამოიყოფა ბრტყელტერფიანობა, ჰიპერპრონაცია, ვალგუსური დეფორმაცია, ვარუსული დეფორმაცია, ჰიპერსუპინაცია და ნამგლისებრი ტერფი. ეს უკანასკნელი დეფორმაციის ყველაზე უფრო რთული ფორმაა, რომელსაც ახასიათებს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მკვეთრად გამოხატული შემცირებული თაღი და წინა ტერფის მიდამოში, უფრო კონკრეტულად – შუა ტერფიდან წინა ტერფზე, გადასვლის ადგილზე სუპინაციის მომატება. ამ ფაქტორების გამო ტერფს ფორმა ეცვლება, შეხედვით ნამგლის ფორმა აქვს და ამიტომაც ჰქვია ნამგლისებრი ტერფი. არსებობს ღრუ ტერფად წოდებული პათოლოგიაც. ღრუ ტერფს ახასიათებს ნორმაზე მაღალი თაღი. თუ ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში თაღი დაბალია და ადამიანს ტერფის მოხრა უჭირს, ღრუ ტერფის შეთხვევაში თაღი იმდენად მაღალია, რომ გაშლა ჭირს და ძირითადი ყრდნობის უბნები, რა თქმა უნდა, ამ პათოლოგიის დროსაც შეცვლილია, მაქსიმალურად იტვირთება ქუსლი და წინა ტერფის შუასაყარი ან კიდევ ტერფის ლატერალური მხარე.
აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ აბსოლუტურად და კლასიკურად სიმეტრიული არავინაა. ამდენად, შესაძლებელია ეს დეფორმაციები ერთ ტერფზე უფრო მეტად იყოს გამოხატული, მეორეზე კი – ნაკლებად. საყურადღებოა, რომ ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ხერხემალზე. ბავშვთა დიაგნოსტიკა შესაძლებელია 4 წლიდან. თუ რომელიმე პათოლოგია გამოვლინდა, ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს ინდივიდუალური ღაბაში, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ტერფის პათოლოგია არ გართულდეს, არ გაღრმავდეს. ასეთი მიდგომით შესაძლოა 14 წლამდე მდგომარეობა გამოსწორდეს, მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი და შემდგომ უკვე შენარჩუნებაზე ვიმუშაოთ, იმისათვის, რომ დავიცვათ ხერხემალი, ეს ყველაზე მთავარია მოზარდებთან.
ზრდასრულებთან ტერფის ფორმას ვერ შევცვლით, მაგრამ მოვხსნით ჩივილებს და ასევე დავიცავთ შემდგომი გართულებებისგან.
ადვილად გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, ავიღოთ მაგალითად ელემენტარული ჰიპერპრონაცია. ამ დროს ხომ მარტო ტერფი არ ტრიალდება, ამას ემატება კოჭი, წვივი, მენჯ-ბარძაყი და ხერხემალი. ტკივილი ზემოთ ადის და მარტო დეფორმული ტერფის არეს კი არ მოიცავს, მთელ კიდურზე ვრცელდება და წელის მიდამოსაც ურტყამს. რა თქმა უნდა, ორგანიზმში მოწესრიგებული უნდა იყოს D ვიტამინის, მიკროელემენტების, კერძოდ, კალციუმისა და მაგნიუმის დონე, მნიშვნელოვანია ასევე რეგულარულად ვარჯიში, ცურვა, სპეციალური ვარჯიშების შესრულება, რომ კუნთოვან-მყესოვანი აპარატი გაძლიერდეს, განმტკიცდეს, დაიჭიროს არა მარტო ტერფის და უშუალოდ კოჭის მიდამო, არამედ ხერხემალიც, რათა არ ჩამოყალიბდეს სკოლიოზი.
– როგორ ახდენთ დეფორმული ტერფის დიაგნოსტიკას?
– დიაგნოსტიკა ეფუძნება რენტგენოლოგიურ კვლევას, ასევე მნიშვნელოვანი კვლევის მეთოდებია პედოგრაფია და სკანირება. პედოგრაფია არის დინამიკური ტესტი, მისი ჩაწერა ხორციელდება სიარულის პროცესში, ამ დროს ვაკვირდებით ტერფის მდგომარეობას, აპარატს 7000 ათასი სენსორი აქვს, შემდგომ პროგრამულად, ინდივიდუალურად ხდება ყოველი პირისთვის ღაბაშის დამზადება. ამ ეტაპზე ვიყენებთ 18 პროგრამულ უზრუნველყოფას და 40 სახეობის მასალას. მაგალითად, დიაბეტიანებისთვის არსებობს სპეციალური რბილი მასალა და სპეციალური ვერცხლისძაფებიანი გადასაკრავი, რომელიც ახდენს დეზინფექციას, არის კარგი ადსორბენტი და ხელს უშლის წყლულის განვითარებას.
რაც შეეხება პლანტოგრაფიას, ეს არის სპეციფიკური სარკე, რომელიც უბრალოდ გვაძლევს მინიმალურ მონაცემებს საშუალო სტანდარტის ღაბაშის გამოსაყენებლად, თუმცა დეფორმული ტერფის შემთხვევაში სრულიად არაეფექტურია. პედოგრაფიისა და სკანირების დროს სისტემა ტერფთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს ხსნის სამ განზომილებაში და ინდივიდუალური ღაბაში – სუპინატორი იქნება ეს, პრონატორი თუ ორთოკორექტორი – მზადდება პროგრამულ რეჟიმში, იმისათვის, რომ სრულად შეცვალოს ადამიანის სიარულის მანერა, გაასწოროს ფიზიოლოგიური ყრდნობის უბნები, გააძლიეროს რესორული და ტუმბოს ფუნქციები.
აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური ღაბაში ინიშნება ლიმფოსტაზისა და ვენური უკმარისობის დროსაც, ტუმბოს ფუნქციის გასაძლიერებლად, ასევე სპორტული დატვირთვისას, იმისათვის, რომ სიმეტრიული გახდეს დატვირთვა, დაცული იყოს ტერფი, კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრები და ხერხემალი.
– ხშირად ტერფის ცერა თითის ვალგუსურ დეფორმაციას პოდაგრად აღიქვამენ. რა განსხვავებაა ამ ორი პათოლოგიის დროს ჩამოყალიბებულ დეფორმაციებს შორის?
– ჰალუს-ვალგუსური დეფორმაცია და პოდაგრა სრულიად განსხვავებული პათოლოგიებია. მათ შორის დიდი სხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პათოლოგიის დროს დეფორმირებული ტერფები ვიზუალურად შეიძლება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს. ჰალუს-ვალგუსური დეფორმაცია დეფორმული ტერფის პათოლოგიებში შედის. პოდაგრა კი ნივთიერებათა ცვლის მოშლით (სახსრებში შარდმჟავას მარილების, იმავე ურატების, ჩალაგებით) მიმდინარე დაავადებაა. ჰალუს-ვალგუსური დეფორმაციის მიზეზი, ჩვეულებრივ, განივი ბრტყელტერფიანობა ან ბრტყელტერფიანობაა. ამ დროს სახსრის შეწითლება, შესივება, ანთება ნაკლებად არის გამოხატული, ძირითადად სტრუქტურულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მაშინ როცა პოდაგრის დროს სხვა რევმატული პრობლემებიც ვლინდება. დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის სასურველია გაკეთდეს სპეციალური ტესტი, განისაზღვროს ჩ რეაქტიული ცილა, შარდმჟავას დონე და ა. შ.
– რას ურჩევთ მკითხველს დეფორმული ტერფის საპროფილაქტიკოდ?
– ტერფის დეფორმაცია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ვიზუალურად ადვილად შესამჩნევი პრობლემაა. ყურადღება უნდა მიექცეს ფეხსაცმლის ცვეთასაც, თუ გარეთ ან შიგნით მეტად არის ცვეთა გამოხატული, ესე იგი მიდის ტერფის დეფორმაცია.
რაც მთავარია, პატარების მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ 4 წლამდე ფაქტობრივად ყველა ბავშვს აღენიშნება ბრტყელი ტერფი, რადგან ცხიმის საფარველი ჯერ არ არის განლეული, შესაბამისად, ყველა ბავშვს არ სჭირდება სუპინატორიანი ორთოპედიული ფეხსაცმელი. ჯერ ერთი, სასურველია ბავშვმა ფეხი აიდგას ფეხშიშველმა, რადგან ასე უკეთ რეგულირედება სიმძიმის ცენტრი და უკეთესად ვითარდება რესორული და სენსორული ფუნქციები. მეორეც, ორთოპედიული ფეხსაცმლის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ორთოპედის დანიშნულებით, რადგან ეს ვითომდა ორთოპედიული ფეხსაცმელები ხშირ შემთხვევაში უხარისხოა და რეალურად არ არის ორთოპედიული. ფეხსაცმლის ძირი უნდა იყოს დრეკადი, რომ თაღმა იმუშაოს, მათი ძირი კი უხშირესად ქვასავითაა. თან, როდესაც ბავშვს ოდნავ გარეთ გააქვს ტერფი, ასე ვთქვათ, დათვივით დაბაჯბაჯებს და ჩვენ მას კიდევ სუპინატორიან ფეხსაცმელს ვაცმევთ, 4 წლის შემდეგ ის მოდის ისეთი ვარუსით (კიდურის ძვლის ან სახსრის სხეულის შუა ხაზიდან შიგნით გამრუდება), რომ მისი გასწორება უკვე ძალიან ძნელია.